Sunday, March 15, 2026

საჰაერო ოპერაციები - როგორ უნდა და როგორ არ უნდა



ქვემოთ მოყვანილ სტატიაში შევეცდები აშშ-ს და რუსეთის საჰაერო ოპერაციებს ანალიზს და შევადარებთ ოპერაციების ორ ტოტალურად განსხვავებულ კოცნეფციას, მიდგომას და მენტალობას.


ყოველგვარი პოლიტიკური ნარატივი გარეთ დავტოვოთ, არ გავმახვილდეთ მიზნის პოლიტიკურ შემადგენელზე, ეს უკვე სხვა დონის, სრულიად სხვა თემაა. ჩვენი მიზანია კონკრეტულ სფეროში წარმატებული და წარმუატებელი ოპერაციების განხილვა. ამიტომ გადავდოთ გვერდზე პოლიტიკური მიზნის მიღწევა-არ მიღწევის ფაქტი, დავიკიდოთ პოლიტიკური ფილოსოფია და პირდაპირ ხორცზე გადავიდეთ.


დასაწყისისთვის გავერკვიოთ რას წარმოადგენს საჰაერო ოპერაციები. ქ უნდა გამოვყოთ საჰაერო ოპერაციების ძირითადი სახეობები, ესენია - CAS, SEAD, საჰაერო ბატონობის მოპოვება, დაზვერვა და ბრძოლის ველის იზოლაცია.


CAS (Close Air Support - ახლო საჰაერო მხარდაჭერა) წარმოადგენს შეტევაში ან თავდაცვაში მყოფი სახმელეთო ძალების უშუალო საცეცხლე მხარდაჭერას. ამ მიზნებისთვის ძირითადად გამოიყენება  სპეციალიზირებული თვითმფრინავები (A-10 და Су-25) და ვერტმფრენები (AH-64, AH-1, Tiger, Ми-24, Ми-28, Ка-52 და სხვები). ამ მიზნით მოიერიშე ავიაციის გარდა შეიძლება გამოყენებული იქნას საფრონტე ან უპილოტო ავიაციაც, მაგრამ ძირითადი გამწევი ძალა ამ ოპერაციებში მაინც მოიერიშე ავიაციაა, რომლი მახასიათებლებიც, (ფრენის სიჩქარე, ჯავშანდაცვა) დინამიკურად ცვალებად ბრძოლის ველზე, აღმოჩენილი მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებების ახლო მანძილიდან ეფეტურად განადგურების საშუალებას იძლევა.

ახლოს საცეცხლე მხარდაჭერისთვის გამოიყენება როგორც მართვადი და უმართავი სარაკეტო და საბომბე შეიარაღება, ასევე საბორტე ტყვიამფრქვევები და ავტომატური ქვემეხები. ცეცხლის კორექტირებას და გამიზვნას მეწინავე მეთვალთვალე ახორციელებს - Air Naval Gunfire Liaison Company (ANGLICO) და Joint Terminal Attack Controller (JTAC) აშშ-სა და NATO-ს ქვეყნებში და Передовой  Авианаводчик (ПАН) რუსეთში.

აშშ - ამ ტიპის ოეპრაციებს არ ახორციელებს ირანში - უბრალოდ იმიტომ რომ ჯერ სახმელეთო ოპერაციები არ ხორციელდება.


რუსეთი - დაბალ მოტივირებული საავიაციო შემადგენლობა, რომლებიც საერთოდ არ დაფრინავენ ბრძოლის ველის თავზე, და თუ მაინც დაფრინავს მაშინ ბრძოლის ველზე მიზანჩვენების გამწევი არავინა. შესაბამისად მათ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ სამიზნეებზე იერიშების განხორციელება ძალუძთ, რაც სრულიად გამორიცხავს „ახლო საჰაერო მხარდაჭერას“, რომელიც თავის თავში მოიცავს დინამიკურად ცვალებად ბრძოლის ველზე მბილური თუ სტაციონარული სამიზნეების განადგურებას. არ ყავთ არც სათანადოდ მომზადებული მფრინავი და არც სახმელეთო შემადგენლობა, რომელიც შესძლებს ცოცხალ დროში საავიაციო ცეცხლის კორექტირებას და ყველაზე მთავარი, არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა - კავშირის საშუალებები.


რუსული Ka-52 ტიპის ვერტმფრენი კაბრირებიდან ახორციელებს უმართავი საავიაციო რაკეტების გაშვებას - ფაქტიურად მფრინავი ზცრს.



SEAD (Suppression of Enemy Air Defenses - მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ჩახშობა) – წარმოადგენს მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია მოწინააღმდეგის სახემელეთო ბაზირების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (ჰსთ-ს) ჩასახშობად. მოიცავს როგორც საზენიტო-სარაკეტო და საზენიტო საარტილერიო, ასევე მათთან ასოცირებულ სისტემების, ისეთებს როგორებიცაა შორეული აღმოჩენის რადარები და მართვის, კონტროლისა და კავშირგაბმულობის ცენტრების (C3 - Command, Control and Communication), განადგურებას. ჩახშობა შეიძლება განხორციელდეს როგორც ფიზიკური განადგურებით, ასევე რადიოელექტრონული ბრძლის სისტემების დახმარებით, მათი მუშაობის შეფერხებით, მოტყუებითა და რადიოსიხშირეების ჩახშობით. თანამედროვე ომებში მთლიანი საბრძოლო გაფრენებიდან SEAD მისიებმა შეიძლება 30% შეადგინოს, რომელთა უმეტესობა ომის პირველ კვირებში ხორციელდება და ნაკლები ინტენსივობით ომის ბოლომდე გრძელდება. აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ, ბოლო 30 წელიწადში განხორციელებული საჰაერო მისიების მეოთხედი SEAD-ზე მოდის.

თვითონ SEAD ოპერაცია იასეთივე ძველია როგორც თვითონ საბრძოლო ავიაცია. მაგრამ თანამედროვე სახით ჰსთ-ს ჩახშობის ოპერაციები პირველად ვიეტნამის ომში გამოისახა, როდესაც აშშ-ს საჰაერო, საზღვაო ქვეითების ავიაციამ და საზღვაო-საჰაერო ძალებმა ფართოდ დაიწყეს ელექტრონული ბრძოლისა და მართვადი რადარსაწინააღმდეგო შეიარაღების გამოყენება.

SEAD-ის წილი აშშ-ს საჰაერო ძალების ოპერაციებში

კონფლიქტი

საბრძოლო გაფრენების რაოდენობა

SEAD ოპერაციები

SEAD პროცენტული რაოდენობა

ვიეტნამის ომი (მხოლოდ საჰაერო ძალები)

219 407

11 389

5,2%

უდაბნოს ქარიშხალი

68 150

7 244

10,6%

ბოსნია

2 451

785

32%

კოსოვო

21 111

4 538

21,5%

ერაყის საჰაერო სივრცის პატრულირება 1992-2003 წწ

268 000

67 000

25%

 

უბრალოდ სტატისტიკისთვის - მხოლოდ აშშ-ს საჰაერო ძალებმა (საზღვაო ქვეითების, საარმიო ავიაციისა და საზღვაი ავიაციის გამოკლებით) ვიეტნამში 1962-1973 წლებში სულ 2317 თვითმფრინავი დაკარგა, აქედან 85% საზენიტო სარაკეტო და საზენიტო საარტილერიო სისტემებზე მოდის.

ვიეტნამის ომის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთ ვიეტნამის ჰსთ-ს ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდა მართლაც რომ შოკის მომგვრელი იყო. 1964 წელს ჩრდილოეთ ვიეტნამის ჰსთ შემადგენლობაში შედიოდა რამოდენიმე საჰაერო დაკვირვების რადარი და საზენიტო ქვემეხები, შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნდა არც ავიაცია და არც საზენიტო სარაკეტო სისტემები. სამი წლის შემდეგ ჩრდილოეთ ვიეტნამს ჰქონდა 7-დან 10 ათასამდე საზენიტო ქვემეხი, SA-2-ის ორასამდე პოზიცია და ათასობით რაკეტა და თითქმის ასი ცალი „МиГ“-ის ტიპის საბჭოთა გამანადგურებელი. საბჭოთა დახმარება ასევე მოიცავდა ადრეული აღმოჩენის და სიმაღლის რადარებს.

ქსელური რადიოლოკაციური დაფარვა, კავშირგაბმულობის არქიტექტურა და მართვის ცენტრალიზირებული სტრუქტურა,  საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს მიზნის აღმოჩენასა და ცეცხლის წარმოებაში ეხმარებოდა. „ინტეგრირებული ჰაერსაწინაღმდეგო თავდაცვის“ (Integrated Air Defense System - IADS) ჩამოყალიბება ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების სინერგიული ეფექტი იყო.

ვიეტნამის ჰსთ-ს განვითარებასთან ერთად აშშ-ს ავიაციის მათთან ბრძლის მეთოდებიც იხვეწებოდა. თავდაპირველად SEAD ოპერაციები დაბალი ექფეტურობით გამოირჩეოდა - SIGINT  თვითმფრინავების მიერ საზენიტო სისტემების დაფიქსირებიდან მათ პოზიციებზე ავიადარტყმის განხორციელებამდე დიდი დრო გადიოდა, რომელიც საზენიტო კომპლექსის გათვლისთვის პოზიციის შესაცვლელად კმაროდა.

მიღებული გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა თვითმფრინავები F-I00F Wild Weasel და მისი მემკვიდრე F-105G Wild Weasel II. ეს ბოლო საჰაერო თავდაცვის ჩახშობის ოპერაციების ახალ საფეხურს წარმოადგენდა. Wild Weasel II ბორტზე ელექტრონული ბრძლის ოფიცერი ყავდა, რომელიც თავისი რადიომიმღები მოწყობილობების დახმარებით პილოტს საზენიტო სარაკეტო სისტემების რადარების პოზიციებზე გასვლაში ეხმარებოდა. თუ საზენტიო კომპლექსის რადარი აშუქებდა, მაშინ ეს ოფიცერი ადგენდა საფრთხის ძირითად მიმართულებას, რის შემდეგაც პილოტს შეეძლო ანტირადიოლოკაციური რაკეტა AGM-45 Shrike-ს მიზნიზკენ გაშვება. რაკეტა რადარის გამოსხივებაზე იგეზებოდა და პილოტს აღარ ესაჭიროებდა მისი მართვა და საზენიტო სისტემის მოქმედების არეალში შესვლა.


F-105G Wild Weasel II ვიეტნამში. გამანადგურებელს ფრთების ქვეშ ორი ცალი რადარსაწინააღმდეგო AGM-45 Shrike ტიპის რაკეტები აქვს დაკიდებული.



ჰსთ-ს ჩახშობას ასევე დაემატა ისეთი კომპონენტი, როგორიცაა რადიოხარვეზების დამდგმელი თვითმფრინავები. ამ მისიებს ვიეტნამის ცაში შემდეგი თვითმფრინავები ასრულებდნენ - EF-10B Skynight (აშშ-ს საზღვაო ქვეითები), EKA-3B Skywarrior, EA-6A Intruder და EA-6B Prowler (აშშ- საზღვაო ძალები), EB-66 (აშშ-ს საჰაერო ძლაები). ამ თვითმფრინავების ერთობლივი ძალისხმევა მტრის ჰსთ-ს მძლავრი რადიოელექტრონული ხარვეზებით ახშობდა.

შედეგად, აშშ-ს საავიაციო ტექნიკისა და მოქმედების ტაქტიკის გაუმჯობესების წყალობით, ვიეტნამის ჰსთ-ს ეფექტურობა რადიკალურად შემცირდა. პირველი  F-4-ის ჩამოგდებიდან შვიდი წლის შემდეგ, როდესაც მიმდინარეობდა ფართომაშტაბიანი საჰაერო ოპერაცია Linebacker II, ვიეტნამელებმა თავისი საზენიტო სარაკეტო სისტემებიდან (ძირითადად SA-2) ერთი თვითმფრინავის ჩამსოაგდებად 50 რაკეტა გაუშვეს. ჩამხშობი სისტემებითა და რადარსაწინააღმდეგო რაკეტებით აღჭურვილმა თვითმფრინავებმა თავიანთი ეფექტურობა ბრძლის ველზე დაამტკიცეს. თუმცაღა ამერიკელი ექსპერტების თანახმად, SEAD თვითმფრინავების გამოყენების მიდგომა დახვეწას საჭიროებდა.

 SEAD აღჭურვილობისა და შეიარაღებისთვის შემდეგი დიდი გამოცდა, 1991 წელს, ოპერაცისა „უდაბნის ქარიშხლის“ დროს მოხდა. იმ დროის ერაყის „ინტეგრირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა“ მშოფლიო მაშტაბით ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვან და საკმაოდ კარგად აღჭურვილ საბრძლო ერთეულს წარმოადგენდა. მის შემადგენლობასში შედიოდა ათასბოით სტაციონარული და მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემა, თითქმის 10 000 საზენიტო ქვემეხი და დიდი რაოდენობით ავიაცია. შეიარაღება მთელი მსოფლიოდან იყო თავმოყრილი. მათ შორის იყო ჩინური, დაბალი სიხშირის რადარები, რომლებსაც შეეძლოთ Stealth თვითმფრინავების აღმოჩენა, პასიური აღმოჩენის იაპონური სისტემები, თანამედროვე ფრანგული და იტალიური დაბალ სიმაღლეზე აღმომჩენი რადარები, შორ მანძილზე და მაღალ სიმაღლეზე მოქმედი რუსული რადარები და ასევე ასობით სათვალთვალო პუნქტი.

ინტეგრირებული ჰსთ-ს გულს, ფრანგული კომპიუტერული სისტემა, Kari წარმოადგენდა. Kari აერთიანებდა ასობით სახმელეთო სათვალთვალო საგუშაგოსა და 70-ზე მეტ რადიოლოკაციურ სადგურს მთელი ქვეყნის მაშტაბით,  რომლებიც ინფრომაციას, საჰაერო სივრცის მონიტორინგსია და გზის გადაჭრის ცენტრებს აწვდიდნენ. კონტროლის ცენტრებში მყოფი ოფიცრები აკონტროლებდნენ საჰაერო სივრცეს და ადგილობრივ საზნეიტო ბატარეებისთვის და გამანადგურებელ ავიაციისთვის მიზანჩვენებას  ახორციელებდნენ.

ყველა ეს ცენტრი მარაოს პრინციპით გაერთიანებული იყო რეგიონულ ოპერატიულ ცენტრებთან. კავშირი მიწისქვეშა კაბელებით მყარდებოდა. ამ ქსელის გულს, ბაღდადში განთავსებული, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეროვნული ცენტრი წარმოადგენდა.

მსგავსი ინტეგრირებული სისტემის აზრი მისთვის დამახასიათებელ თავდაცვის უნარში მდგომარეობს. ეს სისტემა საზენიტო კომპლექსის რადარის მუშაობის დროს შესამჩნევად ამცირებს, რაც მათ გადარჩენადობას საგრძნობლად ზრდის.

კოალიციის საჰაერო ოპერაციის დამგეგმარებლებს კარგად ესმოდათ რომ, ერაყის ინტეგრირებეული ჰსთ-ს ჩასახშობად, ვიეტნამში გამოყენებული, დაქსაქსული, მიზანზე ორიენტირებული SEAD ტაქტიკა საკმარისი არ იქნებოდა. „უდაბნოს ქარიშხლის“ პირველ სამ ეტაპზე აშკარა გახდა SEAD შეიარაღებისა და თვითმფრინავების ერთობლივი გამოყენების აუცილებლობა. თავდაპირველად უნდა მოეპოვებინათ საჰაერო ბატონობა, შემდეგ ჩაეხშოთ ჰსთ და ბოლოს გაეგრძელებინათ ამ სამიზნეებზე ზეწოლა.

ცალკეული სამიზნეების განადგურების ნაცვლად გადაწყდა მასირებული იერიშების განხორციელება, რომელიც მოიცავდა:

- მართვისა და კონტროლის (C2) ცენტრების მწყობრიდან გამოყვანა/განადგურებას

- სახმელეთო დაკვირვებისა და კავშირის მოშლას

- ჰსთ სისტემების ავტონოიმიურ რეჟიმში გადაყვანას

- სატყუარას სახით ერთჯერადი დრონების გამოყენებას

- HARM-ის ტიპის ანტისარადარო რაკეტებეის ფართო გამოყენებას

კოალიციას ავიაციას საიმედოდ შეეძლო „ინტეგრირებული ჰსთ-ს“ თავსატეხის დეტალების აღმოჩენა. RC-135 Rivet Joint და EP-3 Aries (SIGINT) ტიპის თვითმფრინავები საბრძოლო სივრციდან მოშორებით, უსაფრთხო მანძილიდან, ახორციელებდნენ რადიოსიგნალების გადაჭერას, იდენტიფიკაციას და მათი წყაროების ადგილმდებარეობის დადგენას. SEAD-ის დაგეგმარებისთვის ამ ტიპის სადაზვერვო ინფორმაციას უპირველესი მნიშვნელობა ჰქონდა.


აშშ-ს საჰაერო ძალების გამანადგურებლები ერაყის თავზე, ოპერაცია Desert Storm



ასევე დიდი წინსვლა განიცადა SEAD-ის შეიარაღებამ და თვითმფრინავებმა. აშშ-ს საჰაერო ძლალების რიგებში იდგნენ ისეთი თვითმფრინავები, როგორებიცაა F-4G Advanced Wild Weasel, EF-111A Raven და EC-130H Compass Call. F-4G თავისი წინამორბედის, ვიეტნამის დროინდელი F-105G-ეს, გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენდა. EF-111A რადარების ჩამხშობ თვითმფრინავს წარმოადგენდა, მასზე იგივე აპარატურა ეყენა, რაც საზღვაო ძალების EA-6B-ზე. EC-130H ახორციელებდა მოწინააღმდეგის მართვისა და კონტროლის კავშირის ჩახშობას.

მიუხედავად იმისა რომ, EA-6B და F-4G ტიპის თვითმფრინავებს შეეძლოთ HARM-ის ტიპის რაკეტების გამოყენება, ეს მათ ძირითად ამოცანას არ წარმოადგენდა, მოწინააღმდეგის „ინტეგრირებული ჰსთ-ს“ განადგურება მოიერიშე ავიაციას ევალებოდა.

უდაბნოს ქარიშხლის დაწყებისას F-117A მოიერიშეებმა ავიადარტყმები ბაღდადში მდებარე „ინტეგრირებული ჰსთ-სა“ და მართვისა და კონტროლის მნიშვნალოვან ობიექტებზე განახორციელეს, ხოლო მტრის ჰსთ-ს დანარჩენი ობიექტები ისეთ თვითმფრინავებს დაუტოვეს, როგორებიცაა  F-15E, F-111, A-6, FIA-18, B-52 და ბრიტანული Tornado GR1.

-         პირველ რიგში - „უდაბნოს ქარიშხლის“ დაწყების დროს, SEAD-ის ყველა რგოლის მონაწილეს ჰქონდა მოწინააღმდეგის „ინტეგრირებული ჰსთ-ს“ ადგილმდებარეობისა და სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, რომელიც SIGINT-ის მიერ იქნა მიწოდებული.

-         მეოირე რიგში - ერთჯერადი უპილოტო საფრენი აპარატები დაცულ ტერიტორიების თავზე დაფრინავდნენ, რათა საზენიტო კომპლექსებისთვი ეიძულებინათ ემუშავათ და რადარები ჩაერთოთ.

-         მესამე რიგში - EF-111A და EA-6B ხარვეზების დამდგმელი თვითმფრინავები წარმატებით ახშობდნენ მტრის შორ მანძილზე მოქმედ რადარებს, რითაც სისტემა Kari-ს უწყვიტავდნენ საინფორმაციო ნაკადას და ის ვეღარ აკონტროლებდა ქვეყნის საჰაერო სივრცეს. ამგვარად საზენიტო კომპლექსები საკუთარი რადარების ანაბარა დარჩნენ.

-         მეოთხე რიგში - თვითმფრინავები EA-6B, F-4G, F/A-18 და A-7 ახორციელებდნენ HARM-ის ტიპის რაკეტებით საზენიტო სისტემების განადგურებას

-         და ბოლოს - F-117A თვითმფრინავები, საზღვაო (TLAM) და საჰაერო (ALCM) ბაზირების Tomahawk-ების პარალელურად, ისეთი მნიშვნელოვანი სამაიზნეების განადგურებას ახორციელებდნენ, როგორებიცაა ოპერატიული ცენტრები და მართვისა და კონტროლის ობიექტები.

ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლში“ აუარება თვითმფრინავი იყო ჩართული, რომელთაგანც ყველას თავისი განსაკუთრებული მახასიათებელი ჰქონდა. ვიეტნამისგან განსხვავებით „უდაბნოს ქარიშხლის“ საავიაციო ოპერაციებში გამოყენებული იქნა ერთიანი მიდგომა. მსგავსი მიდგომა აერთიანებდა სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე თვითმფრინავებს, რათა მათი კოორდინირებული მოქმედებით გაენადგურებინათ ერაყის „ინტეგრირებული ჰსთ“.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა თუ რაოდენ რთული და კომპლექსური ოპერაციაა მოწინააღმდეგის ჰსთ-ს ჩახშობა. ის მოითხოვს ზუსტ სადაზვერვო ინფორმაციას, დეტალურ დაგეგმარებას და პროფესიონალურ განხორციელებას. ამ ყველაფრისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნიკისა და შეიარაღების ქონა.

რუსეთის საჰაერო ძალებმა ამ კუთხით დაგავანახა რომ, მას არ ძალუძს მსგავსი კომლექსური ოპერაციების დაგეგმვა, რომ მათ არ ძალუძთ ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, რომ არ ძალუძთ დაგეგმარება და რომ მათი პილოტები დიდი პროფესიონალიზმით არ გამოირჩევიან. პლიუს ამას აღმოჩნდა რომ რუსებს ან კი ყავთ თანამედროვე თვითმფრინავები, მაგრამ არ აქვთ საკმარისი რაოდენობის მართვადი და ზეზუსტი საჰაერო შეიარღება და ის რომ მათი მაქსიმუმი ეს უმართავი ბომბებით ქალაქების და დსასახლებული პუნქტების მიწასთან გასწორებაა.

24 თებერვალს, ომის პირველ საათებში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასირებული საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო იერიშები მიიტანეს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. მართვადი და არა მართვადი შეიარაღების სამიზნეები გახდა ჰსთ-ს, სამხედრო აეროდრომების და უკრაინის ავიაციის ინფრასტრუქტურა. იერიშები ასევე მიტანილი იქნა მართვის ცენტრებსა და რადარებზე, ტყვიაწამლის საწყობებზე და სამხედრო ბაზებზე. რუსული ავიაცია უკრაინის თავზე დაუსჯელად ბატონობდა. იმავე დღეს, საღამოს 10 საათზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: „უკრაინის შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტები ჩახშობილია. უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაბაზების ინფრასტრუქტურა მწყობრიდანაა გამოყვანილი.“

პირველი კვირის თავზე, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 400-მდე რაკეტა გაუშვეს, აქედან 160 რაკეტა მარტო პირველ დღეს. 

მაგრამ ოპერაციის დაწყებიდან ორი თვის თავზე რუსულმა ავიაციამ, დიდი დანაკარგების ფონზე, ჯერ შეამცირა, ხოლო შემდეგ სრულიად შეწყვიტა უკრაინის მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში ფრენები. მათი აქტივობა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების თავზე და ფრონტზე შენარჩუნდა (მაქსიმუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკურ სიღრმეში). რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, როგორც ყოველთვის, სრული ტყუილი გამოდგა.

რა თქმა უნდა რუსებმა სცადეს უკრაინის ჰსთ-სა და ავიაციის განადგურება და ამისთვის თავისი მაქსიმალური გონებრივი და მატერიალური რესურსი გამოიყენეს. ამაზე მოწმობს როგორც ავიაბაზებზე და ჰსთ პოზიციებზე განხორციელებული მასირებული იერიშები, ასევე Х-31П ტიპის რადარსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებაც. თუმცაღა შედეგი საკმაოდ მწირი იყო და ამისი მიზეზები შემდეგში მდგომარეობს:

  •          საკუთარი შესაძლებლობების სრული რწმენა და მტრის შეუფასებლობა.
  •         არასრული და არასაკმარისი სადაზვერვო ინფორმაცია.
  •          მფრინავი პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია.
  •          სამეთაურო რგოლის დაბალი კვალიფიკაცია.
  •          ოპერაციის სუსტი დაგეგმარება, რაც ზედა პუნქტებტან პირადპირ კავშირშია.
  •          უკრაინელების მიერ მზადყოფნა და სამხედრო ხრიკების იდეალური გამოყენება.


საბრძოლო მოქმედებების რაიონის იზოლირება მოიცავს საბრძოლო მოქმედებების რომელიმე მონაკვეთზე მოწინააღმდეგის ჯარების გადაადგილებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაზიდვის დაბრკოლებას/აღკვეთას. ბრძოლის ველის იზოლირება მსიოფლიოს ნებისმიერი საჰაერო ძალისთვის პრიორიტეტულ ამოცანად ითვლება. ამ ამოცანის გადაწყვეტა ხდება როგორც ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიულ დონეებზე. თანამედროვე ომებში ამ ამოცანის გადასაჭრელად საჰაერო ძალების საფრენოსნო რესურსის 70% გამოყოფილი. ანუ ყველა საბრძოლო ფრენის 70% სწორედ საბრძოლო მოქმედებების რაიონის იზოლირებაზე უნდა იყოს მიმართული.

საბრძოლო მოქმედებების რაიონის იზოლირებისთვის აუცილებელია:

  •          განადგურდეს სატრანსპორტო კომუნიკაციები, საგზაო კვანძები, ხიდები, აეროდრომები, საზღვაო პორტები;

  •          მოხდეს მოწინააღმდეგის ძალებისა და რეზერვების მანევრირების შებოჭვა და მისი ჯარებისა და ტექნიკის გადასროლის აღკვეთა;

  •          ფრონტის სიახლოვეს გადაადგილების მარშუტებზე და თავშეყრის ადგილებზე მოწინააღმდეგის ძალებზე დარტყმების განხორიცელება;

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა ამ ამოცანის გადაჭრა ვერ მოახერხეს. ამისი უბრალო ახსნა არსებობს - ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ამ ამოცანის გადაჭრა არ ძალუძთ.

-         პირველ რიგში, ომის დასაწყისში ვერ მოხერხდა უკრაინის ჰსთ-ს ჩახშობა, რის გამოც რუსეთის ავიაცია დიდი დანაკარგებს განიცდის.

-         შემდეგ უნდა აღინიშნოს ამ ამოცანის გადაწყვეტისათვის აუცილებელი შეიარაღების არ არსებობა - პირველ რიგში ზეზუსტი საბრძოლო მასალა. მაგალითად პლანირებადი ავიაბომბები და შორ მანძილე მოქმედი ჰაერი-მიწა კლასის მართვადი რაკეტები. რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები მხოლოდ შორეული ავიაციის საშუალებით გაშვებული ფრთოსანი რაკეტებით ახერხებს უკრაინის სიღმეში დარტყმების განხორციელებას, ისინი ასევე ამუშავებენ მოიერიშე და საარმიო ავიაციას ფრონტის ხაზზე. მთელ რიგ შემთხვევებში ტაქტიკურ სიღრმეშიც მოქმედებენ, მაგრამ ამასთან დიდ დანაკარგებსაც განიცდიან. რუსული ავიაცია უკრაინის სიღრმეში საერთოდ ვერ დაფრინავს, თუ არ ჩავთვლით ომის პირველ ორნახევარ თვეს.

-         მესამე, და არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტია, რუსეთის ავიაციის ტექნოლოგიური, განსაკუთრებით ელექტრონიკის სფეროში, ჩამორჩენა. ისინი უბრალოდ არ შეესაბამებიან თანამედროვე ომის მოთხოვნებს. თვითმფრინავები არ არის აღჭურვილი რადიოელექტრონული ბრძოლის ეფექტური საშუალებებით, მათ არ შეუძლიათ მოწინააღმდეგის ჰსთ-ს ჩახშობა, არ გააჩნიათ თანამედროვე ოპტიკური დაზვერვისა და გამიზვნის ხელსაწყოები.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების დამრტყმელი ავიაცია, რომლის შეიარაღებაზეც Су-24М და Су-34 ტიპის საფრონტე ბომბდამშენები დგას, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შედეგად, არ გამოიყენება საბრძოლო მოქმედებების რაიონის საიზოლაციოდ და შესაბამისად ვერ ასრულებენ თავის ძირითად ამოცანას. რაც იწვევს გაუმართლებელ დანაკარგებს სახმელეთო ჯარებში და აკარგვინებს მათ შეტევითი პოტენციალს. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს რომ, რუსეთის ავიაციამ, ომის პირველი თვეების შემდეგ მეტწილად დაკარგა ბრძოლისუნარიანობა და აღარ გააჩნია თანამედროვე ომში ბრძოლის წარმოების პოტენციალი.

 

რუსულ ავიაციაში ასევე საკმაოდ სუსტადაა განვითარებული ჯგუფური ხარვეზების დამდგმელი საფრენი აპარატები და ფაქტიურად არ არსებობს ჰსთ-ს ჩახშობაზე სპეციალიზირებული გამანადგურებლები.

დაზვერვა - ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა, მაგრფამ ორ სიტყვაში ასე ჟღერს - რუსული დაზვერვა (ნებისმიერი სახის), ამერიკულთან შედარებით არის ნულთან მიახლოებული. უბრალოდ სტატისტიკისთვის - 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, დედამიწის ორბიტაზე 4852 აქტიური თანამგზავრი იმყოფებოდა (სხვადასხვა ფუნქციის სამოქალაქო და სამხედრო კოსმოსური აპარატები), აქედან 2954 ამერიკის შეერთებული შტატების თანამგზავრია, ხოლო 102 რუსეთის, საიდანაც რუსებს ცოცხალ დროში ინფორმაციის მიღება სულ რამდენიმე ცალიდან შეუძლია. 


შემდეგი საფეხური სტრატეგიულ დაზვერვაში ეს ამერიკული AWACS და SIGINT ავიაციაა - E-3 Sentry, E-2D Hawkeye, RC-135, P-8 Poseidon. უპილოტოები MQ-9 Reaper და MQ-4C Triton. რომლებიც უწყვეტად, ცოცხალ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას აშშ-ს საბრძოლო მართვის ცენტრებს.


ყველაფერი ეს ზემოთ ჩამოთვლილი თვითონ რუსულ არმიაში არის ან საკმაოდ ცოტა, ან ჩანასხის დონეზე და ამას გარდა რაც არის, ისაც საკმაოდ დაბალეფექტურად გამოიყენება. მაგალითად მფრინავი, ადრეული აღმოჩენის რადარი A-50У, რომლებიც ომის პირველ პერდიოდში ფრონტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენებოდა, მაგრამ უკრაინელების მიერ ერთი ცალის ჩამოგდების შემდეგ, მათი გამოყენება საკმაოდ შეიზღუდა. ასევე რამდენიმე ცალი საკუთარ ბაზებზე იქნა განადგურებული ან მწყობრიდან გამოყვანილი, რმაც მათი ისედაც მცირე რაოდენობა კიდევ უფრო შეამცირა. ხოლო ამ მფრინავი რადარის უახლესი ვერსიის, А-100-ის პროექტი ჯერ ხო ისედაც დროში იყო გაწეილილ და უკრაინაში მიმდინარე ომის და დასავლეთის სანქციების ფონზე სრულიად შეჩერდა და მისი ბედი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.


საჰაერო ბატონობა - ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელშიც დაპირისპირებული მხარეებიდან ერთერთი საბრძოლო მოქმედებების თეატრზე, ან მტრული ქვეყნის თავზე, აკონტროლებს საჰაერო სივრცეს. საჰაერო დაპირისპირებაში საჰაერო სივრცის კონტროლის რამდენიმე დონე არსებობს:

  • საჰაერო ბატონობა (Air supremacy) - ყველაზე მაღალი ხარისხი, რომელშიც ერთი მახრე სრულიად აკონტროლებს საჰაერო სივრცეს. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო და NATO მას განსზაღვრავენ, როგორც "საჰაერო უპირატესობის დონე, რომელშიც მოწინააღმდეგეს არ შეუძლია ეფექტურად შენი შეფერხება".

  • საჰაერო უპირატესობა (Air Superiority) - მეორე დონე, რომელშიც ერთი მახრე მეორესთან შედარებით გაცილებით ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება. NATO-ს განმარტებით ის განისაზღვრება როგორც "საჰაერო ბრძოლაში დომინირების ხარისხი, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ მხარეს განახორციელოს სახმელეთო, საზღაო და საჰაერო ძალებთან დაკავშირებული ოპერაციები გარკვეულ დროსა და ადგილზე, მოწინააღმდეგე საჰაერო ძალების მხრიდან საგრძნობი ჩარევის და შეფერხების გარეშე".


  • ხელსაყრელი საჰაერო მდგომარეობა (Favorable air situation) - განისაზღვრება, როგორც "სიტუაცია ჰაერში, რომლის დროსაც მტრული საჰაერო ძალების ძალისხმევა არაა საკმარისი, რათა გავლენა იქონიოს მეგობრული ძალების ოპერაციებზე ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში".


  • აჰაერო თანასწორობა (Air parity) - კონტროლის ყველაზე დაბალი დონე, რომლის დროსაც არცერთ მახერს არ ძალუძს საგრძნობლად აკონტროლოს საჰაერო სივრცე.



დღევანდელი დმგომარეობით რუსები უკრაინაში არიან საჰაერო თანასწორობის (Air parity) მგომარეობაში, ხელსაყრელი საჰაერო მდგომარეობის (Favorable air situation) ზოგიერთი ელემენტებით. ხოლო ამასთან შედარებით ისრელი-ამერიკის კოალიცია ირანის თავზე ტოტალურ საჰაერო ბატონობას ფლობს.


აშშ-ისრაელის ავიაციამ სრულიად გამოიყვანა ირანის ჰსთ მწყობრიდან, სრულიად გაანადგურა ირანის საჰაერო ძალები. 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ირანის თავზე ფრენებს და თავისუფალი ნადირობის რეჟიმში ანადგურებენ დინამიკურ, მობილურ სამიზნეებს (ბალისტიკური რაკეტები და დრონების მობილურ გამშვებ დანადგარებს).


SEAD/DEAD (მოწინააღმდეგის ჰსთს ჩახშობა და/ან განადგურება) რეჟიმში მყოფი ამერიკის საჰაერო ძალების F-16 ირანის ჰსთ-ზე სანადიროდ.

გამანადგურებელი აღჭურვილია:

2 ცალი დასაკიდი ავზით

2 ცალი ჰაერი-ჰაერი კლასის AIM-120 AMRAAM ტიპის რაკეტით

2 ცალი ჰაერი-ჰაერი კლასის AIM-9 Sidewinder ტიპის რაკეტით

2 ცალი რადარსაწინააღმდეგო კლასის AGM-88 ტიპის რაკეტით

1 ცალი რადარსაწინააღმდეგო რაკეტის მიზანჩვენების და რადიოტექნიკური დაზვერვის კლასის AN/ASQ-213 კონტეინერით

1 ცალი გამიზვნისა და ნავიგაციის AN/AAQ-28 Litening ელექტროოპტიკური კონტეინერით

 


უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძალოვანი სტრუქტურების ინფრასტრუქტურის, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, ენერგეტიკის და სხვა სტრატეგიული ობიექტების დამუშავებას.


კონფლიქტის დასაწყისში საჰაერო უპირატესობის ზონა ირანის დასავლეთ ნაწილში იყო. თუმცა ამ ზონის აღმოსავლეთისკენ გაფართოება უწყვეტად ხდება. ასევე კონფლიქტის დაწყებიდან 3-4 დღეს აშშ-ისრაელის ავიაციამ მართვადი ავიაბომბების გამოყენება დაიწყო. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჰსთ სრულიად ნეიტრალიზირებულია და ავიაცია შეუძლია სამიზნე ობიექტთან დაუსჯელად მივიდეს ბომბის გაშვების დისტანციაზე. ომის პირველ დღეებში ორივე ქვეყნის ავიაცია მხოლოდ შორ მანძლზე მოქმედი სარაკეტო შეიარაღებით მოქმედებდა.


ეხლა კიდევ ყველაზე გემრიელზე - რევოლუცია ბრძოლის და ომის წარმოების ხერხებში.


შევეცდები რევოლუციის ჩემებური ახსნა მოგცეთ - "ეს არის ბრძლის ან ომის წარმოების ხერხებში, საშუალებებში ან/და ტექნიკაში (სიმარტივისთვის ვუწოდოთ ობიექტი) ისეთი ინოვაცია, რომელიც მის მფლობელს უტყუარ უპირატესობას აძლევს მოწინააღმდეგესთან მიმართებაში".


მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი და თვალსაჩინოებისთვის მოვახდნოთ მათი გაშლა:

  • ტყვიამფრქვევი

  • ტანკი

  • ქსელურცენტრული ოპერაციები

თავის მხრივ რომელიმე რევოლუციური "ობიექტის" გამოჩენა ან ბრძოლის ველზე დანერგვა ავტომატურად არ ნიშნავს რევოლუციას, რევოლუცია ხდება ამ "ობიექტის" გამოყენების მენტალობის მიღების შემდეგ.

მაგალიტად ტყვიამფრქვევი - პირველი ხელით მართვადი ტყვიამფრქვევი იყო Gatling Gun, რომლის გამოყენებაც მე-19 საუკუნის 60-ნი წლების დასაწყისში დაიწყეს. 20 წლის შემდეგ მაქსიმმა შექმნა ცნობილი ტყვიამფრქვევი  Maxim, რომელიც უკცე სრულიად ავტომატურ შეიარაღებას წარმოადგენდა. და აი Gatling-იდან 50 და Maxim-დან 30 წლის შემდეგ ტყვიამფრქვევი ბრძოლის ველზე ახდენს საკმაოდ უარყოფით რევოლუციას. პირველი მსოფლიო ომის ველზე ჩაესვენა ყველა მანამდე არსებული ბრძოლის და ომის წარმოების ტაქტიკა, ხერხები და საშუალებები. დამთავრდა საკავალერიო იერიშები, ქვეითების პირდაპირი შეტევები და ყველაფერი პოზიციურ, სასანგრე ომად გადაიქცა.

ამისი გამომწვევი მიზეზი ტყვიამფრქვევის მერ მანამდე არნახული საცეცხლე ძალა გახდა. 

პირველ მსოფლიო ომს თავის მხრივ ერთი საინტერესო მომენტიც ახლდა - ამ რევოლუციამ ვერცერთ მხარეს ვერ მისცა უპირატესობა. დაპირისპირებული მხარეები ტექნიკური განვითარების მხრივ აბსოლუტურად იდენტურ დონეზე იდგნენ, შესაბამისად ორივეს მხარეს შეეძლო მოწინააღმდეგის შეიარაღების ანალოგის შექმნა და წარმოება.

მაგრამ ფაქტია - რევოლუცია მოხდა, შეიცვალა როგორც ბრძოლის, ასევე ომის წარმოების ხერხები და საშუალებები.


ტანკი - ტყვიამფრქვევის მიერ გამოწვეული რევოლუციის ორგანული გაგრძელება იყო ტანკის შექმნა. პირველი სატანკო ბრძოლა ისტორიაში გაიმართა 1916 წლის 15 სექტემბერს, პირველი მსოფლიო ომის დროს, მდინარე სომის ბრძოლის ფარგლებში. ბრიტანულმა არმიამ პირველად გამოიყენა ახალი ტიპის შეიარაღება — ტანკები Mark I. მაგრამ ამ მოვლენას არანაირი რევოლუცია არ მოუხდენია ბრძოლის ველზე. 

გადის 23 წელი და 1939 წელს იწყება მეორე მსოფლიო ომი და აი სწორედ აქ ხდება ბრძოლის ველზე მორიგი რევოლუცია - გერმანია იწყებს ჯავშანსატანკო ჯარების მასიურ გამოყენებას და ყველასთვის ცნობილი Blitzkrieg შემოდის ბრძოლი ველზე - ჯავშანსატანკო ძძალებით ელვისებური, კონცენტრირებული დარტყმები მტრის თავდაცვაზე, თავდაცვის ზღუდის გარღვევა, ოპერატიულ სტრატეგიულ სიღრმეში გაჭრა და წარმატების განვითარება, მტრის დაჯგუფებების ალყაში მოქცევა და ლიკვიდაცია.


ორივე ზემოთ მოყვანილი მაგალითი ნათლად წარმოაჩენს რევოლუციური "ობიექტის" გამოჩენას, რაც საერთოდ არ ნიშნავს რევოლუციას, და მისი გამოყენების იდეოლოგიის შექმანას, რაც უკვე რევოლუციაა ბრძოლის ველზე.


Blitzkrieg-ის შემდეგმა რევოლუციამ ფაქტიურად მთელი მსოფლიოსთვის შეუმჩნევლად ჩაიარა, რამე თუ მას არ ჰქონია ისეთი კაშკაშა ფიზიკური გამოსახულება, როგორც ტყვიამფრქვევსა და ტანკს ჰქონდა.

შემდეგი რევოლუციის დროს ისევე ისროდნენ ტყვიამფრქვევებს და ისევე დადიოდნენ ტანკები, როგორც მანამდე ომებში. მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლდა ერთი საკმაოდ სერიოზული ინოვაცია - საინფორმაციო მდგენელი, ან ბრძოლის ველის მართვის სისტემა, ან ქსელურ ცენტრული ოპერაციები, ან ინფორმაციის ცოცხალ დროში გაცვლის ტექნოლოგია, C4I. არ აქვს მნიშვნელობა რას ვუწოდებთ, ეს ყველაფერი ერთი და იგივეა და ბრძოლის ველზე მყოფი ძალების ყველა რგოლისთვის - პირველი სამეთაურო რგოლიდან დაწყებული, უკანასკნელი ჯარისკაცით დამთავრებული, მაქსიმალურად მინმალურ დროში ინფოირმაციის მიწოდებას, გადამუშავებას, გადაწყვეტილების მიღებას და მის გავრცელებას ემსახურება.

ეს რევოლუციაც არ მომხდარა მყისიერად, მასე მუშაობა ათთწლეულების განმავლობაში მიდიოდა, ჯერ კიდევ ვიეტნამის ომის დროს იხვეწებოდა კავშირგაბმულობის და მართვის და კონტროლის ტექნოლოგიები (სისტემები Tactical Data Link (TDL) - Link-1, Link-11, Link-16). იქმნებოდა პირველი თანამგზავრული ნავიგაციის სისტემები (სისტემა Transit, იგივე NAVSAT), ხდებოდა ელექტრონიკის მინიატურიზაცია (პირველი მიკროჩიპების გამოყენება კოსმოსურ პროგრამებში) და ა.შ.

მაგრამ ამ ყველაფერმა რევოლუციური შედეგი მოგვცა სწორედ 1991 წელს, ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხლის" დროს - ფაქტიურად ყველაზე შეუმჩნეველი და ამ დროს ალბათ ყველაზე რადიკალური რევოლუცია ბრძოლის ველზე.



ინფორმაციის გადაცემის ტაქტიკური არხები  (TDL - Tactical Data Link) მომავლის ოპერატიულ გარემოში სხვადასხვა დონის მეთაურების საინფორმაციო საჭიროების უზრუნველყოფაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თანამედროვე ინფორმაციის გადაცემის ტაქტიკური სისტემები, ყველა მეგობრულ ელემენტს შორის, უზრუნველყოფენ ციფრული ინფორმაციის ავტომატურ და უწყვეტ გაცვლას. წარსულში გამოყენებულ ანალოგურ სისტემებთან შედარებით, მონაცემების გადაცემა უფრო საიმედოდ და სწრაფად ხორციელდება.

 

ქსელურ-ცენტრული რევოლუვია - მონაცემთა გადაცემის და ადრეულმა ქსელუ-ცენტრულმა სისტემებმა, ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხლის" დროს (1991), ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს. ეს სისტემები ინფორმაციის ფაქტიურად რეალურ დროში გაცვლას უზრუნველყოფდნენ და ქმნიდნენ ერთიან ოპერატიულ სურათს (Common Operational Picture — COP).

ეს განცალკევებულად განლაგებული ძალების მოქმედებათა ეფექტურად კოორდინირების საშუალებას აძლევდა და ასევე მიზნის განადგურების დროს რამდენიმე საათიდან რამდენიმე წუთამდე ამცირებდა. მსგავსმა სისტემებმა ზეზუსტი (PGM) საბრძოლო მასალების ფართო გამოყენება გახადა შესაძლებელი და ჯარების მასირებული თავმოყრის კონცეფციიდან სამიზნეებზე მასირებული ზემოქმედების კონცეფციაზე გადასვლა დააჩქარა (ანუ გლეხურად რომ ვთქვათ სხვადასხვა ადგილას მდებარე საცეცხლე საშუალებებს - ავიაციას, სარაკეტო სისტემებს, ხომალდებს, არტილერიას - შეეძლოთ კონცენტრირებული ზემოქმედება ეწარმოებინათ ერთ კონრეტულ ზონაში თავმოყრილ სამიზნეებზე).

ოპერაცია Desert Storm-ის (1991) საკვანძო რევოლუციურ ცვლილებას სიტუაციური გათვითცნობიერება (Situational Awareness) წარმოადგენს.

პირველად მიიღეს დაქსაქსულმა ქვედანაყოფებმა - სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებმა - ბრძოლის ველის მდგომარეობის ერთიანი გაგების/აღქმის შესაძლებლობა. ეს თანამგზავრული კავშირისა და მონაცემთა გაცვლის ადრეული ციფრული სისტემების წყალობით გახდა შესაძლებელი.


ზეზუსტი დარტყმები (Precision Strike)

მონაცემთა გადაცემის არხებმა სენსორებსა და შეიარაღების სისტემებს შორის პირდაპირი კავშირის დამყარება გახადეს შესაძლებელი.
მონაცემები სადაზვერვო პლატფორმებიდან პირდაპირ დამრტყმელ საშუალებებს გადაეცემოდათ, რაც ზეზუსტ საბრძოლო მასალებს (PGM) სამიზნეების ცუდი ამინდის პირობებში განადგურების საშუალებასაც კი აძლევდა.



მეთაურობის ტემპების დაჩქარება (Faster Command Tempo)


საგრძნობლად გაიზარდა გადაწყვეტილების მიღების სიჩქარე - რამე თუ მეთაურები ბრძოლის ველიდან სწრაფ და ზუსტ ინფორმაციას ღებულობდნენ. ამან "გუნდური" ტაქტიკის (swarming) გამოყენება გახადა შესაძლებელი, რომლის დროსაც დაქსაქსული ქვედანაყოფები სინქრონულად, ერთიან ძალად, მოქმედებენ.


გადარჩენადობის გაზრდა (Enhanced Survivability)

სიტუაციის შესახებ გათვითცნობიერების გაზრდამ შეამცირა მეგობრული ცეცხლის რისკი (fratricide) და გაზარდა ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის დონე. მონაცემთა გადაცემის სისტემები ძალათა სხვადასხვა ელემენტებს შორის ავტომატურად უზრუნველყოფდნენ ინფორმაციის გადაცემასა და დამუშავებას. 


ტექნოლოგიური ზემოქმედება


GPS და თანამგზავრული სისტემები - Global Positioning System (GPS) გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ზუსტი ნავიგაცია და როგორც მეგობრული, ასევე მტრული ძალების მუდმივი გაცილება.


"სენსორი - მსროლელის" ბმა (Sensor-to-Shooter Linkage)

მონაცემები თანამგზავრებიდან, მზვერავი თვითმფრინავებისგან და სახმელეთო სენსორებიდან, პირდაპირ გადაეცემოდა დამრტყმელ პლატფორმებს (მაგალითად ავიაციას), რაც სამიზნის სწრაფ აღმოჩენას და განადგურებას უზრუნველყოფდა.

ეს არის ეგრეთ წოდებული პინგი - შეყოვნება, რომელიც ნებსმიერ ვარიანტში ხდება ჯაჭვში "სამიზნე - სენსორი - ინფორმაციის გადაცემა - ინფორმაციის დამუშავება - გადაწყვეტილების მიღება - საცეცხლე ზემოქმედება". ციფრული ქსელურცენტრული სისტემები სწორედ ამ შეყოვნების შემცირებას ემსახურება - რაც ნაკლებია შეყოვნება, მით დიდი შანსია გაანადგურო მობილური, დონამიკური სამიზნე ბრძოლის ველზე.

2022 წელს უკრაინაშ შეჭრის მომენტისთვის სწორედ პინგი იყო რუსული არმიის უბედურება და თავის ტკივილი:

  • ომის დასაწყისში ავიაცია წინასწარ დაგეგმილ სამიზნეებს ურტყამდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა სამიზნე განადგურდა თუ არა, მთავარია მისია გაიწერა, ფრენა განხორციელდა, გამანადგურებელმა რაკეტა გაუშვა სამიზნისკენ, სარდლობა სამიზნის განადგურებას საკუთარ აქტივში იწერდა, მაგრამ რეალურად სამიზნე შეიძლება უკვ ეგასულიც კი იყო დაზიანების ზონიდან. დასკვნა - რუსულ არმიას არ გააჩნდა ეფექტური ობიექტური კონტროლის სისტემა და ისნტიტუცია.

  • სამიზნის პრიორიტეტულობა - ომის პირველ პერიოდში რუსული შტაბები ბრძოლის ველიდან იღებდნენ სხვადასხვა სამიზნეების შესახებ ინფორმაციას, პრიორიტეტულობა სამიზნეების მიღები დროის მიხედვით ნაწილდებოდა. ანუ რეალურად არ არსებობდა სამიზნის პრიორიტეტულობის ანალიზი - შემოვიდა სამიზნე და არის რიგში მეათე, ესეიგი ელოდება ზედა ათი სამიზნის განადგურებას და მხოლოდ ამის მერე დგება მისი ჯერი. ეს საგრძნობლად ზრდის პინგს, აძლევს სამიზნეს დაზიანების ზონიდან გასვლის დროს და ამცირებს მისი განადგურების შანსს.

  • ხშირად ერთი და იგივე სამიზნე (მაგალითად მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემა), რამდენჯერმე ფიქსირდება სხვადასხვა ქვედანაყოფის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე. ყველა ეს ლოკაცია აღიქმებოდა როგორც ცალკეული სამიზნე, ხდებოდა ყველა ლოკაციის საცეცხლე დამუშავება და შესაბამისად სტატისტიკაში იწერებოდა რომ გაანადგურე სამი ცალი სარაკეტო-საზენიტო სისტემა. არა და რეალობაში ეს იყო ერთი და იგივე სისტემა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სისტემამ, უვნებლად მოასწრო პოზიციიდან გასვლა. სწორედ აქედან გამომდინარეობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეშლილი სტატისტიკა.

დავუბრუნდეთ ისევ პინგს - 2022-2023 წლებში "შეყოვნება" სამიზნის აღმოჩენიდან მის განადგურებამდე ხშირადდ მთელი დღეც კი იყო. ამას აანალიზებდა ბევრი რუსი ოფიცერი და სამოქალაქო აქტივისტი და ცდილობდა ამ ხარვეზის აღმოფხვრას, საბოლოო ჯამში რუსულმა არმიამ მოახერხა ამ პინგის შემცირება - 2024 წლიდან უკვე ხშირად ვრცელდებოდა რუსული დრონების მიერ გადაღებული ვიდეო მასალა, რომლის ანალიზიც სწორედ პინგის შემცირების მტკიცებულებას გვაძლევდა. რუსული დრონის მიერ უკრაინის სიღრმეში სამიზნის აღმოჩენიდან - რაკეტის მიფრენამდე სულ 10-20 წუთიანი შუალედი ფიქსირდებოდა.

რეალურად ეს რუსებისთვის საკმაოდ დიდი მიღწევა იყო. ამისთვის მათ დასჭირდოათ:

  • საშტაბო მართვის მენტალობის გადაწყობა და ინფორმაციის დამუშავება-გადაწყვეტილების მიღების ციკლის შემცირება.

  • დაზვერვა - კავშირგაბმულობის სისტემების მოდერნიზაცია.
თუმცაღა სწორედ ეს ბოლო აღმოჩნდა რუსული მართვისა და კავშირის სუსტი მხარე - დასავლურ ტექნოლოგიებზე, კერძოდ კი Starlink-ის, გამოყენებამ, მათი ეს მცდელობა მარტივად მოწყლვადი გახადა 2026 წლის დასაწყისში, მათი ყველა ტერმინალი უბრალოდ გამოირთო და გამოუსადეგარი გახდა. შესაბამისად სამიზნზის აღმოჩენა-განადგურების პროცესი ისევ დროში გაწელილი აღმოჩნდა. 

როგორც ვხედავთ 2022 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო გათვითცნობიერება და მართვა და კავშირი 1991 წლის აშშ-ს შეიარაღებული ძალების დონესთან ახლოსაც კი არ იყო, რომ არაფერი ვთქვათ 2026 წლის აშშ-ისრაელის საჰაერო ოპერაციის დონეზე, რომელიც რეალურად უკვე შემდეგი რევოლუციაა.

ქცელურცენტრული ოპერაციების ახალი დონე - რევოლუცია თუ ქვერევოლუცია?

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით საკმაოდ რთულია კონკრეტული დასკვნის გაკეთება. დრეს ირანის საჰაერო სივრცეში მიმდინარე ოპერაციის შესახებ მომდევნო წლებში ალბათ ბევრი ექსპერტული სტატია და ნაშრომი დაიწერება, წესით ბევრი საინტერესო დეტალიც გახდება ცნობილი. დღევანდელი ჩვენი დასკვნები მხოლოდ მწირი და ფრაგმენტალური ინფირმაციის ანალიზს ეყრდნობა.

დარწმუნებით მხოლოდ ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ - აშშ და ისრაელი ამ ოპერაციაში საკმაოდ ფართოდ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. "ვრტუალური" დამხმარე სავარაუდოდ ჩართულია ზედა, სტრტეგიული ეშელონებიდან, ქვედა, ცალკეული გამანადგურებლების პილოტების დონემდე, ყველა რგოლის სასისტირებასა, დახმარებასა და ინფორმაციის დამუშავების პროცესში.

ცნობილია რომ პენტაგონი იყენებს კომპანია Palantir-ის მიერ შექმნილ ხელოვნური ინტელექტის პროგრამა Maven-ს.

მაგალითისთვის აღნიშნული სისტემის ერთ-ერთ ფუნქციას საბრძოლო ამოცანის დაგეგმარებაში ასისტირება წარმოადგენს - სამხედროები ქმნიან საბრძლო ამოცანის ბარათს, ირჩევენ იერიშის ზონას, ხოლო სისტემა კარნახობის რომელი შეიარაღებით იქნება უკეთესი დარტყმის მიყენება.

სისტემამ ასევე იცის თუ რა სახის შეიარაღების სისტემები იმყოფება სამიზნის წვდომის არეალში, იცის ყველა მეგობრული და აღმოჩენილი მტრული ობიექტის მდებარეობა. ბრძოლის ველზე არსებული პოლატფორმებიდან ცოცხალ დროში, უწყვეტად ახორციელებს ინფორმაციის განახლებას. ფლობს ინფორმაციას თუ სად რომელ საბრძლო ერთეულს რა პოტენციალი გააჩნია - მაგალითად რომელ გამანადგურებელს რამდენი და რა სახის შეიარაღება და სავწავი აქვს, რა დროში მოახერხებს ბრძოლის ველზე დინამიკური სამიზნის განადგურების ზღუდეზე გასვლას. შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მას შეუძლია ავტომატურ რეჟიმში, ფაქტიურად მყისიერად შეარჩიოს დარტყმის განსახორიელებლად ოპტიმალური პლატოფრმა და ეს ინფორმაცია საბრძოლო მართვის ცენტრში მყოფ პერსონალს გამოუსახოს სათანადო პროგრამულ ეკრანზე. რა თქმა უნდა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ადამიანი იღებს, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების თეატრზე მყოფი ასობით და ათასობით საბრძოლო პლატფორმის მონაცემების ანალიზი და ხელსაყრელი ვარიანტების გამოსახვა ეს რადიკალურად ამცირებს გადაწყვეტილების მიღების დროს.

ამ ზემოთ თქმულს თუ დავუმატებთ ცოცხალ დროში ინფორმაციის როგორც ვერტიკალურ - ასევე ჰორიზონტალურად გავრცელებას, რაც საბრძოლო ამოცანის მყისიერად დამრტყმელი პლატფორმის ეკრანზე გამოსახვას ნიშნავს, მივხვდებით რომ პინგი ჯაჭვში "სამიზნე - სენსორი - ინფორმაციის გადაცემა - ინფორმაციის დამუშავება - გადაწყვეტილების მიღება - საცეცხლე ზემოქმედება" რადიკალურად მცირდება. ეს ნიშნავს რომ მოწინააღმდეგეს ფაქტიურად არ აქვს "ამოხტომის პრინციპით" მუშაობის ფუფუნება. მისი ნებისმიერი მოძრაობა იქვევს მის გამოვლენას და მასზე მყისიერ რეაგირებას. სწორედ ამიტომაცაა რომ ირანმა ოპერაციის პირველივე კვირაში დაკარგა ბალისტიკური რაკეტების გამშვებების 1/3, ხოლო დარჩენილები საფარიდან უსაფრთხოდ ვერ გასულან.


აშკარაა რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები კონკრეტული დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ სახეზე გვაქვს ბრძოლის ველის მართვის საკმაოდ რადიკალური ცვლილება. დასკვნა ყველამ თვითონ გააკეთოს.

Friday, November 29, 2024