Friday, April 19, 2019

Merkava Mk4 ჩინურად


დღეს პეკინში მოდელიზმის საერთაშორიოს გამოფენა HEC-China International Model Expo იხსნება. ქვემოთმოყვანილია გამოფენისთვის გამზადებული ებრაული Merkava-ს სრულმაშტაბიანი მაკეტი. მაკეტის დამზადებას 48 დღე დასჭირდა, მის შესაქმნელად დაიხარჯა 1 ტონა მუყაო, გამოიჭრა კორპუსისა და კოშკურის 5000-ზე მეტი დეტალი.

ტანკის მუყაოს მოდელის გარდა ასევე მოყვანილი ხისგან ტანკ Type-99-ის გამოჭრის პროცესი და სხვა საგამოფენო ნიმუშები.


ხისგან Type-99-ის დამზადების ვიდეო




 




Thursday, April 18, 2019

"რუსული Як-141-იდან მოპარული F-35-ის საქშენი" - მითები და რეალობა

საკმაოდ ცნობილი ისტორია იმისა თუ როგორ გამოიყენეს რუსული მოტრიალებადი საქშენის ტექნოლოგია ამერიკელებმა საკუთარ უახლეს სგამანადგურებელზე - ანუ ზეციური ომი თემაზე "რუსული Як-141-იდან მოპარული F-35-ის საქშენი", რომელიც მუდმივად მიმდინარეობს ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში.


F-35B-ს მოტრიალებადი საქშენი
3-Bearing Swivel duct Nozzle

F-35B-ს სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენი

რა მოხდა რეალურად და სად გადის ზღვარი მითებსა და რეალობას შორის?

რამდენიმე წლის წინ ინტერნეტ რესურს codeonemagazine.com-ზე განთავსებული იქნა კევინ რენშოუს (Kevin Renshaw) საავტორო სტატია სახელოწდებით "History Of The F-35B Swivel Duct". თვითონ ავტორი კომპანია General Dynamics-ის (შემდეგში შესაბამისად Lockheed-ში) პროგრამა ASTOVL-ის (ASTOVL ეს აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვერტიკალური აფრენ-დაფრენის ზებგერითი თვითმფრინავის პროგრამაა, JSF-ის ერთ-ერთი წინაპარი)  დირექტორი იყო. სტატიაში F-35B-ს მობრუნებადი საქშენის შექმნის ისტორიაზე საუბრისას, ცალკე აბზაცითაა ნახსენები იაკოვლევის ინჟინრების გამოცდილების შეფასება და ისტორია - ცნობილია რომ Як-41 გახდა პირველი გამანადგურებელი, რომელმაც მსგავსი საქშენით იფრინა. ამ საკითხში საბჭოთა პირველობას არავინ არ უარყოფს, მაგრამ მისი სიტყვების თანახმად F-35B-ს საქშენი მხოლოდ და მხოლოდ კომპანია Convair-ის 60-იანი წლებში შემუშავებულ ტექნოლოგიებს ეფუძვნება.

JSF-ის ერთ-ერთი წინაპარი - აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვერტიკალური აფრენ-დაფრენის ზებგერითი თვითმფრინავ ASTOVL-ის გრაფიკული გამოსახულება
ASTOVL

ქვემოთ მოყვანილია სტატიის ის ნაწილი, რომელშიც სწორედ საბჭოთა Як41/141-ის მოტრიალებად საქშენზეა საუბარი. მთლიანი სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - F-35B Lightning II Three-Bearing Swivel Nozzle

რუსული მოტრიალებადი საქშენის შექმნის ისტორია

ინტერნეტში აუარება დეზინფორმაციაა გავრცელებული, რომელიც საბჭოთა Як-41 (მოგვიანებით Як-141)-ის და ამერიკულ Х-35-ის და მთლიანი JSF-ის პროგრამის ტექნოლოგიურ კავშირს ამტკიცებს. თვითონ 3BSD-ს (3-Bearing Swivel duct Nozzle - 3 განყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენი) კონსტრუქცია კომპანია Pratt & Whitney-მ რუსულ საქშენზე ადრე შექმნა. 3BSD გამოცდა რეალურ ძრავზე საბჭოთა Як-ის პირველ ფრენას მთელი ოცი წლით უსწრებდა. 
70-80-იან წლებში სსრკ-ს საზღვაო ძალებს სურდა რომ მათი ახალი შემოკლებული აფრენისა და ვერტიკალური დაშვების თვითმფრინავს ტრამპლინით აღჭურვილი პლატფორმებიდან ეფრინათ. უცნობია რა მომენტში შეიტყვეს იაკოვლევის ბიუროში სამ განყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენის შესახებ, მაგრამ ფაქტია რომ საბჭოთა ძრავმშენებელმა ბიურომ «Союз»-მა ამ საქშენის საკუთარი ვარიანტი შექმნა. გავრცელებული ფოტოების მიხედვით Як-41-ის საქშენი სამ განყოფილებიან მოტრიალებად არხს წარმოადგენს. Як-141-ზე ასევე გამოიყენებოდა ამწევი ძრავა РД-41 - რომლის მოწყობილობაც იდენტური იყო Convair Model 200-ის ძრავისა. თვითმფრინავის სახელი Як-141, მიანიშნებდა, რომ ის უკვე სერიული მოდელი იყო, მაგრამ სსრკ-ს საზღვაო ძალებმა მისი შეკვეთა არ განახორციელეს. 
Як-141-მა 1991 წელს პარიზში გამართულ ავიასალონზე იფრინა. მისი ვერტიკალური ფრენის ჩვენება შეწყვეტილი იქნა იმის შემდეგ, რაც აშკარა გახდა რომ ძრავის საქშენიდან გამოტყორცნილი რეაქტიული ჭავლი ასაფრენი ზოლის საფარველს ადნობდა და ამტვრევდა. 1992 წელს, ფრანბოროს ავიასალონზე, Як-141-ს ასფალტის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით 500 ფუტის სიმაღლეზე ჰაერში ლივლივის ნება მისცეს. მაგრამ Як-141 მაინც იმსახურებს შექებას - ის პირველი რეაქტიული თვითმფრინავი იყო, რომელმაც სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენით იფრინა, თუმცაღა ეს მან აშშ-ში ამ ტექნოლოგიის შემუშავებიდან 25 წლის მერე განახორციელა. 
პროექტ JAST-ზე (Joint Advanced Strike Technology - რომელიც შემდეგ JSF-ში გადაიზარდა) მუშაობის დასაწყისში კომპანია Lockheed (აშშ-ს მთავრობისა და პროგრამა JAST-ის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლების თანხლებით) რუსეთში იაკოვლევის საკონსტრუქციო ბიუროს და კიდევ რამდენიმე საავიაციო მოწყობილობის მწარმოებელს ეწვია (კერძოდ კატაპულტირებადი სავარძლის «К-36»-ის მწარმოებელ Звезда-ს). ვიზიტი Як-141-ის დათვალიერებას და მისი ექსპულატაციის ტექნოლოგიებისა და კონსტრუქციის შესწავლა წარმოადგენდა. 
იაკოვლევის საკონსტრუქციო ბიურო თავისი ვერტიკალური აფრენის გამანადგურებლის პროგრამისთვის ფინანსებს ეძებდა. Lockheed-მა Як-141-ის ტექნიკური მონაცემებისა და კონსტრუქციის შესახებ მცირე ინფორმაციის სანაცვლოდ მას დაფინანსება გამოუყო. აშშ-ს მთავრობის თანამშრომლებს გამანადგურებლის დათვალიერების ნება დართეს. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ვიზიტამდე X-35-ისთვის უკვე არსებობდა 3BSN-ის პროექტი. 
3BSD ამერიკაში 60-იან წლებში გამოიგონეს, 70-იან წლებში ის Convair-მა აშშ-ს საზღვაო ძალებს შესთავაზა, პირველად მსგავსი ტექნოლოგიით 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში იფრინეს, 90-იან წლებში  Pratt & Whitney-მ ამ ტექნოლოგიის აღდგენა განახორციელა და ის X-35-ზე დააყენა, 2000-იანების დასაწყისში ეს საქშენი უკვე სერიულად დაყენდა F-35B-ზე.

ამერიკული სტატიის და სხვა წყაროების გაანალიზების შემდეგ ჩემი მხრიდან ქრონოლოგიურად შემიძლია შემდეგნაირად დავალაგო საქშენის ისტორია:

პირველად მსგავსი ძრავა Rolls-Royce-მ სტენდზე 1964 წელს გამოსცადა. ამ ძრავის საფუძველზე გერმანელებმა (ამერიკელების მონაწილეობით) დახატეს პროექტი  VJ-101E. 

შემდეგ 70-იან წლებში, კომპანია Convair-მა მსგავსი საქშენი, თავისი Model 200 თვითმფრინავისთვის ამერიკულ ძრავაზე დააყენა.

80-იანი წლების დასაწყისში უკვე საბჭოთა Як-141-ზე დაყენდა სამგანყოფილებიანი საქშენი და პირველი ფრენებიც განახორციელა. ანუ Як-ის დამსახურება ისაა რომ, სხვებისგან განსხვავებით დაფრინავდა.

70-იანებში Lockheed-მა შეისყიდა Convair და ამ საქშენის პროექტი დახურა. 80-იანების შუაში, ATF პროგრამისთვის მსგავსი საქშენი და ვენტილიატორი იქნა შეთავაზებული (ისევე როგორც F-35B-ზე). 90-იანებში Lockheed-მა იაკოვლევის ბიუროში რამდენიმე მილიონ დოლარად დოკუმენტაცია შეიძინა. Як-ს JSF-ის პროგრამაშიც კი სურდა მონაწილეობის მიღება (როგორც Lockheed-ის ქვემიმწოდებელს).

საბოლოოდ Lockheed-მა ამოირჩია Rolls-Royce, რომელმაც ვერტიკალური დაჯდომის მთელი სისტემა - Rolls-Royce LiftSystem დამოუკიდებლად შეიმუშავა. სხვათაშორის Boeing X-32-ზეც Rolls Royce-ს სისტემაა, რომელსაც ფეხები ასევე 60-იანი წლებიდან ეზრდება.

ბრიტანული Rolls-Royce-ს სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენი საცდელ სტენდზე (ფოტო გადიდებადია)



ბრიტანულ-გერმანული VJ-101E და მისი საქშენი



Convair Model 200-ის კონცეფცია და მისი ძრავისა და მოტრიალებადი საქშენის კონსტრუქციული ნახაზები

სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენით აღჭურვილი Як-141-ის ძრავა Р79В-300 

და ბოლოს - ქვედა ორ ფოტოზე ასახულია Convair Model 200-ის ძრავების განლაგების სქემა და ვერტიკალური ფრენის მომენტში დაფიქსირებული საბჭოთა/რუსული Як-141. ორივე გამანადგურებელს ძალური დანადგარების იდენტური განთავსება აქვს - ამერიკულ პროექტში უკანა მხარეს სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენია, ხოლო წინა მხარეს ვერტიკალური ფრენისთვის განკუთვნილი ორი მცირე ზომის რეაქტიული ძრავაა განთავსებული ერთ რიგში. ზუსტად ანალოგიურადაა განთავსებული საბჭოთა გამანადგურებელზეც წინა ორი რეაქტიული ძრავა, ხოლო უკანა მხარეს სამგანყოფილებიანი საქშენია, რომელიც როგორ ზემოთ ითქვა ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს.
Як-141
















Tuesday, April 16, 2019

აშშ-ს საჰაერო ძალების F-35A-ს პირველი საბრძოლო მივლინება


გუშინ, 15 აპრილს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად - ქვეყნის საჰაერო ძალებმა ახლო აღმოსავლეთში კოალიციის მხარდასაჭერად მე-5 თაობის გამანადგურებლის, F-35A-ს მივლინება გადაწყვიტა.

გამანადგურებელთა 388-ე და 419-ე ავიაფრთის მფრინავები გაერთიანებულ საემიროში ავიაბაზა ალ-დაფრაზე, გუშინ ჩაფრინდნენ.



აშშ-ს ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში პირველი საბრძოლო გაშლის მიზეზით, პილოტებმა AFCENT-ის მისიებში გაიარეს მომზადება.

მფრინავების ჯგუფი საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი გამანადგურებელთა მე-4 ესკადრილიისა და 466-ე სარეზერვო ესკადრილიის პილოტებისგან შესდგება, ჯგუფში ტექნიკური მომსახურებისა და სხვა დამხმხარე ფუნქციების შესასრულებლად ასევე ჩართულია მე-4 საავიაციო სამსახურის რეზერვისტი-პილოტები.

თვითონ ეს ფაქტი იმითაა ღირსშესანიშნავი, რომ ამ ტიპის გამანადგურებლებისთვის ეს პირველი საბრძოლო მივლინებაა - რაც მის სიმწოფეზე მიანიშნებს. სავარაუდოდ საბრძოლო ამოცანაზე გადასროლილმა გამანადგურებლებმა უკვე გაიარეს Block 3F დომენმდე მოდერნიზაცია (ეს მოდერნიზაცია გასული წლის ბოლოს დაიყო).

Monday, April 15, 2019

ახალი უკრაინული სამეთაურო-საშტაბო მანქანა БТР-3КШ

კიევის ჯავშანსატანკო ქარხანამ, კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, თანამედროვე ბრძოლის ველზე ქვედანაყოფების მართვისა და კონტროლისთვის  ახალი სამეთაურო-საშტაბო მანქანა БТР-3КШ შექმნა.


БТР-3КШ-ს გულს ბრძოლის ველის საინფორმაციო მართვის უახლესი ავტომატიზირებული სისტემა წარმოადგენს - რომელიც აერთიანებს დაცული ციფრული კავშირის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას ქვედანაყოფების, სამიზნეებისა და საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებების შესახებ.

ინფორმაციის მიწოდება შეეძლება ათეულის მეთაურებს, ცალკეულ საბრძოლო მანქანებს, გათვლებს, მეწინავე მაკორექტირებლებს, უპილოტოებს, კონტრბატარეულ რადარებს და ბრძოლაში ჩართულ სხვა მონაწილეებსა და დაკვირვების საშუალებებს. თავის მხრივ მართვის ავტომატიზირებული სისტემა ინფორმაციის მთლიანობას ასახავს კომპიუტერში არსებულ ტაქტიკურ რუქაზე და ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს ოპერატიულად მოახდინოს საბრძოლო ამოცანების განაწილება-გადაცემა და მათი შესრულების კონტროლი.

БТР-3КШ-ს სადემონსტრაციო ვიდეო


БТР-3КШ-ს ბრძოლის ველის საინფორმაციო მართვის უახლესი ავტომატიზირებული სისტემა

სისტემა საბრძოლო ამოცანის შესრულების ეფექტურებას საგრძნობლად ამაღლებს და სრულებით შეესაბამება თანამედროვე ბრძოლის წარმოების კონცეფციას - როდესაც ბრძოლის ველზე მტერზე უპირატესობა ინფორმაციის მუდმივი გაცვლითა და ქვედანაყოფებს შორის გაუმჯობესებული ურთიერთშეთანხმებითა და კოორდინაციით მიიღწევა.

ამას გარდა БТР-3КШ აღჭურვილია საკუთარი სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავით, რომლის წყალობითაც ის დამოუკიდებლად ღებულობს დაზუსტებულ ინფორმაციას. ამჟამად БТР-3КШ-ს შემადგენლობაში გამოიყენებ «Укроборонпром»-ის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო საწარმოო «ДКБ Авіації загального призначення»-ს წარმოებული უპილოტო «Рама» (რამა).

БТР-3КШ - ბორტზე უპილოტო «Рама»-თი და 12,7 მმ-ნი საბრძოლო მოდული  «ІВА-М»-ით

БТР-3КШ-ზე თავდაცვის მიზნით საწარმოო  "Чернігівський завод радіоприладів"-ს მიერ შექმნილი საბრძოლო მოდული «ІВА-М» აყენია. ეს არის 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევით აღჭურვილი მსუბუქი, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული, რომლის ცეცხლის მართვის სისტემაშიც შედის სითბური, დღის და ლაზერული არხები, მოდული ასევე აღჭურვილია საკვამლე მორტირებით.

შემკვეთის სურვილის მიხედვით მანქანაზე ნებისმიერი უპილოტო სისტემისა და მსუბუქი საბრძოლო მოდულის ინტეგრირებაა შესაძლებელი.


ეკიპაჟის 9 წევრის ერგონომიულობისა და კომფორტულობის გაზრდის მიზნით БТР-3-ს კონსტრუქციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა განხორციელებული. კერძოდ საგრძნობლად გაიზარდა სამუშაო ზონის სივრცე, გაფართოვდა გვერდითი კარებები, დაყენდა უფრო კომფორტული სავარძლები და კონდიციონირების მძლავრი სისტემა.

მიუხედავად ცვლილებებისა БТР-3КШ-ს  8х8 სავალი ნაწილის მახასიათებლები უცვლელი დარჩა - მას შეუძლია განავითაროს 100კმ/სთ სიჩქარე და ცურვით გადალახოს წყლის წინაღობები.

ამჟამად კიევის ჯავშანსატანკო ქარხანა БТР-3КШ-ს ქარხნული გამოცდებისთვის ამზადებს, რის შემდეგაც მანქანა სერიაში ჩაშვების მიზნით მზად იქნება ჩაერთოს სახელმწიფო გამოცდებში.

Sunday, April 14, 2019

მსოფლიოში ყველაზე დიდმა თვითმფრინავმა პირველი ფრენა განახორციელა


კოსმოსურმა კომპანია Stratolaunch-მა, რომელიც Microsoft-ის თანამონაწილე პოლ ალლენმა დააფუძნა, მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი Roc-ი აწია ჰაერში.  ფრენა გუშინ, დილის 6 საათსა და 46 წუთზე მოჰავეს უდაბნოში განხორციელდა.


Roc დღეს მსოფლიოს უდიდესი საჰაერო ხომალდის ტიტულს ფლობს - მისი ფრთების გაქანი 385 ფუტს (117,35 მეტრს) უტოლდება, ხოლო ასაფრენი მასა 1300000 ფუნტია (589 670 ტონა). თვითმფრინავი ექვსი ცალი Pratt & Whitney PW4056 ტიპის ტურბორეაქტიული ძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც როგორც წესი Boeing 747-400-ზე აყენია. მთლიანობაში ეს ძრავები თვითმფრინავს 340 500 ფუნტი (154448,2 ტონა) წევით უზრუნველყოფენ. 


თვითმფრინავმა კოსმოსური რაკეტები უნდა გაიყვანოს ორბიტაზე - ის იქნება მრავალჯერადი პლატფორმა, რომელიც ატმოსფეროს ზედა შრეებამდე აიყვანს კოსმოსურ რაკეტებს და იქედან განახორციელებს მათ გაშვებას. ამდაგვარად მოხდება კოსმოსურ სადგურებთან ტვირთის გატანის ხარჯების საგრძნობი შემცირება.