Monday, August 10, 2015

ქართული მოიერიშე Ge-31 "ბორა" – Су-25-ის ქართული მოდერნიზაცია

მოიერიშე თვითმფრინავ Су-25–ის პროტოტიპმა პიველი ფრენა 1975 წლის 22 თებერვალს განახორციელა, მისი წარმოება 1978 წელს თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო, 1981 წლის აპრილში პირველი Су-25–ები გადაეცა სსრკ–ს საჰაერო ძალებს, ხოლო მათი შეიარაღებაზე მიღება 1987 წელს მოხდა. სულ გამოშვებული ამ მოიერიშის 1300 ცალამდე სხვადასხვა მოდიფიკაცია (მათ შორის სასწავლო–საბრძოლო Су-25УБ, სახომალდო Су-25УТГ, Су-25Т, Су-28, Су-39, Су-25СМ და სხვები), აქედან 800 ცალამდე თბილისის საავიაციო ქარხანაშია აწყობილ, დანარჩენი მანქანებს ულან–უდეს ავიაქარხანაში იქნა წარმოებული. NATO-ს კლასიფიკაციით, მოიერიშეს "Frogfoot" ეწოდება.
ბოლო ცნობების თანახმად სსტც "დელტა" ცდილობს ბებერ მოიერიშეს ახალი სიცოცხლე ჩაჰბეროს და ამით უცხოელი თუ შიდა მყიდველების დაინტერესება გამოიწვიოს.
Су-25–ის ანალოგს მხოლოდ აშშ–ს საჰაერო ძალების A-10C წარმოადგენს, ამ ბოლოზე გაცილებით თანამედროვე საბორტე ელექტრონული სისტემები და შეიარაღებაა განთავსებული, თუმცა მიუხედავად ამისა აშშ–ს საჰაერო ძალები მის შეიარაღებიდან მოხსნას გეგმავდნენ (ბიუჯეტის სეკვესტრის პირობებში პენტაგონი ცდილობდა მოენახა თანხები F–35–ის დასაფინანსებლად), მაგრამ სავარაუდოდ სამხედროების წყალობით მოხდა ამ მეტად ეფექტური ახლო საჰაერო მხარდაჭერის თვითმფრინავის მწყობრში შენარჩუნება და ამას გარდა აშშ–ს სრულებით არ გეგმავს ამ მოიერიშის ექსპორტზე გატანას, მისი წარმოება დიდი ხანია შეწყვეტილია და დაკონსერვებაზე მდგომი მოიერიშეები სავარაუდოდ კანიბალიზაციისთვის გამოიყენება, რათა მოხერხდეს მწყობრში მყოფი მანქანების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

ამ ყველაფრის ფონზე "დელტას" იდეა Су-25–ის მოდერნიზაციის შესახებ საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება – ჩვენი მოიერიშე ხო ფაქტიურად უკონკურენტოდ რჩება (ნუ თუ არ ჩავთვლით რუსეთის წინადადებებს მისი მოდერნიზაციის შესახებ). როგორც სსსტც "დელტას" ოფიციალურ ვებ გვერდზეა მითითებული, კომპანია გეგმავს მოიერიშის უცხოური ფირმების დახმარებით მოდერნიზაციას:

დღეისათვის „დელტა“ მუშაობს სუ-25 ის მოდერნიზაციის პროგრამაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რაც სუ-25-ს საშუალებას მისცემს შეასრულოს თვისობრივად ახალი საბრძოლო ამოცანები , დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთსა და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, მაღალი სიზუსტით.
წყარო – მოიერიშე სუ-25 რემონტი/მოდერნიზაცია
მაგრამ ამ ამბიციურ გეგმას წინ საკმაოდ დიდი პრობლემები უნდა შეხვედროდა, კერძოდ კი რუსული მაკომპლექტებლები, რომლებშიც ძირითად პრობლემას ძრავა წარმოადგენს – თბილისში აწყობილი მოიერიშეები საბჭოთა/რუსული წარმოების რეაქტიული ძრავა Р-195–თაა აღჭურვილი და მათი მოპოვება პოლიტიკური სიტუაციის გამო ჩვენთვის ფაქტიურად შეუძლებელია (აზერბაიჯანისთვის მოდერნიზირებული Су-25-ებისთვის ძრავებს თვითონ აზერბაიჯანი ყიდულობდა და მათ თვითონ ამონტაჟებდა მანქანებზე).

მაგრამ როგორც კვირის პალიტრის ვებგვერდზე განთავსებული სათაურიდან ირკვევა, კომპანიამ ამ მხრივ სერიოზული სამუშაო გასწია, კერძოდ კი გაზეთი შემდეგს იუწყება – Ge-31 "ბორა" - ახალი ქართული მოიერიშე თვითმფრინავი არც ერთი რუსული ნაწილით!

თუმცაღა სსტატიის მთლიანად წასაკითხავად ფასიანი რეგისტრაციაა საჭირო.

P.S. სავარაუდოდ Ge - Georgia, 31 თბილავიამშენის ინდექსი, ხოლო "ბორა" ეს მტაცებელი ფრინველია ქორისებრთა ოჯახიდან.
კვირის პალიტრის საიტზე განთავსებული ნახატი (ახალი მოიერიშის სავარაუდო იერი)

ნახატი თუ რეალობასტან ახლოსაა, მაშინ Ge-31–ის შექმნისას გამოყენებული იქნება Су-25Т ფიუზელაჟი და კორპუსის სხვა ნაწილები (იგივე დეტალები იქნა გამოყენებული ქართულ–ებრაული Су-25КМ–ში). სავარაუდოდ შეიცვლება მოიერიშის მთლიანი რადიოელექტრონული შიგთავსიც და ყველაფერი რუსული დასავლური ანალოგებით იქნა ჩანაცვლებული (ცნობისთვის Су-25КМ "მიმინოში" ებრაული ავიონიკა აყენია), რაც მას დღე–ღამის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ამინდის პირობებში საბრძოლო მოქმედების საშუალებას მისცემს.

ასევე შესაცვლელი იქნება რუსული წარმოების საკატაპულტო სავარძლები. დღეს მოიერიშეებზე საბჭოთა წარმოების К-36Л აყენია, მისი ჩანაცვლება ალბათ რომელიმე ევროპული წარმოების სავარძლით მოხდება, არაა გამორიცხული ბრიტანული Martin-Baker–ის რომელიმე ნაწარმი იქნეს გამოყენებული, ამ კომპანიის საკატაპულტო სავარძლებითაა აღჭურვილი დასავლეთის ფაქტიურად უმეტესი საფრენი აპარატები (კომპანიის ნაწარმი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – www.martin-baker.com).

თუმცა ყველაზე რთული მაინც ძრავების საკითხია – მოახერხებს თუ არა "დელტა" ძრავების ისე შეცვლას რომ არ მოხდეს საჭირო პლანერის სერიოზული გადაკეთება როგორც შიგნიდან ასევე გარედან, რაც დამატებით კვლევებთან და გამოცდებთანაა დაკავშირებული, რაც საკმაოდ თანხებს მოითხოვს. როგორც ცნობილი ხდება "დელტა" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ფრანგულ (სავარაუდოდ SNECMA-ს რომელიმე ძრავა) და იტალიურ ფირმებთან ძრავების შესახებ.

ასევ მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება მოიერიშის გადარჩენადობის გაზრდას, კერძოდ კი მისთვის თანამედროვე ოპტიკური და რადიოლოკაციური ხარვეზების დამდგმელის დაყენებას ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ასევე საჭირო იქნება თანამედროვე სითბური ხაფანგების დაყენება.

და ბოლოს – მოიერიშის შეიარაღება ადაპტირებული უნდა იყოს სხვადასხვა სტანდარტებთან, მას უნდა შეეძლოს როგორც საბჭოთა/რუსული ასევე დასავლეთის სტანდარტების შეიარაღების გამოყენება. რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მართვადი შეიარაღებაა (ამ მხრივ საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო Су-25КМ "მიმინო", რომელიც რუსული და დასავლური შეიარაღებისადმი იყო ადაპტირებული). 

ზემოთ მოყვანილ ფოტოზე მოიერიშე შემდეგი შეიარაღებითაა წარმოდგენილი - მართვადი რაკეტები Х-29 МЛ/Х-29Л, გაურკვეველი ტიპის JDAM და ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა Р-60.

No comments:

Post a Comment