სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
1916 წლის 31 მაისს, ჩრდილოეთის ზღვაში, იუტლენდის ნახევარკუნძულის დასავლეთით, გერმანიისა და ბრიტანეთის მთავარ საზღვაო ძალებს შორის, საზღვაო ისტორიაში ყველაზე მსხვილი ბრძოლა გათამაშდა.
სახაზო ხომალდი "ბენბოუ" ადმირალ სტრედის ლინკორების მე-4 დივიზიონის ტავში. უკან მოსდევენ სახაზო ხომალდები "ბელეროფონი" და "ტემერერი"
30 მაისს, დღისით, გერმანელების ფლოტისთვის გაგზავნილი „ზღვაში გასვლის“ სიგნალი იქნა გადაჭერილი. გერმანელთა ესკადრონში 5 ხომალდი შედიოდა, რომელსაც მსუბუქი ძალები უჭერდნენ მხარს. უკან 50 მილის (90 კილომეტრი) მოშორებით ძირითადი ძალები მოყვებოდნენ. გერმანელთა გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: მათი სახაზო კრეისერები, ადმირალ ფ. ჰიპპერის სარდლობით, ინგლისელთა ფლოტის სატყუარად უნდა გამოსულიყვნენ. მათი ამოცანა იყო ინგლისელთა ბრძოლით შებოჭვა და მათი თავის მთავარ ძალებზე გაყვანა და ღია ზღვის ფლოტში გაერთიანებული გერმანელთა სახაზო ხომალდები, ბრიტანელთა გრანდ-ფლეტის მოსვლამდე, სწრაფად უსწორდებიან მტერს.
გერმანელებმა ზღვაში სულ 16 სახაზო ხომალდი, 5 სახაზო კრეისერი, 6 ჯავშნოსანი, 11 მსუბუქი კრეისერი და 60 საესკადრო ნაღმოსანი გაიყვანეს (მთლიანობაში 98 ხომალდი). მოწინააღმდეგის ფლოტზე და მის გადაადგილებაზე დასაკვირვებლად და წინმსწრები დარტყმის მისაყენებლად ინგლისის საზღვაო ბაზებთან 11 წყალქვეშა ნავი იქნა გაგზავნილი.
გერმანელებმა ზღვაში სულ 16 სახაზო ხომალდი, 5 სახაზო კრეისერი, 6 ჯავშნოსანი, 11 მსუბუქი კრეისერი და 60 საესკადრო ნაღმოსანი გაიყვანეს (მთლიანობაში 98 ხომალდი). მოწინააღმდეგის ფლოტზე და მის გადაადგილებაზე დასაკვირვებლად და წინმსწრები დარტყმის მისაყენებლად ინგლისის საზღვაო ბაზებთან 11 წყალქვეშა ნავი იქნა გაგზავნილი.
ინგლისელებმა გერმანელთა ჩანაფიქრის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, მაგრამ მათმა რადიოდაზვერვამ გერმანული ფლოტის გასვლის დღისა და მიმართულების გარკვევა შესძლო. გრანდ-ფლეტის მეთაურმა, ადმირალმა ჯ. ჯელლიკომ, მთელი თავისი ფლოტის გაშლა და გერმანელთა ხომალდების ნაწილის გადაჭერა და განადგურება გადაწყვიტა. როზაიტიდან, ადმირალ დ. ბიტტის მეთაურობით, პირველად 6 სახაზო კრეისერისგან და 4 სწრაფმავალი, „ქუინ ელიზაბეთის“ ტიპის, სახაზო ხომალდისგან შემდგარი შენაერთ გამოვიდა. გერმანელთა წყალქვეშა ნავებმა ისინი ვერ შეამჩნიეს. ადმირალმა რ. შეერმა, რომელიც ღია ზღვის ფლოტს სარდლობდა, მთელი გრანდ-ფლეტის გამოსვლის შესახებ არაფერი არ იცოდა. მთლიანობაში ინგლისელებმა გერმანელთა წინააღმდეგ 28 სახაზო ხომალდი, 9 სახაზო კრეისერი, 8 ჯავშნოსანი კრეისერი, 26 მსუბუქი კრეისერი და 61 საესკადრო ნაღმოსანი გამოიყვანეს (მთლიანობაში 132 ხომალდი). ინგლისელებმა, თოთქოს გერმანელთა გეგმა მოიპარესო, გადაწყვიტეს მათი ხაფანგში შეტყუება. მათ ადმირალი ბიტტი გერმანელებთან ბრძოლის გასაჩაღებლად და თავის ძირითად ძალებთან შესატყუებლად გაგზავენს.
სახაზო ხომალდი HMS Iron Duke გრანდ-ფლეტის სათავეში
ბიტტის ესკადრამ, რომელიც 25 კვანძიანი სიჩქარით მოძრაობდა, 14 საათსა და 30 წუთზე, იუტლენდის სანაპიროდან 90 მილის მოშორებით ჰიპპერის შენაერთი შეამჩნია (5 სახაზო კრეისერი). მოწინააღმდეგეთა სახაზო კრეისერები საათზე მეტ ხანს ახორციელებდნენ მიახლოებას, ამ დროს მსუბუქი ძალები ცეცხლს აწარმოებდნენ. და თითქმის ერთდროულად, სრულ სვლით მიმავალმა, 6-მა ინგლისურმა და 5-მა გერმანულმა სახაზო კრეისერებმა 15 საათსა და 48 წუთზე გახსნა ცეცხლი. ამ დროს 4 ინგლისური სახაზო ხომალდი იმდენად ჩამორჩა, რომ დახმარებას ვერაფრით ახერხებდნენ. ცუდმა კავშირგაბმულობამა და რაზმებს შორის ცუდმა შეთანწყობამ გამოიწვია ის, რომ ინგლისელთა ავანგარდის ძალები გადამწყვეტ მომენტში დაქსაქსულები აღმოჩნდნენ. მაგრამ ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ადმირალი ბიტტი თავს საკმაოდ ძლიერად თვლიდა.
გრანდ-ფლეტის სახაზო ხომალდების მეორე ესკადრა. მარცხნიდან მარჯვნივ King George V, Thunderer, Monarch და Conqueror.
ბრძოლა მოწინააღმდეგეების ხომალდებს შორის ცალკეულ შერკინებად დანაწევრდა. სრულიად მოულოდნელად, ინგლისელებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს. ინგლისელთა სახაზო კრეისერები მძიმე არტილერიის დარტყმებს ცუდად აკავებდნენ. გერმანელთა ჭურვები 9-16 კილომეტრის მანძილიდან ადვილად ხვრეტდნენ მათ ჯავშანს და ხომალდის შიგნით ფეთქდებოდნენ. ამის შედეგად ჭურვები და დენთის საწყობები აალდა. ბრძოლის დაწყებიდან 17 წუთის შემდეგ ჰაერში აიწია ინგლისელთა სახაზო კრეისერი „ინდეფატიგეიბლი“. კიდევ 20 წუთის შემდეგ აფეთქდა მეორე კრეისერი - „ქუინ მერი“. ინგლისელები კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ამ დროს 17,5 კილომეტრის მანძილიდან 4-მა მოახლოებულმა სახაზო ხომალდმა გახსნა ცეცხლი და გერმანელებს 381 მილიმეტრიანი „ჩემოდნები“ დააყარა თავზე.
აფეთქება სახაზო ხომალდ HMS Queen Mary-ზე
ჰიპპერმა სამხრეთით მოუხვია, და გეგმის თანახმად, ინგლისელთა თავის ძირითად ძალებზე გასაყვანად, უკანდახევა დაიწყო. ორი ხომალდის დაღუპვამ ინგლისელებს ბრძოლის დისტანციის გაზრდა აიძულა. 16 საათსა და 30 წუთზე ორივე მხარემ ბრძოლაში საესკადრო ნაღმოსნები ჩართო. ერთი ტორპედო გერმანელთა სახაზო კრეისერ „ზეიდლიცს“ მოხვდა, მაგრამ მას ბრძოლისუნარიანობა არ დაუკარგავს. 16 საათსა და 33 წუთზე წინ მიმავალმა ინგლისელთა მსუბუქმა კრეისერმა სამხრეთ-აღმოსავლეთით ღია ზღვის ფლოტის ძირითადი ძალები აღმოაჩინა.
ბრძოლის სურათი მკვეთრად შეიცვალა - ახლა უპირატესობა ძალაში გერმანელთა მხარეს იყო. ინგლისელთა სახაზო კრეისერებმა მორიგეობით, ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს უკან მობრუნება. გერმანელთა სახაზო ხომალდების გრძელმა რიგმა, მტრისთვის უკადასახევი გზის გადასაჭრელად, გეზი სრული სვლით დასავლეთისკენ აიღო. ინგლისელებმა ხომალდები მაქსიმალური სვლით ჩრდილოეთისკენ მიმართეს და სასიკვდილო ყულფიდან თავის დაძვრენას ცდილობდნენ, ხოლო საესკადრო ნაღმოსნები ისევ ენერგიულად ჩაერთნენ ბრძოლაში. ათობით ტორპედომ ზღვის ზედაპირზე ქაფიანი ზოლი გაავლო და გერმანელთა ხომალდებისკენ გაექანა, რითაც მათ გეზის შეცვლა აიძულა და ქვემეხების სამიზნის არევა გამოიწვია. ამ შეტევამ დიდ ინგლისურ ხომალდებს, საშუალება მისცა განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე მობრუნებულიყვნენ და სიჩქარის უპირატესობის გამოყენებით გერმანელთა ხომალდები უკან მოეტოვებინათ.
ამ დროს გრანდ-ფლეტის მთავარი ძალები ჩრდილოეთით 60 მილის მოშორებით იმყოფებოდა და ექვსი პარალელური საკილვატერო კოლონით გადაადგილდებოდა. სახაზო ხომალდების მოძრაობის კურსის მიმართულებით, წინ, 6 მილის მოშორებით, კრეისერთა ხაზი იყო გაშლილი. გერმანელებს საფრთხის შესახებ ეჭვებიც კი არ ჰქონდათ და ამიტომ ინგლისელთა დევნას განაგრძობდნენ. 17 საათსა და 45 წუთზე ძირითადი ძალების მეწინავე რამზები ერთმანეთს შეხვდნენ. ჯავშნოსანი კრეისერები, „დეფენსი“ და „უორიორი“ გერმანულ სახაზო ხომალდებს პირდაპირ შეეჩეხნენ და მყისიერად იქნენ ჩაძირულები. თავის მხრივ ინგლისელთა სახაზო ხომალდების ცეცხლით გერმანელთა მსუბუქი კრეისერი „ვისბადენი“ დაიღუპა. სახაზო კრეისერი „ინვისიბილი“, რომელიც გრანდ-ფლეტის წინ აღმოჩნდა, გერმანული ფლოტის თავმოყრილი ცეცხლის ქვეშ მოყვა და 18 საათსა და 35 წუთზე აფეთქდა და ჩაიძირა. მალევე მწყობრიდან იქნა გამოყვანილი სახაზო ხომალდი „უორსპაიტი“, რომელიც ბაზაზე გაჭირვებით დაბრუნდა. ინგლისელებს ძალებში თითქმის ორმაგი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ არეულობამ ცალკეული ნაწილების გადაადგილებაში და საკილვატერო კოლონაში სახაზო ხომალდების ნელმა გაშლამ გერმანელებს სიტუაციასთან ადაპტაციისა და არტილერიის გამიზვნის საშუალება მისცა.
ბრძოლა ჩაღდებოდა. გასროლების ალმა ჰორიზონტი დიდ მანძილზე დაფარა. ამ ბრძოლას შემდეგში "გიგანტების ბრძოლა" ტყუილად არ უწოდეს. მაგრამ გერმანელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მთლიან „დიდ ფლოტს“ შეეჯახნენ. 18 საათსა და 25 წუთზე გერმანულმა საესკადრო ნაღმოსანმა ჩაძირული ინგლისური ხომალდის მეზღვაურები ამოიყვანა წყლიდან. ტყვეები დაკითხეს და მხოლოდ მაშინ მიხვდნენ გერმანელები, თუ რამდენად დიდ ძალებთან მოუწევთ ბრძოლა.
18 საათსა და 30 წუთზე გრანდ-ფლეტის ესკადრამ, დაასრულა რა საკილვატერო კოლონაში გადაწყობა და გერმანელთა ხომალდების ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შებოჭვა, გახსნა კონცენტრირებული ცეცხლი მოწინააღმდეგის მიმართულებით. ძალებში ინგლისელთა აშკარა უპირატესობისა და მათ მიერ დაკავებული შესანიშნავი პოზიციის (გერმანული ფლოტის თავი ნახევარწერეში მოექცა) გათვალისწინებით შეერმა ბრძოლიდან გასვლა და თავის ბაზისკენ გზის გარღვევა გადაწყვიტა.
მყისიერად გერმანულ ხომალდებს გადაეცათ სიგნალი - 180 გრადუსზე „ყველას ერთად“ მოტრიალება. ეს ძალიან რთული მანევრია: ყოველმა საბრძოლო ხომალდმა უნდა განახორციელოს ერთდროული, სინქრონული მოტრიალება და ამავე დროს დარჩეს თავის ადგილას საბრძოლო მწყობრში, მაგრამ ამ დროს მეწინავე ხდება ჩამკეტი, ხოლო ჩამკეტი მწყობრის წინ ექცევა. როგორც შემდეგში ადმირალმა ტირპიცმა დაწერა: „არა მგონია მსოფლიოში გერმანულის გარდა არსებობდეს სხვა ფლოტი, რომელიც შესძლებდა მტრის ცეცხლის ქვეშ ამ ურთულესი მანევრის ასე ზუსტად შესრულებას“. ამ დროისათვის ინგლისელებმა არტილერიის გამიზვნა მოასწრეს, ამიტომ მწყობრის ბოლოში აღმოჩენილმა გერმანელთა სახაზო კრეისერებმა, „ზეიდლიცმა“, „დერფლინგერმა“ და „ლიუტცევემ“ უმძიმესი დაზიანებები მიიღეს. ამჯერად გერმანელთა საესკადრო ნაღმოსნების სატორპედო იერიშმა ინგლისელთა სამიზნეების არევა გამოიწვია. გერმანელთა ხომალდები საღამოს ბინდს შეეფარნენ. დაღამებამდე კიდევ ორი საათი რჩებოდა. ინგლისელები ამ დროის განმავლობაში მოწინაარმდეგის პოვნასა და მისთვის ბრძოლის თავზე მოხვევას ცდილობდნენ. გერმანელთა ტაქტიკა კიდევ ბრძოლისათვის თავის არიდებაში და სიბნელის დადგომასთან ერთად მტრისგან გასხლტომასა და საკუთარ ბაზებზე მისვლაში მდგომარეობდა.
გერმანული ნაღმოსანი შეტევაში
ინგლისელთა მეთაურობის გადაჭარბებული სიფრთხილიე გერმანელებს საგრძნობლად დაეხმარა. „ყველას ერთად“ მოულოდნელი მოტრიალებით და საკვამლე ფარდის დაყენებით მტერს გამიზვნის საშუალებას არ აძლევდნენ, გერმანელთა საესკადრო ნაღმოსნების მიერ განხორციელებული მუდმივი სატორპედო იერიშები ინგლისელებს კურსის შეცვლას აიძულებდნენ და დამიზნების საშუალებას არ აძლევდნენ და ამით შესვენებისთვის დროს იგებდნენ. ამგვარად მოკლე შეტაკებებში გაიარა დღის ბოლო ორმა საათმა.
დადგა საღამო, შემდეგ ღამე და გერმანელებმა მოახერხეს თავისი ძლიერად დაზიანებული ხომალდების ბრძოლის ველიდან გაყვანა. მიახლოებით 23 საათზე შეერი გრანდ-ფლეტის კიჩოსთან გასხლტა და ინგლისელთა საესკადრო ნაღმოსნებთან ბრძოლაში შევიდა. მასიური შეტევა გერმანელთა მსუბუქმა კრეისერებმა მოიგერიეს. თუმცაღა სამი მათგანი - „ფრაუენბოლი“, „როსტოკი“ და „ელბინგი“ ამ ბრძოლას შეეწირა. ინგლისელებმა 5 ნაღმოსანი დაკარგეს. მოგვიანებით, 2 საათსა და 20 წუთზე, ტორპედოს საშუალებით, მაინც მოხერხდა გერმანული ჯავშნოსანის, „პომერანიის“, ჩაძირვა. ინგლისურმა ჯავშნოსანმა კრეისერმა, „ბლეკ პრინსმა“, ორიენტაცია დაკარგა და ღია ზღვის ფლოტის სახაზო ხომალდების მწყობრის ცენტრში აღმოჩნდა, სადაც ის მძიმე ჭურვებით ფაქტიურად ნაფლეთებად აქციეს.
ადგილზე დარჩენილი და სვლადაკარგული გერმანული სახაზო კრეისერები „ლიუტცევი“ და „ზეიდლიცი“ ღამე თავიანთ ბაზაზე მიღწევას შეეცადნენ. ეს მხოლოდ „ზეიდლიცმა“ მოახერხა. როდესაც დილით, „ლიუტცევმა“, ცხვირის განყოფილებაში მოხვედრილი ჭარბი წყლის გამო კიჩო ჰაერში ასწია და მზიდი ხრახნები ჰაერში აღმოჩნდა, ეკიპაჟმა გადარჩენისთვის ბრძოლა შეწყვიტა და სხვა გერმანულ საესკადრო ნაღმოსნებზე გადასხდა, ხოლო თვითონ დაზიანებული ხომალდი გერმანელებმა ტორპედოებით ჩაძირეს. 1 ივნისს, დილით, გერმანულმა ფლოტმა ინგლისელები უკან მოიტოვა და ბაზაზე დაბრუნდა, ინგლისელებმაც თავის ბაზას მიაშურეს.
დაზიანებული "ზეიდლიცი" ვილჰელმსჰაფენის დოკებში
ორივე მხრიდან იუტლანდის ბრძოლაში 249 საბრძოლო ხომალდი ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის 44 სახაზო ხომალდი და 14 სახაზო კრეისერი. ბრძოლა დიდ მანძილზე ხორციელდებოდა - 18 კილომეტრამდე. მხარეებმა მთლიანობაში 8 ათასი 280-დან 381მმ-დე კალიბრის მძიმე ჭურვი გაისროლეს. ინგლისელებმა 3 სახაზო კრეისერი, 3 ჯავშნოსანი კრეისერი და 8 საესკადრო ნაღმოსანი დაკარგეს. გერმანელებმა ჯავშნოსანი, სახაზო კრეისერი, 4 მსუბუქი კრეისერი და 5 საესკადრო ნაღმოსანი. აქედან 17 ხომალდი არტილერიით, ხოლო 8 ტორპედოებით იქნა განადგურებული. ინგლისელებმა 4598 ჭურვი და 74 ტორპედო გაისროლეს, აქედან მიზანს 100 ჭურვი (2,2%) და 5 ტორპედო მოხვდა. გერმანელებმა 3597 ჭურვი და 109 ტორპედო გაისროლეს, მიზანს 120 (3,3%) ჭურვი და 3 ტორპედო მოხვდა. ინგლისელთა პირად შემადგენლობაში დაღუპილთა რაოდენობამ 6 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო გერმანელთა დანაკარგები 2,5 ათასი კაცი იყო. 800 ინგლისელი და 600 გერმანელი დაჭრილი იყო. გერმანულმა ფლოტმა, რომელიც ინგლისელების ფლოტს საბორტე ზალპში ორჯერ ჩამორჩებოდა (75 ტონა 176 ტონის წინააღმდეგ), მტერს ორჯერ მეტი დანაკარგები მიაყენა.
სამხედრო ისტორიკოსები იუტლენდის ბრძოლას მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს საზღვაო ბრძოლას უწოდებენ. ამგვარი წოდება გამართლებულია ბრძოლაში მონაწილე საბრძოლო ხომალდების რაოდენობითა და იმ სტრატეგიული მნიშვნელობით, რომელსაც რომელიმე მხარე გამარჯვების შედეგად მიიღებდა. მაგრამ, სტრატეგიული თვალსაზრისით ბრძოლა უშედეგო გამოდგა, რადგანაც ვერცერთმა მხარემ დასმული ამოცანა ვერ შეასრულა. ინგლისურმა ფლოტმა, რომელსაც უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა, მტრის განადგურება ვერ შესძლო, ხოლო გერმანულმა ფლოტმა, რომელსაც ბრძოლის დაწყების მომენტში ჰქონდა უპირატესობა, ვერ გაანადგურა ხაფანგში შეტყუებული ინგლისური ფლოტის ნაწილი.
მოწინააღმდეგეები მოძველებულ, სახაზო ტაქტიკას იყენებდნენ. უშველებელი საკილვატერო კოლონები ბრძოლის საწარმოებლად მოუხერხებელი გამოდგა, ართულებდნენ არტილერიის მასრიებულ გამოყენებას და ესკადრონების მეთაურების ინიციატივას ბოჭავდნენ.
შერკინებამ აჩვენა მსუბუქი ძალების გაზრდილი როლი, მაგრამ მათ სათანადო ორგანიზაცია აკლდათ. პირველად დღის შუქზე ფართო გამოყენება ჰპოვა სატორპედო იერიშებმა, მაგრამ ისენი ცალკეული ტორპედებით, დიდ მანძილებზე ხორციელდებოა.
P.S. სტატიაში გამოყენებულია ინფორმაცია წიგნიდან "Все о кораблях. От гребного флота древнего мира до наших дней"
No comments:
Post a Comment