Tuesday, November 6, 2018

პირველად აშშ-ის ასეული საქართველოში როტაციული საფუძველზე



„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ ოფიციალურად დაიხურა. ორდღიანი კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა შეაჯამეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას მან თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალ მიდგომაზე გაამახვილა, რომელიც სტრატეგიულ მზადყოფნაში გამოიხატება და ნატოში გაწევრიანებისთვის ყოველდღიურ მზადყოფნას, ნატოს სტანდარტებთან მეტ თავსებადობასა და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეს გულისხმობს. მან ასევე,  ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე ისაუბრა და სამხედრო და სამოქალაქო რესურსების ეფექტური გამოყენების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.  მინისტრის განცხადებით, საერთო დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადექვატური სამხედრო მზადყოფნა. დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის თვალსაზრისით აქცენტი გაკეთდა საზოგადოების მდგრადობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტოს მიერ გატარებულ კონკრეტულ ნაბიჯებზე. ლევან იზორიამ ახალი ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა, მათ შორის ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის დაარსებისა და პირველად საქართველოს ისტორიაში, აშშ-ის ასეულის საქართველოში, საბრძოლო მზადყოფნის ცენტრში მომზადების მიზნით როტაციული პრინციპით ჩამოსვლის შესახებ.
 „კონფერენციის განმავლობაში მიმოვიხილეთ როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის მზადყოფნის საკითხები, ასევე სხვადასხვა მექანიზმები, რომლებიც აუცილებელია აგრესიის შესაკავებლად. ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ საკითხებს ისეთი საზოგადოებისთვის, როგორიც საქართველოა, რათა მოხდეს მოსახლეობის ინტეგრაცია და მომზადება, რათა ქვეყნის დაცვის საქმეში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. აქ არ არის საუბარი მარტო სამხედრო თავდასხმის შეკავებაზე. უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლია ისეთ დივერსიულ ქმედებებს, როგორიცაა პროპაგანდა, დეზინფორმაცია და კიბერთავდასხმა“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა კონფერენციის შეჯამებისას.

No comments:

Post a Comment