გაზეთ "კვირის პალიტრა"–ს ვებ გვერდზე განთავსდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ, წარმოგიდგენთ რამოდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ჩემის აზრით საკმაოდ საინტერესოა:
"დიდი პატივია, როდესაც ჯართან გაქვს საქმე, როდესაც ღმერთი და ხალხი გაძლევს შესაძლებლობას, ქვეყანაში რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო", - გვითხრა თავდაცვის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ირაკლი ალასანიამ, რომელსაც "კვირის პალიტრის" მკითხველმა მაღალჩინოსნების რეიტინგში მოწინავე ადგილი მიაკუთვნა:
- - წინა ხელისუფლების დროს უცხოეთში დაღუპულ ჯარისკაცებს მალულად ჩამოასვენებდნენ, მალავდნენ დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობასაც.
- უკვე მეცხრამეტე ჯარისკაცი დაგვეღუპა. საქართველომ თავის შვილებს საკადრისი პატივი უნდა მიაგოს, როდესაც ბოლო გზაზე ვაცილებთ და საზოგადოებასაც უნდა მივცეთ საშუალება, ამის თანამონაწილე გახდეს. ეს ხალხი ხომ ჩვენს უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ავღანეთში. ამიტომაც აუხსნელი იყო ხელისუფლების შეცვლამდე არსებული პრაქტიკა.
- - უცხოეთში ჩვენი სამხედრო კონტინგენტის შემცირებას ხომ არ გეგმავთ?
- 2014 წლამდე არც შემცირება იგეგმება და არც კონტინგენტის გაზრდა. "აისაფის" ოპერაციის დასრულების შემდეგ აღარ მივიღებთ მონაწილეობას სამხედრო საბრძოლო ამოცანებში. აქცენტს გადავიტანთ ავღანელი კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარებასა და წვრთნაზე. შეიძლება ითქვას, 2014 წლიდან ჩვენ არასაბრძოლო მისია გვექნება ავღანეთში.
- - რადგან სამუშაო მაგიდაზე საბრძოლო მანქანა "დიდგორის" მოდელი გიდევთ, ეტყობა, მოგწონთ. როგორი იქნება ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი სამხედრო-სამრეწველო კომპლექს "დელტას" მომავალი, მით უმეტეს, რომ იქ სამინისტროს გენინსპექცია შევიდა?
- "დელტას" ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, თანამედროვე აზროვნების მენეჯერები და დარწმუნებული ვარ, ის აბსოლუტური ფინანსური უპასუხისმგებლობა, რაც "დელტაში" იყო, დასრულდება. საბრძოლო მანქანა "დიდგორის" საბრძოლო გამოცდა უნდა ჩავატაროთ (რაც აქამდე არ ჩატარებულა) და მერე გვექნება თავდაჯერებული პასუხი.
- - პრემიერმა განაცხადა, რომ სკეპტიკურად უყურებს საბრძოლო მანქანების წარმოებას საქართველოში, ამას უზარმაზარი სამრეწველო კომპლექსი სჭირდება, რაც არა გვაქვსო.
- პრემიერი უახლოეს დღეებში ნახავს ამ საწარმოს. თუ არ ნახე, ძნელია მისი პოტენციალის დაჯერება. მეც ვეჭვობდი, შეგვეძლო თუ არა სამხედრო მანქანების წარმოება. შეგვიძლია, თუ სწორად დავგეგმავთ და მენეჯმენტს სწორად წარვმართავთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბაზარზე, თვითღირებულებასა და რენტაბელურობაზე. იმედია, მოვახერხებთ ხალხის დასაქმებასა და სამხედრო ინდუსტრიის შექმნას. ვმუშაობთ უპილოტო სისტემაზეც, მომავალში ვნახავთ, რა პრიორიტეტები გამოჩნდება.
P.S. ყურადრებას გავამახვილებ მინისტრის პასუხს სამხედრო–სამრეწველო კომპლექს "დელტას" შესახებ – ამ რამდენიმე დღის წინათ ბლოგზე ჩემს მიერ დაწერილი ანალიზი სრულებით ეთანხმება მინისტრის მიერ გამხაურებულ მოსაზრებას:
- რამდენად გააჩნდა საქართველოს სამეცნიერო ბაზა და გამოცდილება რომ ტექნიკის ახალი ნიმუშები სათანადოდ გამოეცადა და დაეხვეწა?
- საერთოდ რა გამოცდები გაიარა?
- გამოცდების დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრები რა დაჯდა, რამდენად მოუმატა ფასი საბრძოლო ტექნიკას და რამდენად სასარგებლო იყო ამ ფასად ტექნიკის შესყიდვა და სერიაში ჩაშვება (ფასი/ეფექტურობა)?
- რამდენად გააჩნია ჩვენს სამხედრო წარმოებას ამ ტექნიკის მასიურად წარმოების შესაძლებლობა? საუბარი არაა შესყიდული ნაწილებით აწყობილ უპილოტოებზე და ჯავშანმანქანა დიდგორზე – მე კონკრეტულად ამ შემთხვევაში ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკაზე" ვსაუბრობ, რომელიც ნამდვილად ყველაზე რთული მანქანაა რაც ჩვენებმა ააწყვეს.
- როგორც წესი სამხედრო ტექნიკაზე დახარჯული თანხები ყველა ნორმალურ ქვეყანაში გამჭვირვალეა – ჩვენთან ეს თანხა არ გახმაურებულა და ესეც კიდევ დამატებითი ეჭვების წყაროა.
- რა ხარისხით მზადდება ეს ყველაფერი და ხარისხის კონტროლი რა ბერკეტები არსებობს? ეს იმის ფონზე რომ დელტას ფაქტიურად მონოპოლიზაცია აქვს სამხედრო წარმოებაზე.
- შემოტანილ თუ აქ შექმნილ შეიარარებისა და საბრძოლო ტექნიკის შექმნა–აწყობისას რამდენია შემოტანილი და რამდენია ადგილობრივი წარმოების წილი და რა მოგება რჩება სახელმწიფო ბიუჯეტს ამ ყველაფრიდან.
იმედია სულ მალე ნებადართულის ფარგლებში ჩვენთვის ცნობილი გახდება ამ გამოცდების შედეგები და ფინანსური მიზანშეწონილობის კვლევების შედეგები.
No comments:
Post a Comment