ამას წინათ შემთხვევით სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალი"–ს რამდენიმე ნომერს წავაწყდი, გადავათვალიერე და ჩემი ყურადღება 2015 წლის ივლისის მე–7 ნომერში, 42–ე გვერდზე სტატია "ახალი სატანკო შეჯიბრება?"–მ მიიქცია, რომელიც შემდეგი ციტატით იწყება:
"ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წელი 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე პომპეზური აღლუმით აღინიშნა, სადაც პირველად წარმოადგინეს უახლესი რუსული სამხედრო ტექნიკის რამდენიმე ნიმუში. აღლუმის წინ ტექნიკის საიმედოობაზე ეჭვი არსებობდა, მაგრამ საბრძოლო მანქანების კოლონებმა მავზოლეუმზე მოწყობილ სამთავრობო ტრიბუნას შეუფერხებლად ჩაუარეს.
ყურადღების ცენტრში ახალი ტანკი Т-14 Армата იყო, რომლის პირველი დახურული ჩვენება 2010 წლის 15 ივლისს ნიჟნი–ტაგილში გამოფენ "ობორონა ი ზაშიტა 2010"–ის მსვლელობისას შედგა. მაშინ ტანკი Т-95 "შავი არწივის" სახელით იყო წარმოდგენილი, მედიაში კი გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მას დაბალი სილუეტი ჰქონდა და კოშკურას ჯავშანკაფსულიდან ეკიპაჟი დისტანციურად მართავდა. სავარაუდო შეიარაღებად ასახელებდნენ 135მმ–იან და 152მმ–იან ქვემეხს, საზენიტო მართვად რაკეტებს, ასევე 7,62მმ–იან და 14,5მმ–იან ტყვიამფრქვევებს.
ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის აპრილიდან ტანკის საპროექტო სამუშაოებს დაფინანსება შეუწყვიტა და პროგრამა დაიხურა, მაგრამ დაფინანსების წყარო სვერდლოვსკის ოლქმა გამონახა, სადაც ქალაქი ნიჯნი–ტაგილი და ტანკმშენებელი ქარხანა, "ურალ–ვაგონზავოდი" მდებარეობს.
პროექტის დახურვა, ალბათ, ნიშნავდა იმას, რომ სამხედროებმა "შავ არწივში" პრინციპულად ახალი და არმიისთვის მისაღები ვერაფრი დაინახეს.
კორპორაცია "ურალვაგონზავოდმა" დრო, როგორც ჩანს, უქმად არ დაკარგა, პროექტის გაუმჯობესებას მოახმარა და იდუმალების ბურუსში გახვეული ტანკი საჯარო ჩვენებისთვის მოსკოვში 9 მაისს აღლუმზე გამოიყვანა".
ნუ საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი, პირველი და უმთავრესი ტანკების სახელწოდებებზე და ინდექსებზე მინდა გავამახვილო ყურადღება - Т-14 Армата რომელიც Т-95 "შავი არწივის" სახელით იყო მანამდე ცნობილი.
- "Чёрный орёл" - "შავი არწივი" ეს არის ომსკის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქარხნის (Омский завод транспортного машиностроения) საინიციატივო ნამუშევარი, ინდექსი "Объект–640", რომელსაც სარეკლამო წაწევის მიზნით ბრუტალური სახელი "Чёрный орёл" უწიდეს. პროექტი მიზნად ისახავდა Т-80-ის ბაზის გამოყენებით ახალი მანქანის შექმნას. მისი ერთადერთი პროტოტიპი სადგომზე ჟანგდება.
- "Т-95" - ეს არის ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს (Уральское Конструкторское Бюро Транспортного Машиностроения) პერსპექტიული ტანკის სახელწოდება, რომელიც ცნობილია ინდექსით Объект–195, ამ პროექტის საცდელ საკონსტრუქციო (ОКР) სამუშაოს "Совершенствование-88" ეწოდებოდა, ხალხში ის ასევე ცნობილია როგორც Т-95, მაგრამ ინდექსი "Т" ჯერ საბჭოთა და შემდეგ რუსულ ტანკებს არ ენიჭებოდათ/ენიჭებათ მანამ სანამ მათი შეიარაღებაზე მიღება არ მოხდება, ანუ ლოგიკურად ინდექსი "Т-95" ეს არაოფიციალური სახელწოდებაა. პროგრამა 90–იანების დასაწყისიდან 2010 წლამდე მიმდინარეობდა, რის შედეგადაც უპერსპექტივობის გამო დაიხურა.
- "Т-14 Армата" - ეს არის იმავე ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს (Уральское Конструкторское Бюро Транспортного Машиностроения) ქმნილება, რომელის ინდექსიცაა "Объект 148". თვითონ პროექტი "Армата" ეს არის უნივერსალური მუხლუხოვანი პლატფორმა, რომლის ბაზაზეც უკვე შექმნილია სამი სხვადასხვა დანიშნულების მანქანა, ესენია ზემოთ უკვე ნახსენები ძირითადი საბრძოლო ტანკი Т-14 (ГБТУ–ს ინდექსი "Объект–148"), ქვეითთა მძიმე საბრძოლო მანქანა Т-15 (ინდექსი Объект-149) და შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა Т-16 (Объект-152). ეს ოჯახობა სავარაუდოდ კიდევ მრავალი სხვადასხვა დანიშნულების მანქანით უნდა შეივსოს (საარტილერიო, საინჟინრო, ხიდგამდები და ასე შემდეგ).
უბრალო შემეცნებისთვის ქვემოთ მოყვანილია სამივე ტანკის გამოსახულება
Объект–640 "Чёрный орёл"
Объект–195 ОКР "Совершенствование-88", იგივე Т-95
უნივერსალური მუხლუხებიანი პლატფორმა "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ტანკი Т-14, ГБТУ–ს ინდექსი "Объект–148"
გადავიდეთ თვითონ სტატიის გარჩევაზე:
1. Т-95–ს არა აქვს დაბალი სილუეტი, ალბათ ყველაზე მაღალია არსებულ ტანკებს შორის.
2. მისი შეიარაღება არის ძირითადი 152მმ–ნი ქვემეხი 2А83 და დამხმარე ავტომატური 30მმ–ნი ქვემეხი 2А42.
3. 2010 წელს ამ ტანკის პროექტი დახურეს და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მას დაფინანსება შეუწყვიტა, არანაირი დაფინანსება ამ პროექტს სვერდლოვსკის ოლქიდან არ მიუღია, იყო მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, მანქანა გადაიყვანეს სადგომზე და იქ მტვერის ქვეშ ისვენებს მანამ, სანამ გრიფით საიდუმლო არ მოეხსნება და არ გასაჯაროვდება (ალბათ ასე 20–25 წლის მერე).
4. 2010 წლის მერე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და შეკვეთით ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიურომ წამოიწყო პროგრამა "Армата". პროგრამაში მისი წინამორბედი Объект–195–სგან ბევრი რამე იქნა გადმოღებული, გამოყენებული იქნა მისი ტექნოლოგიური მიღწევები და გადაწყვეტილებები, თუმცა ეს ორი სხვადასხვა მანქანაა და ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.
P.S. სტატიის ავტორის, თემურ ჩაჩანიძისადმი, დიდი პატივისცემის მიუხედავად დასკვნის სახით მინდა ვთქვა რომ – სტატიის ეს მონაკვეთი მთლიანად უზუსტობა და შეცდომაა. და მითუმეტეს სამხედრო–ანალიტიკურ ჟურნალში ასეთი დომხალი არ უნდა იბეჭდებოდეს.
No comments:
Post a Comment