Saturday, June 2, 2012

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი

ნაწილი მეხუთე 

ღამის სამიზნე კომპლექსი

Т-72 აქტიურ-პასიური ღამის სამიზნე 1К13-49 კომპლექსის ნაცვლად Т-90-ზე გათვალისწინებული იყო სამიზნე კომპლექსი Т01-К01 რომლის შემადგენლობაშიც აქტიურ-პასიური «Буран-ПА» შედიოდა ან Т01-П02Т რომელსაც თბოვიზორი «Агава-1» ქონდა. თუმცა «Агава-1» წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დიდ პარტიებად არ იწარმოებოდა, ამიტომ Т-90-ზე ყენდებოდა აქტიურ-პასიური «Буран-ПА». «Агава-1» მხოლოდ 2 საცდელ ტანკზე ეყენა.
ღამის სამიზნე კომპლექს Т01-К01 დანიშნულებაა ბრძოლის ველზე დაკვირვება, მიზნების აღმოჩენა და იდენტიფიკაცია, დამიზნებული ცეცხლის წარმოება ღამის პირობებში როგორც ქვემეხიდან ყველა სახის ჭურვებით 1500მ მანძილზე ასევე მასთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან 800მ მანძილზე. პასიურ რეჟიმში იგი მუშაობს ღამის ბუნებრივი განათების ხარჯზე ხოლო აქტიურ რეჟიმში ТШУ-1 «Штора-1» პროჟექტორის ინფრაწითელ განათებას იყენებს. 

მარცხნიდან მარჯვნივ: მეთაურის სამიზნე-სათვალთვალო კომპლექსი ПНК-4С, ლაზერული პროჟექტორი ЛП-1 და მემიზნე ოპერატორის სამიზნე კომპლექსი Т01-К01

ТПН4-49 «Буран-ПА» მონაცემები

Т01-К01 სამიზნე კომპლექსის შემადგენლობაში შედის:
სამიზნე ТПН4-49 «Буран-ПА».
შესწორებების შესაყვანი მოწყობილობა.
მაკომუტირებელი ბლოკი.
სათადარიგო ხელსაწყოები და საკუთნო.

სამიზნე ТПН4-49 «Буран-ПА» წარმოადგენს პერისკოპულ, ელექტრო-ოპტიკურ, ცალოკულარიან ხელსაწყოს. მისი მუშაობის პრინციპი ეფუძნება ელექტრო-ოპტიკურ გარდამქმნელ მატრიცას, რომელიც აღიქვამს მიზნიდან არეკლილ ბუნებრივ თუ ხელოვნურ შუქს. ღამის ბუნებრივი განათების დროს, როცა სინათლის დონე 0,005 ლუქსის ტოლი ან მეტია, მაშინ სამიზნე მუშაობს პასიურ რეჟიმში, ანუ ინფრაწითელი პროჟექტორის ჩართვის გარეშე. ამ შემთხვევაში მთვარის და ვარსკვლავების შუქი ირეკლება მიზნიდან და ხვდება სამიზნის მატრიცაში, სადაც რამდენჯერმე ძლიერდება ელექტრო-ოპტიკური გარდამქმნელის (ეოგ) დახმარებით და ქმნის მიზნის ხედვად გამოსახულებას. ბუნებრივი განათების 0,005 ლუქსზე დაბალი დონის დროს სამიზნე მუშაობს აქტიურ რეჟიმში, ანუ იყენებს ინფრაწითელ სხივებს რომლებიც სამიზნეზე აირეკვლის შემდეგ ხვდებიან სამიზნის მატრიცაში და ელექტრო-ოპტიკური გარდამქმნელის დახმარებით გარდაიქმნებიან მიზნის ხედვად გამოსახულებად. ინფრაწითელი სხივების წყაროდ გამოიყენება ოპტიკურ-ელექტრონული ჩახშობის კომპლექსის «Штора-1»-ის ინფრაწითელი პროჟექტორი ОТШУ-1-7.



მეთაურის სამიზნე-სათვალთვალო კომპლექსი ПНК-4С 

მეთაურის სამიზნე-სათვალთვალო კომპლექსი ПНК-4С უზრუნველყოფს: მეთაურის მიერ ადგილმდებარეობაზე დაკვირვებას, მიზნების ძებნას და აღმოჩენას, მიზანჩვენებას და ცეცხლის კორექტირებას, დღისით და ღამით, ადგილიდან და მოძრაობაში ქვემეხიდან და შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან ეფექტური ცეცხლის წარმოებას “დუბლ” რეჟიმში და ასევე დამიზნებული ცეცხლის წარმოებას სტმ-დან საჰაერო და სახმელეთო მიზნებზე.

ПНК-4С შემადგენლობაში შედის:
ხედვის არის ვერტიკალურ სიბრტყეში სტაბილიზაციის მქონე ხელსაწყო ТКН-4С «Агат-С», ელექტრობლოკით და გიროსტაბილიზატორით.
ქვემეხის მდგომარეობის გადამწოდები.
სტმ-ის მართვის სისტემა 1ЭЦ29.

ТКН-4С  გააჩნია ერთჯერადი და მრავალჯე-რადი გადიდების (დღის და ღამის) ოპტიკური არხები. ღამის არხი აღჭურვილია აქტიურ-პასიური ელექტროოპტიკური გარდამქმნელით, რომელიც აქტიურ რეჟიმში სამუშაოდ გამოიყენებს ოპტიკურ-ელექტრონული ჩახშობის კომპლექსის  «Штора-1» ინფრაწითელი პროჟექ-ტორის ОТШУ-1-7 განათებას. ТКН-4С «Агат-С»-ი ღამის არხით მუშაობისას პასიურ რეჯიმში 0,7კმ-ზე ხოლო აქტიურ რეჟიმში 0,8-1 კმ-ზე მიზნის აღმოჩენის და იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.
სტმ-ის მართვის 1ЭЦ29 უზრუნველყოფს მეთაურის ადგილიდან საზენიტო ტყვიამფრქვევის ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ რეჟიმში მართვას, დამიზნებას და ცეცხლის წარმოებას.

მეთაურის სამუშაო ადგილი, შუაში ТКН-4С «Агат-С», მარცხნივ ПЗУ-7-ის ოკულარი


სამიზნე სათვალთვალო კომპლექსის ТКН-4С «Агат-С» ტექნიკური მონაცემები


მეთაური საზენიტო სამიზნე მოწყობილობა ПЗУ-7

საზენიტო სამიზნე ПЗУ-7 წარმოადგენს ცალოკულარიან პერისკოპულ 1,2-ჯერადი გადიდების მქონე ოპტიკურ ხელსაწყოს. ის უზრუნველყოფს დამიზნებული ცეცხლის წარმოებას საზენიტო ტყვიამფრქვევიდან სახმელეთო და საჰაერო მიზნებზე ნახევრადავტომატურ რეჯიმში. სამიზნე ამწევის საშუალებით დაკავშირებულია ვერტიკალური დამიზნების ამძრავთან. სამიზნის ოკულარული ნაწილის მარცხნივ, მეთაურის კოშკურის მოძრავი ყელურთან მაგრდება სამიზნის პულტი, რომელსაც გააჩნია დამცავი შუშის და ოკულარის განათების და გათბობის გამომრთველები და ასევე სამიზნე ბადის განათების რეგულირების სახელური.

ПЗУ-7


სხვა დამხმარე ხელსაწყოები და მოწყობილობები

პრიზმული ხელსაწყოები: Т-90 მძღოლ-მექანიკოსი დღისით ტანკის სატარებლად გამოიყენებს პრიზმულ ხელსაწყოს ТНПО-168 ფართო ხედვის არით, ხოლო ღამე ელექტროოპტიკურ ТBНE-4Б, მომდევნო მოდიფიკაციებში ღამით სატარებლად  კომბინირებული, ელექტროოპტიკური ТBН-5 იხმარება.

ТBН-5-ის ტაქტიკურ ტექნიკური მონაცემები

ასევე შესაძლებელია კომბინირებული ელექტროოპტიკური ТBK-2 და ТV, ელექტრო-ოპტიკური და თბივიზორული არხებით აღჭურვილი ТBН-10-ს დაყენება, ამ ხელსაწყოს შემადგენლობაში შედის ეკრანი, რაც მძღოლ-მექანიკოსს გაცილებით უადვილებს ღამით ტანკის ტარებას.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხელსაწყო ერთნაირი გაბარიტებისაა და ურთიერთჩანაცვლებადია.

ТBK-2-ის ტაქტიკურ ტექნიკური მონაცემები

მარცხნიდან მარჯვნივ: მძღოლ-მექანიკოსის დღის ხელსაწყო ТНПО-168, კომბინირებული ТBН-5 და ТBK-2

კომბინირებული ТBН-10, მარცხნიდან მარჯვნივ: დაკვირვების ბლოკი, კომუტატორი, ეკრანი

მეთაურს და მემიზნე-ოპერატორს ამას გარდა გააჩნია გარემოზე დაკვირვების 5 პრიზმული ხელსაწყო, აქედან 3 მეთაურის - 2 ТНП-65А განლაგებული სარქველზე, 1 ТНПО-160 განლაგებული ПНК-4С მარჯვნივ, სტმ-ის ქვეშ და 2 მემიზნე-ოპერატორის, 1 ТНП-165А და 1 ТНП-65А.
ტანკის ეკიპაჟს საშტატო აღჭურვილობაში შედის მაიზოლირებელი აირწინაღი ИП-5, რომელიც იხმარება როგორც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების, ასევე წყლის წინაღობის გადალახვის დროს ტანკის წყლით გავსების ან სხვა ავარიულ შემთხვევაში, როცა საჭიროა ტანკის დატოვება წყლის ქვეშ.

ტანკი ასევე აღჭურვილია ნახევრადპირდაპირი დამიზნების და დახურული პოზიციებიდან ცეცხლის საწარმოებლად საჭირო ხელსაწყოებით.
დამატებითი ამძრავები - ქვემეხის და შეწყვილებული ტყვიამფრქვევის, ასევე სტმ-ის ავარიულ რეჟიმში სამართავად გათვალისწინებულია დამიზნების დამატებითი ამძრავები. მათ განეკუთვნება ქვემეხის და კოშკურის ხელის ამძრავები, სტმ-ის დასამიზნებლად ვერტიკალურ სიბრტყეში მექანიკური ამძრავი, ჰორიზონტალურ სიბრტყეში კი ტანკის მეთაურის კუნთების ძალა, ამ შემთხვევაში დამიზნებას იგი ახორციელებს სამეთაურო კოშკურის და მასზე განლაგებული სტმ-ის თავისი ძალით მოტრიალებით.
წყალქვეშ ტანკის სატარებელი მოწყობილობა - წყალქვეშ სატარებელი მოწყობილობა უზრუნველყოფს ტანკის მიერ წყლის 5 მეტრის სიღრმისა და 1000 მეტრის სიგანის წინაღობების დაძლევას პირველი სიჩქარით გიროკომპასისა და რადიოკავშირის დახმარებით და ასევე კორპუსისა და კოშკურის ჰერმეტიზაციას. მოწყობილობა შედგება მოხსნადი და მოუხსნადი ელემენტებისგან და ასევე ეკიპაჟის მაიზოლირებელი აირწინაღისგან.
მოუხსნადი ელემენტებია გიროკომპასი და წყლის ტუმბო, პირველი წყალქვეშ კურსის შენარჩუნების საშუალებას აძლევს ეკიპაჟს, მეორე ტანკში შეჟონილი წყლის ამოტუმბვას ახორციელებს 100ლ/წთ სიჩქარით. მოხსნადი ელემენტია კოშკურაზე დაყენებული საჰაერო მილი.
ტანკის წყალქვეშ სატარებლად მომზადებას 15 წუთი ესაჭიროება. სროლისათვის მოსამზადებლად დროს, წყლის წინაღობის დაძლევის შემდეგ, ტანკი არ საჭიროებს.

წტს მოწყობილობით აღჭურვილი, ჩამოსხმულკოშკურიანი T-90C წყლის წინაღობის დაძლევის დროს (გამოფენა REA-2008, ნიჟნი ტაგილი)

თვითგამთხრელი მოწყობილობა: საცეცხლე პოზიციის მოსაწყობად T-90 აღჭურვილია ჩაშენებული ბულდოზერული მოწყობილობით. ჩამოსაწევი დანის სიგანე 2148მმ-ია. მოწყობილობა საშუალებას აძლევს გაუყინავ გრუნტში 20-30 წუთში ამოთხაროს სატანკო სანგარი. მიწის უფრო სერიოზული სამუშაოებისთვის ტანკზე ყენდება სატანკო ბულდოზერ-თოვლმწმენდი ТБC-86.

 ТБC-86

ჩაშენებული ბულდოზერული მოწყობილობით აღჭურვილი ტანკი სანგრის თხრის მომენტში (მალაიზიის ტენდერი 2000წ.)


კავშირგამბულობის საშუალებები - ტანკის საბრძოლო მართვას უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის კომპლექსი, რომელშიც შედის რადიოსადგური P-163-50У და მიმღები P-163УП. რომლებიც უზრუნველყოფენ აბონენტებს შორის ხარვეზებისგან დაცულ კავშირს. ეს ხდება ერთდროულად, კავშირის ორი დამოუკიდებელი არხის მუშაობის ხარჯზე (ორსიხშირიანი სიმპლექსის რეჟიმი). ასეთი რეჟიმი ხორციელდება, როცა რადიოსადგური ერთ სიხშირეზე მუშაობს გადაცემაზე და ამავდროულად მიმღები მეორე სიხშირეზე მიღებაზე.

რადიოსადგური P-163-50У - წარმოადგენს ულტრამოკლეტალღურ ტელეფონურ მიმღებ-გადამცემ, სიმპლექსურ, სიხშირის მოდულაციის მქონე აპარატს. რადიო სადგურს  მომზადების გარეშე შეუძლია, ღილაკზე დაჭერით სიხშირეების გადართვა, რომლებიც  წინასწარაა დამახსოვრებული (სულ 10 სიხშირე). უზრუნველყოფს კავშირს საშუალოდ 20კმ რადიუსში.
რადიომიმღები P-163УП - წარმოადგენს ულტრამოკლეტალღურ, სიხშირის მოდულაციის მქონე აპარატს. მასაც, ისევე როგორც რადიოსადგურს, შეუძლია კავშირის უზრუნველყოფა 20 კილომეტრის მანძილზე და გააჩნია 10 წინასწარ დამახსოვრებული სიხშირე. რადიოსადგურის და რადიომიმღების სამუშაო სიხშირეთა დიაპაზონია 30.025-დან 79.975 მეგაჰერცამდე, 1 კილოჰერციანი ბიჯით. რადიოსადგურის და რადიომიმღების მუშაობის დრო შეუზღუდავია როგორც მიღების ასევე გადაცემის რეჟიმში.
ეკიპაჟის შიდა კავშირის განხორციელებისთვის ტანკში დამონტაჟებულია შიდა კავშირის აპარატურა P-174. აპარატურა უზრუნველყოფს მოძრავ ობიექტებში როგორ შიდა, ასევე გარე კავშირს. შიდა კავშირის სისტემა P-174 წარმოადგენს გამაძლიერებელ-საკომუტაციო მოწყობილობების ნაკრებს, რომლებიც უზრუნველყოფენ 7 აბონენტამდე ერთდროულ მომსახურებას.
მეთაურის მანქანაში დამატებით განთავსებულია მოკლეტალღური რადიოსადგური P-163-50K, საარტილერიო ბუსოლა ПАБ-2М  და სანავიგაციო აპარატურა ТНА-4-3.
მოკლეტალღური რადიოსადგური P-163-50K - რადიოსადგური, რომლის კომპლექტაციაშიც შედის 11-მეტრიანი ტელესკოპური ანტენა, რომელიც 2-დან 18 მეგაჰერცამდე დიაპაზონში უზრუნველყოფს კავშირს 350კმ მანძილზე გაჩერებული მდგომარეობიდან. გადაადგილების დროს გამოიყენება 4მ ანტენა, რომლის სიხშირეთა სამუშაო დიაპაზონი 2-დან 30 მეგაჰერცამდეა და უზრუნველყოფს კავშირს გაჩერებული და მოძრავი ტანკიდან 50-80კმ მანძილზე.
საარტილერიო ბუსოლა ПАБ-2М - მეთაურის მანქანები დამატებით აღჭურვილი საარტილერიო ბუსოლათი, რომელიც ცუდი ხილვადობის პირობებში და ორიენტირების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება დირექციული კუთხის გასასაზღვრავად. ამას გარდა, სათვალთვალო პუნქტში ის გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს.
განსაზღვრავს მიზნებსა და ძირითად მიმართულებებს შორის ჰორიზონტალურ კუთხეს.
გასნაზღვრავს მიზნის და სხვა ორიენტირების აზიმუტს.
ეხმარება მეთაურს საარტილერიო ცეცხლის კორექტირებაში.
განსაზღვრავს გადახრებს და სიმაღლეს.

ეკიპაჟის შიდა კავშირის აპარატურა P-174

რადიოსადგური P-163-50У და რადიომიმღები P-163УП


სანავიგაციო აპარატურა ТНА-4-3 - რომელიც წარმოადგენს ინერციულ ნავიგაციის აპარატურას, რუქა-პლანშეტებით.
სისტემა უზრუნველყოფს:
ტანკის კოორდინატების ავტომატურად განსაზღვრას.
ტანკის დირექციული კუთხის ავტომატურად განსაზღვრას.
ტანკის ადგილმდებარეობის ინდიკაციას ტოპოგრაფიულ რუქაზე.
ტანკის და დანიშნულების პუნქტის კოორდინატთა სხვაობის ავტომატური განსაზღვრას.
ასევე შესაძლებელია ახალი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი გიროსკოპის საფუძველზე შექმნილი სანავიგაციო სისტემების გამოყენება, როგორიცაა ТНА-М «Гамма-1» ან ТНА-М «Гамма-2».
სისტემა შედგება GLONAშშ ან  NAVშთAღ გლობალური თანამგზავრული სანავიგაციო სისტემის მიმღებინდიკატორული აპარატურისგან. სისტემა გამოიყენებს მაღალი სიზუსტის თვიტორიენტირებად კურსმაჩვენებელ მოწყობილობას, რომელიც საშუალებას იძლევა დროის რეალურ მასტაბში გაიზომოს სივრცის მიმდინარე კუთხური კოორდინატები, ტანკის სიჩქარის გადამწოდს, თანამგზავრული ნავიგაციის სისტემას, პლანშეტს და ნიშან სინტეზატორიან დაფას და კურსის მაჩვენებელს.

სანავიგაციო ხელსაწყოების მიერ კოორდინატების განსაზღვრის სიზუსტე

სანავიგაციო სისტემა «Гамма-1»/ «Гамма-2»


  125 მმ-იანი ჭურვები

T-90-ის 125 მმ-იანი ქვემეხი, რომელიც ანალოგიურია მეორე თაობის საბჭოთა ტანკებზე გამოყენებული ქვემეხებისა, მოიხმარს ცალკე-მასრული დატენვის ჭურვებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჭურვი  შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: ძირითადი მუხტის, რომელიც საერთოა, და ჭურვების ფართო ნომენკლატურისგან (მათ შორის ჯავშანგამტან-ქვეკალიბრულ ჭურვებს ენერგეტიკის გაზრდის მიზნით გააჩნიათ დამატებითი მუხტი).

ჭურვების ნომენკლატურა, რომლებსაც T-90 მოიხმარს, შემდეგნაირია:
ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული ფრთასხმული ჭურვი (ჯქფჭ).
კუმულაციური ჭურვი.
მსხვრევად-ფუგასური ჭურვი.
მზა, ისრისებური დამაზიანებელი ელემენტებით შევსებული ჭურვი.
მართვადი რაკეტა.

სატყორცნი მუხტი

სატყორცნი მუხტის კორპუსი ნაწილობრივ წვადია და შესდგება ფოლადის საძირეში მოთავსებული სრულებით წვადი გარსსაცმისაგან (ცილინდრი და სახურავი), რომელიც ტროტილით გაწებებულ პიროქსილურ-ცელულოზურ ტილოს წარმოადგენს.
მტყორცნი მუხტი შესდგება მილისებრი და/ან შვიდარხიანი მაღალაზოტოვანი პიროქსილური დენთისგან.

125მმ-იან სატანკო ქვემეხებში გამოყენებული სატყორცნი მუხტების სახეობებია:
1. 4Ж40-შეიარაღებაში მიღების წელი 1962. შედგება:
15/1 მლ მ/ა (მილისებრი, მაღალაზოტოვანი პიროქსილური დენთი).
12/7 მ/ა (7-არხიანი, მაღალაზოტოვანი პიროქსილური დენთი).
ВТХ-20 (ალჩამქრობი დენთი).
თოფის კვამლიანი დენთი ДРП-3 (მაალებელი).
2. 4Ж52-შეიარაღებაში მიღების წელი 1976. დენთის შემადგენლობა ნაწილობრივ შეცვლილია. 15/1.მლ მ/ა ნაცვლად გამოიყენება გაცილებით თანამედროვე 12/7 მ/ა დენთით.
3. 4Ж63-გამოყენებულია ახალი მაღალენერგეტიკული დენთები, რისი დახმარებითაც 5% გაიზარდა ჯქფ ჭურვების ლულისშიდა ენერგია.
4. 4Ж96-შექმნილია ახალი გაზრდილი სიმძლავრის ჭურვებისთვის, რომელთა ჯავშანგამტანობა 40% გაზრდილი.
მუხტები იწარმოება ქ. ყაზანში ФГУП ФНПЦ ГосНИИХП მიერ.

ძირითადი მუხტების მონაცემები

მუხტების სასწავლო მაკეტები



ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული ფრთასხმული მგეზავი ჭურვები

ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული ჭურვები გამოიყენება ტანკების და სხვა ჯავშანმიზნების წინააღმდეგ. ჭურვებს ძირითადი სატყორცნის გარდა გააჩნია დამატებითი მუხტი, რომელიც გასროლის გარშემოა განლაგებული და მისი კორპუსის შემადგენლობა ძირითადი მუხტის კორპუსის ანალოგიურია და სრულებით წვადია.
წამყვანი მოწყობილობის მოცილებადი სექციები გასროლის შემდეგ ინარჩუნებენ მნიშვნელოვან კინეტიკურ ენერგიას და 1000 მეტრამდე, ქვემეხის ორივე გვერდით 2º კუთხის ფარგლებში საფრთხეს წარმოადგენენ.

T-90 ძირითადად შემდეგი სახის ქვეკალიბრულ გასროლებს გამოიყენებს:
გასროლა 3ВБМ-10, რომლის შემადგენლობაშიც შედის აქტიური ნაწილი 3БМ-29, ჭურვი 3БМ-30. შეიარაღებაში მიღების წელი 1982. იყო პირველი ჭურვი, რომელშიც გამოყენებული იქნა ლულის არხში ჭურვის წაყვანის მოწყობილობის ახალი სქემა. ახალ წამყვან მოწყობილობას გააჩნია კორპუსთან მოჭიდების გაზრდილი ზედაპირი და პარაზიტული წონის შესამცირებლად ფოლადის ნაცვლად დამზადებულია ალუმინის შენადნობ В-95-სგან. კალიბრული სტაბილიზატორები წონის და ჰაერის წინაღობის შემცირების მიზნით მოდერნიზებულია. აქტიურ ნაწილში გამოყენებულია ურანის გულარი. ჭურვის კოდური სახელწოდებაა «Надфиль».
გასროლა 3ВБМ-13, აქტიური ნაწილი 3БМ-32, ჭურვი 3БМ-33. შეიარაღებაში მიღების წელი 1985. პირველი საბჭოთა მონოლითური ურანის ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული ჭურვი. წარმოადგენს ერთერთ ყველაზე გავრცელებულ ჯავშანგამტან-ქვეკალიბრულ ჭურვს რუსეთში. ჭურვის კოდური სახელწოდება «Вант».
გასროლა 3ВБМ-17, აქტიური ნაწილი 3БМ-42, ჭურვი 3БМ-44. შეიარაღებაში მიღების წელი 1986. გაზრდილი სიმძლავრის ჭურვი, შექმნილია თანამედროვე მრავალშრიანი ჯავშნის წინააღმდეგ სამოქმედოდ. აქვს ძალიან რთული კონსტრუქცია, რომელშიც შედის მთლიანი ბალისტიკური და ჯავშანგამტანი თავსახური, ჯავშანგამტანი დემპფერი, მაღალი სიმტკიცის და წაგრძელების მქონე ვოლფრამის შენადნობის ორი გულარი. გულარები კორპუსში დამაგრებულია ადვილადდნობადი შენადნობის გარსსაცმის მეშვეობით. ჯავშნის გატანის დროს გარსსაცმი დნება და ამგვარად გულარებს საშუალებას აძლევს კორპუსიდან მოცილებაზე ენერგიის დაუხარჯველად შეაღწიონ გახვრეტის არხში. წამყვანი მოწყობილობა წარმოადგენს 3БМ-29 წამყვანი მოწყობილობის შემდეგ განვითარებას, დამზადებულია გაუმჯობესებულმახასიათებლე-ბიანი В-96Ц1 შენადნობისგან. ჭურვი ფართოდ გამოიყენება რუსულ არმიაში, ასევე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხდებოდა მისი მასობრივი ექსპორტი რუსულ და უკრაინულ ტანკებთან ერთად. კოდური სახელწოდება «Манго».

ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული 3БМ-42«Манго», სქემატური გამოსახულება 3D-ში

გასროლა 3ВБМ-?, აქტიური ნაწილი 3БМ-46, ჭურვი 3БМ-48. შეიარაღებაში მიღების წელი 1991. იგი წარმოადგენს თანამედროვე, ურანის მონოლითური, დიდი წაგრძელების და ქვეკალიბრული სტაბილიზატორების მქონე ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული ჭურვს, რომელიც გამოიყენებს ახალ კომპოზიტური მასალებისგან დამზადებულ, კონტაქტის ორ წერტილიან წამყვან მოწყობილობას. ჭურვის სიგრძე ახლოსაა საბჭოთა, სტანდარტულ ავტომატურ დამტენში დასაშვებ ზღვრულ სიგრძესთან. არის ყველაზე მძლავრი, სერიული საბჭოთა ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული ჭურვი, რომელიც 90-იანი წლების ბოლომდე დასავლური ანალოგების დონეზე იდგა. ჭურვის კოდური სახელწოდება «Свинец».


ქვეკალიბრული გასროლების ტექნიკური მონაცემები

3БМ-46


მომავალში ჯავშანგამტანობის ამაღლება გათვალისწინებულია ეგრეთწოდებული “გრძელი” (740მმ-იანი აქტიურნაწილიანი) გასროლების შემოღებით. ეს გასროლებია 3ВБМ22 «Свинец-1», აქტიური ნაწილი 3БМ59 (3БМ-42«Манго» შედარებით მისი ჯავშანგამტანობა 40% გაზრდილი)  და 3ВБМ23 «Свинец-2», აქტიური ნაწილი 3БМ60. ამ ჭუვების გამოყენება ერთდროულად ზრდის როგორც რეალური სროლის მანძილს, ასევე ჯავშანგამტანობას, მათი საშტატო მუხტია 4Ж96. ეს გასროლები გრძელი ფორმების გამო ვერ თავსდება ავტომატურ დამტენის გადაკეთების გარეშე Т-72-ში და პირველი სერიის Т-90-ში.



კუმულაციური ჭურვები

თავდაპირველად 125მმ-იანი ქვემეხების ძირითად ტანკსაწინააღმდეგო საშუალებას კუმულაციური ჭურვები წარმოადგენდა. სწორედ ეს გახდა ტანკებზე 125მმ-იანი ქვემეხის, 2А26 (Д-81), დაყენების მიზეზი. იმ დროს კუმულაციური ჭურვების ჯავშანგამტანობა 25%-ით აღემატებოდა ქვეკალიბრულ-ჯავშანგამტან ჭურვების ჯავშანგამტანობას. თუმცაღა მრავალშრიანი დაცვის შემდგომმა განვითარებამ კუმულაციური ჭურვების მეორე პლანზე გადანაცვლება გამოიწვია და ძირითად ტანკსაწინააღმდეგო საშუალებად ქვეკალიბრული ჭურვები წამოწია, მიუხედავად ამისა კუმულაციურ ჭურვებს დღესაც ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სატანკო არსენალში.
ამას გარდა, ქვეკალიბრულ ჭურვებთან შედარებით კუმულაციურ ჭურვებს უკეთესი სიბურჯღნე ახასიათებთ. კუმულაციური ჭურვის ნორმატიული გაფანტვა 0,21, ხოლო ქვეკალიბრული ჭურვისთვის 0,25 მეათასედია. პრაქტიკაში კუმულაციური ჭურვი შეიძლება გაცილებით ზუსტი იყოს, მაგალითად 70-იან წლებში, სერიული ჭურვების საკონტროლო გამოცდებისას კუბინკაში ქვეკალიბრულმა ჭურვებმა დასაშვებ გაფანტვასთან მაქსიმალურად მიახლოვებული სიზუსტე აჩვენეს, მაშინ როცა კუმულაციური ჭურვების სიბურჯღნე 0,1 მეათასედზე დაბალი იყო.
თანამედროვე კუმულაციურ ჭურვებში ტანდემური თავაკების, ახალი ფეთქებადი ნარევების და მოპირკეთების ახალი მასალების (ურანი, ტანტალი) გამოყენების შედეგად გაიზარდა ჯავშანგამტანობა და ჯავშანსმიღმა ეფექტი. ისინი გამოიყენებენ სტანდარტულ 4Ж40 და 4Ж52 მუხტებს, თუმცაღა მათი დაბალი სიჩქარის გამო (მიახლოებით 905მ/წმ) მოძრავ მიზნებზე მათი გამოყენება გაძნელებულია.

T-90–ი შემდეგი სახის კუმულაციურ გასროლებს გამოიყენებს:
გასროლა 3ВБК-16, ჭურვი 3БК-18. შეიარაღებაში მიღების წელი 1975. მოპირკეთება სპილენძის, ფეთქებადი ნივთიერება ოკფოლი. 1980 წელს შეიარაღებაში მიღებული იქნა მოდერნიზირებული 3БК-18M, რომლის შემადგენლობაშიც შეყვანილია კონცენტრატორი, ჯავშანგამტანობა გაზრდილია 10%.
გასროლა 3ВБК-17, ჭურვი 3БК-21. შეიარაღებაში მიღების წელი 1980. გატარებულია კუმულაციური ჭავლის ფორმირების მდგრადობის ზომები, შემოღებულია კონცენტრატორი. მოპირკეთება სპილენძის, ფეთქებადი ნივთიერება ოკფოლი. 1982 წელს შეიარაღებაში მიღებული იქნა ჭურვი 3БК-21Б, კომბინირებულ ჯავშანზე მოქმედების გასაუმჯობესებლად და ასევე ჯავშნისიქითა ეფექტის გაზრდის მიზნით სპილენძის ნაცვლად გამოყენებულია ურანის მოპირკეთება.
გასროლა 3ВБК-25, ჭურვი 3БК-29. შეიარაღებაში მიღების წელი 1988. გამოყენებულია ფეთქებადი ნივთიერების წნეხვის ახალი მეთოდი, რაც კუმულაციური ჭავლის ფოკუსირებას აუმჯობესებს. გააჩნია ტანდემური ქობინი. წონის შემცირების ხარჯზე გაზრდილია საწყისი სიჩქარე. 1992 წელს შეიარაღებაში მიღებული იქნა მოდერნიზებული ჭურვი 3БК-29M.
1997 წელს ქ. ომსკში, გამოფენა ВТТВ-97 წარმოდგენილი იქნა გასროლა 3ВБК-27 და მისი უნიკალური კონსტრუქციის მქონე ჭურვი 3БК-31, რომელსაც ტანდემურად განლაგებული სამქობინიანი კუმულაციური მუხტი ჰქონდა. ჭურვის დანიშნულებაა დინამიური დაცვით აღჭურვილი კომბინირებული წინაღობის დაძლევა.


3БК-31

3БК-31 მიერ ჯავშანფილაში გაჭრილი 800მმ-იანი არხი

კუმულაციური გასროლების ტექნიკური მონაცემები


მსხვრევად-ფუგასური ჭურვები

დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საბჭოთა და შემდეგში რუსული ტანკების საბრძოლო კომპლექტში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია მსხვრევად-ფუგასურ ჭურვებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ საბჭოთა სატანკო აზროვნებისთვის ტანკი წარმოადგენდა არა მარტო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებას, არამედ კარგ ქვეითსაწინააღმდეგო იარაღსაც. ამიტომ მას ერთნაირად კარგად უნდა შესძლებოდა როგორც ჯავშანტექნიკასთან ბრძოლა, ასევე ქვეითებისა და გამაგრებული პოზიციების განადგურება. ამისგან განსხვავებით, დასავლეთში ტანკს მკაცრად ტანკსაწინააღმდეგო როლი ეკისრებოდა, თუმცა ბოლო დროის ლოკალურმა კონფლიქტებმა აჩვენა ამ აზროვნების სიმცდარე და თითქმის ყველა წამყვანმა ტანკმშენებელმა ქვეყანამ დაიწყო მსხვრევად-ფუგასური და ქვეითსაწინააღმდეგო სხვადასხვა სახის ჭურვების წარმოება.
რუსულ არმიაში ყველაზე მეტად გავრცელებულ ქვეითსაწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს მრავალფუნქციური მსხვრევად-ფუგასური ჭურვები, რომელთა გამოყენების რაიონი კიდევ უფრო გაიზარდა ჭურვების ელექტრო-დისტანციური ამფეთქი სისტემის «Айнет»-ის შეიარაღებაში მიღების შემდეგ. მსხვრევად-ფუგასურის გარდა, არსებობს ისრისებური დამაზიანებელი ელემენტებით სავსე და ცეცხლგამჩენი ჭურვები, მაგრამ ეს ჭურვები იშვიათად იხმარება.
მსხვრევად-ფუგასური ჭურვების სროლისთვის გამოიყენება ძირითადი მუხტი 4Ж40 ან 4Ж52.

T-90 იყენებს შემდეგი სახის მსხვრევად-ფუგასურ გასროლებს:
გასროლა 3ВОФ-22, ჭურვი 3ОФ-19, მუხტი 4Ж40, შეიარაღებაში მიღების წელი 1962. გასროლის წონა 33,0კგ, აქედან ჭურვის წონა 23კგ. ამფეთქი В-429Е, ფალიის მილაკი ГУВ-7, მუხტის შემადგენლობა ტროტილი.
გასროლა 3ВОФ-36, ჭურვი 3ОФ-26, მუხტი 4Ж40 ან 4Ж52, შეიარაღებაში მიღების წელი 1970. გასროლის წონა 33,0კგ, აქედან ჭურვის წონა 23კგ. ამფეთქი В-429Е, ფალიის მილაკი ГУВ-7, მუხტის შემადგენლობა ტროტილი. ფეთქებადი მუხტის წონის გაზრდის, ასევე ახალი, გაცილებით მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენების და ჭურვში მისი წნეხვის ხერხის შეცვლით (კორპუსში პორციული წნეხვა) ჭურვის მოქმედების ეფექტურობა 3ОФ-19 შედარებით 10-30% გაიზარდა.
ასევე ეფექტური ქვეითსაწინააღმდეგო საშუალებაა გასროლა 3УШ-7«Ворон»  მისი მზა დამაზიანებელ ელემენტებით სავსე ჭურვი 3Ш-7-ით, რომლის გასროლის შემდეგ მოცემულ მანძილზე ამოქმედდება დისტანციური მილაკით ხდება, რომლის ცეცხლის ფორსი გაივლის მილაკს და ააალებს გამომგდებ მუხტს. გამომგდები მუხტის წვისას წარმოქმნილი დენთის აირები ქმნიან წნევას, რომელიც მოქმედებს დიაფრაგმაზე, მილაკზე, მილისზე და ჭრის თავაკის კუთხვილს.
გასროლის შედეგად ზედმეტი დატვირთვის და გამომგდები მუხტის ზემოქმედებით მურა ნახშირის ცვილი იშლება და ისრისებრ ელემენტებს სცილდება.
ცენტრიდანული ძალების ზემოქმედებით ისრისებრი მომაკვდინებელი ელემენტები იფანტებიან კონად (კონუსის ფორმით, რომლის წვერში იქმნება 9º-იანი კუთხე), მიფრინავენ გატყორცნილი ჭურვის მოძრაობის მიმართულებით და აზიანებენ ღიად განლაგებულ ცოცხალ ძალას.
ძირითად დამაზიანებელ საშუალებას წარმოადგენს ისრისებური ელემენტები, რომლებიც მონობლოკშია მოთავსებული, მონობლოკი დაფარულია მურა ნახშირის ცვილით, რის გამოც ისრისებრი ელემენტები გამოყენებისას ინარჩუნებენ ფორმას და გასროლის დროს არ ხდება მათი დეფორმაცია. ისრისებრი ელემენტი წარმოადგენს წაწვეტებულ ცილინდრულ ფრთასხმულობიან სხეულს. ფრთასხმულობა განკუთვნილია ფრენისას ელემენტის სტაბილიზაციისათვის.

მზა დამაზიანებელი ელემენტებით სავსე ჭურვის ტექნიკური მონაცემები

ისრისებური დამაზიანებელი ელემენტი

დისტანციური აფეთქების სისტემა «Айнет»: უზრუნველყოფს მსხვრევად-ფუგასური ჭურვის აფეთქებას ტრაექტორიის წინასწარ განსაზღვრულ წერტილში. სისტემის გამოსაყენებლად მემიზნე-ოპერატორი ჭურვის დატენვამდე ლაზერული მანძილმზომით ზომავს მიზნამდე მანძილს, რის შემდეგაც, დატენვის მომენტში ჭურვი გაივლის ინტერვალის შეყვანის ავტომატურ მოწყობილობაში, რომელიც მომართავს ჭურვის ამფეთქს ისე, რომ მისი დეტონაცია მოხდეს ლაზერული მანძილმზომით მიზნამდე გაზომილი დისტანციის გავლის შემდეგ. ამ სახით გამზადებული ჭურვი იგზავნება ქვემეხში და მზად არის გამოსაყენებლად. ეს სისტემა 4-5 კილომეტრის მანძილზე დაკიდებული ვერტმფრენების და ჩასანგრებული და ჩაუსანგრებელი ცოცხალი ძალის და მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის წინააღმდეგ ჭურვების ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა. ნამსხვრევების მოქმედების რადიუსის მახასიათებლები და სროლის სიბურჯღნე დიდ მანძილებზე უმჯობესდება სამჯერ, რაც ტიპიური მიზანის გასანადგურებლად ჭურვების დანახარჯს ამცირებს ორჯერ. ამფეთქი В-429Е ელექტრონული 3ВМ-12 ამფეთქით შეცვლის შემდეგ ამ სისტემასთან ყველა 125 მმ-იანი მსხვრევად-ფუგასური და მზა დამაზიანებელი ელემენტებით სავსე ჭურვის გამოყენებაა შესაძლებელი.


ელექტრონული ამფეთქი 3ВМ-12

 «Айнет»-ის მიერ ინტერვალის დაყენება
მარცხნიდან მარჯვნივ 3БК-18M, 3ОФ-26, 4Ж40, 4Ж63, 3БМ-44


მართვადი იარაღის კომპლექსი 9К119 «Рефлекс»

მართვადი იარაღის კომპლექსი შექმნილია ტულის ხელსაწყოთმშენებლობის კონსტრუქტორთა ბიუროს მიერ (КБП Тула). მისი დანიშნულებაა ტანკების, Т-80 და Т-90 საცეცხლე სიმძლავრის გაზრდა. რაკეტის მართვის სისტემის ხარვეზებისადმი მდგრადობა, განცალკევებული გასროლის და რაკეტის რაციონალური კოსტრუქცია უზრუნველყოფენ ეფექტური ცეცხლის წარმოებას საბრძოლო ექსპულატაციის ყველა პირობებში: დღისით და ღამით, ნებისმიერ ამინდში, უდაბნოში და ტენიან ტროპიკულ პირობებში.

კომპლექს 9К119 «Рефлекс»-ის შემადგენლობაში შედის:
გასროლა 3УБК-14, მართვადი რაკეტა 9M-119 «Рефлекс»-ით ან გასროლა 3УБК20, მართვადი რაკეტა 9М119М «Инвар»-ით ან გასროლა 3УБК20M, მართვადი რაკეტა 9М119М1 «Инвар-M»-ით.
დამიზნების სამიზნე-მანძილმზომი ხელსაწყო 1А45Т «Иртыш» და ინფორმაციული ბლოკი 9С516.
ძაბვის გარდამქმნელი 9С831.
ავტომატიკის ბლოკი 9С517-1С.
საკონტროლო-შემმოწმებელი მოწყობილობა.


დამიზნების სამიზნე-მანძილმზო-მი ხელსაწყო 1А45Т «Иртыш» და მართვადი იარაღის კომპლექსის აპარატურა


125მმ-იანი ცალკე მასრული დატენვის გასროლები 3УБК14, 3УБК20 და 3УБК20M შედგებიან 9M-119 «Рефлекс», 9М119М «Инвар» და 9М119М1 «Инвар-M»-რაკეტებისგან შესაბამისად და სატყორცნი 9X949 მოწყობილობისგან, რომელიც ყველა რაკეტის სატყორცნად გამოიყენება. ეს რაკეტები განკუთვნილია გლუვლულიანი 2А46М ქვემეხიდან და მისი მოდიფიკაციებიდან გაჩერებულ, მოკლე გაჩერებებით და 30კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, დღის და ღამის პირობებში სასროლად. სატყორცნი 9X949 მოწყობილობის დანიშნულებაა რაკეტის ლულის არხში დაჭერა, მისთვის საწყისი სიჩქარის მიცემა, ქვემეხის უკუგორვის უზრუნველყოფა, მისი საკეტის გაღება და ასევე რაკეტაზე ტანკის მართვის აპარატურიდან სიგნალის გადაცემის მიზნით რაკეტის გამშვები წრედების კონტაქტის უზრუნველყოფა.
კომპლექსი 9К119 «Рефлекс», მართვადი რაკეტებით «Рефлекс», «Инвар» და «Инвар-M», 4000-5000 მეტრზე შემდეგი სახის მიზნების განადგურების საშუალებას იძლევა:
წყლის ზედაპირზე დაბალი სჩქარით მოძრავი და მცირე ზომის მიზნების.
დაბალ სიმღლეზე ნელა მფრენი ვერტმფრენის ტიპის მიზნების.
დოტი, დზოტი და ჩასანგრებული ტანკის ტიპის მცირე ზომის მიზნების.
დინამიური დაცვით აღჭურვილი (რაკეტა «Рефлекс» გარდა) თანამედროვე ტანკების.
  რაკეტები 9M-119, 9M-119M და 9M-119M1 აწყობილნი არიან აეროდინამიკური სქემა «იხვის» მიხედვით, კორპუსის ცხვირა ნაწილში მოთავსებული დამატებითი დესტაბილიზატორებით. რაკეტის მართვის სისტემა ნახევრად ავტომატურია, ლაზერის სხივში ტელეორიენტირებით და გააჩნია მაღალი მდგრადობა ოპტიკური ხარვეზების წინააღმდეგ. რაკეტის შემადგენელი ნაწილებია:
მართვის ნაკვეთური.
სამარშო ძრავი.
საბრძოლო ნაწილი.
უკანა ნაკვეთური.
საძირე.

სატყორცნი მოწყობილობა 9X949 და მართვადი რაკეტა 9M-119 «Рефлекс».
მარჯვნივ რაკეტის ჭრილი: 1-დესტაბილიზატორები. 2-აეროდინამიკური საჭეები. 3-საჭეების ამძრავი. 4-მყარსაწვავიანი ძრავა. 5-კუმულაციური საბრძოლო ნაწილი. 6-ფრთები. 7-ლაზერული გამოსხივების მიმღები



მართვის ნაკვეთურის დანიშნულებაა ტანკთან დაკავშირებული კოორდინატების საზომი სისტემის მიმღებიდან მომავალი ელექტრონული სიგნალების გარდაქმნა შესასრულებელ სიგნალებად და შემდეგ უკვე ამ სიგნალების გარდაქმნა აეროდინამიკური საჭეების მექანიკურ მოძრაობად. აეროდინამიკური საჭეები რაკეტის ქვემეხიდან გამოფრენის შემდეგ ავტომატურად იხსნება. სამარშო ძრავის დანიშნულებაა რაკეტის დანიშნული სიჩქარის უზრუნველყოფა, მიზნამდე მისაღწევად. ძრავი მუშაობს მყარ საწვავზე, რომლის აალებაც ხდება რაკეტის ქვემეხის ლულიდან გამოსვლის შემდეგ.
მძლავრი კუმულაციური და ტანდემურ-კუმულაციური საბრძოლო ნაწილების დანიშნულებაა თანამედროვე ტანკების და სხვა ჯავშანტექნიკის განადგურება. მათ შორის ტანდემურ-კუმულაციური საბრძოლო ნაწილებიან «Инвар» და «Инвар-M» რაკეტებს შეუძლიათ დინამიური დაცვით აღჭურვილი თანამედროვე ტანკების განადგურება. უკანა ნაკვეთურში მოთავსებულია მიმღები ბლოკი. მიმღები იღებს ლაზერულ გამოსხივებას ტანკიდან და გარდაქმნის მათ ელექტრონულ სიგნალებად.
გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების გასანადგურებლად შექმნილია მართვადი რაკეტების თერმობარული მოქმედების ფუგასურქობინიანი ვარიანტები, გასროლა 3УБК-14Ф მართვადი რაკეტა 9М119Ф-ით და გაზრდილი საბრძოლო ნაწილის მქონე გასროლა 3УБК-14Ф1 მართვადი ჭურვით (ძრავა კონკრეტულ ჭურვს არ გააჩნია) 9М119Ф1, რომელსაც სროლის მანძილი შემცირებული აქვს 3500 მეტრამდე.


მართვადი რაკეტების ტექნიკური მონაცემები

მართვადი რაკეტა 9М119Ф1

სატყორცნი მოწყობილობა 9X949 და მართვადი რაკეტა 9М119Ф

1999 წელს აწყობილი, შედუღებულკოშკურიანი ტანკ T-90C–ის საჩვენებელი გამოსვლა გამოფენა REA-2009, ნიჟნი ტაგილი

რაკეტა 9М119М, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი

ტანკ T-90-ის საბრძოლო კომპლექტი

No comments:

Post a Comment