შოტლანდია და ატლანტიკის კუნძულები
შოტლანდიის რეგიონი დანაწევრებული იყო მრავალ სამეფოდ, რომლებშიც კონკრეტული ეთნოსები სახლობდნენ. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ეგრეთწოდებული Highlands, პიკტების სამეფო მდებარეობდა. პიკტები ბრიტანეთის აბორიგენ მოსახლეობას წარმოადგენდნენ. სამხრეთ ნაწილში სტრათკლაიდი (Strathclyde) იყო განთავსებული, რომელშიც ასევე აბორიგენი მოსახლეობა ცხოვრობდა. ამავე რეგიონში ანგლოსაქსებით დასახლებული ნორთუმბრიის ნაწილიც მდებარეობდა. დასავლეთ სანაპიროზე და ევრიდებში კელტური წარმოშობის შოტლანდიელები სახლობდნენ.
ამ რეგიონში პირველი სკანდინავიური შემოსევა მე-8 საუკუნის ბოლოთი თარიღდება. 795 წელს დარბეული იქნა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იონას (Iona) სახელობის ტაძარი. მე-9 საუკუნის პირველ ათწლეულებში მრავალი თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ მუდმივად დასახლება ვიკინგებმა 850 წლის მერე დაიწყეს, სავარაუდოდ მომარაგების ბაზების შესქმენლად. იმავე პერიოდში ვიკინგები, მეზობლად მდებარე, ატლანტიკის ოკეანის კუნძულებზე დამკვიდრდნენ, ესენია სეტლანდის (Hjattland), ორკნეის (Orkneyjar) და ევრიდეს (Sudreyjar) კუნძულები. პარალელურად დასახლდნენ დასავლეთ სანაპიროს მთელს სიგრძეზე. ყველა ამ შემთხვევაში ვიკინგები ადგილობრივ, კელტური წარმოშობის ხალხთან აითქვიფნენ და განიცადეს ასიმილაცია. ირლანდიელები სწორედ მათ უწოდებდნენ უცხოელ კელტებს (Gall-Gaedhil).
839 წელს ვიკინგები პიკტების ქვეყანაში შეიჭრნენ და აბსოლიტურ გამარჯვებას მიაღწიეს. 869 წელს ასევე დაამარცხეს ირლანდიელები ევრიდეს კუნძულებთან გამართულ საზღვაო ბრძოლაში. მომავალ წელს ბრეტონების ტერიტორიებზე შეიჭრნენ და მათი დედაქალაქი გაანადგურეს, ამით მათ დუბლინსა და იორკს შორის სავაჭრო გზის უსაფრთხოებას მიაღწიეს. ვიკინგების შეჭრამ შოტლანდიაში გამანადგურებლად იმოქმედა პიკტებზე და ბრეტონებზე, მაგრამ ხელსაყრელი გამოდგა შოტლანდიელებისთვის. ამ ბოლოებმა გამოიყენეს არსებული მდგომარეობა და თავიანთი ტერიტორიები გააფართოვეს, 844 წელს დაამარცხეს პიკტები და დაიკავეს მათი ქვეყანა. 920 წელს ვიკინგებმა სამხრეთში, ნორთუმბრიაში ბრეტონების წინააღმდეგ, ხოლო 973 წელს ანგლოსაქსების წინააღმდეგ გაილაშქრეს, რის შედეგადაც შოტლანდიის ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება მოახდინეს.
ირლანდია
ლაშქრობათა პირველი პერიოდი (795-873 წლები)
მე-8 საუკუნეში ირლანდია ხუთ სამეფოდ იყო დაყოფილი და მათი მოსახლეობა ერთმანეთში მუდმივ კონფლიქტში იმყოფებოდა. ჩრდილოეთში მდებარეობდა ოლსტერის (Ulster), ცენტრში კონნაჰტის (Connacht) და მეათის (Meath) სამეფოები, ხოლო სამხრეთში მუნსტერის (Munster) და ლეინსტერის (Leinster) სამეფოები იყო განთავსებული.
ირლანდიის სამეფოები ადრეულ შუა საუკუნეებში
ირლანდიაში შესანიშნავი საეკლესიო ტრადიციები ჰქონდათ და ეს გასაგებიცაა, რადგანაც ბრიტანეთის გაქრისტიანება ხომ ირლანდიიდან დაიწყო. ირლანდია ნათელ ქრისტიანულ-კელტურ ცივილიზაცია იყო, რომლის ცენტრსაც ტაძრები წარმოადგენდნენ. ამ ცივილიზაციის შემდეგი განვითარება ვიკინგების შემოსევებმა შეაჩერეს, რომლებმაც მომდევნო ორი საუკუნის განმავობაში ეს კუნძული სრულებით ააფორიაქეს.
პირველი თავდასხმა 795 წლით თარიღდება, როდესაც თავდამსხმელებმა კუნძულ ლამბეიზე (Lambay) ტაძარი გაანადგურეს. ეს თავდასხმა ძალიან ჰგავდა 793 წელს ინგლისში, ლინდსფარნის (Lindisfarne) ტაძარზე განხორციელებულ თავდასხმას. ამას მოჰყვა ვიკინგების მცირე ჯგუფების გამუდმებული თავდასხმები, რომლებსაც ირლანდიელები წარმატებით იგერიებდნენ. 830 წლის შემდეგ თავდასხმები უფრო მძაფრი გახდა და ვიკინგებმა დაიწყეს წინა სადაზვერვო თავდასხმების დროს მიღებული ინფორმაციის გამოყენება. მათ დაიწყეს მდინარის დინებების და ტბების, რომლებითაც ირლანდია მდიდარი იყო, გამოყენება, შეაღწიეს ხომალდებით ირლანდიის სიღრმეში და გზად უამრავი დასახლება დაარბიეს.
თანდათანობით ვიკინგებმა მიატოვეს მცირე, ნაალაფარის მიზნით განხორციელებული თავდასხმები და დაკავებულ ტერიტორიებზე დაიწყეს მუდმივი ბაზების მოწყობა. ააშენეს სამხედრო სიმაგრეები და მეწინავე საყარაულოები, რომელთა მიზანსაც თავდაპირველად სანაპიროს, ხოლო შემდეგში უკვე ქვეყნის შიდა ტერიტორიების კონტროლი წარმოადგენდა. სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილებში მათ დააარსეს დასახლებები, რომლებიც მომავალში დიდ ქალაქებად გადაიქცნენ. 841 წელს ნორვეგიელმა მეთაურმა, ტურგეისმა (Turgeis) დააარსა დუბლინი (ირლანდიის დღევანდელი დედაქალაქი), რომელიც თავიდან დაცულ საზღვაო ბაზას წარმოადგენდა და გამოიყენებოდა ირლანდიის შიგნით სალაშქრო პლატფორმად.
გამაგრებული დუბლინი ვიკინგების დროს
კელტებმა წარმატებულად მოახდინეს წინააღმდეგობის ორგანიზირება და 847 წელს ნორვეგიელების წინააღმდეგ ოთხი დიდი გამარჯვება მოიპოვეს, რითაც მტერი ქვეყნის შიგნიდან სანაპიროზე გააძევეს. ამავე პერიოდში დაიძაბა თვითონ შიდასკანდინავიური ურთიერთობაც, 851 წელს დანიელებმა დუბლინიდან დროებით გამოაძევეს ნორვეგიელები. 853 წელს ნორვეგიელმა ოლაფ თეთრმა (Olaf, 853-71 წლები) განდევნა დანიელები დუბლინიდან და ის დუბლინის მეფედ აღიარეს. ვიკინგებმა თავიანთი მდგომარეობის გამყარების მიზნით დაიწყეს ზოგიერთ ადგილობრივ კელტურ ტომებთან კავშირების დამყარება და ჩაერივნენ ადგილობრივ, სამოქალაქო დაპირისპირებებში. 870 წლის მერე ბევრმა ვიკინგმა მიატოვა ირლანდია, რადგანაც ინგლისში სალაშქროდ უფრო ხელსაყრელი შესაძლებლოები გამოჩნდა. ინგლისში ამ დროს დიდი დანიური არმია იყო შეჭრილი. ასევე ძალიან მიმზიდველი იყო ახლად აღმოჩენილი ისლანდიის მიწები. ყოველივე ამის შედეგად ირლანდიამ 40 წლის განმავლობაში (874-914 წლები) მშვიდად იარსება.
ლაშქრობათა მეორე პერიოდი (914-1014 წლები)
მე-10 საუკუნის დასაწყისში კელტური ტომების ზეწოლა გაიზარდა, რის შედეგადაც 902 წელს ირლანდიელებმა ნორვეგიელები დუბლინიდან განდევნეს. მაგრამ ვიკინგების თანდათანობითმა გამოსვლამ ინგლისიდან, სადაც ამ დროს ანგლოსაქები დანილაგის დაკავებით იყვნენ დაკავებულები, და ფრანკთა მიწებიდან, სადაც ნორმანდები თავისი თანატომელი ვიკინგების იერიშებს წარმატებით იგერიებდნენ, სკანდინავიელებს კვლავ ირლანდიისკენ შემობრუნებისკენ უბიძგა. 914 წელს დაიკავეს დუბლინი და ბევრ ბრძოლაში მოიპოვეს გამარჯვება. ირლანდიის უმაღლესი ხელმძღვანელი ტარა (Tara, წმინდა და სამეფო მნიშვნელობის თანამდებობა) და სხვა 12 მცირე მეფე 919 წელს დუბლინისთვის ბრძოლაში იქნენ მოკლულები.
ვიკინგ მხედართმთავართა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები ახალ, შიდასკანდინავიურ დაპირისპირებებს იწვევდა. ამით ისარგებლეს კელტმა ტომებმა, 968-69 წლებში სამხრეთ ირლანდიაში მდებარე ლიმერიკი (Limerick) დაიკავეს და რაიონიდან ვიკინგები განდევნეს. მიუხედავად ამისა სკანდივაიელთა მმართველობა ზენიტში იყო და ვიკიგებმა ადგილობირვ კელტ მეფეებს მორჩილება მოსთხოვეს და ხარკის გადახდა დაავალეს. იმავე პერიოდში ირლანდიაში ძალაუფლების კონცენტრაცია შეინიშნება, ხდება სხვადასხვა დაქასაქსული სამეფოების გაერთიანება. ირლანდიის ჰეგემონი, მუნსტერის მეფე, ბრაიან ბორუ (Brian Boru) გახდა. 1014 წელს ბორუ დუბლინელ ვიკიგებსა და მათ მოკავშირე კელტებს, კლონტარფთან (Clontraf) დაეჯახა. ბრაიან ბორუ ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ გამარჯვება მაინც ირლანდიელებს დარჩათ, რის შემდეგაც სკანდინავიური გავლენა ირლანდიაში სწრაფად შესუსტდა. ამით დასრულდა ვიკინგების ეპოქა ირლანდიაში.
ბრაიან ბორუს მოჭრილი ვიკინგის თავს უჩვენებენ , ანგუს მაკბრაიდის (Angus McBride) ნახატი
ადიგლობრივმა ვიკინგებმა ირლანიულ მოსახლეობასთან ასიმილაცია განიცადეს. ისინი შერწყმულები იყვნენ ადგილობრივ კლეტურ-ირლანდიულ კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. უმეტესობა ირლანდიაში დიდი ხანი ცხოვრებისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან დანათესავების გავლენით გაქრისტიანებული იყო, ასევე მათი სალაპარაკო დიალექტი უკვე განსხვავდებოდა ვიკინგების ენისგან. ირლანდიელები მათ „აღმოსავლეთის ხალხად“ (Ostmen) მოიხსენებდნენ, რითაც ახდენდნენ მათ მკვიდრი სკანდინავიელებისგან გამორჩევას.
ირლანდიაში აღმოჩენილი ვიკინგების ხმალი და საბრძოლო ნაჯახი
No comments:
Post a Comment