როგორც ჟურნალი "Jane's Defence Weekly" კრისტოფერ ფ. ფროსის–ის სტატიაში (Christopher F. Foss) "Germany Receives First Leopard 2A7 MBT" იტყობინება, გერმანულმა კომპანია Krauss-Maffei Wegmann–მა (KMW) მიუნხენში მდებარე თავის საწარმოში გერმანიის სახმელეთო ჯარების ინსპექტორს, გენერალ–ლეიტენანტ რეინერ კორფუს, 2014 წლის 10 დეკემბერს ტანკ Leopard–2–ის ბოლო მოდიფიკაცია, Leopard–2A7 გადასცა.
ტანკი Leopard–2A7 წარმოადგენს Leopard–2A5, Leopard–2A6 და Leopard–2PSO (Peace Support Operation) შემდგომ განვითარებას, რომელშიც მაქსიმალურადაა გამოყენებული კანადის არმიის მიერ ავღანეთში ტანკ Leopard–2–ის გამოყენების გამოცდილება.
გერმანულმა არმიამ 20 ცალი Leopard–2A7 შეუკვეთა, რომლიდანაც 19 მანქანა უახლოეს მომავალში 203–ე სატანკო ბატალიონს (1–ლი სატანკო დივიზიის 21–ე სატანკო ბრიგადა) მიუნხენში, KMW–ს საწარმოდან უნდა გადაეცეს. ბატალიონი აუგუსტდორფში (რეინ–ვესტფალის ჩრდილოეთით) დისლოცირდება და ამჟამად მის შეიარაღებაზე 44 ცალი Leopard–2A6 დგას. ხოლო დარჩენილი ერთი მანქანა საგამოცდო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
როგორც გენერალ–ლეიტენანტმა კორფმა განაცხადა – "გერმანული არმიისთვის ეს კარგი დღეა" და რომ "ისინი ძალიან კმაყოფილები არიან Leopard 2A7–ით".
რეალობაში Leopard–2A7–ის ეს 20 მანქანიანი პარტია წარმოადგენს ჰოლანდიური არმიის ყოფილ, გადაკეთებულ Leopard–2А6NL–ებს, რომლებიც კანადურმა არმიამ გერმანიას Leopard–2A6M–ბის საკომპენსაციოდ გადასცა. გერმანიის არმია იმედოვნებს რომ დაფინანსების შემთხვევაში, მოახერხებს Leopard–2A6–ბის მთელი პარკის მოდერნიზირებას Leopard–2A7 დონემდე.
ტანკ Leopard–2A7–მა შეინარჩუნა გლუვლულიანი ქვემეხი Rheinmetall 120 mm L/55, თუმცა განაახლდა მისი საბრძოლო კომპლექტი – ტანკების საბრძოლო მარაგის ნომენკლატურაში შევა ახალი თაობის ქვეკალიბრულ–ფრთასხმული ჯავშანგამტანი ჭურვი DM63 APFSDS-T (Armour Piercing Fin Stabilised Discarding Sabot - Tracer) და ასევე უახლესი გერმანული პროგრამირებადი ფუგასური ჭურვი Rheinmetall DM11. შეგახსენებთ რომ, ჭურვ DM11–ის ამფეთქი, უზრუნველყოფს ფუნქციონურობის სამ რეჟიმს: კონტაქტური, შეყოვნებით და საჰაერო აფეთქებით. რეჟიმის კარნახი დამტენის მართვის პანელიდან ხდება, მაშინ როდესაც გასროლა უკვე კამორაშია მოთავსებული, ხოლო საჰაერო აფეთქების რეჟიმის არჩევის შემთხვევაში, აფეთქების დისტანცია ჭურვში ავტომატურად შედის.
Leopard–2A7 გააჩნია გაუმჯობესებული დაცვა, რომელიც მოიცავს ახალი თაობის პასიური ჯავშნის ახალ შემავსებლებს და ნაღმებისგან და ფუგასებისგან დამცავ გაძლიერებულ ფსკერს. მანქანა ასევე აღჭურვილია საბორტე დამატებითი ჯავშნის მოდულების დასაყენებელი მოწყობილობებით, თუმცა თვითონ დამატებითი ჯავშანი გერმანელებს არ შეუკვეთავთ.
სხვა სიახლეებიდან აღსანიშნავია: მძღოლ–მექანიკოსის ახალი სარქველი, ქვემეხის სრულებით ელექტრონული ამძრავები, დამხმარე ძალური დანადგარი (APU) და კონდიციონერი. ბოლო ორი დიდი ხანია გამოჩნდა უცხორუი შეკვეთების Leopard-2–ებზე (საბერძნეთი, ესპანეთი, დანია) – თუმცა გერმანული არმია აქამდე კონდიციონერებზე და დამხმარე ძალურ აგრეგატზე გაურკვეველ ეკონომიას აკეთებდა.
ტანკის მეთაურმა მიიღო კოშკურის სახურავზე განთავსებული პანორამული სამიზნე, რომელშიც შედის მე–3 თაობის სითბური კამერა, ინტეგრირებული ლაზერული მანძილმზომი და დღის CCD ვიდეოკამერა (საუბარია პანორამულ სამიზნე Airbus Defence and Space PERI-17A3–ზე, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად ახალ ტანკზე წინამორბედის, Leopard–2A6–ის ძველი პანორამული სამიზნე, PERI-17A2 გადმოიტანეს, რომელიც მე–3 თაობის თბოხედბვის კამერა Attica–თი გაუმჯობესდა). მემიზნეც ასევე მე–3 თაობის თბოხედვის სამიზნეთი არის აღჭურვილი.
Leopard–2A7–ის პროტოტიპზე ასევე გაიარა გამოცდები 12,7მმ ტყვიამფრქვევით, M2HB–ით აღჭურვილმა დისტანციურად მართვადმა კოშკურა FLW–200–მა, თუმცაღა გერმანულმა არმიამ ასეთი კოშკურები არ შეუკვეთა.
IDEX-2013–ზე წარმოდგენილი დისტანციური სატყვიამფრქვევო მოდული FLW–200–ით აღჭურვილი ბერძნული Leopard-2HEL
ჯარების ავტომატიზირებული მართვის სისტემის, IFIS–ის დაყენების ხარჯზე ასევე გაუმჯობესდა მანქანის სამეთაურო მართვის დონე, შესაბამისად რადიოსადგურების რაოდენობა სამამდე გაიზარდა – ერთი ინფორმაციის გადაცემაზე მუშაობს. კერძოდ IFIS–ის დაყენება მანქანის მოდერნიზაციის მთავარ დეტალად შეიძლება ჩაითვალოს.
წყარო:
No comments:
Post a Comment