საკმაოდ ცნობილი ისტორია იმისა თუ როგორ გამოიყენეს რუსული მოტრიალებადი საქშენის ტექნოლოგია ამერიკელებმა საკუთარ უახლეს სგამანადგურებელზე - ანუ ზეციური ომი თემაზე "რუსული Як-141-იდან მოპარული F-35-ის საქშენი", რომელიც მუდმივად მიმდინარეობს ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში.
F-35B-ს მოტრიალებადი საქშენი
რა მოხდა რეალურად და სად გადის ზღვარი მითებსა და რეალობას შორის?
რამდენიმე წლის წინ ინტერნეტ რესურს codeonemagazine.com-ზე განთავსებული იქნა კევინ რენშოუს (Kevin Renshaw) საავტორო სტატია სახელოწდებით "History Of The F-35B Swivel Duct". თვითონ ავტორი კომპანია General Dynamics-ის (შემდეგში შესაბამისად Lockheed-ში) პროგრამა ASTOVL-ის (ASTOVL ეს აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვერტიკალური აფრენ-დაფრენის ზებგერითი თვითმფრინავის პროგრამაა, JSF-ის ერთ-ერთი წინაპარი) დირექტორი იყო. სტატიაში F-35B-ს მობრუნებადი საქშენის შექმნის ისტორიაზე საუბრისას, ცალკე აბზაცითაა ნახსენები იაკოვლევის ინჟინრების გამოცდილების შეფასება და ისტორია - ცნობილია რომ Як-41 გახდა პირველი გამანადგურებელი, რომელმაც მსგავსი საქშენით იფრინა. ამ საკითხში საბჭოთა პირველობას არავინ არ უარყოფს, მაგრამ მისი სიტყვების თანახმად F-35B-ს საქშენი მხოლოდ და მხოლოდ კომპანია Convair-ის 60-იანი წლებში შემუშავებულ ტექნოლოგიებს ეფუძვნება.
JSF-ის ერთ-ერთი წინაპარი - აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვერტიკალური აფრენ-დაფრენის ზებგერითი თვითმფრინავ ASTOVL-ის გრაფიკული გამოსახულება
ქვემოთ მოყვანილია სტატიის ის ნაწილი, რომელშიც სწორედ საბჭოთა Як41/141-ის მოტრიალებად საქშენზეა საუბარი. მთლიანი სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - F-35B Lightning II Three-Bearing Swivel Nozzle
რუსული მოტრიალებადი საქშენის შექმნის ისტორია
ინტერნეტში აუარება დეზინფორმაციაა გავრცელებული, რომელიც საბჭოთა Як-41 (მოგვიანებით Як-141)-ის და ამერიკულ Х-35-ის და მთლიანი JSF-ის პროგრამის ტექნოლოგიურ კავშირს ამტკიცებს. თვითონ 3BSD-ს (3-Bearing Swivel duct Nozzle - 3 განყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენი) კონსტრუქცია კომპანია Pratt & Whitney-მ რუსულ საქშენზე ადრე შექმნა. 3BSD გამოცდა რეალურ ძრავზე საბჭოთა Як-ის პირველ ფრენას მთელი ოცი წლით უსწრებდა.
70-80-იან წლებში სსრკ-ს საზღვაო ძალებს სურდა რომ მათი ახალი შემოკლებული აფრენისა და ვერტიკალური დაშვების თვითმფრინავს ტრამპლინით აღჭურვილი პლატფორმებიდან ეფრინათ. უცნობია რა მომენტში შეიტყვეს იაკოვლევის ბიუროში სამ განყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენის შესახებ, მაგრამ ფაქტია რომ საბჭოთა ძრავმშენებელმა ბიურომ «Союз»-მა ამ საქშენის საკუთარი ვარიანტი შექმნა. გავრცელებული ფოტოების მიხედვით Як-41-ის საქშენი სამ განყოფილებიან მოტრიალებად არხს წარმოადგენს. Як-141-ზე ასევე გამოიყენებოდა ამწევი ძრავა РД-41 - რომლის მოწყობილობაც იდენტური იყო Convair Model 200-ის ძრავისა. თვითმფრინავის სახელი Як-141, მიანიშნებდა, რომ ის უკვე სერიული მოდელი იყო, მაგრამ სსრკ-ს საზღვაო ძალებმა მისი შეკვეთა არ განახორციელეს.
Як-141-მა 1991 წელს პარიზში გამართულ ავიასალონზე იფრინა. მისი ვერტიკალური ფრენის ჩვენება შეწყვეტილი იქნა იმის შემდეგ, რაც აშკარა გახდა რომ ძრავის საქშენიდან გამოტყორცნილი რეაქტიული ჭავლი ასაფრენი ზოლის საფარველს ადნობდა და ამტვრევდა. 1992 წელს, ფრანბოროს ავიასალონზე, Як-141-ს ასფალტის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით 500 ფუტის სიმაღლეზე ჰაერში ლივლივის ნება მისცეს. მაგრამ Як-141 მაინც იმსახურებს შექებას - ის პირველი რეაქტიული თვითმფრინავი იყო, რომელმაც სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენით იფრინა, თუმცაღა ეს მან აშშ-ში ამ ტექნოლოგიის შემუშავებიდან 25 წლის მერე განახორციელა.
პროექტ JAST-ზე (Joint Advanced Strike Technology - რომელიც შემდეგ JSF-ში გადაიზარდა) მუშაობის დასაწყისში კომპანია Lockheed (აშშ-ს მთავრობისა და პროგრამა JAST-ის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლების თანხლებით) რუსეთში იაკოვლევის საკონსტრუქციო ბიუროს და კიდევ რამდენიმე საავიაციო მოწყობილობის მწარმოებელს ეწვია (კერძოდ კატაპულტირებადი სავარძლის «К-36»-ის მწარმოებელ Звезда-ს). ვიზიტი Як-141-ის დათვალიერებას და მისი ექსპულატაციის ტექნოლოგიებისა და კონსტრუქციის შესწავლა წარმოადგენდა.
იაკოვლევის საკონსტრუქციო ბიურო თავისი ვერტიკალური აფრენის გამანადგურებლის პროგრამისთვის ფინანსებს ეძებდა. Lockheed-მა Як-141-ის ტექნიკური მონაცემებისა და კონსტრუქციის შესახებ მცირე ინფორმაციის სანაცვლოდ მას დაფინანსება გამოუყო. აშშ-ს მთავრობის თანამშრომლებს გამანადგურებლის დათვალიერების ნება დართეს. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ვიზიტამდე X-35-ისთვის უკვე არსებობდა 3BSN-ის პროექტი.
3BSD ამერიკაში 60-იან წლებში გამოიგონეს, 70-იან წლებში ის Convair-მა აშშ-ს საზღვაო ძალებს შესთავაზა, პირველად მსგავსი ტექნოლოგიით 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში იფრინეს, 90-იან წლებში Pratt & Whitney-მ ამ ტექნოლოგიის აღდგენა განახორციელა და ის X-35-ზე დააყენა, 2000-იანების დასაწყისში ეს საქშენი უკვე სერიულად დაყენდა F-35B-ზე.
ამერიკული სტატიის და სხვა წყაროების გაანალიზების შემდეგ ჩემი მხრიდან ქრონოლოგიურად შემიძლია შემდეგნაირად დავალაგო საქშენის ისტორია:
პირველად მსგავსი ძრავა Rolls-Royce-მ სტენდზე 1964 წელს გამოსცადა. ამ ძრავის საფუძველზე გერმანელებმა (ამერიკელების მონაწილეობით) დახატეს პროექტი VJ-101E.
შემდეგ 70-იან წლებში, კომპანია Convair-მა მსგავსი საქშენი, თავისი Model 200 თვითმფრინავისთვის ამერიკულ ძრავაზე დააყენა.
80-იანი წლების დასაწყისში უკვე საბჭოთა Як-141-ზე დაყენდა სამგანყოფილებიანი საქშენი და პირველი ფრენებიც განახორციელა. ანუ Як-ის დამსახურება ისაა რომ, სხვებისგან განსხვავებით დაფრინავდა.
70-იანებში Lockheed-მა შეისყიდა Convair და ამ საქშენის პროექტი დახურა. 80-იანების შუაში, ATF პროგრამისთვის მსგავსი საქშენი და ვენტილიატორი იქნა შეთავაზებული (ისევე როგორც F-35B-ზე). 90-იანებში Lockheed-მა იაკოვლევის ბიუროში რამდენიმე მილიონ დოლარად დოკუმენტაცია შეიძინა. Як-ს JSF-ის პროგრამაშიც კი სურდა მონაწილეობის მიღება (როგორც Lockheed-ის ქვემიმწოდებელს).
საბოლოოდ Lockheed-მა ამოირჩია Rolls-Royce, რომელმაც ვერტიკალური დაჯდომის მთელი სისტემა - Rolls-Royce LiftSystem დამოუკიდებლად შეიმუშავა. სხვათაშორის Boeing X-32-ზეც Rolls Royce-ს სისტემაა, რომელსაც ფეხები ასევე 60-იანი წლებიდან ეზრდება.
ბრიტანული Rolls-Royce-ს სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენი საცდელ სტენდზე (ფოტო გადიდებადია)
ბრიტანულ-გერმანული VJ-101E და მისი საქშენი
Convair Model 200-ის კონცეფცია და მისი ძრავისა და მოტრიალებადი საქშენის კონსტრუქციული ნახაზები
სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენით აღჭურვილი Як-141-ის ძრავა Р79В-300
და ბოლოს - ქვედა ორ ფოტოზე ასახულია Convair Model 200-ის ძრავების განლაგების სქემა და ვერტიკალური ფრენის მომენტში დაფიქსირებული საბჭოთა/რუსული Як-141. ორივე გამანადგურებელს ძალური დანადგარების იდენტური განთავსება აქვს - ამერიკულ პროექტში უკანა მხარეს სამგანყოფილებიანი მოტრიალებადი საქშენია, ხოლო წინა მხარეს ვერტიკალური ფრენისთვის განკუთვნილი ორი მცირე ზომის რეაქტიული ძრავაა განთავსებული ერთ რიგში. ზუსტად ანალოგიურადაა განთავსებული საბჭოთა გამანადგურებელზეც წინა ორი რეაქტიული ძრავა, ხოლო უკანა მხარეს სამგანყოფილებიანი საქშენია, რომელიც როგორ ზემოთ ითქვა ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს.
No comments:
Post a Comment