Friday, December 23, 2016

რუსეთის არმია - 2016 წლის შედეგები (ამონარიდები შოიგუს გამოსვლიდან)


გამოსვლისას რუსეთის თავდაცვის მინისტრი, შოიგუ, ქვეყნის მთავარსარდალს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს:
გასულმა წელმა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით მაშტაბური მოვლენები ჩაიტია. აღინიშნა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევების ხასიათისა და გეოგრაფიის გაფართოება, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო ძალის როლის ზრდა. მსოფლიო ბოროტებასთან, ტერორიზმთან, ბრძოლისათვის ძალების გაერთიანების ნაცვლად, NATO-მ რუსეთი მთავარ საფრთხედ გამოაცხადა და აგრძელებს ჩვენს საზღვრებთან სამხედრო პოტენციალის გაზრდას.
ამ მიზეზით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა სამხედრო ბიუჯეტი 26 მილიარდი დოლარით გაზარდა და მისმა საერთო რაოდენობამ 918  მილიარდ დოლარს მიაღწია.
NATO-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, მომავალ წელს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, 4 გაძლიერებული ბატალიონის დონის ტაქტიკური ჯგუფის გაშლის შესახებ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე გადაწყდა ამერიკის სახმელეთო ჯარების ჯავშანსატანკო ბრიგადის განთავსება და გაშლა.
ასევე გააქტიურდა NATO-ს ქვეყნების სადაზვერვო მოღვაწეობა რუსეთის ტერიტორიის პერიმეტრზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის საზღვრებთან მათი სადაზვერვო ავიაციის ფრენების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ხოლო რუსეთის საზღვრის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთზე რვაჯერ. შედარებისთვის, 90-იან წლებში ფრენების რაოდენობა 107 იყო, 2000-იანებში - 298, ამ წელს მათმა რაოდენობამ უკვე 852-ს მიაღწია. ამან გვაიძულა რომ, ბალტიკის, შავი ზღვისა და არქტიკის რუსეთის საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით გამანადგურებელი ავიაციის ფრენები 61% გაგვეზარდა. ერთნახევარჯერ გაიზარდა რუსეთის ტერიტორიულ წყელბში საზღვაო დაზვერვის ინტენსივობა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ მოღვაწეობას და მის აღსაკვეცად გადამწყვეტ მოქმედებებს ვახორციელებთ. NATO-მ სამხედრო სწავლებების ინტენსივობა გააორმაგა, რომელთა უმეტესობაც ანტირუსულ მიმართულებით ხასიათდება. მაგალითად, ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში, მოწინააღმდეგის აღსანიშნავად, სოლსბერი-პლეინის პოლიგონზე, რუსული ტექნიკის და რუსულ ფორმაში გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების გამოყენება დაიწყეს. ბოლოს ჯარების გაწვრთნის მსგავსი მეთოდი მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელების მიერ იქნა გამოყენებული.

ბრიტანელები რუსული ფორმითა და ტექნიკით სწავლებაზე
აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ევროპაში საწყის ოპერატიულ მზადყოფნაზე გაყვანილი. მისი ელემენტები ასევე იშლება იაპონიაში, ხოლო მომდევნო წელს მათი გაშლა უკვე სამხრეთ კორეაში დაიწყება. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის გამშვები დანდგარის, Mk-41-ის, უნივერსალურობა ჩუმად, მცირედი გადაკეთების შედეგად, მათში ფრთოსანი რაკეტების, „ტომაგავკების“, განთავსების საშუალებას იძლევა. ჩვენს საზღვრებთან  ამგვარი რაკეტების რაოდენობა, რომელთა ფრენის მანძილი 2400კმ-ს შეადგენს, სავარაუდოდ 150-იდან 300-მდე მიაღწევს. რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან ამ რაკეტების მიფრენის დრო 10 წუთს უდრის.
ამ საფრთხის ნეიტრალიზაციის მიზნით, თქვენს მიერ (პუტინს მიმართავს), დამტკიცებული გადაწყვეტილება შესრულებულია.
აშშ-ში ბირთვული ავიაბომბებისა და ევროპაში მათი შენახვის ადგილების მოდერნიზაციის პროგრამა ხორციელდება. მთლიანობაში ეს ორასამდე განახლებული ამერიკული ბირთვული ავიაბომბია, რომლებიც განთავსებულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელგია, იტალია, ნიდერლანდები, გერმანია და თურქეთი.
დამტკიცებული გეგმის მიხედვით გრძელდება შეიარაღებული ძალების მშენებლობა, გაზრდილია მათი ხარისხობრივი მდგომარეობა.
პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებამ 93% მიაღწია. კონტრაქტით მომსახურე სამხედროების რაოდენობა 384 ათას კაცამდე გაიზარდა. რუსეთის სიტორიაში პირველად სერჟანტთა შემადგენლობა პროფესიონალური გახდა.
საგრძნობლად გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების დონე. სირიაში საბრძოლო გამოცდილება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 84% მიიღო.
სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გამშვები დანადგარების 99% იმყოფება, აქედან 96% - მყისიერი გაშვების მუდმივ მზადყოფნაშია.
საბრძოლო მორიგეობაზე დადგა, მობილური და სტაცონარული ბაზირების კომპლექს „იარსით“ (Ярс) აღჭურვილი 4 სარაკეტო პოლკი.

მობილური საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური ბირთვული რაკეტა PC-24 «Ярс»
საავიაციო სტრატეგიული ბირთვული ძალები ოთხი მოდერნიზირებული თვითმფრინავით შეივსო: ორი ცალი Ту-160-ითა და ორი ცალი Ту-95МС-ით.
საზღვაო სტრატეგიული ძალების წყნარი ოკეანის ფლოტის დაჯგუფება გაძლიერდა წყალქვეშა სტრატეგიული დანიშნულების კრეისერ „ვლადიმერ მონომახით“.
შეიარაღებულ ძალებს მიეწოდათ 41 ცალი ახალი ბალისტიკური რაკეტა. ამგვარად ბირთვული ტრიადის თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვამ 60% მიაღწია.
გაიზარდა საერთო დანიშნულების ძალების საბრძოლო პოტენციალი.
სახმელეთო ჯარებში შეიქმნა ცხრა შენაერთი, მათ შორის ოთხი მოტომსროლელთა და ერთი სატანკო დივიზია.
ჯარებში მიღებული იქნა 2930 ცალი ახალი და მოდერნიზირებული იარაღის ნიმუში. ამან საშუალება მოგვცა გადაგვეიარაღებინა კიდევ ორი სარაკეტო ბრიგადა, ორი საზენიტო სარაკეტო ბრიგადა და ორი საზენიტო სარაკეტო პოლკი, ერთი სპეციალური დანიშნულების ბრიგადა, თორმეტი მოტომსროლელთა და სატანკო ბატალიონები, სამი საარტილერიო დივიზიონი. სახმელეთო ჯარების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის დონემ 42% მიაღწია. 
საჰაერო-კოსმოსრუმა ძალებმა 139 თანამედროვე საფრენი აპარატი მიიღეს, კიდევ ოთხი საზენიტო-სარაკეტო პოლკი გადაიარაღდა საზენტიო სარაკეტო სისტემა С-400 „Триумф“-ით. ამას გარდა, ჯარებს მიეწოდა 25 ცალი სარაკეტო-საქვემეხო საზენტიო კომპლექსი „Панцирь-С“ და 74 ცალი რადიოლოკაციური სადგური. საჰაერო-კოსმოსურ ძალებში თანამედროვე შეიარაღების დონე 66% მიყვანილი, ხოლო გამართულობა 62%.
წარმატებით დასრულდა მაღალი ქარხნული მზადყოფნის სამი ცალი ახალი რადიოლოკაციური სადგურის, „ვორონეჟის“ (Воронеж), სახელმწიფო გამოცდები ორსკში, ბარნაულში და ეინსისკში. 2017 წელს სადგურები საბრძოლო მორიგეობაზე დადგებიან. განხორციელდა სამი ცალი მოქმედი რადიოლოკაციური სადგურის დამუშავება ბარანოვიჩში, მურმანსკში და პეჩორაში ქარხნული, მაღალი მზადყოფნის ტექნოლოგიების გამოყენებით.
ყველაფერმა ამან, პირველად რუსეთის ისტორიაში, ჩვენი საზღვრის პერიმეტრზე ყველა სტრატეგიულ საჰაერო-კოსმოსურ მიმართულებაზე და ბალისტიკური რაკეტების ყველა ტიპის ტრაექტორიაზე სარაკეტო თავდასხმის გაფრთხილების რადიოლოკაციური აღმოჩენის მთლიანი ველის შექმნის საშუალება მოგვცა. 
შეიარაღებულ ძალებს, წელს, 260 უპილოტო საფრენი აპარატის შემცველი 105 კომლექსი მიეწოდა და უპილოტო ავიაციის 36 სამხედრო ნაწილი ჩამოყალიბდა.
მთლიანად შეიარაღებზე იმყოფება ორი ათასი უპილოტო საფრენი აპარატით აღჭურვილი 600-ზე მეტი კომპლექსი. შედარებისთვის, 2011 წელს შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ 180 მოძველებული სისტემა გააჩნდა. გასულ წელთან შედარებით, უპილოტო ავიაციის ფრენების ინტენსივობა ერთნახევარჯერ გაიზარდა.
სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში 24 ცალი ზედაპირის ხომალდი და მომარაგების გემი და ასევე მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავია შეყვანილი.
სამხედრო-საზღვაო ფლოტის თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის დონე 47% -მდეა მიყვანილი
საჰაერო-სადესანტო ჯარებში ჩამოყალიბდა სამი სადაზვერვო ბატალიონი, ექვსი სატანკო ასეული, ორ რადიოელექტრონული ბრძოლისა და ორი უპილოტო საფრენი აპარატების ასეული. მიწოდებულია 188 ცალი ახალი და მოდერნიზირებული საბრძოლო შეჯავშნული მანქანა. საჰაერო-სადესანტო ჯარების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის დონე 47% შეადგენს.
ახალი განვითარება ჰპოვა მართვის სისტემების ტექნიკურმა საფუძველმა. ჯარებს მიეწოდათ კავშირგაბმულობის 22 ათასი თანამედროვე საშუალება, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6% მეტია.
შედეგად შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვის დონემ 49% მიაღწია.
თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი ჯარებში შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდების შეყოვნების საკითხი. მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 49 ერთეული ძირითადი სახეობა შეადგინა.
შედეგად შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნის ნაწილებში თანამედროვე შეიარაღებისა და ტექნიკის წილმა 58,3% შეადგინა, ხოლო გამართულობამ - 94%.
სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს თანამედროვე და მოდერნიზირებული შეიარაღების 162 ნიმუში იქნა გამოცდილი, შეიარაღებამ მაღალი ეფექტურობა უჩვენა. მათ შორისაა უახლესი საავიცაიო კომპლექსები Су-30СМ და Су-34, ვერტმფრენები Ми-28Н ახ Ка-52. ტაქტიკური მაჩვენებლები დაადასტურა ზეზუსტმა ჭურვებმა და საზღვაო ბაზირების ფრთოსანმა რაკეტებმა, რომლებიც საბრძოლო პირობებში პირველად იქნა გამოყენებული.
გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც საპოლიგონე გამოცდების დროს არ აღმოჩენილა. მათ აღმოფხვრამდე შეჩერდა შეიარაღების 10 სახეობის შესყიდვა.
სირიაში ოპერაციის დაწყებამდე შეიარაღებული ძალებისთვის დასმული ძირითადი ამოცანები შესრულებულია. რუსეთის საჰაერო-კოპსმოსურმა ძალებმა ამ ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლის მსვლელობა შემოაბრუნეს. ჰამასთან და ჰომსთან განადგურებული იქნა მსხვილი ბანდფორმირებები. ტერორისტები განდევნილი იქნა ლატაკიიდან და დამასკოს სამხრეთ და ჩრდილოეთ ტერიტორიებიდან, გახსნილია ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალი, რომელიც დედაქალაქს ქვეყნის ჩრდილოეთთან აკავშირებდა. განთავისუფლებულია დიდი მნიშვნელობის მქონე ქალაქები ალეპო და ელ-კარიატეინი.
სულ მეამობხეებისგან განთავისუფლებულია სირიის 12 360 კვადრატული კილომეტრი და 499 დასახლებული პუნქტი. ოპერაციის დასაწყისიდან რუსულმა ავიაციამ 18 000 გაფრენა შეასრულა და ტერორისტების ინფრასტუქტურას 71 ათასი დარტყმა მიაყენა.
ამის შედეგად განადგურებული იქნა: 725 საწვრთნელი ბაზა, ტყვიაწამლის მწარმოებელი 405 ქარხანა და სახელოსნო, ტერორისტების ათასხუთასამდე სამხედრო ტექნიკა, 35 ათასი მეამბოხე, მათ შორის 204 საველე მეთაური.
ბანდფორმირებებს ჩამოერთვათ 448 ცალი ტანკი და სხვა საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 57 ცალი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა და 418 ცალი ცზრს, 410 ცალი ნაღმტყორცნი და 28 ათასზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი.
შეიარაღებული ძალების ნაღმსაწინააღმდეგო საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტების მიერ აღმოჩენილი და განადგურებული იქნა 26 853 ფეთქებადსაშიში საგანი და გასუფთავებული იქნა 1420 ჰეკტარი ტერიტორია. მარტო განთავისუფლებულ ალეპოში აღმოჩენილი და განადგურებული იქნა 66 ათასი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება.
სირიის გამოცდილებაზე დაყრდნობით დახვეწილი იქნა ჯარებისა და იარაღის ერთიან ტაქტიკურ ჯაჭვში მართვის სადივიზიონო კომპლექტი. ამან შტაბებისა და მეთაურების მიერ დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების დრო შეამცირა.
თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის მართვა ახალ ხარისხობრივ დონეზე იქნა აყვანილი..... შედარებისთვის: ჩვენი ეროვნული ცენტრი საფრანგეთის შეიარაღების მართვის გაერთიანებულ ცენტრ „ბალარს“ შენახული მონაცემების მთლიან მოცულულობას 19-ჯერ, ხოლო გამომთვლელი სიმძლავრეებით 3-ჯერ ჯობია. ამასთან თავდაცვის სამინისტრომ ეს ცენტრი 3-ჯერ სწრაფად და 2,6-ჯერ იაფად ააშენეს ვიდრე ფრანგებმა.
შორიეული ავიაციის თვითმფრინავებმა ნორვეგიის, ჩრდილოეთის, შავი, იაპონური და ყვითელი ზღვების, წყნარი ოკეანის დასავლეთი და ატლანტიკის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთი  და ასევე არქტიკული ზონის საჰაერო სივრცის პატრულირების მიზნით 17 გაფრენა განახორციელეს.
გაიზარდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ლაშქრობების ინტენსივობა. სულ კარიბის ზღვის აუზში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ატლანტიკაში და არქტიკულ ზონაში 121 ლაშქრობა განხორციელდა. ადრიატიკის ზღვის მეკობრესაშიშ რაიონებში უზრუნველყოფილია რეგულარული საბრძოლო მორიგეობა.
ამ წლის ოპერატიული მომზადების ყველაზე მაშტაბური ღონისძიება ეს სტრატეგიულ-სამეთაურო სწავლება „კავკასია-2016“-ია (Кавказ-2016). სწავლების დროს განხორციელდა ოთხი არმიის სამხედრო ნაწილების ორიათასხუთას კილომეტრიან მანძილზე გადაჯგუფება. მოხდა საბრძოლო მოქმედებების ახალ თეატრზე შენაერთების მართვის სისტემის სრული გაშლა.
შედეგად დადასტურდა სამხედრო მართვის ორგანოების მიერ რუსეთის სამხრეთით ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ წარმოქმნილ საფრთხესთან სამოქმედო დაჯგუფებების მართვის უნარიანობა.
წელს ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ღონისძიებების ინტენსივობა გაიზარდა. სულ განხორციელდა 3630 სწავლება, აქედან 1250 სახეობათაშორისი.
დაძაბულმა საბრძოლო მომზადებამ, საარმიო საერთაშორისო თამაშებმა და სირიაში მიღებულმა საბრძოლო გამოცდილებამ ჯარების საველე განსწავლის დონე საგრძნობლად აამაღლა.
შედეგად 21% გაიზარდა წლიური ფრენის მაჩვენებელი. საბრძოლო ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების ეკიპაჟების ცურვადობა გაზრდილია  1,7-ჯერ. საჰაერ-სადესანტო ჯარებში ნახტომების რაოდენობამ 5% მოიმატა.
სწავლებებისა და ვარჟიშისათვის ყოველდღიურად გამოიყენება 130 პოლიგონი, რომელთა დატვირთვაც 89-იდან 98%-მდეა.
წელს ამ პოლიგონების რაოდენობას ყირიმში მდებარე პოლიგონი „ოპუკი“ (Опук) დაემატება. პოლიგონი სახეობათშორის დაჯგუფებებში ორმხრივი სწავლების განხორციელების საშუალებას იძლევა.
საერთაშორისო თამაშებში შეჯიბრებები 23 სამხედრო სპეციალობამდეა გაზრდილი. მათში სულ 82 ათასი სამხედრო მონაწილეობდა, მათ შორის სამნახევარი ათასი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი.

თავდაცვის სამინისტროს მიერ კომპლექსურად ვითარდება არქტიკული ტერიტორიები.
დასრულდა სამუშაოები ნოვოსიბირსკის კუნძულებზე, ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგზე და ახალ მიწაზე. გრძელდება რადიოლოკაციური განყოფილებებისა ტექნიკური პოზიციების ამოყვანა და ავიაციის გამიზვნის პუნქტების აშენება კუნძულებზე ალექსანდრე მიწა, ვრანგლერი და შმიდტის კონცხზე.
მთლიანობაში 2016 წლის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა უზრუნველყვეს საბრძოლო შესაძლებლობების 145 ზრდა და ქვეყნის ტავდაცვისუნარიანობის მოცემული დონის მხარდაჭერა.
2015 წლის მაჩვენებლებთან შედარებით აღინიშნება ძირითად მაჩვენებლების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდა. სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგების ზრდა გასულ წელთან 5% გაზრდილი.
შედეგად მუდმივი მზადყოფნის ნაწილების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის დონე 58,3%-მდეა გაზრდილი.
5% გაიზარდა შეიარაღებისა და ტექნიკის გამართულობა და მიაღჭია 94%. წლის დასაწყისიდან, კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცთა და სერჟანტების მთლიანი რაოდენობა 32 ათასი კაცით გაიზარდა.

წყარო:

Thursday, December 22, 2016

ახლა უკვე ხუფაგლეჯილი Leopard-2A4

მოკლედ თურქებმა სირიაში პლეტი ქნეს, დატოვეს ორი მთელი Leopard-2A4,  ერთი ქსმ FNSS ACV-15 და კიდევ ერთი, კოშკურა მოგლეჯილი Leopard-2A4 (ხო მართლა, ბულდოზერიც მაგათია)






Wednesday, December 21, 2016

ფინურმა Patria-მ 120მმ-იან ნაღმტყორცნ NEMO-ს მობილურ საკონტეინერო ვარიანტზე დაიწყო მუშაობა

საკონტეინერო 120მმ-ნი ნაღმტყორცნი NEMO სალაშქრო მდგომარეობაში

ფინურმა კომპანია Patria-მ მსოფლიოში პირველ, კონტეინერში ინეგრირებულ, 120 მილიმეტრიან ნაღმტყორცნზე დაიწყო მუშაობა. სანაღმტყორცნე მობილური კონტეინერული Patria Nemo 120mm ბლოკი ნაღმტყორცნის მართვისთვის ყველა აუცილებელ კომპონენტს შეიცავს.
მობულურ საკონტეინერო NEMO 120mm-ს საზოგადოებას ოფიციალურად 2017 წელს წარუდგენენ. კონტეინერში მსხვიკალიბრიანი იარაღის დამონტაჯების ეს პირველი შემთხვევა იქნება. მანამდე მხოლოდ მცირეკალიბრიანი იარაღის კონტეინერული ვერსიები იყო ცნობილი. Nemo-ს მსგავსი, საკონტეინერო ნაღმტყორცნი, რომელსაც შეუძლია პირდაპირი და დაკიდებული ცეცხლის წარმოება, მანამდე იარაღის ბაზარზე ჯერ არავის წარმოუდგენია.
Patria Nemo-ს კონტეინერი სტანდარტული საზღვაო, 20 ფუნტიანი, კონტეინერის ანალოგიურია, სამაგრი წერტილებიც ანალოგიურ პოზიციებზეა განლაგებული. გარეგნულად ის არაფრით არ განსხვავდება სტანდარტული კონტეინერისგან. მისი სიცოცხლისუნარიანობა დამატებით მზიდ ჩარჩოს ეფუძნება, რომელიც შიდა და გარე ფენებს შორისაა ჩაშენებული.
„გაძლიერებული, მილისებური კონსტრუქცია, უკუცემას ახშობს. სტანდარტულ კონტინერთან შედარებით არსებობს დამატებითი გრძივი და განივი ძელები შიდა და გარე ფენებს შორის“ - განაცხადა კომპანიის საწარმოო ხაზის ვიცე პრეზიდენტმა Kari Reunamäki-მ, რომელიც კონსტრუქციას აღწერდა.
საწყის მდგომარეობაში ჩვეულებრივ საზღვაო კონტეინერთან შედარებით სახურავი 600მმ-თი დაბალია, კონტეინერი სტანდარტულ სიმაღლეს სახურავზე საბორტე ფრთების დამატების შემდეგ აღწევს.
„სამარშო მდგომარეობაში, Nemo-ს მბრუნავი კოშკურა ამ ბორტებით სრულებითაა დაფარული. გადაადგილებისას კოშკურა ჩაკეცილ მგომარეობაშია და ცეცხლის წარმოების მიმართულების საპირისპიროდ არის მიტრიალებული. გასროლისთვის კოშკურა 180 გრადუსით ტრიალდება. სროლის დროს ლულის დაბოლოება კონტინერის გაბარიტების გარეთ უნდა იყოს გატანილი, რათა გასროლის ტალღამ კონტეინერში დამატებითი დაძაბულობა არ გამოიწვიოს“ დაამატა  Kari Reunamäki-მ.

საკონტეინერო 120მმ-ნი ნაღმტყორცნი NEMO საბრძოლო მდგომარეობაში
Nemo-ს კონტინერი საცეცხლე საშუალების და მისი მოწყობილობების მოქნილად ტრანსპორტირებისათვის და ერთი ადგილიდან მეორეზე ადვილად გადასატანადაა შექმნილი. ის ასევე ეკონომიკურად ეფექტურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
„Nemo-ს კონტინერი გაცილებით რენტაბელურია, ვიდრე ის სანაღმტყორცნე სისტემები, რომლებიც სატვირთოებზე ან ნავებზე ცალკე ყენდება“.
Nemo-ს კონტინერის მიწოდება მთელი საჭირო მოწყობილობით ხდება და ამას გარდა მას გააჩნია ეკიპაჟის, იარაღისა და საბრძოლო მარაგის ბალისტიკური დაცვა. კონტეინერს გააჩნია თავისი საკუთარი კვების წყარო და ჰაერის კონდიცირების ბლოკი. სტანადრტული სარქველების გარდა კონტინერი ავარიული სარქველითაცაა აღჭურვილი.
კლიენტს შეუძლია აირჩიოს NBC (ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი) ფილტრაციის სისტემა და ასევე ბალისტიკური დაცვის სასურველი ხარისხი, რომელიც დამზადებული იქნება ან ფოლადის ან კერამიკის ფილებისგან. 8-10 მილიმეტრი სისქის, მაღალი მდგრადობის ფოლადის გარსსაცმი, კონტინერის წონას სამ ტონას უმატებს.
კონტინერში 100-მდე ნაღმის ადგილია, რაც თვითმავალი Nemo AMV-ესთან შედარებით ორჯერ მეტია. კონტეინერი სამ კაციანი გათვლით იმართება: ორი მიმწოდებლისა და ერთი მემიზნის მიერ, რომელიც პარალელურად გათვლის მეთაურიც არის.
Patria Nemo-ს ძირითადი უპირატესობა ამ კალიბრის ნაღმტყორცნებისთვის უნიკალურ მოქნილ მობილურობაში მგომარეობს.

ნაღმტყორცნის სქემატური გამოსახულება


წყარო:

Tuesday, December 20, 2016

იუტლენდის ბრძოლა - ისტორიაში ყველაზე მსხვილმაშტაბიანი საზღვაო შეტაკება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

1916 წლის 31 მაისს, ჩრდილოეთის ზღვაში, იუტლენდის ნახევარკუნძულის დასავლეთით, გერმანიისა და ბრიტანეთის მთავარ საზღვაო ძალებს შორის, საზღვაო ისტორიაში ყველაზე მსხვილი ბრძოლა გათამაშდა.

სახაზო ხომალდი "ბენბოუ" ადმირალ სტრედის ლინკორების მე-4 დივიზიონის ტავში. უკან მოსდევენ სახაზო ხომალდები "ბელეროფონი" და "ტემერერი"

30 მაისს, დღისით, გერმანელების ფლოტისთვის გაგზავნილი „ზღვაში გასვლის“ სიგნალი იქნა გადაჭერილი. გერმანელთა ესკადრონში 5 ხომალდი შედიოდა, რომელსაც მსუბუქი ძალები უჭერდნენ მხარს. უკან 50 მილის (90 კილომეტრი) მოშორებით ძირითადი ძალები მოყვებოდნენ. გერმანელთა გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: მათი სახაზო კრეისერები, ადმირალ ფ. ჰიპპერის სარდლობით, ინგლისელთა ფლოტის სატყუარად უნდა გამოსულიყვნენ. მათი ამოცანა იყო ინგლისელთა ბრძოლით შებოჭვა და მათი თავის მთავარ ძალებზე გაყვანა და ღია ზღვის ფლოტში გაერთიანებული გერმანელთა სახაზო ხომალდები, ბრიტანელთა გრანდ-ფლეტის მოსვლამდე, სწრაფად უსწორდებიან მტერს.

გერმანელებმა ზღვაში სულ 16 სახაზო ხომალდი, 5 სახაზო კრეისერი, 6 ჯავშნოსანი, 11 მსუბუქი კრეისერი და 60 საესკადრო ნაღმოსანი გაიყვანეს (მთლიანობაში 98 ხომალდი). მოწინააღმდეგის ფლოტზე და მის გადაადგილებაზე დასაკვირვებლად და წინმსწრები დარტყმის მისაყენებლად ინგლისის საზღვაო ბაზებთან 11 წყალქვეშა ნავი იქნა გაგზავნილი.

ინგლისელებმა გერმანელთა ჩანაფიქრის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, მაგრამ მათმა რადიოდაზვერვამ გერმანული ფლოტის გასვლის დღისა და მიმართულების გარკვევა შესძლო. გრანდ-ფლეტის მეთაურმა, ადმირალმა ჯ. ჯელლიკომ, მთელი თავისი ფლოტის გაშლა და გერმანელთა ხომალდების ნაწილის გადაჭერა და განადგურება გადაწყვიტა. როზაიტიდან, ადმირალ დ. ბიტტის მეთაურობით, პირველად 6 სახაზო კრეისერისგან და 4 სწრაფმავალი, „ქუინ ელიზაბეთის“ ტიპის, სახაზო ხომალდისგან შემდგარი შენაერთ გამოვიდა. გერმანელთა წყალქვეშა ნავებმა ისინი ვერ შეამჩნიეს. ადმირალმა რ. შეერმა, რომელიც ღია ზღვის ფლოტს სარდლობდა, მთელი გრანდ-ფლეტის გამოსვლის შესახებ არაფერი არ იცოდა. მთლიანობაში ინგლისელებმა გერმანელთა წინააღმდეგ 28 სახაზო ხომალდი, 9 სახაზო კრეისერი, 8 ჯავშნოსანი კრეისერი, 26 მსუბუქი კრეისერი და 61 საესკადრო ნაღმოსანი გამოიყვანეს (მთლიანობაში 132 ხომალდი). ინგლისელებმა, თოთქოს გერმანელთა გეგმა მოიპარესო, გადაწყვიტეს მათი ხაფანგში შეტყუება. მათ ადმირალი ბიტტი გერმანელებთან ბრძოლის გასაჩაღებლად და თავის ძირითად ძალებთან შესატყუებლად გაგზავენს.

 სახაზო ხომალდი HMS Iron Duke გრანდ-ფლეტის სათავეში

ბიტტის ესკადრამ, რომელიც 25 კვანძიანი სიჩქარით მოძრაობდა, 14 საათსა და 30 წუთზე, იუტლენდის სანაპიროდან 90 მილის მოშორებით ჰიპპერის შენაერთი შეამჩნია (5 სახაზო კრეისერი). მოწინააღმდეგეთა სახაზო კრეისერები საათზე მეტ ხანს ახორციელებდნენ მიახლოებას, ამ დროს მსუბუქი ძალები ცეცხლს აწარმოებდნენ. და თითქმის ერთდროულად, სრულ სვლით მიმავალმა, 6-მა ინგლისურმა და 5-მა გერმანულმა სახაზო კრეისერებმა 15 საათსა და 48 წუთზე გახსნა ცეცხლი. ამ დროს 4 ინგლისური  სახაზო ხომალდი იმდენად ჩამორჩა, რომ დახმარებას ვერაფრით ახერხებდნენ. ცუდმა კავშირგაბმულობამა და რაზმებს შორის ცუდმა შეთანწყობამ გამოიწვია ის, რომ ინგლისელთა ავანგარდის ძალები გადამწყვეტ მომენტში დაქსაქსულები აღმოჩნდნენ. მაგრამ ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ადმირალი ბიტტი თავს საკმაოდ ძლიერად თვლიდა.

გრანდ-ფლეტის სახაზო ხომალდების მეორე ესკადრა. მარცხნიდან მარჯვნივ King George V, Thunderer, Monarch და Conqueror.

ბრძოლა მოწინააღმდეგეების ხომალდებს შორის ცალკეულ შერკინებად დანაწევრდა. სრულიად მოულოდნელად, ინგლისელებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს. ინგლისელთა სახაზო კრეისერები მძიმე არტილერიის დარტყმებს ცუდად აკავებდნენ. გერმანელთა ჭურვები 9-16 კილომეტრის მანძილიდან ადვილად ხვრეტდნენ მათ ჯავშანს და ხომალდის შიგნით ფეთქდებოდნენ. ამის შედეგად ჭურვები და დენთის საწყობები აალდა. ბრძოლის დაწყებიდან 17 წუთის შემდეგ ჰაერში აიწია ინგლისელთა სახაზო კრეისერი „ინდეფატიგეიბლი“. კიდევ 20 წუთის შემდეგ აფეთქდა მეორე კრეისერი - „ქუინ მერი“. ინგლისელები კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ამ დროს 17,5 კილომეტრის მანძილიდან 4-მა მოახლოებულმა სახაზო ხომალდმა გახსნა ცეცხლი და გერმანელებს 381 მილიმეტრიანი „ჩემოდნები“ დააყარა თავზე.

აფეთქება სახაზო ხომალდ HMS Queen Mary-ზე

ჰიპპერმა სამხრეთით მოუხვია, და გეგმის თანახმად, ინგლისელთა თავის ძირითად ძალებზე გასაყვანად, უკანდახევა დაიწყო. ორი ხომალდის დაღუპვამ ინგლისელებს ბრძოლის დისტანციის გაზრდა აიძულა. 16 საათსა და 30 წუთზე ორივე მხარემ ბრძოლაში საესკადრო ნაღმოსნები ჩართო. ერთი ტორპედო გერმანელთა სახაზო კრეისერ „ზეიდლიცს“ მოხვდა, მაგრამ მას ბრძოლისუნარიანობა არ დაუკარგავს. 16 საათსა და 33 წუთზე წინ მიმავალმა ინგლისელთა მსუბუქმა კრეისერმა სამხრეთ-აღმოსავლეთით ღია ზღვის ფლოტის ძირითადი ძალები აღმოაჩინა.

ბრძოლის სურათი მკვეთრად შეიცვალა - ახლა უპირატესობა ძალაში გერმანელთა მხარეს იყო. ინგლისელთა სახაზო კრეისერებმა მორიგეობით, ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს უკან მობრუნება. გერმანელთა სახაზო ხომალდების გრძელმა რიგმა, მტრისთვის უკადასახევი გზის გადასაჭრელად, გეზი სრული სვლით დასავლეთისკენ აიღო. ინგლისელებმა ხომალდები მაქსიმალური სვლით ჩრდილოეთისკენ მიმართეს და სასიკვდილო ყულფიდან თავის დაძვრენას ცდილობდნენ, ხოლო საესკადრო ნაღმოსნები ისევ ენერგიულად ჩაერთნენ ბრძოლაში. ათობით ტორპედომ ზღვის ზედაპირზე ქაფიანი ზოლი გაავლო და გერმანელთა ხომალდებისკენ გაექანა, რითაც მათ გეზის შეცვლა აიძულა და ქვემეხების სამიზნის არევა გამოიწვია. ამ შეტევამ დიდ ინგლისურ ხომალდებს, საშუალება მისცა განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე მობრუნებულიყვნენ და სიჩქარის უპირატესობის გამოყენებით გერმანელთა ხომალდები უკან მოეტოვებინათ.

ამ დროს გრანდ-ფლეტის მთავარი ძალები ჩრდილოეთით 60 მილის მოშორებით იმყოფებოდა და ექვსი პარალელური საკილვატერო კოლონით გადაადგილდებოდა. სახაზო ხომალდების მოძრაობის კურსის მიმართულებით, წინ, 6 მილის მოშორებით, კრეისერთა ხაზი იყო გაშლილი. გერმანელებს საფრთხის შესახებ ეჭვებიც კი არ ჰქონდათ და ამიტომ ინგლისელთა დევნას განაგრძობდნენ. 17 საათსა და 45 წუთზე ძირითადი ძალების მეწინავე რამზები ერთმანეთს შეხვდნენ. ჯავშნოსანი კრეისერები, „დეფენსი“ და „უორიორი“ გერმანულ სახაზო ხომალდებს პირდაპირ შეეჩეხნენ და მყისიერად იქნენ ჩაძირულები. თავის მხრივ ინგლისელთა სახაზო ხომალდების ცეცხლით გერმანელთა მსუბუქი კრეისერი „ვისბადენი“ დაიღუპა. სახაზო კრეისერი „ინვისიბილი“, რომელიც გრანდ-ფლეტის წინ აღმოჩნდა, გერმანული ფლოტის თავმოყრილი ცეცხლის ქვეშ მოყვა და 18 საათსა და 35 წუთზე აფეთქდა და ჩაიძირა. მალევე მწყობრიდან იქნა გამოყვანილი სახაზო ხომალდი „უორსპაიტი“, რომელიც ბაზაზე გაჭირვებით დაბრუნდა. ინგლისელებს ძალებში თითქმის ორმაგი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ არეულობამ ცალკეული ნაწილების გადაადგილებაში და საკილვატერო კოლონაში სახაზო ხომალდების ნელმა გაშლამ გერმანელებს სიტუაციასთან ადაპტაციისა და არტილერიის გამიზვნის საშუალება მისცა.

ბრძოლა ჩაღდებოდა. გასროლების ალმა ჰორიზონტი დიდ მანძილზე დაფარა. ამ ბრძოლას შემდეგში "გიგანტების ბრძოლა" ტყუილად არ უწოდეს. მაგრამ გერმანელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მთლიან „დიდ ფლოტს“ შეეჯახნენ. 18 საათსა და 25 წუთზე გერმანულმა საესკადრო ნაღმოსანმა ჩაძირული ინგლისური ხომალდის მეზღვაურები ამოიყვანა წყლიდან. ტყვეები დაკითხეს და მხოლოდ მაშინ მიხვდნენ გერმანელები, თუ რამდენად დიდ ძალებთან მოუწევთ ბრძოლა.

18 საათსა და 30 წუთზე გრანდ-ფლეტის ესკადრამ, დაასრულა რა საკილვატერო კოლონაში გადაწყობა და გერმანელთა ხომალდების ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შებოჭვა, გახსნა კონცენტრირებული ცეცხლი მოწინააღმდეგის მიმართულებით. ძალებში ინგლისელთა აშკარა უპირატესობისა და მათ მიერ დაკავებული შესანიშნავი პოზიციის (გერმანული ფლოტის თავი ნახევარწერეში მოექცა) გათვალისწინებით შეერმა ბრძოლიდან გასვლა და თავის ბაზისკენ გზის გარღვევა გადაწყვიტა.

მყისიერად გერმანულ ხომალდებს გადაეცათ სიგნალი - 180 გრადუსზე „ყველას ერთად“ მოტრიალება. ეს ძალიან რთული მანევრია: ყოველმა საბრძოლო ხომალდმა უნდა განახორციელოს ერთდროული, სინქრონული მოტრიალება და ამავე დროს დარჩეს თავის ადგილას საბრძოლო მწყობრში, მაგრამ ამ დროს მეწინავე ხდება ჩამკეტი, ხოლო ჩამკეტი მწყობრის წინ ექცევა. როგორც შემდეგში ადმირალმა ტირპიცმა დაწერა: „არა მგონია მსოფლიოში გერმანულის გარდა არსებობდეს სხვა ფლოტი, რომელიც შესძლებდა მტრის ცეცხლის ქვეშ ამ ურთულესი მანევრის ასე ზუსტად შესრულებას“. ამ დროისათვის ინგლისელებმა არტილერიის გამიზვნა მოასწრეს, ამიტომ მწყობრის ბოლოში აღმოჩენილმა გერმანელთა სახაზო კრეისერებმა, „ზეიდლიცმა“, „დერფლინგერმა“ და „ლიუტცევემ“ უმძიმესი დაზიანებები მიიღეს. ამჯერად გერმანელთა საესკადრო ნაღმოსნების სატორპედო იერიშმა ინგლისელთა სამიზნეების არევა გამოიწვია. გერმანელთა ხომალდები საღამოს ბინდს შეეფარნენ. დაღამებამდე კიდევ ორი საათი რჩებოდა. ინგლისელები ამ დროის განმავლობაში მოწინაარმდეგის პოვნასა და მისთვის ბრძოლის თავზე მოხვევას ცდილობდნენ. გერმანელთა ტაქტიკა კიდევ ბრძოლისათვის თავის არიდებაში და სიბნელის დადგომასთან ერთად მტრისგან გასხლტომასა და საკუთარ ბაზებზე მისვლაში მდგომარეობდა.

გერმანული ნაღმოსანი შეტევაში

ინგლისელთა მეთაურობის გადაჭარბებული სიფრთხილიე გერმანელებს საგრძნობლად დაეხმარა. „ყველას ერთად“ მოულოდნელი მოტრიალებით და საკვამლე ფარდის დაყენებით მტერს გამიზვნის საშუალებას არ აძლევდნენ, გერმანელთა საესკადრო ნაღმოსნების მიერ განხორციელებული მუდმივი სატორპედო იერიშები ინგლისელებს კურსის შეცვლას აიძულებდნენ და დამიზნების საშუალებას არ აძლევდნენ და ამით შესვენებისთვის დროს იგებდნენ. ამგვარად მოკლე შეტაკებებში გაიარა დღის ბოლო ორმა საათმა.

დადგა საღამო, შემდეგ ღამე და გერმანელებმა მოახერხეს თავისი ძლიერად დაზიანებული ხომალდების ბრძოლის ველიდან გაყვანა. მიახლოებით 23 საათზე შეერი გრანდ-ფლეტის კიჩოსთან გასხლტა და ინგლისელთა საესკადრო ნაღმოსნებთან ბრძოლაში შევიდა. მასიური შეტევა გერმანელთა მსუბუქმა კრეისერებმა მოიგერიეს. თუმცაღა სამი მათგანი - „ფრაუენბოლი“, „როსტოკი“ და „ელბინგი“ ამ ბრძოლას შეეწირა. ინგლისელებმა 5 ნაღმოსანი დაკარგეს. მოგვიანებით, 2 საათსა და 20 წუთზე, ტორპედოს საშუალებით, მაინც მოხერხდა გერმანული ჯავშნოსანის, „პომერანიის“, ჩაძირვა. ინგლისურმა ჯავშნოსანმა კრეისერმა, „ბლეკ პრინსმა“, ორიენტაცია დაკარგა და ღია ზღვის ფლოტის სახაზო ხომალდების მწყობრის ცენტრში აღმოჩნდა, სადაც ის მძიმე ჭურვებით ფაქტიურად ნაფლეთებად აქციეს.

ადგილზე დარჩენილი და სვლადაკარგული გერმანული სახაზო კრეისერები „ლიუტცევი“ და „ზეიდლიცი“  ღამე თავიანთ ბაზაზე მიღწევას შეეცადნენ. ეს მხოლოდ „ზეიდლიცმა“ მოახერხა. როდესაც დილით, „ლიუტცევმა“, ცხვირის განყოფილებაში მოხვედრილი ჭარბი წყლის გამო კიჩო ჰაერში ასწია და მზიდი ხრახნები ჰაერში აღმოჩნდა, ეკიპაჟმა გადარჩენისთვის ბრძოლა შეწყვიტა და სხვა გერმანულ საესკადრო ნაღმოსნებზე გადასხდა, ხოლო თვითონ დაზიანებული ხომალდი გერმანელებმა ტორპედოებით ჩაძირეს. 1 ივნისს, დილით, გერმანულმა ფლოტმა ინგლისელები უკან მოიტოვა და ბაზაზე დაბრუნდა, ინგლისელებმაც თავის ბაზას მიაშურეს.

დაზიანებული "ზეიდლიცი" ვილჰელმსჰაფენის დოკებში

ორივე მხრიდან იუტლანდის ბრძოლაში 249 საბრძოლო ხომალდი ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის 44 სახაზო ხომალდი და 14 სახაზო კრეისერი. ბრძოლა დიდ მანძილზე ხორციელდებოდა - 18 კილომეტრამდე. მხარეებმა მთლიანობაში  8 ათასი 280-დან 381მმ-დე კალიბრის მძიმე ჭურვი გაისროლეს. ინგლისელებმა 3 სახაზო კრეისერი, 3 ჯავშნოსანი კრეისერი და 8 საესკადრო ნაღმოსანი დაკარგეს. გერმანელებმა ჯავშნოსანი, სახაზო კრეისერი, 4 მსუბუქი კრეისერი და 5 საესკადრო ნაღმოსანი. აქედან 17 ხომალდი არტილერიით, ხოლო 8 ტორპედოებით იქნა განადგურებული. ინგლისელებმა 4598 ჭურვი და 74 ტორპედო გაისროლეს, აქედან მიზანს 100 ჭურვი (2,2%) და 5 ტორპედო მოხვდა. გერმანელებმა 3597 ჭურვი და 109 ტორპედო გაისროლეს, მიზანს 120 (3,3%) ჭურვი და 3 ტორპედო მოხვდა. ინგლისელთა პირად შემადგენლობაში დაღუპილთა რაოდენობამ 6 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო გერმანელთა დანაკარგები 2,5 ათასი კაცი იყო. 800 ინგლისელი და 600 გერმანელი დაჭრილი იყო. გერმანულმა ფლოტმა, რომელიც ინგლისელების ფლოტს საბორტე ზალპში ორჯერ ჩამორჩებოდა (75 ტონა 176 ტონის წინააღმდეგ), მტერს ორჯერ მეტი დანაკარგები მიაყენა.

სამხედრო ისტორიკოსები იუტლენდის ბრძოლას მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს საზღვაო ბრძოლას უწოდებენ. ამგვარი წოდება გამართლებულია ბრძოლაში მონაწილე საბრძოლო ხომალდების რაოდენობითა და იმ სტრატეგიული მნიშვნელობით, რომელსაც რომელიმე მხარე გამარჯვების შედეგად მიიღებდა. მაგრამ, სტრატეგიული თვალსაზრისით ბრძოლა უშედეგო გამოდგა, რადგანაც ვერცერთმა მხარემ დასმული ამოცანა ვერ შეასრულა. ინგლისურმა ფლოტმა, რომელსაც უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა, მტრის განადგურება ვერ შესძლო, ხოლო გერმანულმა ფლოტმა, რომელსაც ბრძოლის დაწყების მომენტში ჰქონდა უპირატესობა, ვერ გაანადგურა ხაფანგში შეტყუებული ინგლისური ფლოტის ნაწილი.

მოწინააღმდეგეები მოძველებულ, სახაზო ტაქტიკას იყენებდნენ. უშველებელი საკილვატერო კოლონები ბრძოლის საწარმოებლად მოუხერხებელი გამოდგა, ართულებდნენ არტილერიის მასრიებულ გამოყენებას და ესკადრონების მეთაურების ინიციატივას ბოჭავდნენ.

შერკინებამ აჩვენა მსუბუქი ძალების გაზრდილი როლი, მაგრამ მათ სათანადო ორგანიზაცია აკლდათ. პირველად დღის შუქზე ფართო გამოყენება ჰპოვა სატორპედო იერიშებმა, მაგრამ ისენი ცალკეული ტორპედებით, დიდ მანძილებზე ხორციელდებოა.


P.S. სტატიაში გამოყენებულია ინფორმაცია წიგნიდან "Все о кораблях. От гребного флота древнего мира до наших дней"

Sunday, December 18, 2016

აშშ-ს არმიის უკოშკურო Bradley

აშშ-ს არმიის ჯავშანსატანკო ქვედანაყოფები გადაიარაღების ახალ ეტაპს იწყებენ. როგორც პორტალი defensenews.com 15 დეკემბერის სტატიაში იუწყება, კომპანია BAE Systems-მა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ქსმ Bradley-ს ბაზაზე შექმნილი ახალი ჯავშანტრანსპორტიორის, AMPV-ს (Armored Multi-Purpose Vehicle), პირველი ნიმუში გადასცა.

პროტოტიპის ოფიციალური გამოგორება ქალაქ იორკში (პენსილვანიის შტატი) მდებარე კომპანია BAE Systems-ის ქარხანაში განხორციელდა. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეკვეთილი 29 მანქანიდან პირველი გადაეცათ.
ტენდერის პირობების თანამხად, რომელიც BAE Systems-მა მოიგო, მწარმოებელმა ამერიკულ არმიას უახლოეს დროში, წინასერიული, ხუთი სხვადასხვა მოდიფიკაციის (ჯტრ, სამეთაურო-საშტაბო მანქანა, სამედიცინო-სანიტარული მანქანა, სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა და 120მმ-ნი თვითმავალი ნაღმტყორცნი) 29 ცალი მანქანა უნდა გადასცეს.
ნახევარი წლის განმავლობაში, საარმიო სპეციალური ქვედანაყოფები, ახალი ჯტრ-ების გამოცდებს განახორციელებენ, რის შემდეგაც ახალ ტექნიკასთან დაკავშირებული სურვილები და შენიშვნები მწარმოებელს გადაეცემა, და თავდაცვის სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას მცირესერიული საწარმოო საცდელი პარტიის (289 მანქანის ოდენობით) შეკვეთაზე.
მომდევნო ათი წლის განმავლობაში აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო 2907 ცალი ახალი მანქანის შესყიდვას გეგმავს (993 ცალი სამეთაურო-საშტაბო მანქანა, 790 ცალი სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა, 386 ცალი 120მმ-ნი თვითმავალი ნაღმტყორცნი, 216 ცალი სამედიცინო-სანიტარული და ამდენივე საერთო დანიშნულების მანქანა). დაგეგმილი ხელშეკრულების საერთო ღირებულება 13 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 
ახალი ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებიც საბრძოლო მანქანა M2 Bradley-ს უკოშკურო ვარიანტს წარმოადგენს, ჯავშანსატანკო ბრიგადების შეიარაღებაზე მყოფ 2897 ცალ მუხლუხებიან ჯავშანტრანსპორტიორ M-113 შეცვლის, რომლებიც, აშშს თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ტანკ M1 Abrams-თან და ქსმ M2 Bradley-სთან სრულფასოვნად ვეღარ თანამოქმედებენ. ამას გარდა, სამხედრო უწყება, გეგმავს უახლოეს წლებში სხვა სამხედრო ქვედანაყოფების შეიარაღებაზე მდგარი 2000 ცალი ჯტრ M-113-იც შეცვალოს.
ჯავშანტრანსპორტიორი M-113 ამერიკის არმიამ 1960 წელს მიიღო შეიარაღებაზე. წარმოება დღემდე გრძელდება: 2016 წლის მონაცემების თანახმად, ამ პლატფორმაზე მსოფლიოში 80 000 ცალი მანქანაა გამოშვებული.

P.S. როგორც ჩანს ეს მანქანა იქნა ამორჩეული იმ ცნობილი და უცნაური კონკურსის შედეგად, რომელსაც ამერიკის არმია ახორციელებდა და რომელშიც ისეთი მანქანები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა CV-90-35, Namer, M2A3 Bradley, Puma, Stryker SDVH და Bradley GCV. (ამ კონკურის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი ორჯერ - საბრძოლო მანქანის ტენდერი ამერიკული არმიისთვის და საბრძოლო მანქანის ტენდერი ამერიკული არმიისთვის (გაგრძელება))

წყარო:
BAE Systems rolls out first Armored Multi-Purpose Vehicle