უკრაინულ ბატალიონ "Донбасс"–ის ქართველი მოხალისის, ირაკლის შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე – ქართველი უკრაინის სამსახურში vol.2. ამჯერად წარმოგიდგენთ ინტერვიუს ირაკლისთან, რომელიც "რადიო თავისუფლების" ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა:
ირაკლი ქურასბედიანი უკრაინულ– ტანკის, Т-64БВ–ეს ფონზე
ივლისის ბოლოს დამოუკიდებელმა უკრაინულმა ტელეარხმა (espreso.tv) გადასცა ინტერვიუ ყოფილ ქართველ მაღალჩინოსან სამხედრო ოფიცერთან, რომელიც დონეცკის ოლქში იმყოფება და ანტიტერორისტულ შტაბს ოპერაციის დაგეგმარების საკითხებში ეხმარება. ჩვენ შევძელით სკაიპის საშუალებით დავკავშირებოდით ირაკლი ქურასბედიანს და მისთვის რამდენიმე შეკითხვა დაგვესვა. საუბრის დასაწყისში იგი გაგვეცნო როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცერი, რომელიც ამჟამად ლუგანსკის ოლქში იმყოფება.
რადიო თავისუფლება: ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ პოროშენკოს თანაშემწემ იური ლუცენკომ განაცხადა, „ტერორისტებს სიურპრიზს ვუმზადებთო“. რა სიურპრიზზეა საუბარი? როგორ დაახასიათებდით საბრძოლო მდგომარეობას იქ, სადაც თქვენ იმყოფებით, აღმოსავლეთ უკრაინაში?
ირაკლი ქურასბედიანი: ჩემი აზრით, ეს სიურპრიზი [პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა] კაი ხანია, რაც მიიღეს. ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ იმ ტერიტორიის თითქმის ნახევარი, რასაც ისინი აკონტროლებდნენ, უკვე მათი კონტროლის ქვეშ აღარ არის. ქალაქებს, ქალაქზე მცირე დასახლებულ პუნქტებს, საკმაოდ დიდ ტერიტორიას - სწრაფად მივიწევთ წინ და - ვათავისუფლებთ.
რადიო თავისუფლება: რამდენად მართებულია წინასწარ დაანონსება ოპერაციისა, როდესაც მოწინააღმდეგეც საკმაოდ კარგად არის შეიარაღებული? ხომ არ დააზიანებს ასეთ სიურპრიზებზე წინასწარი საუბარი ნამდვილ საბრძოლო ჩანაფიქრს?
ირაკლი ქურასბედიანი: ზოგადად გეთანხმებით, მაგრამ აქ კონკრეტულად არაფერი თქმულა და ახლა ისხდნენ და თავი იმტვრიონ იმაზე, თუ რა სიურპრიზები იქნება. მე ვერც იმას ვიტყვი, რომ რაღაც სასწაული სიურპრიზი იქნება. არის მონდომება და ეს აშკარად ჩანს, რაც საწყის ეტაპზე არ იყო გამოკვეთილი. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, დაინიშნა სამხედრო უწყების ახალი ხელმძღვანელობა, სამხედრო ოპერაცია უფრო მიზანდასახული და მიზანსწრაფული გახდა. არსებობს კონკრეტული გეგმები და ამოცანები, შეიცვალა ის ე.წ. „ბლოკპოსტების “ ბრძოლა, რამაც ძალიან დიდი უაზრო მსხვერპლი გამოიწვია. ინიციატივა აშკარად ჩვენს ხელშია. ცდილობენ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მოწინააღმდეგე ხვდება, რომ შეტევაზე მათი გადმოსვლა დამღუპველია. ისედაც დაღუპულია მაგათი საქმე, მაგრამ მაგათ კონტრშეტევებს ბევრად უფრო იოლად გაანადგურებს უკრაინის არმია. [მოწინააღმდეგის ძალები] ცდილობენ თავი დაიცვან, ეფერებიან მოსახლეობას, დასახლებული პუნქტებიდან ხდება მათ მიერ ცეცხლის წარმოება, რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებოდით. ამიტომაც ცოტა უფრო ჭიანურდება, საქმეს უფრო ადრე მოვრჩებოდით.
რადიო თავისუფლება: ირაკლი, ფაქტია, რომ 4 აგვისტოს ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როდესაც 400-მდე უკრაინელი ჯარისკაცი გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე და ამით დააღწია თავი ალყას და გარდაუვალ სიკვდილს. თქვენ კი ლაპარაკობთ, რომ მათ [სეპარატისტულ დაჯგუფებებს] ძალები არ აქვთ. მაშინ როგორ მოხდა, რომ ასეთმა რაოდენობამ ჯარისკაცებისა თავი შეაფარა რუსეთს?
ირაკლი ქურასბედიანი: მესმის. ვიცი, ეს ამბავი ჩვენგან ცოტა მოშორებით მოხდა და მაგ მიმართულებაზე მე სწორედ უახლოეს დღეებში ვიქნები. რაღაც ფაქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ის, რომ თითქოს 400 კაცი და მთელი ბატალიონი გადავიდა, ჩემი აზრით, როგორც აქ მოდის ინფორმაცია, ცოტა გაზვიადებულია. ალყასაც არ ჰქონია ადგილი, იყო სურვილი საზღვრის გაკონტროლების საკმაოდ დიდი სიგრძეზე, სადაც სამი სამხედრო ბრიგადა შეიჭრა. სექტორის სიგანე იყო ძალიან ვიწრო და, ფაქტიურად, ორივე მხრიდან, რუსეთის საზღვრიდანაც და შიგნიდანაც, ხდებოდა დაბომბვა - ძირითადად რუსეთიდან, რა თქმა უნდა - და ამით იყო ეს განპირობებული, როგორც ვიცით.
რადიო თავისუფლება: რა შეიარაღებას ფლობენ სეპარატისტები? ისინი რეალურად მართლა კარგად არიან შეიარაღებულები?
ირაკლი ქურასბედიანი: ძველ, საბჭოურს თუ ავიღებთ, კი, არის ყველაფერი. აქვთ რეაქტიული საარტილერიო დანადგარები, ე.წ.„გრადები“, აქვთ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, აქვთ მძიმე ტექნიკა, მაგრამ არცთუ ისე დიდი რაოდენობით, რადგან მთელი ტექნიკა ძირითადად თავმოყრილია დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე. დანარჩენი, არაფერი სასწაული, ჩვეულებრივი შეიარაღება აქვთ - ის, რასაც საბჭოთა ჯარი ითვალისწინებდა. ნახევარზე მეტი, ვინც მათ მხარეზე ომობს, მეტ-ნაკლებად პროფესიონალები და გამოცდილები არიან, - ესენი უკვე არა პრორუსულად განწყობილები არიან, პირდაპირ რუსეთიდან ჩამოსული ხალხია. ადგილობრივებს კი, ვინც მათ ეხმარებიან, საზარბაზნე ხორცივით იყენებენ და მათი არც შეიარაღება და არც ორგანიზება არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. მსგავსი სიტუაცია მე 1992 წელს ჩვენთანაც კი არ მახსოვს.
რადიო თავისუფლება: ახლა სწორედ საქართველოს დავუბრუნდეთ და ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ უკრაინაზე საუბარი. ირაკლი, თქვენ თქვით, რომ ყოფილი ოფიცერი ხართ. მე დავაზუსტებ, რომ თქვენ არა მხოლოდ უბრალო ოფიცერი ხართ, არამედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვას ედექით სათავეში. რა მოხდა შემდეგ, რატომ გაგათავისუფლეს პირდაპირ ომის წინ ამ თანამდებობიდან და რატომ არ ხართ საქართველოში?
ირაკლი ქურასბედიანი: მთლიანად რომ მოვყვე ჩემი ამბავი, ეს დიდ დროს წაიღებს (იცინის), რადგან 1992 წლიდან მოყოლებული ჯარში ვარ. ვიომე [აფხაზეთში], შემდეგ სამხედრო აკადემია დავამთავრე [თბილისში], ვიყავი სპეცდანიშნულების კოჯრის ნაწილის ჯარისკაცი, ვიყავი „კომანდოს“ ბატალიონის, შემდეგ მე-11 ბრიგადის დაზვერვის უფროსი, შემდეგ მომიწია სამხედრო კონტრდაზვერვაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობა...
რადიო თავისუფლება: ირაკლი, ოქროს კადრი ყოფილხართ. მე ამდენი არც ვიცოდი. ამიტომ კიდევ უფრო აქტუალურია შეკითხვა: რატომ არ ხართ საქართველოს ჯარში?
ირაკლი ქურასბედიანი: თუ მასეა საქმე, საქართველოში ბევრი პროფესიონალია და მარტო ჩემით არ წყდება ყველაფერი... რა იყო მიზეზი და როგორ იყო? ეს არც პოლიტიკური იყო და არც პიროვნული, რადგან მე მაშინდელ საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან კარგი ურთიერთობა მანამდეც მქონდა, სანამ მინისტრი გახდებოდა და, საერთოდ, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა. ანუ ურთიერთობის პრობლემა არ მქონდა... 2010 წელს, უბრალოდ, წავედი საზღვარგარეთ. მართალი გითხრათ, 2008 წლის ომის შემდეგ არა მარტო მე, არამედ ბევრ ოფიცერს შინაგანი პრობლემა შეექმნა. როდესაც 15 წელი ომისთვის და რევანშის აღებისათვის ემზადები და უცებ ყველაფერი მერე ასე სხვანაირად მოხდა... როგორც მოხდა, მაგის გარჩევას ნამდვილად არ დავიწყებ.
რადიო თავისუფლება: თუ მე სწორად გავიგე, რაკი სქართველოში ვერ მოახერხეთ მოწინააღმდეგეზე რევანშის აღება, ამიტომ მიაშურეთ უკრაინას?
ირაკლი ქურასბედიანი: არა, არა.
რადიო თავისუფლება: არა? მაგრამ განა თქვენი სიტყვები არ არის: „თუკი უკრაინაში გავიმარჯვებთ, შემდეგ ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენს სამშობლოშიც, საქართველოშიც, და დავიბრუნებთ იმ მიწებს, რომლებიც რუსებს აქვთ ოკუპირებულიო?“ - აი, ეს მქონდა მხედველობაში და ეს თქვენი სიტყვებია.
ირაკლი ქურასბედიანი: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ქართველები ცოტა ვართ. უკან არასოდეს დაგვიხევია, არც 2008 წელს დავარქმევდი გაქცევას, მიუხედავად ზოგიერთი პოლიტიკური შეფასებისა, რადგან მე სამხედრო ვარ და დღემდე ამად ვრჩები. უბრალოდ, უკრაინა ის რეალური ძალაა, თავისი რესურსებით და ყველაფრით, ვისაც შეუძლია მოთოკოს კი არა და გააჩეროს და, უხეშად რომ ვთქვათ, თავის ადგილზე დააყენოს ის იმპერიალისტური სურვილები, რაც რუსეთის მთავრობას გააჩნია. უკრაინა ეს სწორედ ის ადგილია, სადაც სინი ცხვირს მოიტეხენ. და აქ როგორც დასრულდება ბრძოლა... ჩვენი გამარჯვებით... რა ვიცი, მგონი, დიდი გამოცნობა არ უნდა, თუ რა პროცესები განვითარდება და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც აქ ხდება, საქართველოსათვის, რადგან ხვალ ყველაფერი ეს ჯაჭვურ რეაქციასავით აუცილებლად გადაედება ძალიან ბევრ ქვეყანას. და მარტო საქართველო კი არა, არამედ რუსეთიც შეიძლება სხვა საზღვრებში ვიხილოთ უახლოეს მომავალში.
რადიო თავისუფლება: ირაკლი, თქვენ საკმაოდ საინტერესო პროგნოზს აკეთებთ და ჩანს, რომ კარგად ხართ გაცნობიერებული პოლიტიკურ პროცესებშიც. ფიქრობთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის მზად იმისათვის, რომ ცადოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სიტუაციის ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში?
ირაკლი ქურასბედიანი: სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ვხედავდე, რომ ამისთვის იქნება მზად, თუმცა მაინც ჩემი სამშობლოა და ვინც არ უნდა იყოს მანდ ხელისუფლებაში, ყოველთვის ვიმედოვნებ, რომ რაღაც მაინც იქნება. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ახალი ფურცლიდან ჩვენ ვერ დავიწყებთ ურთიერთობას რუსეთთან, იმ რუსეთთან, როგორიც ის დღეს არის.
რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ და ჩვენი საუბრიდან ორ დღეში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის მორიგი წლისთავია. რაკი თქვით, არ გავქცეულვართო, მაშინ რა მოხდა, რატომ ვერ იბრძოლა საკმაოდ კარგად აღჭურვილმა ქართულმა ჯარმა 6 წლის წინ ხუთ დღეზე მეტ ხანს? რა იყო ამის მიზეზი?
ირაკლი ქურასბედიანი: ნუ, რა გითხრათ. იდეალური არაფერი არ არის. არ ცდება ის, ვინც არაფერს აკეთებს. ეს ერთია და კიდევ ის, რომ ჩვენ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით, გაგვეცა პასუხი. 4-5 აგვისტოს იყო, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი პირველი დანაკარგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ადგილი ჰქონდა, თქვენ კარგად გახსოვთ, ინტენსიურ დაბომბვებს.
რადიო თავისუფლება: აღმოსავლეთ უკრაინაში თქვენთან ერთად სხვა ქართველებიც თუ იმყოფებიან? იცნობთ თუ არა ჯარისკაცს, მეტსახელით „დობერმანს“, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული იმ ვიდეოთი, რომელზეც იგი მოუწოდებს უკრაინელებს, ჩეჩნების ნუ შეგეშინდებათო?
ირაკლი ქურასბედიანი: კი, ბატონო, ვიცნობ „დობერმანს“ , ჩემთან არის ჯგუფში, ერთად ვართ და მას ვიცნობ საქართველოდან, ბევრი, ბევრი წელია. ასე რომ, აქ არ გამიცნია.
რადიო თავისუფლება: ისიც პროფესიონალი ქართველი ჯარისკაცია?
ირაკლი ქურასბედიანი: კარგი ქართველი მეომარია. უშუალოდ თავად „დობერმანი“ პოლიციელი იყო და, მე როგორც ვიცი, საკმაოდ დიდხანს - 2010 წლამდე - მუშაობდა პოლიციაში. შეგიძლიათ თქვენ ჰკითხოთ, ყვლაფერს მოგიყვებათ, სახესაც კი არ მალავს (იცინის).
რადიო თავისუფლება: სახეს რომ არ მალავთ, ეს კარგია. ბევრ ადამიანს გული სიამაყით აევსო, როდესაც ჯერ თქვენი ინტერვიუ გავრცელდა რუსულ ტელეარხ „ესპრესო.ტვ“-ზე. შემდეგ დიდი მოწონება ხვდა წილად „დობერმანის“ ვიდეოსაც. მაგრამ, ჩემი აზრით, ჯობდა მას კადიროველებად ანდა კადიროვის მომხრეებად მოეხსენებინა სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი ჩეჩნები, რადგან მისი ნათქვამიდან ისე გამოვიდა, თითქოს იგი ყველა ჩეჩენს მიიჩნევს ტურად, რასაც რუსეთის პროპაგანდა აუცილებლად სათავისოდ გამოიყენებს.
ირაკლი ქურასბედიანი: მე ახლა მის მაგივრად ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ კარგად ვიცნობ „დობერმანს“ და ეს წმინდა ნაჩქარევი და, შეიძლება ითქვას, ტექნიკური შეცდომაა, რადგან აქ ნამდვილად არავინ არ გულისხმობს ყველა ჩეჩენს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩეჩნები ჩემთან არა, მაგრამ აქაც არიან - მართალია, ისე ორგანიზებულად არა, როგორც კადიროველები - და ნამდვილად არ ვუწოდებ მათ ასე, რადგან მე ბევრ ჩეჩენს ვიცნობ, საკმაოდ კარგ მეომარსა და თავისი ქვეყნის პატრიოტს.
რადიო თავისუფლება: და ბარემ, რაკი ვახსენეთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერნაციონალურ შემადგენელზეც მითხარით რამე. ბატალიონი „დონბასი“, რომელშიც თქვენ იმყოფებით, ცნობილია იმითაც, რომ მას ყველაზე მეტად აქვს, ასე ვთქვათ, ინტერნაციონალური სისხლი.
ირაკლი ქურასბედიანი: კი, არიან ბელორუსები, აზერბაიჯანელიც არის, რამდენიმე ეროვნების წარმომადგენლებიც არიან - დეტალურად ვერ ვიხსენებ, რადგან ბატალიონი „დონბასი“ ჩვენი პარამეტრებითაც საკმაოდ დიდი გამოდის. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ 400-500-ს სცდება ბატალიონის რაოდენობა... რამდენიმე ეროვნების წარმომადგენლები არიან და არამარტო ბატალიონ „დონბასში“, რომელიც გახმაურებული სახელია.
რადიო თავისუფლება: ტენდენცია როგორია? ემატებიან უცხოელები ბრძოლის ველს?
ირაკლი ქურასბედიანი: უცხოელებს ვერ ვიტყვი, რადგან უმეტესობა არის უცხოელები, რომლებიც, ასე თუ ისე, ცხოვრობენ უკრაინაში, მაგრამ არ არიან მოქალაქეები. არიან ჩამოსულებიც. არის ებრაელების დანაყოფი - არა ჩვენთან, მაგრამ ამბობენ, რომ არიან.
რადიო თავისუფლება: რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო არხებს განსაკუთრებით უყვართ და ხშირად აჩვენებენ ვინმე შვედ სნაიპერს. მასზე სოციალურ ქსელში არის საუბარი და ამით ხაზი ესმება იმას, რომ ევროპის ქვეყნებიდან დაქირავებულები ეხმარებიან უკრაინის არმიას ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელებაში. ვინ არის ეს მითიური შვედი სნაიპერი?
ირაკლი ქურასბედიანი: ხომ შვედია, მაგრამ უკრაინულად მშვენივრად ლაპარაკობს, ჩვენსავით დიდი ხანია აქ არის.
რადიო თავისუფლება: ირაკლი, ომის სურათს რომ დავუბრუნდეთ... გარედან ისე ჩანს, რომ მოწინააღმდეგეები ერთმანეთის მიმართ პოზიციური ბრძოლის ტაქტიკას აწარმოებენ და თავს არიდებენ ე.წ. კონტაქტურ ომს. ერთგვარი სტაგნაციაც კი შეინიშნება და უფრო აქტიურდება საინფორმაციო ომის ელემენტები. მაგალითად, დონეცკის აეროპორტის ამბავი რომ ავიღო, ითქვა, რომ ის დაიკავეს უკრაინელმა სამხედროებმა და მისი დამცველი ბევრი ჩრდილოკავკასიელიც გაანადგურეს. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროპორტის მხოლოდ ნაწილს აკონტროლებენ.
ირაკლი ქურასბედიანი: არა, არის რამდენიმე ადგილი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარშემო, სადაც ბევრად უფრო ინტენსიური ბრძოლები მიდის. ვერ გეტყვით, რომ პოზიციური ომი მიდის. პოზიციური ომი ნამდვილად არ მიდის. რამდენიმე დასახლებული პუნქტი ამ კვირაშიც ავიღეთ, მაგრამ დროს ითხოვს, რადგან ჩვენთვის ძალიან რთულია არტილერიით მუშაობა, რაკი ეს ხდება დასახლებულ პუნქტებში, სადაც ხალხი ცხოვრობს. [სეპარატისტების შეიარაღებული ჯგუფები] დასახლებულ პუნქტებში მაგრდებიან, გარეთ არავინ ჩერდება. ჩემთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო, რადგან მოქმედება გვიწევს ისეთ ვრცელ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს აღემატება, მაშინ როცა ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ სამაჩაბლო იქნება, თუ აფხაზეთი, ყველაფერი იქვეა. ანუ სხვა მასშტაბებს ვართ მიჩვეული. მაგრამ აქ გაშლილი და ღია ადგილებია და ამიტომ [სეპარატისტები] დასახლებულ პუნქტებს აფარებენ თავს, იმიტომ რომ აქ მომარაგებაა, აქ საჭმელ-სასმელი და მანქანები სჭირდებათ, რასაც ხალხს ართმევენ; მერე ის ხალხი სჭირდებათ, რომლებსაც ცოცხალ ფარად იყენებენ და გაშლის საშუალებას არ აძლევენ. ამიტომ ვცდილობთ, რომ ხანდახან შევაჩეროთ ცეცხლი და მივაწოდოთ ხალხს ინფორმაცია, რომ ისარგებლონ დერეფნით. ერთადერთი, რაც წელავს ამ ყველაფერს და ართულებს ოპერაციის მსვლელობას, სწორედ არის მოსახლეობის და ხალხის ფაქტორი.
რადიო თავისუფლება: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი სამხრეთ ოსეთის რაზმის მეთაურიც დაუპატიმრებიათ. ხომ არ გინახავთ იგი?
ირაკლი ქურასბედიანი: არა, პირადად არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ არიან და კადიროველები უფრო მეტნი არიან რაოდენობით.
რადიო თავისუფლება: გუგლისა და ვიკიპედიის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში უკრაინელები პროცენტულად აღემატებიან რუსებს. უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი თუ იგრძნობა მოსახლეობის მხარდაჭერა, თუ ისინი სეპარატისტებს ემხრობიან?
ირაკლი ქურასბედიანი: რა თქმა უნდა, არიან მომხრეები, მაგრამ არა ასეთი სეპარატისტების, არამედ პროვინციული მომენტია და ჰგონიათ, რომ, აი, რუსეთი მოვა და აქ ყველაფერი მოგვარდება, რადგან საკმაოდ გაჭირვებული ხალხია. კორუფცია ჭამდა ყველაფერს წლების მანძილზე და ამიტომ მოხდა „მაიდანიც“ და ამას მოჰყვა მერე რუსეთის რეაქციაც. მაგრამ დადებითია ის, რომ ისეთ ქალაქში, როგორიცაა ლისიჩანსკი, რომელიც მუდმივად პრორუსულად განწყობილი ძალების მომხრეებად ითვლებოდა და რომელშიც რამდენიმე დღის წინ შევედით, ლუგანსკთან ახლოს, თავად მოსახლეობა გამოდის და ამბობს, რომ, აი, ეს გვესროდა, ეს გვაქცევდაო. ჩვენ მათ ვუხსნით, რომ არ ვართ ფაშისტები, ვცდილობთ მოსახლეობასთან გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა. არც იმას ვმალავ, რომ ქართველი ვარ, არ მეზარება და ვუხსნი, თუ რატომ ვარ და რას ვაკეთებ და საკმაოდ ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს. ხალხი ძალიან დაიღალა ამ ყველაფრისაგან, იმიტომ რომ ამ ხალხს ფარად იყენებენ. მაგალითად, გამოდის „გრადი“ ქუჩაში, ისვრის ჩვენი მიმართულებით, მერე ტრიალდება და ისვრის ქალაქის ცენტრისკენ, ხალხის მიმართულებით, რათა ხალხი გამწარდეს. თავის ტერიტორიასაც კი ერიდებიან. ასეთი რამე მე არსად მინახავს.
რადიო თავისუფლება: ირაკლი, გამარკვიეთ ერთ რამეში. სეპარატისტების მხარეზე მებრძოლებს დაქირავებულებს უწოდებენ, უკრაინის სამთავრობო ჯარებთან ერთად კი ვინც იმყოფება უცხოელი, - მოხალისეს. ეს რას ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ იდეის გამო იბრძვით და უკრაინის მთავრობა ფულს არ გიხდით?
ირაკლი ქურასბედიანი: ახლა გეტყვით. 17 ივნისს ჩამოვედი მე უკრაინაში. სამი კვირა ვიყავი კიევთან ახლოს, პეტროვცებში, სადაც ბატალიონის (დონბასის) მომზადების ბაზაა. იქ ვეხმარებოდი, როგორც ინსტრუქტორი. შემდეგ ბატალიონი გადმოვიდა საბრძოლო მოქმედების რაიონში. რა ვქნა? შემიძლია ბავშვები დავიფიცო, რომ საკუთარ დას გამოვართვი 1 500 დოლარი, ვიყიდე ბილეთი, რაღაც ფორმა და ნივთები მაკლდა, ვიყიდე ესენი, დავჯექი თვითმფრინავში და ჩამოვედი (იცინის).
რადიო თავისუფლება: საქართველოს ფაქტორიც ხომ არ ყოფილა გადამწყვეტი თქვენს ასეთ დასაქმებაში?
ირაკლი ქურასბედიანი: სანამ ჩამოვიდოდი, კონტაქტი მქონდა ადგილობრივ ქართველებთან, რომლებიც ან მოქალაქეები არიან, ანდა ცხოვრების უფლება აქვთ და ოჯახები აქვთ, როგორც, მაგალითად, უკვე ხსენებულ „დობერმანს.“ ჩვენ ჩამოვედით რამდენიმე კაცი, როგორც ინსტრუქტორები. ჩვენს შესახებ წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. მე პირადად უკრაინაში ნაცნობები მყავს, რადგან როდესაც სამხედრო დაზვერვის უფროსი ვიყავი, ერთი-ორჯერ ვიმყოფებოდი ვიზიტით უკრაინაში და საკმაოდ კარგად დავმეგობრდით უკრაინის მაშინდელი დაზვერვის უფროსთან. ასე რომ, უცხო არ ვიყავი ამათთვის და ძალიან მარტივად შეძლებდნენ ჩემს გადამოწმებას. თუმცა საზღვარზე როდესაც შემოვდიოდი, საათ-ნახევარი გამაჩერეს. ასე რომ, მართლა ისე არ არის, რომ ყველა ქართველს ხელაღებით ღებულობდნენ. სხვათა შორის, ბევრი ქართველია, ვისაც სურს, რომ ჩამოვიდეს და დაეხმაროს უკრაინელებს, მაგრამ ძალიან შიშობენ. ამას თავისი მიზეზი აქვს. იყო შემთხვევა, როდესაც ლუგანსკის ოლქის ქალაქი პაპასნაია დავიკავეთ და გავათავისუფლეთ, ინტერნეტით რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართველი დაქირავებულები პაპასნაიაში შევიდნენ.
რადიო თავისუფლება: ეს პროპაგანდისტული კლიშეა.
ირაკლი ქურასბედიანი: მაგრამ მე დასამალი არაფერი მაქვს. როდესაც პირველად მივეცი ინტერვიუ, თავადვე შემომთავაზეს სახის დაფარვა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ დასამალი არაფერი მაქვს, პირიქით, ყველამ უნდა იცოდეს ჩემი ვინაობა საქართველოშიც და უკრაინაშიც, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და მართლა ერთი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი. პოლიტიკას გავურბივარ, მაგრამ მაინც ვიტყვი: დღეს რომ ცოტა სხვა მიდგომა იყოს საქართველოდან, შეიძლებოდა არა მხოლოდ ჩვენი ინიციატივით და არა მხოლოდ ერთი და ორი კაცით, არამედ კარგადაც დავხმარებოდით უკრაინას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქვეყანაა, მაინც სჭირდება ასეთი დახმარება.
რადიო თავისუფლება: დახმარება თუ არა, ხელის შეშლა მაინც ხომ არ ყოფილა? ხომ არ მიგიღიათ რაიმე სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისგან: თუ ხართ მანდ, იყავით, მაგრამ რატომ ხმაურობთო და ასე შემდეგ.
ირაკლი ქურასბედიანი: პირადად მე არა, ჯერჯერობით. თანაც, ჯერჯერობით კიდევ მაქვს აქ ყოფნის უფლება, რადგან, უკრაინის კანონმდებლობით, 90 დღეა. თუმცა არც იმას დავმალავ, რომ არც უკან დაბრუნებას ვაპირებ და არ ვაპირებ არსად წასვლას, სანამ აქ ეს ომი მიმდინარეობს. ნამდვილად აქ ვიქნები ბოლომდე. მაგრამ საერთოდ არ ვიცი, რა ხდება-მეთქი, არ იქნება სწორი. პიროვნულ დონეზე, ყველანი გვგულშემატკივრობენ. ოფიციალურად არაფერი თქმულა, მაგრამ არის ისეთი სიგნალები, რომ ეს არ არის სწორი, როგორ შეიძლება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და სხვა. ასეთი რაღაცებიც არის. იმის შემოწმებას, შექმნიან თუ არა პრობლემას ჩემი უკან ჩამოსვლით და მერე აქ დაბრუნებით, მართალი გითხრათ, არც ვაპირებ, რადგან აქ ვაპირებ ყოფნას გამარჯვებამდე.
რადიო თავისუფლება: და როგორ ფიქრობთ, ახლოსაა ერთიანი უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვება პრორუსულ ძალებთან ომში?
ირაკლი ქურასბედიანი: საკმაოდ! ძალიან დიდი შანსია, რომ ზამთრამდე ეს ყველაფერი მორჩეს, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდება ღია აგრესია რუსეთის მხრიდან და ჯარების შემოსვლა, როგორც ეს მოხდა ყირიმში. თუმცა ეს ერთადერთი იმას იზამს, რომ ცოტა გაწელავს ომის მსვლელობას, მაგრამ ასევე დააჩქარებს რუსეთის, როგორც ძლევამოსილი ქვეყნისთვის, წერტილის დასმას. რა ძალითაც არ უნდა შემოიჭრას, არანაირი შანსი არ აქვს რუსეთის არმიას, რომ აქ წარმატებას მიაღწიოს.
No comments:
Post a Comment