Saturday, June 16, 2018

RAYTHEON-მა აშშ-ს არმიისგან ტსმრ TOW-ის დამატებითი შეკვეთა მიიღო

როგორც 12 ივნისს, EUROSATORY 2018-ზე, ამერიკულმა კომპანიამ, Raytheon-მა განაცხადა, მან აშშ-ს არმიისგან 129,9 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო. ეს, მანამდე გაფორმებული, ტსმრ TOW-ის შეძენის, 320 მილიონ დოლარიანი ხელშეკრულების დამატებას წარმოადგენს.
ტსმრ TOW მსოფლიოს 20 ქვეყანაში მსახურობს და ის გამოიყენება როგორც გადასატან ასევე მობლურ სახმელეთო და საჰაერო პლატფორმებზე. ბოლო მონმაცემებით Raytheon-მა აშშ-ს არმიას, საზღვაო ქვეითთა კორპუსს და მოკავშირეებს 690 000-ზე მეტი TOW-ის რაკეტა მიაწოდა (სავარაუდოდ ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი მართვადი რაკეტაა მსოფლიოში). როგორც პენტაგონში აღნიშნავენ - სისტემა აშშ-ს სამხედროებს 2050 წლამდე მოემსახურება.

სსსტც ,,დელტას,, მოღვაწეობა ჯავშანტექნიკის ჯავშნისა და მექანიკური დეტალების გაუმჯობესების საკითხებში

სსსტც ,,დელტაში,, შემავალი სსიპ "ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი" 2011 წლიდან " დელტას" დაკვეთით ასრულებს მთელ რიგ კვლევებს მეტალურგიაში, რომელთა დანერგვაც დაგეგმილია/ხდება "დელტას" მიერ წარმოებულ ჯავშანტექნიკაში. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე ამონარიდი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ:

არაა გამორიცხული "დიდგორის" გადაცემათა კოლოფზე იყოს საუბარი:

მაღალმტკიცე ბეინიტური თუჯის მიღების ტექნოლოგიური პროცესის დამუშავება 

1. მოკლე აღწერილობა, შინაარსი
„დელტაში” წარმოებული მანქანების გამოცდის დროს იყო ორი შემთხვევა, როდესაც გადაცემის კოლოფში გატყდა ერთი და იგივე დანიშნულების კბილანები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გატეხილი კბილანები დამზადებულია მაღალმტკიცე ბეინიტური თუჯისაგან. ასეთი მასალები ახალია და რიგ ქვეყნებში (აშშ, გერმანია, რუსეთი, ბელორუსია და სხვ.) მიმდინარეობს მათი კვლევა და ათვისება.
მიგვაჩნია, რომ ასეთი თუჯების დამზადების ტექნოლოგია უნდა იქნას ათვისებული საქართველოშიც და გამოყენებული იქნას ადგილობრივად, ზოგიერთი სერიული დეტალების დასამზადებლად, მაგალითად სსსტც „დელტა”-ში.


პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2017-2018წწ. – 146770X2=293540 ლარი.

________________________________________________________________________________
პროექტი რომლითაც თვით NASA არის დაინტერესებული:

III-V ტიპის ხისტად დასხივებულ ნახევარგამტარულ მყარ ხსნარებში ელექტრონების ძვრადობის ძლიერი შემცირების პრობლემის გამოკვლევა 

1. მოკლე აღწერილობა, შინაარსი
ნახევარგამტარული მასალებისა და მათ ბაზაზე დამზადებული ხელსაწყოების დასხივების შედეგად მათში ნახევარგამტარების უმნიშვნელოვანესი პარამეტრიმუხტის მატარებელთა ძვრადობა მცირდება, ხოლო ხისტი და დიდი დოზის დასხივების შემთხვევაში იგი კატასტროფულად ეცემა, რის გამოც შეუძლებელი ხდება ნახევარგამტარული მიკრო და ოპტოელექტრული ხელსაწყოების ეფექტური ფუნქციონირება.
ამოცანის გადაჭრის მიზნით გაზრდილ იქნება III-V ტიპის ნახევარგამტარული მასალების და მათი მყარი ხსნარების ეპიტაქსიური ფენები. შესწავლილი იქნება მათი ელექტრული თვისებები დასხივებამდე და დასხივების შემდეგ. გამოკვლეული იქნება რადიაციული დონორებისა და აქცეპტორების ურთიერთკომპენსაციის მოვლენა. დამუშავდება ინოვაციური ტექნოლოგია; შეიქმნება უნიკალური თვისებების მქონე მასალა.

4. პროექტის მიზანი
პროექტის ძირითადი მიზანია დამუშავდეს ინოვაციური ტექნოლოგია და შეიქმნას ისეთი ელექტრონული მასალა, რომელშიაც ნახევარგამტარის ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრი-ელექტრონების ძვრადობა არ შეიცვლება მასზე ისეთი მძლავრი რადიაციის ზემოქმედებითაც კი, როგორიცაა ჩქარი ნეიტრონები ნაკადით Ф=2·1018ნ/სმ2 და მაღალი ენერგიების ელექტრონები (E=50MeV, Ф=6.0·1017ელ/სმ2).

5. მოსალოდნელი შედეგები და სავარაუდო ვადები
პროექტის საბოლოო რეალური პროდუქციაა-უნიკალური რადიაციული თვისებების მქონე ნახევარგამტარული მასალა და პატენტი ინოვაციურ ტექნოლოგიაზე, რომელსაც ექნება მნიშვნელოვანი კომერციული ღირებულება. სავარაუდო ვადები: 2017-2018წწ.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2017-2018წწ. – 73692X2=147384 ლარი. 

13. ბაზრის კვლევა: ვინ იქნება პოტენციური მომხმარებელი, ვის შევთავაზებთ.

პოტენციური მომხმარებლები არიან:
1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ვინაიდან ჩვენს მიერ დამუშავებულ იქნება უნიკალური თვისებების მქონე დარიშხანის შემცველი ნახევარგამტარული მასალების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც უნდა დაინერგოს საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში არსებობს დარიშხანის უნიკლური საბადოები და ამასთანავე განვითარებულ იყო დარიშხანის მოპოვების და გაწმენდის წარმოება. ამავე დროს საქართველოში ყველაზე მძლავრი ოპტიკური და მიკროელექტრონული სამეცნიერო საწარმოო გაეთიანება „მიონის“ ყოფილი სპეციალისტების გამოყენებით შესაძლებელია ჩვენს მიერ დამუშავებული ტექნოლოგიების ბაზაზე შეიქმნას უნიკალური ხელსაწყოები. აღნიშნული გზით საქართველოში განხორციელდება სრული ციკლი: დარიშხანის მოპოვება, ეფექტური ნახევარგამტარული მასალების შექმნა და ელექტრონული ხელსაწყოების წარმოება.

2. აღნიშნული მასალებით დაინტერესებულია ცერნი (დიდი ადრონული კოლაიდერი), აშშ-ის ნაციონალური ასტრონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაცია (NASA), ასევე იაპონიის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის ბირთვული და კოსმოსური ცენტრები და უნივერსიტეტები.
________________________________________________________________________________
რკინის ფუძეზე ახალი, მსუბუქი შენადნობების შემუშავება

1. მოკლე აღწერილობა, შინაარსი
კონსტრუქციების წონის შემცირება მნიშვნელოვანი საინჟინრო პრობლემაა, რომლის გადასჭრელად ერთ-ერთ ძირითად საშუალებას გამოყენებული მასალების კუთრი წონის დადაბლება წარმოადგენს. შენადნობების ხვედრითი სიმტკიცის გაზრდა გაცილებით მსუბუქი, შემცირებული ლითონტევადობის კონსტრუქციების და ამაღლებული მობილურობის მქონე დანადგარების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ასეთი შენადნობების და მათგან ნამზადების მიღება მეტად აქტუალურია, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული თვალსაზრისით, რადგან მიღებული შედეგებზე დაყრდნობით დამუშავდება ახალი საკონსტრუქციო მასალების მიღების სამეცნიერო საფუძვლები და გაფართოვდება ჩვენი ცოდნა ახალი განსაკუთრებული თვისებების მქონე შენადნობების მიღების შესაძლებლობების შესახებ. რკინის ფუძეზე ახალი, მსუბუქი შენადნობების მისაღებად გამოყენებული იქნება ინდუქციური, პლაზმური, ელექტროწიდური გადადნობის, მათ შორის არგონის და აზოტის მაღალი წნევის ქვეშ დნობის, მეთოდები. გამოყენებული იქნება თერმული, თერმომექანიკური და ცივი პლასტიკური დეფორმაციით დამუშავება.
ქიმიური, რენტგენოგრაფიული, მეტალოგრაფიული, დილატომეტრიული, თერმომაგნიტომეტრული, მექანიკური თვისებების და კოროზიული მახასიათებლების გაზომვის მეთოდებით ჩატარდება მიღებული შენადნობების კვლევა.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2017-2019წწ. – 72860X3=218580 ლარი.

13. ბაზრის კვლევა: ვინ იქნება პოტენციური მომხმარებელი, ვის შევთავაზებთ
პროექტში მიღებული შედეგები რეალიზაციისათვის შეთავაზებული იქნება "დელტა"- სთვის.

________________________________________________________________________________
მხურვალ- და ცვეთამედეგ პირობებში მომუშავე დეტალების დამცავი დანაფარებისათვის ნიქრომის ფუძეზე კომპოზიციური ფხვნილების მიღება, ელექტროდების დამზადება, დანაფარების დატანა და მათი ექსპლუატაციური თვისებების კვლევა

1. მოკლე აღწერილობა, შინაარსი:
მაღალტემპერატურული კოროზიისა და ცვეთის პირობებში მომუშავე დეტალების ხანგრძლივობის გაზრდის და გაცვეთილი დეტალების ზედაპირების აღდგენის მიზნით ახალი ტიპის კომპოზიციური ფხვნილის მიღების ტექნოლოგიის დამუშავება, რომელიც შედგება ცხელი კოროზიის მიმართ მედეგი ლითონური ფუძისა და მასში ჩართული მაღალი სიმტკიცის ძნელდნობადი ფაზის დისპერსიული ნაწილაკებისგან.
შინაარსი:
- ქრომისა და ნიკელის ქლორიდების, განმამტკიცებელი ფაზის - ქრომის კარბიდის ფხვნილოვანი ნაწილაკების ნარევთა ერთობლივი ალუმინოთერმული აღდგენით NiCr-Cr3C2 ტიპის კომპოზოციური ფხვნილის მიღება;

- მიღებული ფხვნილებიდან დამზადებული ელექტროდებით ლითონური დეტალების ზედაპირების დაფარვა ელექტრო-ნაპერწკლური ლეგირებით, ელექტრო-რკალური დადუღებით ან პლაზმური დაფრქვევით. 

5. მოსალოდნელი შედეგები:
• არადეფიციტური და იაფი საწყისი საკაზმე მასალების გამოყენებით, არსებულ მეთოდებთან შედარებით ენერგოდანახარჯების 15%-ით შემცირება;

• დანაფარების საექსპლუატაციო თვისებების არსებულთან შედარებით 20%-ით გაზრდა;

• სამხედრო დანიშნულების მხურვალ– და ცვეთამედეგ პირობებში მომუშავე დეტალების ზედაპირების აღდგენა-განმტკიცების მიზნით განისაზღვრება იმ დეტალების კლასიფიკაცია, რომლებიც დაექვემდებარებიან: ა)ელექტრონაპერწკლური მეთოდით (დანაფარების სისქით 100-150 მკმ-მდე) ლეგირებას; 

ბ)პლაზმური ან ელექტრო-რკალური მეთოდებით შემდგომი ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი (2,5-3 მმ დაზიანებულ) დეტალების აღდგენას.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2017-2019წწ. -164360X3=493080 ლარი

13. ბაზრის კვლევა: ვინ იქნება პოტენციური მომხმარებელი, ვის შევთავაზებთ
ამჟამად ჩვენს რეგიონში (ამიერკავკასიის რესპუბლიკები, თურქეთი) ლითონური ფხვნილოვანი მასალები და მათგან დამზადებული ნაკეთობები (ელექტროდები) პრაქტიკულად არ იწარმოება, თუმცა მოთხოვნილება ფხვნილთა მეტალურგიის მეთოდებით დამზადებულ პროდუქციაზე ყოველწლიურად მატულობს, რომლის დაკმაყოფილებაც ხორციელდება საზღვარგარეთის ფირმების მეშვეობით.

პროექტით გათვალისწინებული მიღებული ფხვნილებით დამზადებული ელექტროდები გამოიყენება მხურვალ- და ცვეთამედეგ პირობებში მომუშავე დეტალების ზედაპირების დამცავი დანაფარებისათვის. კერძოდ, მანქანათმშენებლობის, საავიაციო, მეტალურგიულ, ნავთობ-გადასამუშავებელ, ქვის დამამუშავებელ, სამთო გამამდიდრებელ, საიუველირო, ინდივიდუალური შრომის და სხვა ობიექტებზე სპეციალური დანიშნულების და ფართო მოხმარების დეტალების ზედაპირების დასაფარად. ამ დროს დანაფარების საექსპლუატაციო თვისებები არსებულთან შედარებით იზრდება 20-25%-ით.

________________________________________________________________________________
თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის ელექტროგლინვით გრადიენტული კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება 

4. პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია დამუშავდეს სპეციალური კაზმებიდან მაღალხარისხოვანი, საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული თვისებების მქონე გრადიენტული დამცავი ფილების მიღების ტექნოლოგია. ამასთან, ახლო პერსპექტივაში განხორციელდეს კომპოზიტებისა და ალუმინის ფენებიდან შედგენილი გრადიენტული დამცავი ფილების და კოროზიამედეგი, ცვეთამედეგი, ჯავშანმედეგი მასალების მიღების შესაძლებლობის კვლევა.


პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2017-2019წწ. – 127250X3=381 750 ლარი.


მთლიანი დოკუმენტი:
2018-2019 წლების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პროგრამის პროექტი
________________________________________________________________________________


1. ფოლადის ფურცლების მიღების ტექნოლოგიის შემუშავება უსხმულო გლინვის მეთოდით.


მოსალოდნელი შედეგები:
შემუშავებული ტექნოლოგიით “უსხმულო გლინვის“ ლაბორატორიულ დანადგარზე მიღებულ იქნება ლითონური ფურცლების საცდელი ნიმუშები.

უსხმულო გლინვის მეთოდის ათვისება 6÷7-ჯერ შეამცირებს ენერგორესურსების ხარჯს, 5÷6% ლითონის დანაკარგებს. მკვეთრად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მაჩვენებლები, 60÷70%-ით შემცირდება ძვირადღირებული საგლინავი დგანების რაოდენობა, შესაბამისად მათი განლაგებისათვის საჭირო ფართი.

აღნიშნული ტექნოლოგია, შესაძლებელია წარმატებით იქნას გამოყენებული მსუბუქი სამხედრო ტექნიკის დასაცავად განკუთვნილი სპეციალური დანიშნულების ფოლადების (მაგალითად ჯავშანფოლადის) ფურცლების მიღებისათვის.

________________________________________________________________________________
5. კარბო-ნიტრიდ-ბორიდების ფუძეზე ახალი მაღალეფექტური ლითონკერამიკული მასალების ტექნოლოგიების შემუშავება 

მოსალოდნელი შედეგები:
თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზით მიღებილი იქნება ახალი მრავალფუნქციური ლითონკერამიკული მასალები კარბო-ნიტრიდ-ბორიდების ფუძეზე. მათ ექნებათ მაღალი სისალე (88-92 HRA), ცვეთამედეგობა (10÷15·10-7მმ3·ნ-1·მ-1), სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე (3000-4000 მპა) საკმარის დარტყმით სიბლანტესთან ერთად.

მიღებული მასალები შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც სამოქალაქოდანიშნულებით: ადიდვის თვალაკების, საჭრისების, ტვიფრების (მაღალტემპერატურული სტატიკური ტვიფრისათვის), ასევე შესაბამისი თვისებების მიღწევის შემთხვევაში გამოიცდება სამხედრო დანიშნულებითაც. კერძოდ, მაღალი სისალის-90HRA, და მაღალი ენერგიის (3760 ჯოული) მქონე ტყვიებისაგან ობიექტის დამცავი საჯავშნე ფილების დასამზადებლად.

შემუშავებული ლითონკერამიკული მასალებიდან დამზადებული იქნება ლითონდამამუშავებელი ნაკეთობები (ადიდვის თვალაკები, საჭრისები, ტვიფრები მაღალტემპერატურული სტატიკური ტვიფრვისათვის) და საცდელი საჯავშნე ელემენტები. მიღებულ ნაკეთობებზე ჩატარდება შესაბამისი გამოცდები.

________________________________________________________________________________
7. ქლორიდული კაზმიდან ნიკელის ფუძეზე დისპერსიულად განმტკიცებული კომპოზიციური ფხვნილების მიღება მხურვალ და ცვეთამედეგი დანაფარებისათვის 


მოსალოდნელი შედეგები:
ქლორიდული კაზმიდან ნიკელის ფუძეზე დისპერსიულად განმტკიცებული კომპოზიციური ფხვნილები მხურვალ - და ცვეთამედეგი დანაფარებისათვის გამოყენებული იქნება შერჩეულ სამხედრო დანიშნულების მანქანა-მექანიზმების ნაწილების და დეტალების (მცირე და საშუალო ზომის) ზედაპირების განმტკიცება-ლეგირებასათვის.


მთლიანი დოკუმენტი:

________________________________________________________________________________
სამხედრო ტექნიკის მუხლუხების საექსპულატაციო მახასიათებლების გაუმჯობესების საკმაოდ საინტერესო პროექტი:

4.სპეციალური დანიშნულების ფოლადების მოდიფიცირების ინოვაციური ტექნოლოგიის დამუშავება

ეტაპი 2. ახალი ცვეთამედეგი ფოლადების მოდიფიცირების ტექნოლოგიის დამუშავება და საპილოტო ნიმუშების - მუხლუხა ტექნიკის სავალი ნაწილის სექციის თითა და სამსხრეველას ყბა-მიღება. 2013წ. 

პრობლემის აღწერა:
ფოლადის საექსპლუატაციო თვისებების გაუმჯობესების ერთერთ ეფექტურ საშუალებას მოდიფიცირება წარმოადგენს. ჩვეულებრივ, მოდიფიკატორებად ტუტე (მაგნიუმი, კალციუმი), იშვიათი (ცერიუმ, იტრიუმი) ლითონების, ტიტანის, ვანადიუმის, ბორისა და ზოგი სხვა ელემენტების შემცველი შენადნობები გამოიყენება. ასეთი შენადნობების მიღება ინდუქციურ ღუმელებში სილიკოთერმული მეთოდითაა შესაძლებელი.

ამჟამად თხევადი ფოლადის მოდიფიცირების პროცესში ნანორეაგენტების გამოყენების ხვედრთი წილი მატულობს. რის შედეგადაც ფოლადის სიმტკიცის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უმჯობესდება, ხოლო ფოლადის პლასტიკურობა და დარტყმითი სიბლანტე მცირდება. ეს მოვლენა ნაკეთობების ზოგიერთი კვანძების საექსპლუატაციო თვისებებზე უარყოფით გავლენას ახდენს. მაგალითად, მუხლუხა ტექნიკის სავალ ნაწილზე, სამსხრეველას ყბებზე და ა. შ. აქედან გამომდინარე, ნანორეაგენტებით დისპერსიულად განმტკიცებული ფოლადის პლასტიკური თვისებებისა და დარტყმითი სიბლანტის გაზრდა აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. მისი გადაწყვეტა კი ფოლადის მოდიფიცირების ახალი ტექნოლოგიის დამუშავებითაა შესაძლებელი. ამ ტექნოლოგიით მიღწეული უნდა იქნეს, ერთდროულად, ფოლადის როგორც სიმტკიცის ასევე პლასტიკურობისა და დარტყმითი სიბლანტის მაჩვენებლების გაუმჯობესება.

პროექტის მიზანი:
ინტენსიური ცვეთისა და ძლიერი დარტყმითი დატვირთვების პირობებში მომუშავე სპეციალური დანიშნულების, მაღალი მექანიკური თვისებების მქონე, ფოლადების მოდიფიცირების ახალი ტექნოლოგიის დამუშავება და მიღებული, ოპტიმალური შედგენილობის, ფოლადისგან საპილოტო ნიმუშების დამზადება.

განხორციელების გზები:
- ლაბორატორიულ ინდუქციურ ღუმელში, გრაფიტის ტიგელში, სილიკოთერმული მეთოდით მიღებული იქნება მრავალკომპონენტიანი მოდიფიკატორები: სილიციუმკალციუმ-ალუმინი, სილიციუმ-კალციუმ-მაგნიუმი და სილიციუმ-ბორ-ტიტანი;

- საექსპერიმენტო ნანორეაგენტები მიღებული იქნება შესაბამისი ელემენტების მარილების წყალხსნარებიდან. თხევადი ფოლადის მოდიფიცირებისათვის ნანორეაგენტები ფხვნილის ან ბრიკეტების სახით იქნება გამოყენებული; 

- ლაბორატორიულ ინდუქციურ ღუმელში (მაგნეზიტის ტიგელში), მანგანუმიანი და მაღალმანგანუმიანი აუსტენიტური ფოლადებისათვის, მოდიფიცირების ახალი ტექნოლოგია დამუშავდება. ამ ფოლადებს ცვეთასა და დარტყმითი მედეგობაზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნები წაეყენება. 

მოსალოდნელი შედეგები:
- მიღებული იქნება შემდეგი შედგენილობის ფოლადის მოდიფიკატორები:
  1. 55 – 65 % სილიციუმი, 6 – 10 % კალციუმი, 4 – 7 % ალუმინი, დანარჩენი – რკინა;
  2. 55 – 65 % სილიციუმი, 6 -10 % კალციუმი, 3 – 5 % მაგნიუმი, 3 – 5 % ალუმინი დანარჩენი – რკინა;
  3. 55 – 65 % სილიციუმი, 1 – 3 % ბორი, 3 – 5 % ტიტანი, დანარჩენი – რკინა.

  • დამუშავდება სპეციალური დანიშნულების ფოლადების კომპლექსური მოდიფიცირების ინოვაციური ტექნოლოგია. სტანდარტულ მოთხოვნებთან შედარებით, მოსალოდნელია აღნიშნული ფოლადების თვისებების 20–35%-ით მატება. დამუშავებული ნანოოქსიდური სტრუქტურის მქონე ფოლადებისგან დამზადდება საპილოტო ნიმუშები – მუხლუხა ტექნიკის სავალი ნაწილისსექციის თითა და სამსხრეველას ყბა. 


მთლიანი დოკუმენტი:

________________________________________________________________________________

2. უსხმულო გლინვით ალუმინის 8-11მმ –იანი ნამზადების წარმოებისას პროცესის ოპტიმალური ტექნოლოგიური პარამეტრების დადგენა


მოსალოდნელი შედეგები:
შემუშავებული ტექნოლოგიით ჩამოსხმა - გლინვის ლაბორატორიულ დანადგარზე მიღებულ იქნება ლითონური ფურცლების საცდელი ნიმუშები.

უსხმულო გლინვის მეთოდის ათვისება 6÷-7-ჯერ შეამცირებს ენერგორესურსების ხარჯს, 5-6% ლითონის დანაკარგებს. მკვეთრად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მაჩვენებლები, 60÷-70%-ით შემცირდება ძვირადღირებული საგლინავი დგანების რაოდენობა, შესაბამისად მათი განლაგებისათვის საჭირო ფართი.

დამუშავდება და რეკომენდაცია გაეწევა უსხმულო გლინვის მეთოდით საჭირო ზომის ალუმინის ფურცლების (5-10 მმ) გლინვის საწარმოო ტექნოლოგიას. მიღებული მასალები შესაძლებელია წარმატებით იქნას გამოყენებული მსუბუქი სამხედრო ტექნიკის დასაცავად. 

პროექტის შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები

 პროექტის შედეგები შეიძლება შეფასდეს:
• მიღებული სხვადასხვა სისქისა და სიგანის საფურცლე ნამზადებით, რომლებიც შემდგომი გლინვის პროცესით დაიყვანება გარკვეული ზომების ფურცლებლად.

• სამეცნიერო ანგარიშში მოყვანილი შედეგებით;

• გამოსაქვეყნებლად მომზადებული მასალებით.

• დასაპატენტებლად მომზადებული მასალებით;

კვლევის შედეგები მოხსენდება ინტიტუტის სამეცნიერო საბჭოს; რეკომენდაციები გადაეცემა თავდაცვის სამინისტროს. საჭიროების შემთხვევაში მიღებული ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდება და მოხსენდება სამეცნიერო ღონისძიებებზე

_________________________________________________________________________________
3. სპეციალური დანიშნულების მაღალ აზოტიანი კოროზიამედეგი ფოლადების დამუშავება 

მოსალოდნელი შედეგები:
1. მიღებულ იქნება მარტენსიტული კლასის, კოროზიამედეგი, მაღალი სიმტკიცის ფოლადი სამხედრო დანიშნულების კონსტრუქციებისათვის.
2. მიღებულ იქნება ფოლადი კოროზიულად მაღალ აგრესიული გოგირდწყალბადის შემცველ წყლებს (მათ შორის ზღვის) და ნავთობის არეებში მომუშავე კონსტრუქციებისათვის. 

________________________________________________________________________________
როგორც ჩანს "დელტა: 12,7 მმ ტყვიებისგან ტექნიკის დაცვაზე მუშაობს (საუბარია კერამიკულ ჯავშანფილებზე):

4. Ti-B-C-N სისტემის კერამიკული მასალების ფუძეზე გრადიენტული საჯავშნე ელემენტების მიღების ტექნოლოგიების შემუშავება. 


პროექტის მიზანი:
თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზით არადეფიციტური, არალიმიტირებული ნედლეულიდან იაფი, მსუბუქი, Ti-B-C-N სისტემის კერამიკული მასალების ფუძეზე, გრადიენტული საჯავშნე ელემენტების მიღების ტექნოლოგიების შემუშავება.

მოსალოდნელი შედეგები:
თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზით მიღებილი იქნება ახალი მაღალეფექტური გრადიენტული საჯავშნე მასალები Ti-B-C-N სისტემის ფუძეზე. მათ ექნებათ მაღალი სისალე და ცვეთამედეგობა საკმარის დარტყმით სიბლანტესთან ერთად.
მიღებული მასალები შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც ცვეთამედეგი ნაკეთობების: ადიდვის თვალაკების, საჭრისების, ტვიფარების (მაღალტემპერატურული სტატიკური ტვიფრვისათვის), ასევე მაღალი სისალის 90HR, მათ შორის WC გულარიანი მაღალი ენერგიის (3760 ჯოული) მქონე ტყვიისაგან ობიექტის დამცავი საჯავშნე ფილების დასამზადებლად და აგრეთვე 12,7 კალიბრის 18000-20000 ჯოული ენერგიის მქონე ტყვიისაგან ტექნიკის დასაცავად.

შემუშავებული გრადიენტული საჯავშნე მასალებიდან დამზადებული იქნება საცდელი საჯავშნე ელემენტები და საჯავშნე ფილები. ჩატარებული იქნება მათი ბალისტიკური გამოცდები.

პროექტის შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები
- ბალისტიკური გამოცდების საშუალებით დადგინდება, შემუშავებული გრადიენტული საჯავშნე მასალებიდან დამზადებული ფილების ჯავშანფილებად გამოყენების შესაძლებლობა.
- მიღებული ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდება და მოხსენდება სამეცნიერო კონფერენციებზე.
- შედეგები შეიძლება შეფასდეს პატენტითა და გამოქვეყნებული სტატიებით.
- შედეგები მოხსენდება ინსტიტუტის მასალათმცოდნეობის სემინარს და სამეცნიერო საბჭოს, შემდეგ გადაეცემა “დელტას”. 


მთლიანი დოკუმენტი:

Strong Europe Tank Challenge 2018-ზე უკრაინული Т-84-ების მარცხის მიზეზი


Т-84-ებით შეიარაღებული უკრაინის სატანკო ოცეულის მეთაური, კაპიტანი რომან ბაგაევი ჟურნალისტს სატანკო შეჯიბრ Strong Europe Tank Challenge 2018-ზე, უკრაინული Т-84-ების მარცხის მიზეზების შესახებე საუბრა. სტატიის მოკლე შინაარსი შემდეგნაირად გამოიყურება:

ხშირი იყო ავტომატური დამტენის გაუმართაობა და მტყუვნება. რეალურად ტანკები საშუალოდ 5 გასროლას ასწრებდნენ მტყუვნებებს შორის.

ორ ტანკს სტაბილიზატორმა უმტყუვნა, ქვემეხს აკანკალებდა და დამიზნებით სროლას შეუძლებელს ხდიდა

აღნიშნული გაუმართაობების მიზეზით, შეჯიბრის პირველ ეტაპზე, ტანკისტებმა იერიშშის განხორციელებისას ორმოცი ჭურვიდან მხოლოდ 16 გასროლა მოახერხეს.

ასევე თავდაცვაში, სადაც საჭირო იყო 28 სამიზნის განადგურება, უკრაინელებმა მხოლოდ 21 გაანადგურეს, მესამე ტანკმა გაუმართაობის მიზეზით ცეცხლის წარმოება ვერ შეძლო.
ამ ეტაპზე შედეგები შემდეგნაირად გამოიყურებოდა - ორმა ქვეყანამ 24 სამიზნე გაანადგურა, ერთმა 22, უკრაინელებმა 21, დანარჩენმა ყველამ 20.


ასევე პრობლემას წარმოადგენდა ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა, რის შედეგადაც ხდებოდა მოკლე ჩართვები, და იქნებოდა ტანკის დაწვის საშიშროება

სხვა პრობლემებიდან აღსანიშნავია შემდეგი პუნქტები:
  • საწარმოომ არ ისურვა ტანკისტებისთვის სასწავლო კურსის ჩატარება - უთხრეს არაა გადახდილიო.
  • ტანკები მორიგეობით გადაეცემოდა ქვედანაყოფს. მაგალითისთვის ბოლო ტანკი ოცეულმა გერმანიაში გამგზავრებისთვის მიიღო, ეკიპაჟები არ იცნობდნენ ახალ მანქანებს, არ ჰქონდათ ოცეულის ურთიერთშეთანხმებული მოქმედების სათანადო დონე.
  • პრობლემას წარმოადგენდა სათადარიგო ნაწილების არ არსებობაც. არსებული 6 მანქანიდან ერთერთის კანიბალიზაცია ხდებოდა და მისი დეტალები სხვა ტანკების გასამართად გამოიყენებოდა.
  • პრობლემებს წააწყდა ცეცხლის მართვის სისტემაც, ხშირი იყო მტყუვნებები.
  • არ მუშაობდა მთელი რიგირ გადამწოდებები, რაც მანქანის ექსპულატაციას ართულებდა.
გადამწოდებების გაუმართავი მუშაობა

დადებითი მხარეებიდან აღინიშნა ტანკზე დაყენებული თბოხედვის კამერა, მძლავრი ძრავა, რომლის წყალობითაც ტანკი მაღალ სიჩქარეს ანვითარებდა და ადვილად ეწეოდა ამერიკულ და ფრანგულკ ტანკებს, და გაზრდილი უკან სვლის სიჩქარე.

სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე:

ტურნირის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:

Tuesday, June 12, 2018

Lockheed Martin-მა შემკვეთს მესამასე F-35 გადასცა

ფორტ ვორთი, ტეხასი, 2018 წლის 11 ივნისი - Lockheed Martin-მა შემკვეთს მესამასე F-35 მიაწოდა. კონკრეტულად ეს არის საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი F-35A, რომელიც, იუტას შტატში მდებარე, ჰილლის ავიაბაზას უნდა გადაეცეს.

მესამასე F-35 ტეხასში, ფორტ ვორთზე

პირველ 300 F-35-ში შედის, აშშ-ს და საერთაშორისო კლიენტებისთვის მიწოდებული 197 ცალი F-35A (CTOL), 75 ცალი F-35B (STOVL) და 28 ცალი F-35C (CV). დღემდე, პრიგრამის ფარგლებში, გამოშვებული იქნა 620 პილოტი და 5600 დამხმარე პერსონალი, ხოლო F-35-ის პარკმა მთლიანობაში 140 000 საფრენოსნო საათი დააგროვა.


Lockheed Martin-ი 2020 წლისთვის, წარმოების მოცულობის გაზრდასთან ერთად, F-35A-ს ღირებულების 80 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირებას გეგმავს. რაც სხვა, მე-4 თაობის, გამანადგურებლების ღირებულების ტოლი ან ნაკლებია. გაკეთებული დასკვნების, პროცესების ეფექტურობის, წარმოების ავტტომატიზირების, აღჭურვილობისა და დანადგარების მოდერნიზაციის, მიწოდების ჯაჭვის ინიციატივებისა და სხვა ინოვაციების დანერგვის წყალობით, F-35-ის წარმოებამ უკვე საგრძნობლად შეამცირა ხარჯები და გაზარდა ეფექტურობა. მაგალითად:

  • F-35A-ს ფასი, პირველ ხელშეკრულებასთან შედარებით, 60% შემცირდა.
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამუშაოს წარმოება მიახლოებით 75% შემცირდა.
  • 2015 წლიდან წარმოების პერიოდი 20% შემცირდა.

F-35-ის წარმოებამ 2017 წლის დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულა და 66 ცალი გამანადგურებელი მიაწოდა შემკვეთს, რაც 2016 წელთან შედარებით 40% მეტია. 2018 წლისთვის გუნდი 91 ცალი გამანადგურებლის მიწოდებას გეგმავს. წარმოების ტემპმა 2023 წელს პიკს უნდა მიაღწიოს, რაც წელწადში 160 გამანადგურებლის გამოშვებას გულისხმობს.


წყარო:
Pentagon And Lockheed Martin Deliver 300th F-35 Aircraft

კომპანია Booxt-ის უახლესი ბაგი "Assaut" ფრანგული სპეცდანიშნულების ძალებისთვის


ბაგის ტიპის უკლტრამსუბუქი სარბენი მანქანების მწარმოებელმა Booxt-მა, სპეციალური საბურავების შემქმნელ Michelin-თან თანამშრომლობით, წარმოადგინა თავისი, სამხედრო დანიშნულების მანქანა "Assaut".

მანქანის ჩარჩო ​​ფრანგული Groupe Broze-ს მიერაა შექმნილი, აღნიშნულ ჯგუფი ექვს საწარმოო პლატფორმას ფლობს და ხელმისაწვდომობის, მაღალი ხარისხსისა და მაშტაბირებადობის მისაღწევად თავის ცოდნასა და უნარებს იყენებს. კომპანია თავის გამოცდილებას 1921 წლიდან ითვლის. ის მყიდველს მეტალურგიულ, მეტალურგიულ ციფრულ დამუშავებას, ლაზერულ ჭრას, რობოტიზირებულ შედუღებას და სხვა მრავალ მაღალტექნოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს.

"Assaut" - ეს ზემსუბუქი ბაგჰია, რომელიც სარბენ ტექნოლოგირებს იყენებს. მას შეუძლია ოთხი მებრძოლის ან 700 კილო ტვირთის გადატანა, რაც მას მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებად აქცევს. მას შეუძ₾ია მაქსიმალჯური 160კმ/სთ სიჩქარე განავითაროს, რაც უნიკალჯურია ამ კატეგორიის მანქანებისთვის.

მანქანა აღჭურვილია 2.0 ლიტრი მოცულობის, 180ც/ძ სიმძლავრის, Peugeot-ის დიზელის ძრავით, რომელიც მექანიკურ სიჩქარეთა კოლოფთანაა გაერთიანებული.

წყარო:

ფიქრები Leoclerc-ის, ანუ EMBT-ს (European Main Battle Tank) შესახებ

ჩემი მოკლე ანალიზი:

რა საჭირო იყო ასეთი რამის გაკეთება. უბრალოდ Leclerc-ის კოშკურის Leopard-ის კორპუსზე დადგმით ვერცერთმა მანქანამ ვერ შეიძინა რაიმე განსაკუთრებული. 

ერთადერთი ავტომატური დამტენია, რაც შეიძლება მიზეზად ჩაითვალოს და პლიუს წონის მოგება (როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, ჰიბრიდი ტანკი 60 ტონას იწონის). მოგებული რამდენიმე ტონა შეიძლება დაცვაზე გადანაწილდეს, ასევე შეიძლება ჭარბი შიდა სივრცეც (გერმანულ მანქანას 4 ეკიპაჟის წევრი ყავს, ფრანგულს კიდევ 3) რაიმე დადებითი მიზნით იქნას გამოჰყენებული, მაგალითად საბრძოლო მარაგის გასაზრდელად, ან მის საიზოლაციოდ და ეკიპაჟის გადარჩენადობის გასაუმჯობესებლად.

და ამ საეჭვო დადებითი მხარეების პარალელურად სახეზე გვაქვს საკმაოდ დიდი მინუსებიც - გაუგებარია რამდენად საჭიროებს შიდა გათანწყობა გადაკეთებას და რა ხარჯებთანაა ეს დაკავშირებული. კოშკურისა და კორპუსის შეერთების ადგილას უზარმაზარი ღრიჭოა, რაც რეალურად შესუსტებული ადგილია და ტანკი მოწყვლადი ხდება.

რეალურად ამ გაუგებრობას არც გერმანია და არც საფრანგეთი შეიარაღებაზე არ მიიღებს, რატო უნდა განაახლო სატანკო პარკი ფაქტიურად იგივე შესაძლებლობების ტანკით და დახარჯო მილიარდობით დოლარი იგივე შედეგისთვის?

იმედია ეს გაუგებრობა მხოლოდ მოღვაწეობის საჩვენებლადაა გაკეთებული და მომავალში უკეთეს რამეს გვანახებენ. უკეთეს შემთხვევაში ახალ ტაანკს და უარეს შემთხვევაში Leopard-2-ის ბაზაზე შემოდგმულ უკაცურ საბრძოლო მოდულს, ეკიპაჟის 3 წევრით, რომლებიც კორპუსში იქნებიან განთავსებულები.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული EMBT-ს ტტმ (რამდენად რეალურია თავს ვერ დავდებ)

Monday, June 11, 2018

დღის ფოტო - ულამაზესი Gripen JAS 39

NATO Tiger Meet 2017-ზე წარმოდგენილი Gripen JAS 39

ჰიბრიდი Eurosatory-2018-ზე (Leopard-2 + Lecerc)

გამოფება Eurosatory-2018-ზე საკმაოდ საინტერესო ეგზემპლიარის პრეზენტაია განხორციელდა, ეს არის KNDS group-ის (გერმანული KMW-სა და ფრანგული NEXTER-ის გაერთიანება. კომპანიები 2016 წელს გაერთოანდნენ და რუსული Армата-ს საპირწონე მანქანაზე დაიწყეს მუშაობა, ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ფრანგული Nexter Systems და გერმანული KMW ოფიციალურად გაერთიანდნენ) ერთობლივი ნამუშევარი - Leopard-2A7-ის კორპუსი და Leclerc-ის კოშკურა. მანქანას 3 კაციანი ეკიპაჟი მართავს. დანარჩენი დეტალები ჯერ უცნობია.

Sunday, June 10, 2018

აშშ-ს არმიის M4 / M16 ტიპის შაშხანების საშიში გაუმართაობა


აშშ-ს არმიის ექსპერტებმა, ბოლო სამი თვის განმავლობაში, 50 000 ცალი M4 / M16 ტიპის შაშხანა შეამოწმეს, საიდანაც 3000 ერთეულმა (6%) უსაფრთხოების პრობლემა უჩვენა. მომდევნო 6 თვის განმავლობაში კიდევ 903 000 შაშხანა იქნება შემოწმებული.

როგორც აშშ-ს "არმიის ჯავშანსატანკო-საავტომობილო და შეიარაღების მეთაურობის" (Army’s Tank-automotive and Armaments Command, შემოკლებით TACOM) წარმომადგენელმა, რ. სლეიდ უოტერსმა განაცხადა, ისინი ელიან შაშხანების სრული რაოდენობის შემოწმებას და ნებისმიერი ხარვეზიანი შაშხანა მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში იქნება გამოსწორებული.

აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლის თანახმად, კორპუსიც იკვლევს ამ პრობლერმას. მისივე თქმით, 24 მაისს, მათ უსაფრთხოების საკუთარი განცხადება გაავრცელეს.

გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია პირველად 26 მარტს გავრცელდა და ის შემდეგნაირად იყო აღწერილი:

"M4A1 დამუხტული იყო და ცეცხლის რეჟიმის გადამრთველი "ერთეულ" და "ავტომატურ" რეჟიმს შორის იყო გაჩერებული. სასხლეტის დასხლეტვის შემდეგ იარაღმა არ გაისროლა. პრობლრემას შემდეგში გადამრთველის "ერთეულ" ან "ავტომატურ" რეჟიმზე გადაყვანა წარმოქმნიდა - იარაღი სასხლეტის დაშვების გარეშე აწარმოებდა გასროლას".

მეორე განცხადება, რომელიც 16 აპრილს გავრცელდა, აღნიშნავდა რომ, პრობლემა მხოლოდ M4A1-ით არ შემოიფარფგლებოდა და შემოწმებას M16-ის მთლიანო ოჯახობა საჭიროებდა.

რ. სლეიდ უოტერსის განცხადების თანახმად, აპრილის გამოცდების შედეგად 881 ცალი გაუმართავი შაშხანა იქნა დაფიქსირებული. და რადგანაც ეს შემოწმება დღემდე გრძელდება, გაუმართავი შაშხანების რაოდენობა უკვე 3000-მდე გაიზარდა.

მსროლელებმა, შედეგებიდან გამომდინარე, გაუმართავობის არსებობის შემთხვევაში, უსაფრთხოების დაჩქარებული კურსი გაიარეს.

მიახლოებით სამი წლის წინ არმიამ დაიწყო M4A1-ის გაუმჯობესება და იარაღს სრულიად ავტომატური ცეცხლის რეჟიმი დაუმატა. წინა ვარიანტებს მხოლოდ ერთეული და სამგასროლიანი ჯერების წარმოება შეეძლო. ამავე პროგრამის ფარგლებში მოკლე კარაბინმა დამძმებული ლულა და რეჟიმის კონტროლის ორმხრივი ხელსაწყოები მიიღო.

იარაღის შესამოწმებლად აშშ არმიამ შემდეგი სახის ინსტრუქციები გამოსცა:


  • Ensure weapon is clear by observing the chamber, the bolt face, and magazine well. The weapon should always be pointed in a safe direction. (სავაზნის, მჭიდის და საკეტის დათვალიერებით დარწმუნდით რომ  იარაღი განმუხტილია. იარაღი ყოველთვის უსაფრთხო მხარეს მიმართეთ).
  • Charge the weapon, place selector lever on the safe position and pull trigger. The hammer should not drop. (დამუხტეთ იარაღი, დამცველი ჩაკეტეთ და სასხლეტი დაუშვით. დამრტყმელი არ უნდა დაეშვას).
  • Move the selector lever to the semi position, then move the selector to a position between semi and auto, and squeeze the trigger. The hammer should drop when the trigger is squeezed. If the hammer does not drop when the trigger is squeezed, this is a failure. Record this information and continue to the next step. (გადაიყვანეთ მცველი ერთეულ რეჟიმზე, შემდეგ მცველი ერთეულ და ავტომატურ რეჟიმებს შორის გადართეთ და სასხლეტი დაუშვით. დამრტყმელი უნდა დაეშვას, თუ სასხლეტის დასხლეტვის შედეგად დამრტყმელი არ დაეშვა, ეს ნიშნავს გაუმართაობას. ჩაიწერეთ ეს ინფიორმაცია და გადადით შემდეგ ნაბიჯზე).
  • If the hammer does not drop, move the selector in either direction. If the hammer drops without squeezing the trigger, this is a failure. Record this information. (თუ დამრტყმელი არ დაეშვა, მცველი გადართეთ ნებისმიერ პოზიციაზე. თუ ამის შემდეგ დამრტყმელი სასხლეტის დასხლეტვის გარეშე დაეშვა ეს ნიშნავს რომ იარაღი გაუმართავია. ჩაიწერეთ ეს ინფორმაცია).
  • Gather information recorded from failures at steps (3) and (4) and segregate the weapon for further investigation. Contact TACOM with the weapon serial number. (მოაგროვეთ ინფორმაცია ჩავარდნილი (3) და (4) ნაბიჯებიდან და გადაეცით იარაღი შემდეგი შესწავლისთვის. დაუკავშირდით TACOM-ს და მიაწოდეთ იარაღის სერიული ნომერი).
  • If the weapon passes steps (3) and (4), the function check is complete. (თუ იარაღმა წარმატებით გაიარა ნაბიჯები (3) და (4), ფუნქციონალური გამოცდა ჩაბარებულად ითვლება).

არმიამ ასევე გამოცსა დაუყოვნებლივი მოქმედების ჩასწორებული სავარჯო, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
  • Confirm that the selector is set to semi, auto or burst. (დარწმუნდით რომ მცველი აყენია ერთეულ, ავტომატურ ან მოკლე ჯერების პოზიციაზე).
  • Slap upward on the magazine to make sure it is properly seated. (დაარტყით მჭიდს, რათა დარწმუნდეთ რომ ის სწორედაა მორგებული).
  • Pull the charging handle completely to the rear and hold. (გადაქაჩეთ დამტენი სახელური უკანა პოზიციაში და მასე გააჩერეთ).
  • Observe for ejection of case or cartridge, and ensure the cartridge or case is ejected and the chamber is clear. (დააკვირთით რომ ვაზნა ან მასრა ამოვარდა და რომ სავაზნე სუფთაა).
  • Release the charging handle to feed a new round. (გაუშვით დამტენი სახელური, რომ სავაზნეში ახალი ვაზნა შეიტანოს).
  • Tap the forward assist to ensure the bolt is closed. (შეამოწმეთ წინა ბერკეტი, რათა დარწმუნდეთ რომ საკეტი ბოლომდე ჩაიკეტა).
  • Squeeze the trigger; the weapon should fire. (დასხლიტეთ სასხლეტი, იარაღი უნდა ისროდეს).

წყარო: