Showing posts with label ვახტანგ გორგასლის ორდენი. Show all posts
Showing posts with label ვახტანგ გორგასლის ორდენი. Show all posts

Sunday, January 27, 2013

არ დავივიწყოთ ქართველი გმირები - მერაბ ნიქაბაძე (მამაო)

გუშინ ჩვენი Facebook–ის გვერდზე განვათავსე ჩემთვის უცნობი ქართველი მეომრის სურათი, სახელწოდებით – "აფხაზეთი – ქართველი მებრძოლი". სურათს მალევე მასზე გამოსახული მებრძოლის შვილი, ქეთი ნიქაბაძე გამოეხმაურა და ჩენთვის უცნობი გმირის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ფოტომასალები მოგვაწოდა, რომელსაც მისივე ნებართვით ვაქვეყნებ ჩემს ბლოგზე:

მერაბ ნიქაბაძე აფხაზეთში

ნიქაბაძე მერაბ (მეტსახელად "მამაო")- დაიბადა 1959 წლის 7 სექტემბერს თბილისში. იყო ავღანელთა კავშირის წევრი. ბატალიონ "ავღანელში" ირიცხებოდა 1992 წლის 3 სექტემბრიდან. როგორც ბატალიონის მეთაური, გურამ ჯანიაშვილი იგონებს – ის მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ასრულებდა დანაყოფი.
სოხუმის დაცემის დღეს 1993 წლის 27 სექტემბერს იმყოფებოდა სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში.

მერაბ ნიქაბაძე აფხაზეთში

მერაბ ნიქაბაძე თანამებრძოლებთან ერთად აფხაზეთში

ბრძოლები მინისტრთა საბჭოს შენობისთვის მიმდინარეობდა 27/09 -ის დილიდან 4 საათამდე როცა მტერმა შეძლო შენობის აღება. თვითმხილველთა თქმით საღამოსთვის შემოტევები გაძლიერდა იმდენად რომ ბატალიონის ნარჩენებს უკვე აღარ შესწევდათ უნარი მტერს გამკლავებოდნენ. აფხაზმა სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბანდებმა, რუსი ოკუპანტების ხელშეწყობითა და მეთაურობით აიღეს უმაღლესი საბჭოს შენობა. ამ ბრძოლაში იკარგება მერაბ ნიქაბაძის კვალი. სავარაუდოდ იგი ამ ბრძოლაში დაიღუპა. 
2005 წლის 25 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის №877 განკარგულებით მერაბ ნიქაბაძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. გარდაცვალების იურიდიული ფაქტის დადგენით გაიცა გარდაცვალების მოწმობა, რომლის საფუველზეც მერაბ ნიქაბაძე ითვლება აფხაზეთის ომში დაღუპულად.
დავამატე, რომ მერაბ ნიქაბაძე აფხაზეთის გარდა სამაჩაბლოშიც გმირულად იბრძოდა.

მერაბ ნიქაბაძის ოჯახისთვის, 2005 წელს გადაცემული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი და მისი მოწმობა



მერაბ ნიქაბაძე 


მერაბ ნიქაბაძე აფხაზეთის ომზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში "გუმისთიდან ოჩამჩირემდე"


დოკუმენტური ფილმი "გუმისთიდან ოჩამჩირემდე"

ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობა ქეთი ნიქაბაძეს

P.S. მარადიული ხსოვნა და დიდება ქართველ გმირებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლოსათვის სიცოცხლეც არ დაიშურეს. მივმართავ ყველას – თუ ვინმეს კიდევ მოგეპოვებათ ინფორმაცია ჩვენი უცნობი გმირების შესახებ გთხოვთ მოგვაწოდოთ, რათა გავაცნოთ ჩვენს საზოგადოებას მათი სახეები.

Sunday, December 16, 2012

არ დავივიწყოთ ქართველი გმირები – დავით კვაჭანტირაძე

გუშინ ჩვენი Facebook–ის გვერდზე განვათავსე სურათი სახელწოდებით "არ დავივიწყოთ ქართველი გმირები" – სურათი 2008 წლის, რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაღუპილი ვახტანგ გზირიშვილის "ვახტანგ გოგგრასლის I ხარისხის ორდენის" მოწმობისაა. ამ სურათს გამოეხმაურა ჩვენი გვერდის მკითხველი – დათო კვაჭანტირაძე –  რომლის მამაც, ასევე დათო კვაჭანტირაძე აფხაზეთში გმირულად დაიღუპა, ჩემი თხოვნით მან ამ ფაქტის შესახებ ინფრომაცია მოგვაწოდა და მისივე ნებართვით ვაქვეყენბ ამ მასალას ბლოგზე:

დავით კვაჭანტირაძე – დაბადებული 1970 წლის 29 ივლისს, დაამთავრა თბილისის 22–ე სკოლა, აფხაზეთში შავნაბადას ბატალიონის შემადგენლობაში კაპიტნის წოდებით იბრძოდა. 1993 წლის 29 ივნისს, იფნართან გამართული ბრძოლის დროს მძიმედ დაჭრილი დ.კვაჭანტირაძე ("ჩელე") მანქანით ბრძოლის ველიდან ადგილობრივი მაცხოვრებლების ბავშვებთან ერთად გამოყავდათ. მანევრის დროს მანქანის კარი გაიღო და იქ მყოფი ბავშვები მტრის ცეცხლის წინაშე დაუცველნი დარჩნენ. "ჩელე" საკუთარი სხეულით მტრის ცეცხლს გადაეღობა და ბავშვების სიცოცხლე იხსნა. დაჯილდოებულია გორგასლის 1-ლი ხარისხის ორდენითა და მედლით "მხედრული მამაცობისთვის".


დ. კვაჭანტირაძის ("ჩელე") გორგასლის 1–ლი ხარისხის ორდენი და მედალი "მხედრული მამაცობისთვის"

დავამატებ რომ სიკვდილის შემდეგ დ. კვაჭანტირაძეს მიენიჭა მაიორის წოდება, ხოლო მის საპატივცემულდ მისი სახელობისა გახდა 22–ე სკოლა და ვაზისუბნის დასახლება.

დ.კვაჭანტირაძე (პირველი მარცხნიდან) თანამებრძოლებთან ერთად

P.S. სურათი საკმაოდ გაცრეცილი და გახუმებულია, სამწუხაროა რომ დღეს საქართველოში ჩვენი გმირებისადმი ხსოვნა და პატივისცემაც ასეა გახუმებული და გაცრეცილი – ყოველი ჩვენთაგანის ვალია არ დავივიწყოთ ჩვენი ისტორია და ჩვენი გმირები – გახსოვდეს ვისი გორისა ხარ.