Wednesday, January 22, 2014

ჩეჩნების ტყვე (ნამდვილი ამბავი)



კიდევ ცოტა, მზია, კიდევ ცოტაც და მერე კი წავალთ ხევში. სახლსაც გავმართავთ და პატარასაც გავზრდით. მართალია, გაგაწვალე აღმა-დაღმა ხეტიალით, მაგრამ ყაზბეგში რომ დავრჩენილიყავით, განა რა ხეირი გვექნებოდა. დიდი-დიდი, ორასი სული ცხვარი, აქ კი თვიდან თვემდე სამყოფიცა გვაქვს და ცოტა-ცოტას ვინახავთ კიდეც. ასე რომ, შეძლებულ ხალხად დავბრუნდებით საქართველოში. მთავარია, შენმა მშობიარობამ ჩაიაროს კარგად და სხვა დანარჩენი მოგვარდება.
ფრთხილად, კობა, დღეს კიდევ ერთი კაცი ჩამოვარდნილა ხარაჩოდან. არღუნელი ჩეჩენი ყოფილა, მუსა ბადალოვი. ისიც პირველ შვილს ელოდებოდაო ამ დღეებში. ვიცი, ქარხანას თავის დროზე კი დაგვამთავრებინებენ კომუნისტები, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს – ასე მგონია, მის დამთავრებამდე ვეღარ მივატან…
ცოლის თვალებში ჩაბუდებული ნაღველი ბევრჯერ შეუნიშნავს კობა ნამგალაურს, მაგრამ აქამდე თავისი შიში ხმამაღლა არ გაუმჟღავნებია ქალს. განა აქამდე არავინ დაღუპულა მშენებლობაზე? დიახ, იღუპებოდნენ და ზოგჯერ დღეში რამდენიმე კაციც. აბა, იმ გიგანტებს უსისხლოდ როგორ ააგებდნენ, მაგრამ ახლა მეტისმეტად დამფრთხალი ჩანდა ქალი.
ალბათ, მოახლოებული მშობიარობის გამო გაუმძაფრდა შიშიო, დაასკვნა კობამ და მშენებლობას მიაშურა.
ნახევარ საათში მისი ბრიგადის სამუშაო ცვლა იწყებოდა. კიდევ ერთი საათის შემდეგ მზიას მუცელი ასტკივდა და ისიც სამშობიაროში გააქანეს მეზობლებმა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, საჩქარო არაფერი ყოფილა, მაგრამ უკან აღარ დააბრუნეს, – უთხრეს, სულერთია, ორ-სამ დღეში მაინც აქ უნდა მოხვიდეო და მზიაც დარჩა…
…ღმერთმა დაწყევლოს ეს კომკავშირული დამკვერული მშენებლობები. კალენდარს მისდევენ კუდში მისი შემკვეთები. ამ „ჩქარა-ჩქარაში“ კი ადამიანები იღუპებიან. გუშინ ბადალოვი დაიღუპა, დღეს კი მისი ტყუპი გაჩნდა. ბავშვების დედამ ჯერ არ იცის, ორი ობოლი მოუვლინა ქვეყანას. მუსულმანური ადათისამებრ, ქმრები ცოლებს იშვიათად აკითხავენ სამშობიაროში, მაგრამ ერთ კვირაში რომ გაწერენ, რა უნდა იღონოს ორ ჩვილთან ერთად დარჩენილმა მარტოხელა ქალმა ამ სუსხსა და ყინვაში, – მოთქვამდა მოხუცი სანიტარი ქალი და მასთან ერთად ყველა თანაუგრძნობდა დაღუპულის ქვრივს, რომელსაც თითქოს ეს უბედურება არ ეყოფოდა, იმ საღამოს ერთი ჩვილის მოუკვდა. თუმცა, ქალი მაინც ალაჰის მადლობელი იყო, მეორე რომ გადაურჩინა ბედმა და როცა თავს დატეხილი უბედურების შესახებ შეიტყო, დედისერთასაც მუსა დაარქვა მამამისის სახელი. ამასობაში კობა ნამგალაურის ცოლი, მზია გადაჰყვა მშობიარობას. აცხადდა მისი წინათგრძნობა და პატარა ანზორს ის რამდენიმე დღე, ვიდრე უბედური მამამისი სამშობიაროდან გამოიყვანდა, ჩეჩენის ქვრივმა, ხატიჯემ აწოვა ძუძუ. პატარა მუსას მამამისის ნაქონი ავგაროზი ჩამოაცვა ყელზე, ხოლო შვილისთვის წინასწარ შეკვეთილი მისი ასლი ანზორს დაჰკიდა გულზე და მამამისს დააფიცა, ბავშვისთვის ჩაეგონებინა, რომ ავგაროზი ყველგან და ყოველთვის დაიცავდა მას და არც ერთი წუთითაც არ მოეხსნა იგი.

ცეცხლის ხაზზე

ყველგან აირია ცხოვრება ამ ათი-თორმეტი წლის წინ, თითქმის მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში. გაუჭირდა ხალხს. ბევრმა იკადრა უკადრებელი. მათ შორის ხელისუფლებაშიც, ძველებმაც და ახლებმაც. ადამიანები თავს იმით ირჩენდნენ, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ.
საერთოკავკასიური კონფედერაციის თავმჯდომარე (ეს ორგანიზაცია სამი წლის წინ გამოვიდა იატაკქვეშეთიდან და ახლა ოფიციალურად არსებობს) ზაალ კასრელიშვილი ამტკიცებს, რომ დაქირავებული ქართველი მეომრები, რომელთა შორის თითო-ოროლა გარეწარიც ერია, დნესტრისპირეთშიც იბრძოდნენ და მთიან ყარაბაღშიც ხან სომხების, ხანაც აზერბაიჯნელების მხარეს. იმისდა შესაბამისად, ვინ უფრო მეტ ფულს გადაუხდიდა. მისი აზრით, არც აფხაზეთში ჩეჩნების გამოჩენა უნდა გვაოცებდეს – ბასაევი და დაქირავებული ორასსამოცდაათი მებრძოლი მთელ ერთან არ უნდა გავაიგივოთ. მით უმეტეს, რომ მათმა უმრავლესობამ საკუთარი სიცოცხლით აგო პასუხი ჩადენილი ავკაცობისათვის.
ბატონი ზაალისა და კავკასიის ხალხთა ქართველი ექსპერტის, მამუკა არეშიძის აზრით, მოხუცების და ორსული ქალების დახოცვა და სტადიონზე ქართველთა მოჭრილი თავებით ბურთაობაც აფსუების ნამოქმედარია. შესაძლოა მათში თითო-ოროლა გარეწარი ჩეჩენიც გამოერია, მაგრამ საზოგადოდ, ამ ერის ცნობიერებისათვის ამგვარი რამ წარმოუდგენელია. რუსეთის სპეცსამსახურებისაგან გაბრიყვებული რუსლან გელაევიც ეწვია თავისი რაზმით აფხაზეთს, მაგრამ როგორც კი დარწმუნდა, ომი რელიგიურ ნიადაგზე კი არა, რუსების გაჩაღებული იყო, ისე გაბრუნდა, თოფიც კი არ გაუსვრია. თუმცა ამაზე შემდეგ, ამჯერად კი ვნახოთ რა ხდებოდა სოფელ აჭანდარასთან ათი წლის წინ, ზაფხულში.

ეი, აბას, ვაზნები მომაწოდე და ყუმბარმტყორცნიც აამუშავე… რა გახდა ეს სანგარი. მეორე დღეა 12 კაცი ვერაფერს ვაკლებთ, არადა რამდენჯერაც გადავთვალე, ყოველთვის შვიდნი არიან. ან ჩვენ ვისვრით ცუდად, ან არცერთს არ ეკარება ტყვია. დანებებასაც რომ არ აპირებენ?

ამის თქმა იყო და ავტომატის ჯერმა ერთიანად დასხიპა ბალახი სანგრის კიდეზე თავჩამოდებული ჩეჩნების ცხვირწინ. იმავე წამს ერთდროულად აკაკანდა ჩეჩენთა თორმეტივე ავტომატი. ტყვია ერთიანად თხრიდა ქართველთა სანგრის მიწაყრილს. სანგრის სიღრმეში მყოფთ სახეში აცვიოდათ ქვა და ღორღი, მასთან ერთად კი ცვიოდა უკვე ძალადაკარგული და დეფორმირებული ტყვიის გულები. სწორედ ასეთ მომენტს იყენებს მოწინააღმდეგე – როცა ცდილობ, როგორმე ღრმად ჩაიმალო სანგარში, მტერი სწორედ მაშინ დაგაცხრება ქორივით. თუმცა შვიდეულიდან დროდადრო ერთ-ერთი ტყვიის ქარბორბალაში მაინც ახერხებდა მოწინააღმდეგისათვის ცეცხლით ეპასუხა.

გოგიავ! მიხო! ახლა შეეშველეთ, ე მოხევიანთ ანზორა არ წაგვიხდინონ ამ ურჯულოებმა… აბა, ჰე, ტყვიას გაუფრთხილდით, კაცო! – აშკარა იყო, სანგარში მეთაური იძლეოდა განკარგულებებს. ბიჭებს ერთმანეთის გარჩევა უჭირდათ, ერთიანად ამოგანგლულიყვნენ ნაყარი მიწის მტვერში.

აქეთ და იქით, სოფლის დაბლა, ღელის გასწვრივ, ზომოთაც, ხან აქ, ხან იქ, გაღმაც გახურდა სროლა.

აღარ დაიღალნენ ეს შობელძაღლები. ვიცოდე მაინც რამდენს უხდიან. ვინ დაპატიჟათ, ვის ომში იბრძვით?

თითქოს ნათქვამიდან არცერთი სიტყვა არ გამოჰპარვია, თითქოს დაირცხვინესო, მომხვდურებმა სროლა შეწყვიტეს. ცოტა ხანში მოწინააღმდეგემ ქართველების მეთაურთან შეხვედრა ითხოვა – უიარაღოდ შემოვალო თქვენს სანგარში.

უარი არ უთქვამთ, მოსულებმა სათითაოდ ჩამოართვა ხელი „მასპინძლებს“. მერე ის ხელი მკერდზე დაიდო და ალაჰი დაიფიცა – გმირები ყოფილხართ, ბრალია თქვენი დახოცვა. ესესაა რადიოგრამა მივიღეთ, გამთენიისას რუსი მოვა შვეულმფრენით და არც ერთს არ დაგინდობთ. თუ მენდობით, კორიდორს გაგიკეთებთ და ამ ჯოჯოხეთიდან გაგიყვანთ. მერე კი, აი, ეს თორმეტი მოტყუებული ჩეჩენი სიტყვას გაძლევთ, ჩვენი ხელით არცერთი ქართველი აღარ მოკვდება!

იმ ღამეს სხვა საცეცხლე წერტილებიც აშალეს ჩეჩნებმა, ვიწრო კორიდორში ისე გამოატარეს ქართველები, რომ აფსუებს არ შეენიშნათ. ქართველმა ბიჭებმა გამთენიისას საკუთარი თვალით იხილეს, როგორ უმოწყალოდ ბომბავდნენ წუხანდელ, ჯერ კიდევ მხრჩოლავ თავშესაფრებს რუსული ჯავშნიანი შვეულმფრენები.
ის დღე სოფლის განაპირა ტყეში გაატარეს კახელებმა და ერთმა მოხევე ბიჭმა. შეღამებულზე კი თავისიანების მოსაძებნად გასწიეს. რაციის ბატარიები ჯერ კიდევ ორი დღის წინ დაუჯდათ, როცა გამუდმებით ითხოვდნენ დამხმარე ძალას. თუმცა, შეაყარე კედელს ცერცვი, ვის სჭირდები, ან დასახმარებლად ვის სცალია. ქართველთა ერთი ნაწილი აფხაზთა და თვისტომთა სახლებს ძარცვავს, მეორენი იმაზე მოთქვამენ – ეს რა სისულელე გავაკეთეთ, სად წამოვედითო.

„ნუთუ მართლა ასე უპატრონოდ დაგვყარეს? ნუთუ წავაგეთ ეს ომი“, ფიქრობდა კახელების უკან მიმავალი მოხევე და ხვდებოდა, რომ სხვებიც ასევე ფიქრობდნენ.

ოთხარას აქეთ, აზანთაში რომ გადადიოდნენ, აფსუებმა ისეთი ცეცხლი გაუხსნეს, ანზორმა დაასკვნა, აქედან ვეღარ გავაღწევთო. ბიჭები აქეთ-იქით გაიფანტნენ. სროლა არცერთს არ უცდია, ან კი რაღა უნდა ესროლათ. თითო-ოროლა ვაზნაღა თუ შემორჩათ გუშინდელს აქეთ. უცებ იგრძნო, როგორ ატორტმანდა მის ფეხქვეშ მიწა, მერე რაღაც ძალამ ჰაერში აიტაცა და სადღაც მოისროლა.
გონს რომ მოვიდა, ვერაფრით გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა ამ ღელისპირა ეკალ-ბარდებში. აქაურობა სამალავად კი გამოდგებოდა, მაგრამ მეგობრების პოვნის იმედი აღარ ჰქონდა. წამოწევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, ცალი ფეხი ისე დაბუჟებოდა, ვეღარ აითრია. მხარით მიწას დაეყრდნო და უმალ ისეთი ტკივილი იგრძნო, თითქოს ხიშტი ატაკესო მკერდში. აშკარად, ნაღმზე აფეთქებულიყო. აფსუების შემოტევის დროს მხარიც ამოვარდნოდა, ფეხი კი დავარდნის დროს ისე მოუხერხებლად მოჰყოლოდა, რომ ვერაფრით იმორჩილებდა. ნიკაპის ქვეშ მტკივანი ადგილი მოისინჯა – ნაღმის ნამსხვრევს გაეგლიჯა, თუმცა ეს ანგარიშში ჩასაგდები არ იყო და სხვა ჭრილობა რომ ვერ აღმოაჩინა, ღმერთს მადლობა შესწირა. ნელ-ნელა ყველაფერი გაიხსენა და აქედან თავის დაღწევაზე დაიწყო ფიქრი. თუმცა ძალაგამოცლილს, საჭვო იყო, რამე მოეხერხებინა. სხვა რომ არაფერი, მეოთხე დღეა პირში ლუკმა არ ჩასვლოდა, გუშინ დილას აქეთ კი წვეთი წყალიც არ დაულევია…
ნაშუაღამევს ჩეჩნურად ლაპარაკი შემოესმა. „სულერთია ამ მაყვლოვანში გამოხლართულს აფსუები მომკლავენ თუ ჩეჩნებიო,“ გაიფიქრა. ლექსიკონში ერთადერთი ჩეჩნური სიტყვა მოიძია და მიმავლებს დააწია – ჰაუალა! (საით გაგიწევიათო) – და პასუხს დაელოდა.

- ჩვენიანი ხარ? – ჩეჩნურად იკითხა მოგუდულმა ხმამ.
- კაზბეგსკი, – რუსულად უპასუხა ანზორმა.

ძე შეცდომილნი

- თოკი გადმომიგდე, მუსა, ეგებ წელზე ჩავაბა და ისე გამოვათრიოთ, თორემ ამ ჯაგებიდან ამას ვერაფრით გამოვიხსნით. მხარიც ამოვარდნილი აქვს და თვითონ ვერ დაგვეხმარება, ნელა დაქაჩეთ, ცოდოა.

არა, ესენი იმათ არ ჰგვანდნენ, ანზორი და მისი მეგობრები რომ დაიხსნეს სასაკლაოდან. იმედი ჰქონდა, ეგებ ის კეთილი ჩეჩნები იყვნენო, ამიტომაც შეეხმიანა. თუმცა არც ესენი ჩანდნენ ცუდები… ხაფანგიდან გამოხსნის შემდეგ თუ არ დაახალეს ტყვია. თუმცა, მოხდეს, რაც მოსახდენია!.. მაღალმა, ხმელ-ხმელმა ახალგაზრდამ, მუსას რომ ეძახდნენ, ხელის ერთი მოძრაობით ჩაუსვა ამოვარდნილი მხარი, მერე შესცინა ანზორს.

- ჩვენთან წამოხვალ?

- ტყვეს არ ეკითხებიან. რომ შემეძლოს, გავიქცეოდი, მაგრამ სხეული არ მემორჩილება.

- არ გეხუმრებით. გინდა აქვე დაგტოვებთ, წყალსაც მოგცემთ და ქილა კონსერვსაც. აფხაზებმა მოგვატყუეს. აქ რელიგიური ომი კი არა, რუსეთ-საქართველოს ომია და ჩვენ, შამილის შთამომავლებს, არ გვინდა რუსების ომში ბრძოლა…

„რამდენად განსხვავდებიან ხოლმე ერთმანეთისაგან ერთი სისხლისა და ჯიშის ადამიანები. თუმცა არა, ერთი ხისგან განა ბარიც არ ითლება და ნიჩაბიც?“ – გაიფიქრა ანზორმა და წამოდგომა სცადა.

- დღეიდან ჩვენ აქ ორი მტერი გვყავს – რუსი და აფსუა, – დაიწყო სხვებთან შედარებით ასაკით უფროსმა, რომელსაც თავისიანები ომარს ეძახდნენ, – თუ შეგვნიშნეს, რომ მათ გვერდით ბრძოლას აღარ ვაპირებთ, ამოგვხოცავენ. ყაბარდოს მთებისკენ უნდა დავიხიოთ. გზადაგზა ისეთი შთაბეჭდილება უნდა შევქმნათ, თითქოს ქართველებს ვეომებით. ანზორი ჩვენი „ტყვე“ მზარეული იქნება. აკი მოგვიკლეს მზარეული და ქართველს რატომ არ გამოვიყენებდით ვითომ?..

ანზორმა ორიოდ დღეში შეძლო სიარული. ნაღრძობი მხარი და ნაღმის ნამსხვრევისაგან გაჩეხილი ნიკაპი აწუხებდა ცოტათი. რაკი „მზარეული“ შეარქვეს, თვითონაც არ იუკადრისა და მალე აითვისა ეს საქმე. მოღონიერების შემდეგ დააპირა თავისი მფარველებისათვის გაენდო, რომ ქართველებთან აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ჩეჩნების მოქცევას რატომღაც თავის დამსახურებად მიიჩნევდა და შიშობდა, მისი წასვლის შემდეგ კვლავაც უკუღმა არ გადაბრუნებოდათ ჭკუა ჩრდილოკავკასიელებს. ამიტომ დარჩენა გადაწყვიტა.

სოდომი

ბოლო დღეებში აფსუები აშკარა უკმაყოფილონი იყვნენ ომარის რაზმით – ქართველებთან ბრძოლას გაურბიანო. ომარი კი ერთსა და იმავეს ამტკიცებდა – ჩემი ხალხი დაიღალა, უნდა შევასვენოო.
იმ საღამოსაც აფსუების სოფლის თავში, ბებერი მუხის ქვეშ ვახშმობდნენ, როცა სოფლის ცენტრში ცეცხლი აბრიალდა. ცუდად ენიშნა ეს ანზორს, ცუდად ენიშნათ ჩეჩნებსაც.
კოცონის ირგვლივ შეკრებილი აფსუა მებრძოლების ბრბო მსხვერპლს ითხოვდა. მალე წრეში ახალგაზრდა ქართველი ცოლ-ქმარი და პატარა ბიჭი შეაგდეს. ცოლ-ქმარს ქართველების მფარველობას სდებდნენ ბრალად. დასჯა იმით დაიწყეს, რომ მათი პატარა ბიჭი დროდადრო ახლოს მიჰყავდათ ცეცხლთან, – ბავშვის წივილი სისხლს უყინავდა ანზორს. ერთიანად აცახცახებული მოთუხთუხე ქვაბის ქვეშ შენთებულ მუგუზალს ჩაჰფრენოდა და კაცი იფიქრებდა, ამით აპირებსო ბრბოში შევარდნას – იმასაც ვერ გრძნობდა, რომ ირგვლივმყოფნი მას მისჩერებოდნენ. ჩანდა, არც ჩეჩნები განიცდიდნენ ამ შემზარავ სანახაობას მასზე ნაკლებად. მოულოდნელად ანზორი მხარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა.

- გინდა ახლავე იყარო ამათი ჯავრი? – ჩაეკითხა მეთაური.

ამ კითხვას ნამდვილად არ ელოდა. წამით დაიბნა, მერე გონი მოიკრიბა და ანგარიშმიუცემლად უპასუხა:

- მინდა!

- ჰოდა, აი, ტყვიამფრქვევი… იმედია, სროლაც იცი. ჰოდა, ჩვენც შენთან ვართ, – ომარმა თავის ბიჭებს გადახედა და თვალით ანიშნა. იმავე წამს იგრიალა ტყვიამფრქვევმა, რომელსაც ანზორი ჩაჰფრენოდა. უმალ ჩეჩნებმაც გახსნეს ცეცხლი და აფსუებმა იარაღის ხეირიანად გამართვაც ვერ მოასწრეს. ამ საღამოს არც ერთი მათგანი არ გასულა ცოცხალი სოფლიდან. ჩეჩნურმა რაზმმა, რომელსაც ანზორთან ერთად ამ ბრძოლაში დაჭრილი მუსა და ის ცოლ-ქმარიც მიჰყავდა პატარა ბიჭთან ერთად, ბრძოლით გააღწია ყაბარდოს მთებისაკენ.

ძმაო ძმითა ხარ ძლიერი

იმ ღამით ჯაგნარიდან თავდაღწეული ანზორის ტარება მუსამ ითავა და სანახევროდ ზურგზე წამოკიდებული ატარა დავრდომილი. ახლა ანზორის ჯერი იყო. ბავშვივით ხელში ატაცებული მიჰყავდა მეგობარი უღელტეხილის საცალფეხო ბილიკზე. იქითობას, ბარისკენ რომ დაეშვნენ, მძინარე მუსა ჩრდილში დატოვა და სხვებთან ერთად მდინარეში გადაეშვა. ისე ლაღად გაცურა, კაცს ეგონებოდა, ეს-ესაა მთელი ქვეყნის ტვირთი მოუხსნიათ მისთვის ზურგიდანო. ბანაობით რომ გული იჯერა, მდელოზე წამოწვა და მობანავეებს გახედა.

- სად მინახავს ეს ავგაროზი? მგონი რომელიღაც ჩემიანს ეკეთა. უფრო სწორად, ამის ასლი. შენთან რა უნდა ამ ავგაროზს, ანზორ, იგი ხომ მუსლიმანურია, ნუთუ გიაურებსაც გჯერათ ჩვენი ავგაროზების?

- გიაურებს მეგობრობისა გვჯერა, ომარ, და მათგან მოძღვნილი ავგაროზების ტარებაც გვეამაყება. ამან გადამარჩინა…

უეცრად გაღმიდან ვიღაცამ იყვირა, სატვირთო მანქანა გამოჩნდაო და მდინარის მეორე ნაპირს მიაშურა ყველამ, მათ შორის ანზორიმაც, ხელში ატაცებული მუსათი…
ავან-იურთში კი, როცა თავის შვილის მხსნელს პირს აბანინებდა, ავგაროზის დანახვაზე ხატიჯემ უცნაურად შეჰკივლა და მერე ჩაიკეცა. დედასთან უმალ მიიჭრა უკვე მოკეთებული და გაოგნებული მუსა.

- ეს შენი ძმაა, შვილო, მას დედაშენის ძუძუ აქვს ნაწოვი. აღარასოდეს დაკარგო იგი…

პ.ს. ხევში ასულ ძმობილებს ორმოცის სამზადისში დაუხვდა ნამგალაურების ოჯახი. ვიღაცას ამბავი მიეტანა, დედით ობოლი ბიჭი ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპაო. იმის წარმოდეგენა, რაც ამის შემდეგ მოხდებოდა, მკითხველისათვის მიმინდვია.

(გვარ-სახელები და ზოგიერთი გეოგრაფიული ადგილის დასახელება შეცვლილია)

ვაჟა გავაშელი
“კვირის პალიტრა”

Monday, January 20, 2014

"ОАО "ЦНИИ "Буревестник"-ის პერსპექტიული ნაწარმი

"ОАО "ЦНИИ "Буревестник"-ის  2013 წლის მოღვაწეობისადმი მიძღნილ ვიდეოში საკმაოდ ბევრი ჯავშანტექნიკის თემატიკის ახალი ნაწარმი იქნა გაშუქებული. ვიდეოში საუბარი იყო ისეთ საკონსტრუქციო პროგრამებზე, როგორებიცაა:
  • ქსმ Атом
  • თვითმავალი საარტილერიო 120მმ–ნი დანადგარი ჯავშანმანქანა "Волк"–ის ბაზაზე (საარტილერიო ნაწილი 2Б16 "Нона-Б")
  • ОКР "Деривация"
  • ОКР "Завет"
  • ОКР "Веер"
  • სხვადასხვა საბრძოლო მოდულები, მათ შორის БТР-К
  • საარტილერიო დანადგარი "Коалиция"

თვითმავალი საარტილერიო 120მმ–ნი დანადგარი ჯავშანმანქანა "Волк"–ის ბაზაზე (საარტილერიო ნაწილი 2Б16 "Нона-Б")
ОКР "Завет" (საბრძოლო პლატფორმა) და ОКР "Веер" (საბრძოლო მოდული) 
ქსმ "Атом"–ის მაკეტი – აწყობის მომენტში
საარტილერიო დანადგარი "Коалиция"–ს კოშკურა, ქვემეხი და სავარაუდოდ ავტომატური დამტენი
 საბრძოლო მოდული БТР-К (სავარაუდოდ "Бумеранг"–ისთვის)


"ОАО "ЦНИИ "Буревестник"-ის  წლის მოღვაწეობისადმი მიძღნილ ვიდეოსიუჟეტი

Sunday, January 19, 2014

Μ-901Α2 უმართავი რაკეტებით

უმართავი რაკეტების 19 გამშვებიანი ორი ცალი საჰაერო ბლოკით აღჭურვილი Μ–901Α2 



დღის ფოტო – Rafale-M with full load

ფრანგული მრავალფუნქციური საგემბანო გამანადგურებელი Rafale–M სრული დატვირთვით (ფოტო გადიდებადია):
– ფრთის ბოლოებში 2xMICA-IR
– მომდევნო 2xMICA-EM
– 6 ცალი მართვადი ავიაბომბა AASM "HAMMER" 500
– 2 ცალი დასაკიდი საწვავის ავზი 2000L Drop Tank
– ფრთის ძირებში 2 ცალი Meteor
– შუაში 2000L Drop Tank

Saturday, January 18, 2014

J-20-ის მესამე პროტოტიპი

J-20-ის მესამე პროტოტიპი (www.dsjunshi.com)
ჩინეთში, ჩენდოუს ავიასამშენებლო გაერთიანების (Chengdu Aircraft Industry Group – CAIG) აეროდრომზე, 2014 წლის 16 იანვარს გადაღებული იქნა ჩინური მე–5 თაობის გამანადგურებელის,  J-20–ის მესამე პროტოტიპი, საბორტე ნომრით "2011", რომელიც ჯერ ისევ სახმელეთო გამოცდებს გადის.
CAIG–ის მიერ შემუშავებული გამანადგურებლის პირველმა პროტოტიპმა (საბორტე ნომერი "2001") პირველი ფრენა ჩენდოუში, 2011 წლის 11 იანვარს განახორციელა, მეორე პროტოტიპმა კი (საბორტე ნომერი "2002") – 2012 წლის მაისში. მესამე პროტოტიპი პირველი ორი პროტოტიპისგან ვიზუალურად მხოლოდ ცხვირის ქვედა ნაწილში ჩაშენებული ოპტიკურ–ელექტრონული სისტემის არსებობით განსხვავდება.

J-20-ის მესამე პროტოტიპი (www.military.dwnews.com) - ცხვირის ქვედა ნაწილში, ყვითლად ჩანს ოპტიკურ–ელექტრონული სისტემა

Friday, January 17, 2014

იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის ლეგენდარული პარტიზანი გარდაიცვალა





იაპონიაში, 91 წლის ასაკში მყოფი, იაპონიის საიმპერატორო არმიის ყოფილი უმცროსი ლეიტენანტი, ჰირო ონოდა გარდაიცვალა. ონოდა ცნობილი გახდა იმით, რომ 1945 წლის იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ მან ბრძოლა, ფილიპინების ჯუნგლებში კიდევ 30 წლის განმავლობაში, 1974 წლამდე განაგრძო
ამ წლების განმავლობაში, როდესაც ომი უკვე დასრულებული იყო, იაპონელმა ამერიკისა და ფილიპინის არმიის და საპოლიციო ქვედანაყოფებზე ათობით თავდასხმა განახორციელა. თავდასხმების შედეგად მან 30–მდე სამხედრო და სამოქალაქო პიროვნება მოკლა და 100–ზე მეტი დაჭრა. იაპონიისა და ფილიპინების მთავრობას რთული ოპერაციის განხორციელება დასჭირდათ, რათა ონოდა დაერწმუნებინათ იმაში რომ ომი დასრულდა და იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.
სპეციალურად ამისთვის იაპონიაში მოძებნეს ონოდას უშუალო მეთაური, რომელიც ფილიპინების ჯუნგლებში იქნა ჩაყვანილი და მან თავის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ონოდას ბრძანება მისცა რომ საბრძოლო მოქმედებები შეეწყვიტა. მხოლოდ ამის მერე ვეტერანი დასთანხმდა ჩაჰბარებოდა მოწინააღმდეგეს. ფილიპინების კანონებით ონოდას ბანდიტიზმის გამო სასიკვდილო განაჩენი ეკუთვნოდა, მაგრამ იაპონიის მთავრობის დაჟინებული თხოვნით მათ ის შეიწყალეს და სამშობლოში დააბრუნეს.
ონოდას ფილიპინების მთავრობაზე ჩაბარებას თვითონ ფილიპინების პრეზიდენტი ესწრებოდა, რომელსაც ონოდამ თავისი სამურაის ხმალი გადასცა, რომელიც მას პატივისცემის ნიშნად უკან დაუბრუნეს. ჩაბარებისას ონოდას თავისი მუნდირი ეცვა და თან ჰქონდა მუშა მდგომარეობაში მყოფი შაშხანა Arisaka Type-99 და 500 ვაზნა.

ონოდა ფილიპინების პრეზიდენტს გადასცემს სამურაის ხმალს
სახლში ონოდამ დაწერა რამდენიმე წიგნი და დააარსა სკოლა, სადაც ბავშვებს ჯუნგლებში გადარცენას ასწავლიდა.

Thursday, January 16, 2014

EF-2000 + Taurus

Taurus KEPD 350–ით აღჭურვილი EF-2000-ის პირველი ფრენა
გასულ თვეს Eurofighter–მა Storm Shadow–ის გამოცდები დაიწყო, გუშინ კი Taurus KEPD 350–ით განახორციელა პირველი ფრენა. გამოცდებისთვის თვითმფრინავი IPA7 (Instrumented Production Aircraft) გამოიყენება, რომელიც ფრენებს Manching–ის ავიაბაზიდან ახორციელებს. გამანადგურებელს პილოტი–გამომცდელი  Chris Worning მართავდა.
 ეს გამოცდები ერთიანდება Storm Shadow–ის დასრულებისა და ინტეგრირების პროგრამაში და  Taurus–ით განხორციელებული ფრენების შედეგად მიღებული მონაცემები გამოყენებული იქნება Storm Shadow–ის სამსახურში ჩასადგომად.

Storm Shadow–ით აღჭურვილი EF-2000

ახალი სკანდალი აშშ–ს არმიაში

ინტერნეტში აშშ–ს საზღვაო ქვეითების მორიგი "შეუსაბამო ქცევის" ფოტოები გამოჰკიდეს. ფოტოებში, რომლებიც ინტერნეტპორტალმა TMZ გამოაქვეყნა, აღბეჭდილია აშშ–ს საზღვაო ქვეითები, რომლებიც უკვე დალპობის სტადიაში მყოფი ერაყელი პარტიზანების გვამებს წვავენ (სავარაუდოდ სუნმა შეაწუხათ):
პროგრესიულად მოაზროვნე საზოგადოების არანაკლები აღშფოთება გამოიწვია "მარადიორობის" ფაქტმა – ფოტოზე ამერიკელი ჯარისკაცი მოკლული ერაყელის ტანსაცმელს ჩხრიკავს (რას ეძებდა გაუგებარია):
 ასევე ამერიკელების საყვარელი პოზიორობა: 

როგორ კომენტარებში წერენ (IRAQI DEATH SCENE PICS OF MARINES BURNING BODIES Trigger U.S. Military Investigation [PHOTOS]) – არმიაში წარუმატებელი და კრიმინალური წარსულის მქონე ხალხი მიდის, რომლებსაც უნდათ რომ ციხეს თავი აარიდონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რომ ეს ყველაფერი სირცხვილია და ამგვარი ჰუმანოიდური აზრები.

P.S. ბრძოლის ველი ისეთი ადგილია სადაც მტერი გძულს, და ეს განსაკუთრებით პარტიზანული ბრძოლების დროსაა გამოხატული. ამიტომ ჯარისკაცებს ვერ მოსთხოვ გადამეტებულ ჰუმანურობას. მე თუ მკითხავთ – დიდი არაფერი დანაშაული და კრიმინალი არაა ფოტოებზე აღბეჭდილი, აიღეს და დეზინფექცია ჩაატარეს, ვის ექნებოდა მაგ დროს საფლავების თხრის თავი. პატრონმა არ მიხედა დახოცილების გვამებს და ჯარისკაცებს მოსთხოვე ეხლა რატო დაწვითო.

დილა მშვიდობისა ხალხ

მოდი რახან ისევ საახალწლო–საშობაო სული ტრიალებს ამ ფოტოს დავდებ

ფოტოზე ისრაელის საარმიო ავიაციის კუთვნილი დამრტყმელი ვერტმფრენი "კობრა" (AH-64A, რომელსაც ებრაელები “Peten”–ს უწოდებენ, რაც კობრას ნიშნავს) წინასაახალწლო საჩვენებელი ფრენისას სითბური სატყუარა მაშხალების ზალპს ისვრის.

Tuesday, January 14, 2014

ძველით ახალ წელს ვულოცავ ყველას

ვულოცავ ყველას ყველა ამ დღესასწაულებს – შობას და ორივე ახალ წელს :D

სანტა ქაბულში:
 – ხო,ხო,ხო. ცუდ ბიჭებს დაერხა.