Thursday, August 15, 2013

„სხვის ომში დაღუპულები“

ასეულის საბრძოლო მართვის ცენტრის კარავში საკაიფოდ ცხელოდა. კონდიციონერი კი გაჰყმუოდა, მაგრამ ვერ ერეოდა ავღანეთის სიცხეს და მორიგე ცვლა მაისურებით იჯდა მაგიდასთან. ყველა რაღაცას ჩაჰკიდრკიტებდა – ბრძოლის კაპიტანი თავის თანაშემწესთან ერთად კედელზე დაკიდებულ რუქასთან იდგა და მორიგი IED–ის აფეთქების ადგილზე წითელ ჭიკარტს არჭობდა.
საჭიკარტე ადგილი აღარ დარჩა. გაიღადავა კაპიტანმა.
აბა, აბა, რას გვიშვება ეს თალიბანი!!! მხარი აუბა თანაშემწემ.

მეკავშირე რაციას აწვალებდა:
მე–3, მე–3 გამოდი კავშირზე, COC–ი ვარ. როგორ გესმის ჩემი. პასუხად დინამიკში მდუმარე შხრიალი ისმოდა. მიუხედავად ამისა ღიპიანი მეკავშირე რაციას არ ეშვებოდა და შედეგიც მიიღო. დინამიკში ჯარისკაცი ხმა გაისმა:
მე–3 საგუშაგო კავშირზე ვარ.
დილის მოხსენება დაგავიწყდათ? ბრაზიანდა ჩასძახა ყურმილს მეკავშირემ.
რაა? ვერ გაიგო ჯარისკაცმა.
მოხსენება, მოხსენება შე ჩემა, ბატალიონის შტაბს ასეულის მოხსენება ესაჭიროება და თქვენი გვაკლია.
ააა. მიხვდა უცბად ჯარისკაცი – რავი მშვიდობაა ჩვენს სექტორში, დაჭრილი არავინაა არც დაღუპილი. გაეღადავა ჯარისკაცი.
თუ ჩამოვედი დაჭრილებს მერე განახებ. გაბრაზდა მეკავშირე
ღიპუც მოეშვი. 
გააგრძელე!!! დაიღრინა მეკავშირემ
ტყვია წამალი 100%–ზეა, არ გაგვიხარჯია, 3 ცალი მანათობელი მაშხალა გავისროლეთ წუხელ, თუ დაგვიმატებთ კარგი იქნება. წამოვიდა მოხსენება საგუშაგოდან.
მაცადე ვიწერ.................შმდეგ?
წყალი დღეს გვეყოფა, ხვალ შევსება დაგვჭირდება.საჭმელი არის ბლომად.
რამდენი დღის?
ასე 3–4 დღე გვეყოფა.
კაი, ყურადღებით იყავით. დაარიგა ჭკუა მეკავშირემ.

მეკავშირის ზურგს უკან, მაგიდასთან ამერიკელი საზღვაო ქვეითების ANGLICO ჯგუფის მეთაური, ზანგი კაპიტანი იჯდა და თავის რაციას ხან ააწყობდა და ხან დაშლიდა, მაგრამ რაიონში მოპატრულე გამანადგურებელთან მხოლოდ ხმოვანი კავშირი ჰქონდა, სადაზვერვო ელექტრო–ოპტიკური კონტეინერიდან ცოცხალი გამოსახულება ეკრანზე ვერაფრის დიდებით ვერ გამოჰყავდა. 5 წუთის შემდეგ გინებაზე გადავიდა და სულ „ფაკ“, „ფაკო“ იძახოდა. თავის სერჟანტს დაუძახა – მომეხმარეო. მაგრამ ვერც სერჟანტმა ვერ უშველა ვერაფრით ცოცხალ ჩართვას. ამასობაში გამანადგურებლის მფრინავი გამოვიდა კავშირზე და მოხსენება გააკეთა – საწვავი მითავდება და ბაზაზე ვბრუნდებიო. კაპიტანმა ერთი კიდევ შეუკურთხა რაციას და წინ დალაგებული უცილობლად ყველა ბლოკონტი და წიგნი სულ ხელუკუღმა ისროლა, სასროლი რო აღარაფერი დარჩა მუშტები დასცხო მაგიდას და ინგლისურად თავის ბედზე დაიწყო წუწუნი.
ბრძოლის კაპიტანი თავის თანაშემწეებთან ერთად ინტერესით ადევნებდა თვალყურს ამ სცენას – ფინალზე კი გულიანი სიცილი აუტყდათ.
რაო ჯექსონ, დაგიცურდა შიფერი?
Yes, Tile, Tile. აღმოხდა კაპიტან ჯექსონს და ხელით თავზე შიფერის დაცურების ინსცენირება გააკეთა. რამაც სიცილის ტონალობა უფრო გაზარდა.
იქვე კუთხეში შეიარაღების სერჟანტი ინტერნეტში იქექებოდა, მონატრებულ გულზე ქართულ პრესას კითხულობდა. უცბად მისი ბრაზიანი ხმა გაისმა:
ეს ყლეები ნახე რას წერენ?
რომელიღაცამ კითხვა დაუბრუნა:
რა ხდება? ახლოს მივიდა და ეკრანს მიაჩერდა. რამდენიმე წამში მანაც გინება დაიწყო.
ახლა უკვე ყველა დაინტერესდა და კომპიუტერისკენ მიტრიალდა. სერჟანტმა ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა:
სტატიაა ქართულ პრესაში სახელწოდებით „სხვის ომში დაღუპულები“.
იმ დღეს დამსახურებულად ქართულმა საზოგადოებამ, პრესამ და ჟურნალისტებმა რამდენიმე ტონა 9 სართულიანი გინება ისე შეიწოვა როგორც არაფერი. მაგრამ ამით საქმეს არ ეშველა. ჯარისკაცებს კი გულები დასწყდათ – ხშირად ერთ სიტყვას ძალიან დიდი სტიმულის მოცემა შეუძლია, ან პირიქით, ისე ჩაგიჯვამს ხასიათში რო გულიანად დაძინება და ყველაფრის დავიწყება მოგინდება.

იყავი ფხიზლად თუ გინდა რო იცოცხლო

11 საათი იქნებოდა, ბრძოლის კაპიტანი თავისი კომპიუტერის წინ სავარძელში გადაშხლართულიყო და ღამენათევ თვალებს ისრესდა. ღამემ წყნარად ჩაიარა, ყველა პატრული მშვიდობიანად დაბრუნდა დისლოკაციის ადგილზე. კაპიტანმა გემრიელად დაამთქნარა, ალბათ უკვე იმაზე ფიქრობდა თუ როგორ გაიშხლართებოდა ერთ საათში საწოლზე და საღამომდე რამდენიმე სერიან ძილს გამოაცხობდა.
ბრძოლის კაპიტანი ისე გაიზმორა, რომ ძველბმა ტკაცუნი დაიწყეს – უცბად შორიდან ყრუ აფეთქების ხმა გაისმა, ერთ წამში მეორე მოყვა და ზედ ტყვიამფრქვევის „კაკანი“ დაერთო. სროლის ხმა უფრო გაძლიერდა – აშკარა იყო ბრძოლაში ორივე მხარე ჩაება. კაპიტანს სროლამ შუა გაზმორვაში მოუსწრო, სავარძლიდან წამოხტომა დააპირა და კინაღამ ამოყირავდა. ჯერ ისევ სავარძელთან თანასწორობის ბრძოლაში იყო ჩართული რო მეკავშირეს გასძახა:
ჩქარა გადი კავშირზე „მწვანესთან“, მაგათი მხირდანაა სროლის ხმაა, გაარკვიე რა ხდება!!!
თუმცა ამის თქმა საჭირო აღარ იყო, მეკავშირე ისედაც წელამდე რაციის ყურმილში იყო შემძვრალი და სიტუაციის გარკვევას ცდილობდა:
„მწვანე“, „მწვანე“ როგორ გესმის ჩემი, გამოდი კავშირზე.
როგორც იქნა „მწვანე“–მ ხმა ამოიღო, მაგრამ ეს მხოლოდ მეკავშირე იყო, თვითონ ოცეულის მეთაური რაციასთან არ აღმოჩნდა.
სადაა მეთაური? ეცა რაციას ბრძოლის კაპიტანი.
მანქანებს უკავშირდება და სიტუაციაში გარკვევას ცდილობს. უპასუხა მეკავშირემ.
სასწრაფოდ დაუძახე, მომახსენოს რა ხდება.
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კავშირზე ისევ მეკავშირე გამოვიდა:
„კამანდირ“–მა მაცადონ, არ მცალიაო.
რას ჰქვია არ სცალია!!!?  ახლა უკვე გაცოფებული ბრძოლის კაპიტანი გაძვრა რაციაში.
დამრტყმელ ჯგუფს აყალიბებს და რამდენიმე წუთში ყველაფერს მოგახსენებთ. უპასუხა მეკავშირემ.

სახმისი „მწვანე“

ბაზიდან ერთ კილომეტრში, აღმოსავლეთ ფერდობის ძირში სოფელი შაბანი იწყებოდა, რომელიც ფერდობის ძირს, ჩრდილოეთიდან სამხრეთით 1,5–2 კილომეტრზე გასდევდა. ბაზიდან დაშვებული გზა (ამერიკელების მიერ ტრაქტორით გასუფთავებული რელიეფის ნაწილი, რომელიც გზად გამოიყენებოდა) შუაზე ჰკვეთდა მას, ყანებში გადიოდა დაახლოებით 800 მეტრს და დამშრალი მდინარის კალაპოტთან სამხრეთით უხვევდა. რის შემდეგაც 4 კილომეტრში მდინარე სანგინს კეთდა და იმავე სახელწოდების ქალაქში შედიოდა, სადაც ამერიკელი საზღვაო ქვეითების და ბრიტანული „კომანდოს“ ბატალიონის ბაზები იყო განთავსებული.
გზა სტრატეგიული მნიშვნელობისა არა, მაგრამ ოპერატიული მნიშვნელობისა ნაღდად იყო. მისი გავლით მარაგდებოდა ქალაქ სანგინში დისლოცირებული კოალიციის ბაზები. ამიტომაც ქართველების B (ბრავო) ასეულს დაევალა გზის იმ ნაწილის კონტროლი, რომელიც მისი მოქმედების ზონაში მდებარეობდა. სწორედ ამ მიზნით, სოფელ შაბანსა და დამშრალი მდინარის კალაპოტს შუა მდებარე 800 მეტრიან მონაკვეზე საბრძოლო პოზიციები მოეწყო და მის დასაცავად ერთი ოცეული იქნა გამოყოფილი.
პოზიციები შუა შაბანიდან იწყებოდა, სადაც სოფელის მკვეთავ გზაზე ერთი MRAP Cuguar–ი და 10 ჯარისკაცი იდგა. ბოლო მანქანა დამშრალი მდინარის კალაპოტთან იყო ჩასანგრებული. ამ ორ მანქანას შორის თანაბარ მანძილებზე კიდევ ორი MRAP–ი ისე იყო განაწილებული რომ მანქანებს შორის ვიზუალური კავშირი არსებულიყო. 
სწორედ ამ პოზიციებს, იმ მიზეზით რომ ყანებსა და ბაღებში გადიოდა, ეწოდებოდა „მწვანე ზონა“ და შესაბამისად იქ ჩასანგრებული ოცეულის რადიო სახმისიც „მწვანე“ იყო.


რაციის მეორე მხარეს:

დილა იყო, ღამის პატრული „მწვანე“ პოზიციებზე დაბრუნდა. ლეიტენანტმა ღამის ხედვიანი ჩაფხუტი მოიხადა, დაწითლებული შუბლი და საფეთქლები მოიზილა და ჩაფხუტს და ღამის ხედვას გამჩენი მოუკითხა.
ლეიტენანტის უკან 15 კაციანი პატრული მანქანასთან შემოლაგდა და მოწყვეტით დეყარა მიწაზე. პატრულმა მშვიდობიანად ჩაიარა. სერჟანტმა აღჭურვილობა შეამოწმებინა ჯარისკაცებს, დარწმუნდა რო ყველაფერი ადგილზე იყო, ხელყუმბარები შეაგროვა, ფალიები დახსნა და ყუთში ჩაყარა. შემდეგ ლეიტენანტს რპგ–22 გამოართვა, თავისიც მოიხსნა ბეჭებიდან და MRAP–ის უკანა სავარძლის უკან შეალაგა. ჯარისკაცები ბრძანების გარეშე დაიშალნენ და თავთავიან მანქანებისკენ გაემართნენ.
ოე, მეკავშირე. შესძახა მანქანაში რაციასთან მჯდომ ჯარისკაც მეთაურმა.
გისმენ „კამანდირ“.
გადაეცის COC–ში რო დავბრუნდით და მოკლედ კლასიკური ლექსი მოუყევი, იცი რაც უნდა მოახსენო.
არის „კამანდირ“. უპასუხა მეკავშირემ და რაციის წამებას შეუდგა.
ლეიტენანტი პარაშუტგადაფარებულ სანგარში ჩაძვრა, ჯავშანჟილეტი და ჩექმები გაიხადა და პარალონზე გაიშხლართა. მიუხედავად იმისა რომ ღამენათევი იყო ძილი მაინც არ ეკრაებოდა, რაცია აიღო და ბოლო მანქანას დაუკავშირდა, სადაც ოცეულის სერჟანტი ეგულებოდა.
„მწვანე–04“ გამოდი კავშირზე.
„მწვანე–04“ კავშირზე ვარ.
რას შვები ემზადები პატრულისთვის?
კი, უკვე მოვდივართ თქვენი მანქანისკენ, მანდ შევიკრიფებით და ინსტრუქტაჟიც მანდ გვექნება.
ლეიტენანტმა სანგრიდან ამოიხედა და მოახლოებული სერჟანტი და მასთან მომავალი 4 ჯარისკაცი დაინახა, საპირისპირო მხრიდან კიდევ რამდენიმე ჯარისკაცი მოემართებოდა მეთაურის მანქანისკენ. ჯარისკაცებს მძიმე რეჟიმში უწევდათ სანგრებში ცხოვრება – ნახევარი პირადი შემადგენლობა ღამე გადიოდა პატრულში, ამ დროს მეორე ნახევარი სანგრებში ღამის მორიგეობას ეწეოდა. დილით როლები იცვლებოდა – ღამით ნაპატრულები ჯარისკაცები საგუშაგოზე დგებოდნენ, ხოლო ღამე ნაგუშაგარები კი დღის პატრულში გადიოდნენ.
დღის პატრულმა მეთაურის მანქანასთან შეგროვება დაიწყო. ოცეულის სერჟანტი კიდევ რამდენჯერმე გავიდა მანქანებთან კავშირზე და დააჩქარა პატრულის წევრები.
უცბად ოცეულის სერჟანტის მანქანასთან, რომელიც პოზიციის ბოლოს, დამშრალი მდინარის კალაპოტთან იდგა, ზედიზედ ორი აფეთქების ხმა გაისმა და ზედ ტყვიამფრქვევის ჯერი მოყვა. პასუხმა არ დააყოვნა და მანქანის კოშკურაზე მდგარი ტყვიამფრქვევიც მყისიერად აყეფდა და ამოუსუნთქავად დაუშვა ტყვიის სეტყვა მომხდურთ. ტყვიამფრქვევს მხარი M-4–ბმაც აუბეს და აშკარა გახდა რო ცხარე ბრძოლა გაჩაღდა. ლეიტენანტის მანქანასთან შეგროვებული დღის პატრული და თვითონ ლეიტენანტის მანქანის ეკიპაჟი მიწას გაეკრა. სიტუაცია გაურკვეველი იყო, ცეცხლის ქვეშ მყოფი მანქანა 150 მეტრში იდგა, გზიდან კი ჩანდა, მაგრამ იმის იქით რა ხდებოდა კაციშვილმა არ იცოდა, კაცის სიმაღლე სიმინდის ყანები მთელს სექტორს ფარავდა. ლეიტენანტი ხელის რაციას ეცა და მანქანას დაუკავშირდა. ყველანი წესრიგში იყვნენ.
ბოზები. კბილებს შუა გასცრა ოცეულის სერჟანტმა – დაგვინახეს რო ნახევარი ეკიპაჟი აქეთკენ წამოვედით და ალბათ იფიქრეს შესუსტებულ პოზიციას დავარტყამთო.
მყისიერი პაუზის შემდეგ ლეიტენანტის ღამენათევმა ტვინმა „აბაროტების“ აკრეფა დაიწყო. რამდენიმე ბრძანება გასცა, ჯარისკაცებიც დატრიალდნენ, ისევ ჩამოყარეს მანქანაში შელაგებული რპგ–22–ები, ყველა ისედაც აბჯარასხმული იდგა, ზოგი ჯავშანჯილეტს ისწორებდა, ზოგი ჩაფხუტს ირგებდა, ისევ დარიგდა ხელყუმბარები. ამერიკელთა 5 კაციანი მომაგრებული ჯგუფიც (ექიმი, ორი ANGLICO და ორი ხალხთან ურთიერთობის ჯგუფის სერჟანტი) ფეხზე იდგა. ლეიტენანტმა ავღანელ თარჯიმანს გასძახა ANA–ს ჯარისკაცები გამოეყვანა და თვითონაც გამზადებულიყო.
„კამანდირ“ COC გვიკავშირდება, მოგვახსენოს რა ხდებაო. დაიყვირა მეკავშირემ მანქანიდან.
მაცადონ, დამრტყმელ ჯგუფს ვამზადებ და რო დავლაგდები ვეტყვი ყველაფერს.

Dirty war

ხახლი უკვე გასასვლელად მზად იყო და ლეიტენანტს უყურებდნენ. ლეიტენანმა მეკავშირეს რამდენიმე სიტყვა უთხრა.
დანარჩენი შენც იცი. მიაძახა მოტრიალებისას და ჯგუფს ჩაუდგა თავში.
გზას ორ რიგად გაუყვნენ, თავში ლეიტენანტი და ოცეულის სერჟანტი იდგნენ და ძუნძულით მიყავდათ ხალხი, თან გზაში გეგმას აწყობდნენ. 150 მეტრი 25–იოდე წამში დაფარეს. ადგილზე მისვლისას ცეცხლი უკვე შეწყვეტილი დახვდათ. ავღანელებმა კლასიკურ ტაქტიკას მიმართეს – მყისიერი თავდასხმა სუსტ ადგილზე და შემდეგ მოსახლეობაში მიმალვა.
ჯგუფი მეთაურმა მანქანის გვერდით მიწაყრილთან განალაგა. ამერიკელებიც იქვე ჩაწვნენ. 
სერჟანტ შენი 10 კაცით დამშრალი მდინარისკენ განახორციელებ გადარბენას. ჩვენ აქედან დაგფარავთ. ამერიკელები აქ დარჩებით, არ გვინდა ზედმეტად სიტუაციის ახლართვა, რამე რო მოხდეს ერთმანეთ ვერაფერს გავაგებინებთ. ANA–ას ჯარისკაცები და თარჯიმნები ჩემთან იქნებით. გასცა ბრძანება ლეიტენანტმა.
რა მოხდა? ჩაეკითხა ლეიტენანტი მანქანის ეკიპაჟს.
რავი „კამანდირ“, დებილები რო არიან, 100 მეტრიდან ამხელა მანქანას ორი რპგ–7–ის ჭურვი ააცილეს. ან ბრმები არიან და ან ბნედიანები. მეგრული კილოთ უპასუხა ყურებამდე გაღრეჯილმა ზანგივით შავმა ჯარისკაცმა, რომელიც მანქანის კოშკურაზე მდგარ ტყვიამფრქვევს ეჯდა.
შენ კიდევ უარესად გაშავდი ბიჭო?
ხო კამანდირ, სოლარიუმში დავდივარ, მზეს სად ვნახავ აქანე. უარესად გაიღიჯა ჯარისკაცი. ხუმრობამ საერთო სიცილი გამოიწვია.
თარჯიმანმა ყველას უთარგმნა ბრძანება. სერჟატნმა ჯგუფი წამოაყენა და მდინარის კალაპოტისკენ დაიძრა. 50 მეტრში მიწაყრილთან ჯგუფი ჩაწვა. მას ლეიტენანტი მიყვა თავის ჯგუფით, გვერდი აუარა სერჟანტის ჯგუფს და კალაპოტის მეორე ნაპირთან გამაგრდა. იმის იქით კაცის სიმაღლე ბუჩქების და ბალახების 100 მეტრიანი ზონა იწყებოდა. ბალახებს იქეთ სოფელი მოსჩანდა. სწორედ ეს სოფელი იყო საიერიშო ჯგუფის მიზანი, თავდამსხმელები ყველა ვარიანტში იქ შეაფარებდნენ თავს.
სანამ ლეიტენანტი რელიეფის შეფასებას ცდილობდა სერჟანტის ჯგუფიც წამოეწია და გვერდით ჩაწვა.
სერჟ, მეტყვიამფრქვევეები წაიყვანე, სოფელს მარჯვნიდან მოუარეთ და აი იმ გორაკზე გამაგრდით, მაქედან მთელი სოფელი ხელის გულზე გექნებათ.
გასვლის წინ სერჟანტმა მეთაურთან კავშირი კიდევ ერთხელ შეამოწმა და რამდენიმე კაცთან ერთად ბუჩქებში მიიმალა. რამდენიმე წუთში გორაკის ფერდობზე გამოჩნდა, ჯგუფს მიუძღოდა წინ, წვერზე ავიდნენ, პერიმეტრი დაიკავეს და მზად ყოფნა მოახსენეს.
ჯგუფი ისევ ორად გაიყო, მორიგეობით მიუახლოვდნენ სოფელს, ღობეებთან პოზიციები დაიკავეს. პირველი სახლი ANA–მ გაჩხრიკა. სუფთა იყო. მეტყვიამფრქვევე დამხმარესთან ერთად სახურავზე აძვრა და მთელი ქუჩა თავის პოზიციას მოარგო. რის შემდეგაც ჩხრეკა დინამიკურად განვითარდა – რამდენიმე კაციანი ჯგუფებით გადაადგილდებოდნენ სახლიდან სახლისკენ, ეზოდან ეზოსკენ. ავღანელი ჯარისკაცები შენობებში შედიოდნენ, ოჯახები გარეთ გამოყავდა და ყველა კუთხე კუნჭულს ჩხრიკავდნენ. შეშინებული დედები ბავშვებს იკრავდნენ. მეტყვიამფრქვევე სახურავიდან სახურავზე გადადიოდა. ყოველი კუთხე კონტროლზე იყო აყვანილი. ყველა შენობა სუფთა იყო, არც იარაღი და არც მებრძოლი (თუმცა გულის სიღრმეში ყველამ იცოდა რო თავდამსხმელებმა იარაღი სადღაც გადამალეს და თვითონ მოსახლეობას შეერივნენ).
პირველმა ჯგუფმა ჩხრეკა დაამთავრა და სოფლის ბოლოში გორაკის ფერდობზე ჩაჯდა. მეორე ჯგუფი ბოლო შენობებს ამოწმებდა. სწორედ ამ დროს ვიღაცა ჭაღარა მოხუცი დაიხატა ქუჩაში და რაღაცის ახსნას მოჰყვა. ლეიტენანტმა თარჯიმნებს დაუძახა და საუბარი გააბა.
სოფლის უხუცესია. ახსნა თარჯიმანმა.
კითხე ვინ გვესროდა?
თარჯიმანი ჩაეკითხა.მაგრამ როგორც წესი პასუხი ვერ მიიღო.
ამბობს რა სროლა, არაფერი გაგვიგია, გვეძინაო.
ყლეს ვგევარ ეხლა მე თუ ეს მაყლევებს? გამოუვიდა ლეიტენანტს ბოლი ყურებიდან.
ავღანელი თარჯიმანი უხუცესს რაღაცას ეკამათებოდა თავის ენაზე. სწორედ ამ დროს სოფლიდან სამხრეთით 2–3 კილომეტრში, ქალაქ სანგინში მაგარი დაგნარი იყო გამართული. ბრიტანელების დამრტყმელი შვეულმფრენი „აპაჩი“ ჰაერში წრეეებს ხაზავდა და რაც კი ჰქონდა და არ ჰქონდა ყველაფერს ისროდა. ჯერ უმართავი რაკეტების ზალპი მისცა და შემდეგ ქვემეხის ლულა გააწითლა იმდენი ისროლა.
ლეიტენანტმა ვერტმფრენისკენ გაიშვირა ხელი და სოფლის უხუცესს მიმართა:
აი ვერტმფრენს ხო ხედავ, ტრაკის თამაშს თუ არ მოეშვებით თქვენს სოფელზე დავკიდებ მაგას. აწი ერთი ტყვიაც რო გავარდეს თქვენი მხრიდან გადაგბუგავთ დედაბუდიანად. თარჯიმან რაც გითხარი ზუსტად მასე უთარგმნე, ყლეზე მკიდია ამათთან მოქცევის წესები.
ჭაღარა მოხუცს ყბა აუკანკალდა და რაღაცას ლუღლურებდა. სოფელში გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა, ყველა შენობა გაჩხრეკილი იყო. ჯგუფებმა მორიგეობით დაიწყეს უკან გასვლა. ბოლო სიმაღლეზე მდომი სერჟანტი მოიხსნა თავისი მეტყვიამფრქვევეებით. მზე ზენიტში იყო, ავღანური სიცხე სუნთქვის საშუალებას არ იძლეოდა. მოიერიშე ჯგუფი ნელი ნაბიჯით ბრუნდებოდა პოზიციებზე, მეთაურს გვერდე რაციააკიდებული მეკავშირე მოჰყვებოდა, ყურმილი ლეიტენანტს ეჭირა და ასეულის COC–ში მომხდარს დაწვრილებით გადასცემდა.
ამერიკელები ისევ მანაქნის გვერდზე იწვნენ, სადაც ლეიტენანტმა დატოვა. როგორც კი ლეიტენანტი დაინახეს ANGLICO–ს სერჟანტები ფეხზე წამოდგნენ და რაღაცის ახსნა დაუწყეს.
სოფელის სამხრეთ კიდესთან დიდ გალავნიანი შენობა თუ ნახეთო? უთარგმნა თარჯიმანმა.
კი როგორ არა.
ჩვენი უპილოტო თქვენს თავზე ეკიდა. განაგრძო ამერიკელმა – ამ წამს გადმომცეს შტაბიდან, მაგ გალავანთან 4 ადამიანია ჩაცუცქილი და რაღაცას იქექება მიწაში, სავარაუდოდ IED–ის დებენ. უნდა შევამოწმოთ.
ამის გაგონებაზე ლეიტენანტს წელი მოსწყდა – პატრულში ღამე ნათევი, მერე მთელი დილა სოფლის ჩხრეკა და ახლა ისევ უკან უნდა დაბრუნდეს და ის წყეული გალავნიანი სახლი უნდა შეამოწმოს. მაგრამ სხვა გზა არ იყო, დასვენებული ჯარისკაცები ამოარჩია, ამერიკელები გაიყოლა და 15 აციანი ჯგუფით უკან დაბრუნდა.
გალავნიან შენობას უკნიდან მოუარეს და გალავნის ძირში ჩაჯდნენ. ამერიკელი თავის უფროსობას დაუკავშირდა რაციით. იმათ დასტური მისცეს – „კი ეგ შენობაა, თქვენც გხედავთ გალავანთან რო ზიხართ, თქვენს პირდაპირ რო კუთხეა მანდ როგორც კი შემოუხვევთ მანდაა ის 4 კაციანი ჯგუფიო“.
წინ ლეიტენანტი, უკან ამერიკელი და მის უკან კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცი კუთხესთან ჩაჯდნენ და მოემზადნენ, დანარჩენები ფლანგებს და ზურგს აკონტროლებდნენ. ლეიტენანტმა ერთი კი იფიქრა ხელყუმბარას ვისვრი და მერე გადავალ იერიშზეო, მაგრამ გადაიფიქრა. თითებით სამამდე დაითვალა და იარაღმომართული კუთხეში შევარდა, უკან დანარჩენები მიჰყვნენ. ორიოდე ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული რო ლეიტენანტი ადგილზე გახევდა, უკან მომავალი ამერიკელი კი მას შეეტაკა. გალავანთან 4 ბავშვი, ორი გოგო და ორი ბიჭი იჯდა მიწაზე და ლამში თამაშობდა. ყველაზე უფროსი 10 წლისა იქნებოდა. საწყალ ლეიტენანტს შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა, ბავშვები ჯერ ისევ ავტომატის სამიზნეზე ყავდა აყვანილი და თითი სასხლეტზე ედო. ბავშვები გაოცებისგან დაჭყეტილი თვალებით უყურებდნენ განვითარებულ სცენას. იარაღი ნელა დაუშვა და ამერიკელს საყვედურის თვალით შეხედა, ამერიკელიც იგივე დღეში იყო, სიმწრისაგან ავტომატი ლამისაა ტრაკში შეეტენა.
What the fukc? ჩასძახა რაციას ამერიკელმა და თავის უფროსობის მიკაჩავება დაიწყო – თვალები ტრაკში გაქვთო და კლასიკური ციტტატები გაუშვა ხოდში.
ლეიტენანტი მოტრიალდა, ცოტახანი ამერიკელის გინებას უსმენდა. მერე თვითონაც მეკავშირეს დაუძახა და შტაბში მოახსენა თუ როგორ გამოიჭირა ოთხი უსაშინლესი ავღანელი ტერორისტი. გამობრუნებისას კიდევ ერთხელ გადახედა ბავშვებს და შემდეგ ამერიკელს. ამერიკელმა სინანულით თავი გააქნია და დამნაშავე კილოთი ჩაილაპარაკა:
Dirty war (ბინძური ომი).

გაგრძელება იქნება

2 comments:

  1. marto am statiis gamo ghirs am blogis arseboba. bravo shota da madloba eseti magari statiistvis

    ReplyDelete