აშშ-ს არმიას, ევროპაში რუსული აგრესიის შესაკავებლად და კალინინგრადში განთავსებული ბალისტიკურ რაკეტა "Искандер"-თან პარიტეტის მისაღწევად, უფრო მობილური და მძლავრი საცეცხლე საშუალებები ესაჭიროება. როგორც ცნობილია, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები არაერთხელ დაიმუქრნენ რომ საჭიროების შემთხვევაში კალინიგრადიდან "Искандер"-ებსა და С-400-ებს გამოიყენებდნენ.
რაც შეეხება თვითონ "Искандер"-ის რაკეტებს - მათი მოქმედების რადიუსი 440 მილს უტოლდება და მათ თავისუფლად შეუძლიათ მიაღწიონ ბერლინამდე და ასევე შვედეთისა და პოლონეთის ტერიტორიის ორ მესამედსაც ფარავენ.
სწორედ ამ საფრთხესთან დასაპირისპირებლად, აშშ-ს არმიამ წამოიწყო პროგრამა Precision Strike Missile (PrSM), იკითხება როგორც "პრიზმა". აღნიშნული სისტემა "ხმელეთი-ხმელეთი" ტიპის, ზეზუსტ მართვად რაკეტას წარმოადგენს, რომლის გაშვებაც შესაძლებელი იქნება როგორც M270A1 MLRS-სიდან, ასევე M142 HIMARS-იდან.
საბაზისო რაკეტამ 499 კილომეტრის რადიუსში უნდა შეეძლოს გაანადგუროს როგორც წერტილოვანი, ასევე გაშლილი სამიზნეები. მომავალში განვითარების სპირალში ისეთი მახასიათებლები იქნება გაუმჯობესებული, როგორებიცაა - მანძილი, ლეტალურობა და დროში მგრძნობიარე, მოძრავი, გამაგრებული და დროებით გამოჩენილი სამიზნეების განადგურება.
პროგრამა PrSM საარმიო ტაქტიკური რაკეტების ალტერნატივა გახდება - მან უნდა ჩაანაცვლოს ATACMS-ის მოძველებული მონობლოკური და კასეტური რაკეტები. არმიის წარმომადგენლების განცხადების თანახმად - "პრიზმამ" უნდა გაანადგუროს / გააუვნებელყოს / ჩაახშოს სამიზნეები 400 კლომეტრის იქეთ, ზეზუსტი დარტყმების საშუალებით. სისტემა ინტეგრირებული იქნება საველე არტილერიაში და დიდ სიღრმეებზე შეეძლება მხარდაჭერა გაუწიოს ბრიგადებს, დივიზიებს, კორპუსებს, არმიებს, ფრონტებს, გაერთიანებულ კოალიციურ ძალებსა და საზღვაო და საჰაერო სადესანტო ოპერატიულ დაჯგუფებებს როგორც სრულ, ასევე შეზღუდულ საექსპედიციო ოპერაციებში.
პერსპექტიული ბალისტიკური რაკეტის შექმნაზე ორი ამერიკული კომპანია - Raytheon და Lockheed Martin მუშაობს. გეგმის თანახმად სადემონსტრაციო საფრენოსნო ტესტები წლის ბოლოს უნდა განხორციელდეს, ხოლო სისტემამ საწყის საბრძოლო მზადყოფნას 2023 წელს უნდა მიაღწიოს.
წყარო - PRECISION STRIKE MISSILE (PRSM)