Showing posts with label HK-416. Show all posts
Showing posts with label HK-416. Show all posts

Wednesday, November 9, 2016

საფრანგეთი და გერმანია ავტომატური შაშხანა HK416-ის ერთობლივ შესყიდვას განიხილავენ

ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში გამოქვეყნებული Remigiusz Wilk-ის სტატიაში, სახელწოდებით "Germany, France to renew assault rifle talks"-ში საფრანგეთსა და გერმანიას შორის თავიანთი შეიარაღებული ძალებისთვის საერთო ტიპის ინდივიდუალური ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ მოლაპარაკებების განახლების გეგმის შესახებაა საუბარი.
გერმანიის თავდაცვითი შესყიდვების უწყება BAAINBw-სსა (Bundesamt für Ausrüstung, Informationstechnik und Nutzung der Bundeswehr) და საფრანგეთის შეიარაღების მთავარ სამმართველოს (Direction Générale de l'Armement - DGA) შორის საფრანგეთის არმიისთვის განკუთვნილი პერსპექტიული ცეცხლსასროლი იარაღის პროგრამა AIF-ის (Arme Individuelle Future) ტექნიკური მახასიათებლების შესახებ მოლაპარაკება 2015 წელს დაიწყო. თუმცაღა 2015 წლის ბოლოს, ფრანგული ტენდერი AIF-ის დასკვნითი ეტაპისთვის, მოლაპარაკებები შეწყდა, რათა მასზე რაიმე გავლენისგან თავი დაეცვათ.

საფრანგეთის არმიის მიერ პროგრამა AIF-ის ფარგლებში განხორციელებული ტენდერის შედეგად გერმანიაში შეკვეთილი 368მმ (14,5 დიუმი) ლულის მქონე, 5,56მმ კალიბრის ავტომატური შაშხანა Heckler & Koch HK416F-S (AIF-S, Standard), რომელიც დამატებით 40 მილიმეტრიანი Heckler & Koch HK269F ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნიათაა აღჭურვილი.



2016 წლის 22 სექტემბერს, ტენდერ AIF-ის შედეგებზე დაყრდნობით, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ გერმანულ მხარესთან 168 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ფრანგული შაშხანა FAMAS F1S-ის შესაცვლელად მას 102 000 ცალი, 5,56მმ-ნი Heckler & Koch HK416F-ის ტიპის ავტომატური შაშხანა უნდა მიეწოდოს. Heckler & Koch-ის შაშხანა ტენდერში ისეთ კონკურენტებთან მონაწილეობდა, როგორებიცაა Beretta ARX160, FN Herstal SCAR-L, HS Produkt VHS-2 და Sig Sauer MCX.
საფრანგეთი მეორე ქვეყანაა, რომელაც თავისი არმიისთვის ძირითად ავტომატურ შაშხანად HK416 მიიღო. პირველი ნორვეგია იყო, რომელიც HK416N-ს 2008 წლიდან იყენებს.
AIF ტენდერის დასრულების შემდეგ, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცდა, რომ BAAINBw-სა და DGA-ს შორის მოლაპარაკება ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ 2016 წლის დეკემბერში განახლდებოდა.
გერმანული მხარე დაინტერესებულია AIF-ის პროგრამაში ჩადებული ტექნიკური მოთხოვნებითა და აღნიშნული პროგრამის შედეგად გაკეთებული შესყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ახსნით.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ახალი ავტომატური შაშხანის მიღებას 2019 წლისათვის გეგმავს და როგორც მოსალოდნელია გფრ-ის არმიის შეიარაღებაზე არსებული შაშხანა G36-ის შეცვლა 6-7 წელს გაგრძელდება.
ბუნდესვერის პირველადი მოთხოვნა 124 000 ავტომატურ შაშხანას, დამატებით აღჭურვილობასა და სატრენაჟორო სისტემებს მოიცავს, რისი ღირებულებაც მთლიანობაში 630 მილიონ ევროს უტოლდება.
ამასობაში BAAINBw-მ მწარმოებლებისთვის მოთხოვნა უკვე გაავრცელა და G36-ის შესაცვლელად ავტომატური შაშხანების ბაზრის შესწავლა დაიწყო (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - გერმანიის არმია ახალი შაშხანის RFI–ს აცახდებს – ანუ G-36–ის დასასრულის დასაწყისი). 1996 წლიდან გერმანიის არმიას მთლიანობაში 181 773 ცალი შაშხანა G36 და კარაბინი G36K მიეწოდა.
საფრანგეთისა და გერმანიის მიერ ერთნაირი შაშხანების შესყიდვა, იმას გარდა, რომ ფრანგულ-გერმანული სამხედრო თანამშრომლობის მორიგი მტკიცებულება იქნება, მთლიანობაში მაინც შესყიდული იარაღის სამსახურის პერიოდში საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებას ემსახურება. იმისდა მიუხედავად თუ ორივე ქვეყანა შაშხანებს ცალცალკე შეუკვეთავს თუ ერთად, სათადარიგო ნაწილების, ხელსაწყოების, ტექნიკური მომსახურებისა და მოდერნიზაციის ღირებულება იარაღისთვის მაინც შემცირდება.
DGA-ს ხელმძღვანელმა, ლორენ კოლლე-ბილლონმა, 2015 წლის ოქტომბერში, 2016 წლის საფრანგეთის თავდაცვის დაფინანსების კანონპროექტის განხილვისას ეროვნული თავდაცვის კომისიის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ DGA გერმანულ მხარეს კონკურს AIF-ის ფარგლებში ავტომატური შაშხანების გამოცდების შესახებ ინფორმაციას გადასცემს.
კოლლე-ბილლონიმა ასევე დასძინა, რომ  გერმანიის მიერ ფრანგული პროგრამის კრიტერიუმების მიღება იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რაც „იარაღის მწარმოებლებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნიდა“.
მიუხედავად იმისა რომ, შაშხანა HK416 ფორმალურად გერმანულ არმიას არ მიუღია შეიარაღებაზე, BAAINBw-მა 2014 წლის შემდეგ მაინც მოახდინა მისი სტანდარტიზაცია, სახელწოდებით G38 (გრძელლულიანი ვარიანტი 419 მმ / 16,5 დიუმი).  მოკლელულიან ვარიანტს  G38K ეწოდა (ლულის სიგრძე 368 მმ / 14,5 დიუმი) ხოლო ვერსიას 279მმ-ნი (11 დიუმი) ლულით, ინდექსი G38C მიენიჭა. საფრანგეთის მიერ, პროგრამა AIF-ის ფარგლებში, სწორედ ეს ბოლო ორი იქნა არჩეული, რომლებმას შემდეგი სახელები მიიღეს - AIF-S (HK416F-S, ლულა 368 მმ / 14,5 დიუმი) და AIF-C (HK416F-C ლულა 279 მმ / 11 დიუმი).

წყარო:

Friday, June 1, 2012

ქართული საიერიშო შაშხანა G-5

ქართულ საიერიშო შაშხანაზე საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ხოლო მისი პირველი ოფიციალური პრეზენტაცია 12 აპრილს განხორციელდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ავიამშენებელი ქარხანა მოინახულა, სადაც შაშხანა G-5 სხვა ქართული წარმოების შეიარაღების გვერდით იყო გამოფენილი.


შაშხანა G-5 წარმოადგენს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო საერიო შაშხანის, ამერიკული M-16-ს კლონს. რომელშიც საიმედოობის გაზრდის მიზნით გატარებულია მთელი რიგი ღონისძიებები. ამ ღონისძიებებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია M16-ის აირის პირდაპირი მიწოდების სისტემის დაბინძურებისადმი უფრო ნაკლებად მგრძნობიარე და საიმედო აირის დგუშით შეცლა, რომელსაც მოკლე სამუშაო სვლა გააჩნია (გერმანული HK-416 ანალოგიურად)

G-5-ს მოკლესვლიანი აირდგუში

ამას გარდა ავტომატის კონსტრუქციაში რესურსის და საიმედოობის გაზრდის მიზნით გამოყენებულია ტიტანის შენადნობისგან დამზადებული დეტალები. ასევე ფართოდაა გამოყენებული დეტალების ქრომირება, რაც მათ გარემოს ქიმიური ზემოქმედებისგან იცავს. შაშხანის სალულე იმდაგვარდაა გაკეთებული რომ მასში ლულა კონსოლურადაა დაკიდებული. თვითონ შაშხანა აღჭურვილია ოთხმხრივი პიკატინის მიმმართველით (Picatinny rail - MILSTD-1913), რომლის საშუალებითაც მასზე სხვადასხვა მოწყობილობების, მათ შორის ლაზერული მარკერების, ფანრების, ოპტიკური, კოლიმატორული და ღია სამიზნე საშუალებების დაყენებაა შესაძლებელი. გარეგნულად შაშხანა ამერიკული M-16-ს ანალოგიურია და მოიცავს ყველა იმ ერგონომიულ და მოსახერხებელ თვისებებს რაც მისთვისაა დამახასიათებელი.
საიერიშო შაშხანა G-5 მუშაობა დაფუძნებულია აირების არინების ავტომატიკის პრინციპზე, აირის დგუშის მოკლე სვლით. აირის დგუში ლულის თავზეა განთავსებული. ლულის ჩაკეტვა საკეტის მოტრიალებით ხდება, რომელსაც 7 საბრძოლო საბჯენი გააჩნია. ლულის კოლოფი ალუმინის შენადნობისაგანაა დამზადებული. დამცველი-ცეცხლის რეჟიმის გადამრთველი სამ პოზიციურია და უზრუნველყოფს ერთეული და ჯერით სროლას. კონსტრუქციაში შენარჩუნებულია M-16 სერიისთვის დამახასიატებელი, კონდახის ზემოთ განლაგებული Т-მაგვარი საკეტის შესაყენებელი სახელური და საკეტის შეყოვნების მექანიზმი.

1- Т-მაგვარი საკეტის შესაყენებელი სახელური. 2- მცველი-ცეცხლის რეჟიმის გადამრთველი.

ლულის კოლოფის ზედა მხარეს და ასევე ლულის ოთხივე მხარეს განლაგებულია პიკატინის მიმმართველები, რომლებიც სხვადასხვა აღჭურვილობის დასამაგრებლად გამოიყენება. კონდახი ტელესკოპური გასაშლელია, მრავალპოზიციური,  M-4-ის კონდახის კონსტრუქციის ანალოგიური. 

პიკატინის მიმმართველები

მრავალპოზიციური კონდახი

იარაღი ორ ძირითად ნაწილად იშლება - ზედა და ქვედა რესივერად. 
ქვედა რესივერი შესდგება და მასში მოთავსებულია შემდეგი ნაწილები:
  • კონდახი (მასში მოთავსებელი ბუფერით და ზამბარით)
  • ფისტოლეტის სახელური.
  • სასხლეტი თავისი პროტექტორით.
  • სამჭიდე.
  • მცველი-ცეცხლის რეჟიმის გადამრთველი.
  • საკეტის შემაყოვნებელი.
  • მჭიდის გამომგდები.
  • დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი.
ზედა რესივერი შესდგება  და მასში მოთავსებულია შემდეგი ნაწილები:
  • ლულა.
  • სამიზნე მოწყობილობები.
  • აირკამერა.
  • დგუში.
  • საკეტის ჩარჩო საკეტით.
  • საკეტის შესაყენებელი სახელური.

შაშხანა გამოიყენებს 5,56X45მმ ტყვიებისთვის განკუთვნილ, ნატოს სტანდარტის ნებისმიერ მჭიდს. ასევე შესაძლებელია ორმაგ ბარაბნიანი, 100 ტყვიანი ტევადობის მჭიდების გამოყენებაც.

G-5-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:
  • კალიბრი - 5,56მმ.
  • ვაზნა - 5,56X45მმ.
  • სიგრძე გაშლილი კონდახით - 840მმ.
  • სიგრძე დაკეცილი კონდახით - 756მმ.
  • ლულის სიგრძე კომპენსატორის გარეშე - 370მმ.
  • სროლის ეფექტური მანძილი - 500-600მ.
  • სწრაფსროლა - 700-950 გასროლა/წთ.
  • მჭიდის ტევადობა - 20/30/100





სტატია ღია წყაროებზე დაყრდნობითაა დაწერილი, ამიტომ შესაძლებელია რაიმე შეცდომა იყოს დაშვებული.