Showing posts with label ვიკინგები. Show all posts
Showing posts with label ვიკინგები. Show all posts

Thursday, November 12, 2015

ვიკინგების ლაშქრობები ევროპაში – საფრანგეთი, ესპანეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, ხმელთაშუა ზღვა



 ფრანკთა სამეფო მერვე–მეცხრე საუკუნეებში. მაღლა მარჯვნივ 843 წლის შემდეგ სამ ნაწილად გაყოფილი ფრანკთა იმპერია.



ფრანკების სამეფო


პირველი ლაშქრობები (799-840 წლები)

ფრანკების სამეფომ, კარლოს დიდის (Charlemagne, 768-814 წლები) მეფობის დროს, დიდი აღმასვლა განიცადა. ფრანკების სამეფოს გადაჭიმული იყო სამხრეთით იტალიის ნახევარკუნძულამდე და პირენეამდე, ბრეტონამდე დასავლეთში (რომელიც მე-10 საუკუნემდე ჯიუტად დამოუკიდებელი რჩებოდა), ჩრდილოეთში ფრისეამდე და აღმოსავლეთით საქსონამდე. როდესაც მე-8 საუკუნის დასაწყისში, საქსონების წინააღმდეგ ლაშქრობები წარმატებით დასრულდა, ფრანკებს და დანიელებს საერთო საზღვარი გაუჩნდათ. ფრანკებბმა მოკავშირეებად დანიელების მომტრე სლავი ავოდრიტები გაიხადეს. ფრანკების გაფართოებამ დანიური სამეფო შეაშფოთა და ამის საპასუხოდ მათ მძლავრი ლაშქრობების სერია წამოიწყეს, რომელიც ვიკინგების საბრძოლო უნარებსა და მძლავრ ფლოტს ეყრდნობოდა.
799 წელს ვიკინგები პირველად გამოჩნდნენ ფრანკების სანაპიროზე. მათ მიზანს აკუტანიისნუარმუტიერი (Noirmoutier) წარმოადგენდა. ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც მათი ხომალდები დინებამ წაიღო და ადგილობრივი ძალებისთვის ადვილ ნადავლად იქცნენ. ცნობების მიხედვით 105 სკანდინავიელი იქნა ბრძოლაში მოკლული. ფრანკებმა სანაპიროს დაუცველ ადგილებში თავდაცვის ქსელი მოაწყვეს. ვიკინგებისგან პროფლიკატიკის მიზნით ასევე შექმნეს მცირე ზომის რამოდენიმე ფლოტი. მაგრამ დანიელებმა საბრძოლო ინიციატივა მაინც შეინარჩუნეს. მეფე გოდფრიდმა (Godfred, 804-810 წლები) 808 წელს ავოდრიტების წინააღმდეგ გაილაშქრა და ქალაქი რერიკი (Reric) გაანადგურა, პარალელურად თავისი ვაჭრები ხენდბერიში გადაიყვანა. შემდეგ დასავლეთით შემობრუნდა და მძლავრი ფლოტით, ფრანკების სამეფოს ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი, ფრისია დაარბია. სავარაუდოდ გოდფრიდი მიზნად ისახავდა დანიური სამეფოს ფრისიისკენ გაფართოებას და ვარაუდობდა რომ მომდევნო სამიზნე თვით ააჩენი (Aachen), კარლოს დიდის იმპერიის დედაქალაქი იქნებოდა. მაგრამ მისი გეგმების განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგანაც იმავე წელს გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ, ჰემმინგიმ(Hemming, 810-812 წლები) კარლოს დიდთან ზავი დადო და ამით შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები.
მიუხედავად ზავისა, მცირე ზომის, ცალკეული მეკობრული თავდასხმები მაინც ხდებოდა. 820 წელს ასეთი ჯგუფები სენას დარეინის შესართავებთან გამოჩნდნენ, მაგრამ ფრანკთა ფლოტმა მათი მოგერიება მოახერხა. უფრო წარმატებული გამოდგა 15 წლის შემდეგ განხორციელებული ლაშქრობა, როდესაც ფრანკების სამეფომ შიდა დინასტიური დაპირისპირების გამო დასუსტება დაიწყო. 834-837 წლებში ვიკინგებმა რეინის ხეობაში ბევრი ლაშქრობა განახორციელეს, რომლის დროსაც ოთხჯერ გაანადგურეს დორესტადის (Dorestad) უმნიშვნელოვანესი ნავსადგომი. ისეთმა დასახლებულმა პუნქტებმა, როგორებიცა უტრეხტი, ამვერია, განდი და ვალჰერენი, თავის თავზე გამსცადეს ჩრდილოელთა საბრძოლო მანია. ფრანკების იმპერია კატასტროფების ბნელ ეპოქაში შედიოდა, რომელიც 50 წელზე მეტხანს გასტანდა.


ახალი შემოსევები და ფრანკების წინააღმდეგობა (840-878 წლები)

840 წელს მეფე ლუდოვიკ ღირესული (814-840) გარდაიცვალა და მისი სამი ვაჟი იმპერიის ტახტისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდა. 843 წელს შიდა დაპირისპირება ქვეყნის სამ ნაწილად გაყოფით მოგვარდა. დასავლეთში კარლოს მელოტის სამეფო მდებარეობდა, ცენტრში ლოთარი მეფობდა, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილს ლუდოვიკო გერმანელი განაგებდა. სამოქალაქო დაპირისპირებამ ფრანკების სამეფოს დაასუსტება და სანაპიროს თავდაცვითი ქსელი განადგურება გამოიწვია. მდინარე რეინის, სენას და ლიგირას დიდი სამდინარო გზები ამბიციური სკანდინავიელებისთვის აწი ღია იყო.
ყველაზე მეტად დანიელთა იერიშებისგან კარლოს მელოტის, ანუ დასავლეთ ნაწილი იტანჯებოდა. ლუდოვიკოს სამეფო ორი მიზეზის გამო შედარებით ნაკლებად დაზარალდა დანიელებისგან, ეს მიზეზებია - საკმაოდ მცირე სანაპირო ზოლი და დანიასთან არსებული სახმელეთო საზღვარი, საიდანაც მას ნებისმიერ დროს შეეძლო სამხრეთიდან დანიაში სადამსჯელო ოპერაცია განეხორციელებინა. ლოთარის სამეფო მდიდარ ფრისიას და რეინის ხეობას აკონტროლებდა. იერიშები მის წინააღმდეგ კონტროლირებადი, მაგრამ უფრო მეტი იყო. ამას გარდა ლოთარის მოხერხებულმა პოლიტიკამ ყველაზე მძიმეს თავიდან არიდება მოახერხა. 841 წელს ლოთარმა ფლანდრიული ქალაქი ვალჰერენი (Walcheren) დანიელ ჰეგემონს, ჰარალდ კლაკს (HaraldKlak) გადასცა, ხოლო 850 წელს მხედართმთავარ რორიკს მდიდარი ფრისია დაუთმო.
დანიელთა შეტევების ძირითადი მასა ქვეყნის დასავლეთი ნაწილისკენ იქნა მიმართული. 843 წელს, მოულოდნელი თავდასხმის შედეგად ვიკინგებმა დაიკავეს ქალაქი ნუარმუტიე და ამ გზით კონტინენტურ ევროპაში პირველი ბაზა შეიძინეს. აქედან მდინარე ლიგირას და აკუიტანიას მდიდარ ხეობებში უამრავი თავდასხმა განხორციელდა. პარალელურად ხდებოდა ამ რეგიონში მნიშვნელოვანი მარილისა და ღვინოსვაჭრობის კონტროლი. მოწინააღმდეგის შიდა დაპირისპირების გამოყენებაში ვიკინგები საკმაოდ დახელოვნებულები იყვნენ. 843 წელს ერთი ადგილობრივი თავადი გაიხადეს მოკავშირედ და მასთან ერთად დაიკავეს ნადი. სხვა შემთხვევებში მათი ლაშქრობები ცენტრალური იმპერიული ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებდა, რადგანაც იერიშების შედეგად ნადგურდებოდნენ ადგილობრივი, ავტონომისტურად განწყობილი თავადაზნაურები. 848 წელს, ბორდოზე თავდასხმამ გამოიწვია ადგილობრივი მმართველი თავადის ძალაუფლების დასუსტება, რის შედეგადაც რეგიონში ცენტრალური ძალაუფლება დამკვიდრდა.
ვიკინგების ერთ-ერთ ძირითად სამიზნეს, დასავლეთ ფრანკიის სამეფოს ეკონომიკური ცენტრი, სენას ხეობა წარმოადგენდა. აქ მდებარეობდა რუანი, სარტრი და რა თქმა უნდა პარიზი. 845 წლის მარტში, დანიელთა მძლავრი, 120 ხომალდიანი ფლოტი, რაგნარის მეთაურობით, სენას აუყვა. ვიკინგების სამიზნეს სავარაუდოდ პარიზი წარმოადგენდა. კარლოსმა ფრანკთა ძალები ორად გაყო, რათა დაეცვა მდინარის სანაპიროზე მდებარე ტერიტორიები. ვიკინგები არც დაფიქრდნენ ისე გამოიყენეს ხელსაყრელი მდგომარეობა და მთელი თავისი ძალებით ორიდან უმცირეს დაჯგუფებას დაარტყეს. ბრძოლა ფრანკთა ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. ბრძოლის შედეგად 111 ტყვე ჩაიგდეს ხელში და ვიკინგებმა მათთვის ჩვეული სისასტიკით და რა თქმა უნდა ტქტიკურ-ფსიქოლოგიური მიზნით ყველა ტყვე, მდინარეში მდებარე, ერთ მცირე კუნძულზე ჩამოახრჩვეს ისე რომ დანარჩენი ფრანკული ძალების მათი ხედვა შესძლებოდათ. ეს მოქმედება მიმართული იყო ფრანკული ჯარის მოტივაციის და საბრძოლო სულისკვეთების შესამცირებლად და მართლაც ამან შედეგი გამოიღო. აღდგომის კვირას, 28 მარტს,რაგნარი და მისი ხალხი შეიჭრა და დაარბა პარიზი. ფრანკებმა სამხედრო წინააღმდეგობა ვერ გაბედეს. მეფემ მომხდურებს 7000 ფუნტი გადაუხადა ვერცხლით და ჩრდილოელებმა რეგიონი დატოვეს.
მომდევნო ათლწეულის განმავლობაში დაუცხრომლად გაგრძელდა ვიკინგების შემოსევები. ზეპირმესიტყვეერმენტარიოსი (Ermentarius) შემდეგნაირად გადმოსცემს იმ საშინელ მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდა ფრანკების სამეფო: „ხომალდების რაოდენობა მატულობს, მოლაშქრეთა დაუსრულებელი წყალდიდობა დაცხრომას არ აპირებს. ქრისტიანები ყველგან ხოცვა-ჟლეტვის, ხანძრის და თარეშის მსხვერპლნი ხდებიან. თავდამსხმელები თავის გზაზე ყველაფერს ეპატრონებიან და არავის არ ძალუძს წინ აღუდგეს მათ. დაიკავეს ბორდო, პერიზე, ლიმოზი, ანგულემი და ტულუზა. ანჟუ, ტური და ორლეანი გაუდაბურდა. უთვალავი ხომალდები მიყვებიან ზემოთ სენას და მთელს რეგიონში ბოროტება მძლავრობს. რიენი გაპარტახებული და გაძარცვული განისვენებს. პარიზი, ბოვე, მო დაკავებულია მტრის მიერ, მელონის სიმაგრე მიწასთანაა გასწორებული, სარტრი დაკავებულია, ევრო და ბაგიე გაძარცვულია და ყველა ქალაქი დსნებოვნებულია“.
ფრანკებმა ამ გრიგალისებური იერიშების შემდეგ დაიწყეს წინააღმდეგობის ორგანიზირება. 860 წლის შემდეგ აშენდა ახალი და ასევე აღდგა ძველი, განადგურებული ციხე-სიმაგრეები. ხოლო ვიკინგებისთვის ქვეყნის შიგნით შეღწევა რომ აეკრძალათ მდინარე სენაზე და ლიგირზე აღდგა გამაგრებული ხიდები. ამ ტაქტიკამ გაშიშვლებული დატოვა სანაპირო ზოლი, რომელსაც თავი რო დაეცვა ადგილობრივ თავად-აზნაურობას უნდა დაჰყრდნობოდა. ადგილობრივი მოსახლეობის გამოცოცხლებამ შედეგი გამოიღო და ვიკინგებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მარცხი განიცადეს. 862 წელს ანჟეს გრაფმა ამოწყვიტა ვიკინგთა დატყვევებული 12 ხომალდის ეკიპაჟი. 865 წელს იმავე რაიონში განადგურებული იქნა ვიკინგთა 500 კაციანი ლაშქარი. იმავე წელს აკუიტანიის ფრანკებმა 400 ვიკინგი მოკლეს.
კარლოს მეფის დიპლომატია და მანევრები ასევე სასარგებლო აღმოჩნდა ფრანკებისთვის. 860 წელს მეფემ, დანიელების ბაზაზე თავდასასხმელად სკანდინავიელი საველე მეთაური ველანდი (Weland) დაიქირავა. ალყაში მოქცეულმა დანიელებმა თავის მხრივ, ალყიდან მშვიდობიან გასასვლელად 6000 ფუნტი გადაიხადეს ვერცხლით. მომდევნო წელს დანიელებმა ხელახლა გაილაშრეს სენას ხეობაში, ამჯერად ველანდი მათთან იყო. 866 წელს ფრანკების მიერ გადახდილმა 4000 ფუნტმა ვერცხლმა ვიკინგები სამშობლოში გააბრუნა. მომდევნო წლებში ცოტა ხნით ლაშქრობები შემცირდა, ამ პერიოდში დანიელთა ყურადღება ინგლისისკენ იყო მიპყრობილი, სადაც 865 წლიდან „დიდი წარმართული ლაშქარი“ მთელი ინგლისის დაპყრობას ცდილობდა.


დიდი ლაშქრობები: ფლანდრია და სენა (878-892 წლები)

ფრანკების სამეფოში ლაშქრობებისგან შესვენებამ შიდა პოლიტიკურ ძვრებს მისცა ბიძგი. ლოტარინგიის შუა სამეფო ორმა მეზობელმა სამეფომ შთანთქა. ამდაგვარად დარჩა ფრანკების მხოლოდ ორი სამეფო: დასავლეთი (გალების) და აღმოსავლეთი (გერმანული). დასავლეთში კარლოს მელოტი 877 წელს გარდაიცვალა და სატახტო მემკვირეობის პრობლემების მოგვარების შემდეგ, 884 წელს, როდესაც ტახტზე კარლოს მსუქანი ავიდა (884-888 წლები), ქვეყნის თავდაცვითი მგომარეობა საკმაოდ არასახარბიელო იყო.
მოლაშქრეთა პირველი ტალღა სიმდიდრით განთქმული ფლანდრიის სანაპიროს და მდინარე რეინის ხეობას მოასკდა. ეს ტერიტორიები აღმოსავლეთ სამეფოში იყო გაერთიანებული.მეფე ალფრედის მეთაურობით ანგლოსაქსებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს, სწორედ ამან დანიელებს უბიძგა თავისი ყურადღება ინგლისიდან კონტინენტურ ევროპაზე გადმოეტანათ. 878 წელს კალეში დანიელთა მძლავრი ლაშქარი გადმოსხდა და ქვეყნის შიგნით დაიძრა, სადაც დანარჩენ რეგიონებზე სალაშქროდ ბაზები გაამაგრა. ამას მოჰყვა ფრანკთა ორივე სამეფოს ძალებთან გაუჩერებელი ბრძოლებისა და თარეშის შვიდი წელი.
ფლანდრიისა და რეინის რაიონებში გამუდმებული ბრძოლების შედეგად ეკონომიკური გამოფიტვის მიზეზით დანიელთა ლაშქრობებმა თანდათანობით დასავლეთით, სენას მდიდარი ხეობისკენ გადაინაცვლა. 885 წელს დანიელი საველე მეთაურის, ზიგფრიდის (Sigfrid) ფლოტი პარიზისკენ სენას აუყვა. ფრანკებს ჰქონდათ მცდელობა გაემაგრებინათ ხეობა, მაგრამ მხოლოდ პარიზის მისადგომებთან მოახერხეს ხიდების გამაგრება. ვიკინგებმა გაანადგურეს ნახევრად დასრულებული სიმაგრეები მდინარეზე და შემოდგომისთვის პარიზს მიადგნენ. ქალაქი მდინარის შუაში, კუნძულზე იდგა, მას მაღალი ქვის კედელი იცავდა და გააჩნდა ორი გამაგრებული ხიდი, რომლებიც აქეთ-იქედან კეტავდნენ მდინარეს და მტერს მდინარის საშუალებით ქვეყნის შიგნით შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
ზიგფრიდმა მოითხოვა რომ მისი ფლოტისთვის ქვეყნის შიგნით მოსახვედრად  ხიდების გავლით უსაფრთხო გასავლელი გაეხსნათ. პარიზის დამცველებმა უკანდახევაზე უარი განაცხადეს რასაც ქალაქის ალყა მოჰყვა. ფრანკების წინააღმდეგობას ქალაქის ეპისკოპოსი, იოსელინი (Joscelin) და გრაფი ოდო (Odo) მეთაურობდა. ვიკინგები ქალაქზე აგრესიულ იერიშებს ახორციელებდნენ, მაგრამ პარიზმა ალყას ერთი წელი გაუძლო. დანიელებმა მოახერხეს ხიდების განადგურება და გზა გაიხსნეს ქვეყნის შიდა რაიონებისკენ, მაგრამ ალყა მაინც არ მოხსნეს - ქალაქი ჯიუტად აგრძელებდა წინააღმდეგობას. 886 წელს ქალაქს დამატებითი ძალებით მეფე კარლოსი მოადგა. მაგრამ მეფემ სრულიად საწინააღმდეგო რამე გააკეთა, წამოიწყო დანიელებთან მოლაპარაკება, გადაუხადა 700 ფუნტი ვერცხლი და საშუალება მისცა ქვეყნის შიგნით წასულიყვნენ და ბურგუნდია დაერბიათ.

პარიზის ალყა

კარლოს მსუქანის დამამცირებელმა საქციელმა ფრანკებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 888 წელს მეფე ტახტიდან ჩამოაგდო პარიზის დამცველმა და ეროვნულმა გმირმა ოდომ (888-898 წლები). 888 წლის ზაფხულში ბურგუნდიაში ახალმა მეფემ ვიკინგები დაამარცხა. მაგრამ მაინც საჭირო გახდა დიდი რაოდენობით ვერცხლის გადახდა, რომ ვიკინგები სენას ხეობიდან წასულიყვნენ. ამის შემდეგ დანიელთა თავდასხმები ფრანკთა სამეფოში გავრცელებული ეპიდემიის გამო, რომელიც 891-892 წლებში ბობოქრობდა, საგრძნობლად შემცირდა. დანიელებმა თავისი ყურადღება კვლავ ინგლისს მიაპყრეს. 911 წელს ფრანკთა სამეფოს დასავლეთ სანაპიროზე ვიკინგებმა, როლლოს (Rollo) მეთაურობით,ნორმანდებისსაჰერცოგო ჩამოაყალიბეს. როლომ ერთგულება შეჰფიცა ფრანკთა მეფეს და პირნათლად შეასრულა თავისი სიტყვა - ვიკინგების ეპოქის დასასრულამდე ნორმანდია თავდასხმებისგან იცავდა რეგიონს.


პირენეის ნახევარგუნძული, ხმელთაშუა ზღვა და დასავლეთ აფრიკა

მას შემდეგ რაც ვიკინგებმა მდინარე ლიგირას შესართავთან პირველი ბაზები დააარსეს, გადაწყვიტეს თავისი მოქმედება უფრო სამხრეთით, პირენეის ნახევარკუნძულზე გადაეტანათ, რომელიც მე-9 საუკუნეში სამ სახელმწიფოს შორის იყო დანაწილებული. ბასკებისა და კატალონიელთა ქვეყანა ფრანკთა დასავლეთ სამეფოს ეკუთვნოდა. ჩრდილო-დასავლეთი რეგიონები ქმნიდნენ გალიკიას და ასტურას ქრისტიანულ სამეფოს. დანარჩენი აპენინის ნახევარკუნძული არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი და კორდოვას საემირატოს წარმოადგენდა. ჩრდილოეთ აფრიკის დასავლეთ ნაწილი კიდევ არაბ იდრისიდების სახალიფოს ეკუთვნოდა.
პირველი იერიშების სამიზნეს ესპანელთა სამეფო წარმოადგენდა, მაგრამ ადგილობრივი ძალების მძლავრმა წინააღმდეგობამ ვიკინგები აიძულა სამხრეთით, საემირატოს ტერიტორიებისკენ წასულიყვნენ. 844 წლის აგვისტოში ლისაბონის წინააღმდეგ გაილაშქრეს, რომელიც ძირფესვიანად გაძარცვეს და დაარბიეს. შემდეგ განაგრძეს სამხრეთით სვლა და მანამ სანამ არაბთა ძალები თავდაცვისთვის მოემზადებოდნენ მდინარე გუადალკივრის (Guadalquivir) შესართავთან მდებარე კადიზი (Cadiz)და მედინა სიდონია (MedinaSidona) დაარბიეს. ოქტომბრის დასაწყისში დაარბიეს უმდიდრესი ქალაქი სევილია და ხელში ჩაიგდეს აურაცხელი სიმდიდრე. ხუთი კვირის შემდეგ ვიკინგებს საემირატოს ძალებმა მძლავრი დარტყმა მიაყენეს. არაბებმა, აბდ ალ რაჰმან მეორის (AbdAlRahman II) მეთაურობით გაანადგურეს სკანდინავიელთა 30 ხომალდი, ათასამდე ვიკინგი მოკლეს ხოლო ოთხასამდე ტყვედ აიყვანეს, რომლებიც შემდეგში სიკვდილით დასაჯეს. ემირმა 200 ვიკინგის თავი საჩუქრად იდრისიდების მოკავშირე სახალიფოში, ტაგგერში გააგზავნა. გადარჩენილმა თავდამსხმელებმა გაანთავისუფლეს ტყვეები, უკან დააბრუნეს ნაალაფარი და მდინარე ლიგირასთან მდებარე თავის ბაზას დაუბრუნდნენ. ვიკინგთა პირველი შეტაკება არაბებთან სრული კატასტროფით დასრულდა.
859 წელს ვიკინგთა ორი მეწინავე საველე მეთაური, ჰასტეინი(Hastein) და ბიორნ რკინისგვერდებიანი (ფრანკთა წყაროებში Bierferraecostae, (სავარაუდოდ რაგნარის ვაჟი, შენიშვნა ჩემია))ლიგირადან 62 ხომალდით დაიძრა. თავიდან ესპანელთა სამეფო დალაშქრეს, საიდანაც შემდეგ პირენეის სამხრეთი ნაპირისკენ გაემართნენ. განახორციელეს მცირე ლაშქრობა სევილიამდე, დაიკავეს გიბრალტარის ქალაქი ალგეცირასი (Algeciras) და დაწვეს მეჩეთი. შემდეგ თავს დაესხნენ აფრიკის სანაპიროებზე მდებარე იდრისიდებისსახალიფოს, სადაც არაბებმა ვერ მოახერხეს წინააღმდეგობის ორგანიზირება. მავრიტანთა ფლოტის ადგილზე არ ყოფნამ მათ საშუალება მისცა შეუფერხებლად ემოქმედათ. დაარბიეს ანდალუზიის და კატალონიის სანაპიროები და ვალერაიდას კუნძულები და შემდეგში ფრანკთა სამეფოს ხმელთაშუაზღვის სანაპიროები. 860 წელს მდინარე როდანოს აყვნენ და ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ქალაქ ლუნას (Luna) დაესნენ თავს. ჩრდილოეთ იტალიიდან თვით რომამდე ჩავიდნენ. შემდეგ აყვნენ მდინარე არნოს და ტოსკანშიდაარბიეზ პიზა და ფიეზოლე. მათი შემდეგი მარშუტი დაუზუსტებელია - ზოგიერთი მკვლევარი თვლის რომ მათ გზა ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით, ალექსანდრიამდე განაგრძეს. 861 წელს მათი ხომალდები გიბრაალტარის სრუტეში გამოჩნდნენ, სადაც მათი ხომალდების უმეტესობა მუსულმანთა ფლოტმა გაანადგურა. ოცამდე გადარჩენილი ხომალდი ლიგირიას დაუბრუნდა, გზად ვიკინგებმა ფრანკთა სამეფოში მდებარე ბასკების ქალაქი, პამპლონა (Pamplona) დაარბიეს.

წინა ორი ნაწილი:

P.S. ამით მთავრდება ვიკინგების ლაშქრობები დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში. ვიკინგთა ეპოქა ამ რეგიონში მე-8 საუკუნის ბოლოდან მე-11 საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. ამ ეპოქამ თავისი წარუშლელი კვალი დატოვა ევროპის ხალხთა კულტურაში. როგორც ამბობენ ვკინგებმა გაქრისტიანების და ვაჭრობის დაწყების შემდეგ დაანებეს თავი ვიკინგობასო.

Sunday, November 1, 2015

ვიკინგების ლაშქრობები ევროპაში - შოტლანდია და ირლანდია


შოტლანდია და ატლანტიკის კუნძულები

შოტლანდიის რეგიონი დანაწევრებული იყო მრავალ სამეფოდ, რომლებშიც კონკრეტული ეთნოსები სახლობდნენ. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ეგრეთწოდებული Highlands, პიკტების სამეფო მდებარეობდა. პიკტები ბრიტანეთის აბორიგენ მოსახლეობას წარმოადგენდნენ. სამხრეთ ნაწილში სტრათკლაიდი (Strathclyde) იყო განთავსებული, რომელშიც ასევე აბორიგენი მოსახლეობა ცხოვრობდა. ამავე რეგიონში ანგლოსაქსებით დასახლებული ნორთუმბრიის ნაწილიც მდებარეობდა. დასავლეთ სანაპიროზე და ევრიდებში კელტური წარმოშობის შოტლანდიელები სახლობდნენ.
შოტლანდიის სამთავრობოები ვიკინგების შემოსევების დროს
ამ რეგიონში პირველი სკანდინავიური შემოსევა მე-8 საუკუნის ბოლოთი თარიღდება. 795 წელს დარბეული იქნა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იონას (Iona) სახელობის ტაძარი. მე-9 საუკუნის პირველ ათწლეულებში მრავალი თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ მუდმივად დასახლება ვიკინგებმა 850 წლის მერე დაიწყეს, სავარაუდოდ მომარაგების ბაზების შესქმენლად. იმავე პერიოდში ვიკინგები, მეზობლად მდებარე, ატლანტიკის ოკეანის კუნძულებზე დამკვიდრდნენ, ესენია  სეტლანდის (Hjattland), ორკნეის (Orkneyjar) და ევრიდეს (Sudreyjar) კუნძულები. პარალელურად დასახლდნენ დასავლეთ სანაპიროს მთელს სიგრძეზე. ყველა ამ შემთხვევაში ვიკინგები ადგილობრივ, კელტური წარმოშობის ხალხთან აითქვიფნენ და განიცადეს ასიმილაცია. ირლანდიელები სწორედ მათ უწოდებდნენ უცხოელ კელტებს (Gall-Gaedhil).
839 წელს ვიკინგები პიკტების ქვეყანაში შეიჭრნენ და აბსოლიტურ გამარჯვებას მიაღწიეს. 869 წელს ასევე დაამარცხეს ირლანდიელები ევრიდეს კუნძულებთან გამართულ საზღვაო ბრძოლაში. მომავალ წელს ბრეტონების ტერიტორიებზე შეიჭრნენ და მათი დედაქალაქი გაანადგურეს, ამით მათ დუბლინსა და იორკს შორის სავაჭრო გზის უსაფრთხოებას მიაღწიეს. ვიკინგების შეჭრამ შოტლანდიაში გამანადგურებლად იმოქმედა პიკტებზე და ბრეტონებზე, მაგრამ ხელსაყრელი გამოდგა შოტლანდიელებისთვის. ამ ბოლოებმა გამოიყენეს არსებული მდგომარეობა და თავიანთი ტერიტორიები გააფართოვეს, 844 წელს დაამარცხეს პიკტები და დაიკავეს მათი ქვეყანა. 920 წელს ვიკინგებმა სამხრეთში, ნორთუმბრიაში ბრეტონების წინააღმდეგ, ხოლო 973 წელს ანგლოსაქსების წინააღმდეგ გაილაშქრეს, რის შედეგადაც შოტლანდიის ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება მოახდინეს.

ირლანდია

ლაშქრობათა პირველი პერიოდი (795-873 წლები)

მე-8 საუკუნეში ირლანდია ხუთ სამეფოდ იყო დაყოფილი და მათი მოსახლეობა ერთმანეთში მუდმივ კონფლიქტში იმყოფებოდა. ჩრდილოეთში მდებარეობდა ოლსტერის (Ulster), ცენტრში კონნაჰტის (Connacht) და მეათის (Meath) სამეფოები, ხოლო სამხრეთში მუნსტერის (Munster) და ლეინსტერის (Leinster) სამეფოები იყო განთავსებული.

ირლანდიის სამეფოები ადრეულ შუა საუკუნეებში
ირლანდიაში შესანიშნავი საეკლესიო ტრადიციები ჰქონდათ და ეს გასაგებიცაა, რადგანაც ბრიტანეთის გაქრისტიანება ხომ ირლანდიიდან დაიწყო. ირლანდია ნათელ ქრისტიანულ-კელტურ ცივილიზაცია იყო, რომლის ცენტრსაც ტაძრები წარმოადგენდნენ. ამ ცივილიზაციის შემდეგი განვითარება ვიკინგების შემოსევებმა შეაჩერეს, რომლებმაც მომდევნო ორი საუკუნის განმავობაში ეს კუნძული სრულებით ააფორიაქეს.
პირველი თავდასხმა 795 წლით თარიღდება, როდესაც თავდამსხმელებმა კუნძულ ლამბეიზე (Lambay) ტაძარი გაანადგურეს. ეს თავდასხმა ძალიან ჰგავდა 793 წელს ინგლისში, ლინდსფარნის (Lindisfarne) ტაძარზე განხორციელებულ თავდასხმას. ამას მოჰყვა ვიკინგების მცირე ჯგუფების გამუდმებული თავდასხმები, რომლებსაც ირლანდიელები წარმატებით იგერიებდნენ. 830 წლის შემდეგ თავდასხმები უფრო მძაფრი გახდა და ვიკინგებმა დაიწყეს წინა სადაზვერვო თავდასხმების დროს მიღებული ინფორმაციის გამოყენება. მათ დაიწყეს მდინარის დინებების და ტბების, რომლებითაც ირლანდია მდიდარი იყო, გამოყენება, შეაღწიეს ხომალდებით ირლანდიის სიღრმეში და გზად უამრავი დასახლება დაარბიეს.
თანდათანობით ვიკინგებმა მიატოვეს მცირე, ნაალაფარის მიზნით განხორციელებული თავდასხმები და დაკავებულ ტერიტორიებზე დაიწყეს მუდმივი ბაზების მოწყობა. ააშენეს სამხედრო სიმაგრეები და მეწინავე საყარაულოები, რომელთა მიზანსაც თავდაპირველად სანაპიროს, ხოლო შემდეგში უკვე ქვეყნის შიდა ტერიტორიების კონტროლი წარმოადგენდა. სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილებში მათ დააარსეს დასახლებები, რომლებიც მომავალში დიდ ქალაქებად გადაიქცნენ. 841 წელს ნორვეგიელმა მეთაურმა, ტურგეისმა (Turgeis) დააარსა დუბლინი (ირლანდიის დღევანდელი დედაქალაქი), რომელიც თავიდან დაცულ საზღვაო ბაზას წარმოადგენდა და გამოიყენებოდა ირლანდიის შიგნით სალაშქრო პლატფორმად.

გამაგრებული დუბლინი ვიკინგების დროს
კელტებმა წარმატებულად მოახდინეს წინააღმდეგობის ორგანიზირება და 847 წელს ნორვეგიელების წინააღმდეგ ოთხი დიდი გამარჯვება მოიპოვეს, რითაც მტერი ქვეყნის შიგნიდან სანაპიროზე გააძევეს. ამავე პერიოდში დაიძაბა თვითონ შიდასკანდინავიური ურთიერთობაც, 851 წელს დანიელებმა დუბლინიდან დროებით გამოაძევეს ნორვეგიელები. 853 წელს ნორვეგიელმა ოლაფ თეთრმა (Olaf, 853-71 წლები) განდევნა დანიელები დუბლინიდან და ის დუბლინის მეფედ აღიარეს. ვიკინგებმა თავიანთი მდგომარეობის გამყარების მიზნით დაიწყეს ზოგიერთ ადგილობრივ კელტურ ტომებთან კავშირების დამყარება და ჩაერივნენ ადგილობრივ, სამოქალაქო დაპირისპირებებში. 870 წლის მერე ბევრმა ვიკინგმა მიატოვა ირლანდია, რადგანაც ინგლისში სალაშქროდ უფრო ხელსაყრელი შესაძლებლოები გამოჩნდა. ინგლისში ამ დროს დიდი დანიური არმია იყო შეჭრილი. ასევე ძალიან მიმზიდველი იყო ახლად აღმოჩენილი ისლანდიის მიწები. ყოველივე ამის შედეგად ირლანდიამ 40 წლის განმავლობაში (874-914 წლები) მშვიდად იარსება.

ლაშქრობათა მეორე პერიოდი (914-1014 წლები)


მე-10 საუკუნის დასაწყისში კელტური ტომების ზეწოლა გაიზარდა, რის შედეგადაც 902 წელს ირლანდიელებმა ნორვეგიელები დუბლინიდან განდევნეს. მაგრამ ვიკინგების თანდათანობითმა გამოსვლამ ინგლისიდან, სადაც ამ დროს ანგლოსაქები დანილაგის დაკავებით იყვნენ დაკავებულები, და ფრანკთა მიწებიდან, სადაც ნორმანდები თავისი თანატომელი ვიკინგების იერიშებს წარმატებით იგერიებდნენ, სკანდინავიელებს კვლავ ირლანდიისკენ შემობრუნებისკენ უბიძგა. 914 წელს დაიკავეს დუბლინი და ბევრ ბრძოლაში მოიპოვეს გამარჯვება. ირლანდიის უმაღლესი ხელმძღვანელი ტარა (Tara, წმინდა და სამეფო მნიშვნელობის თანამდებობა) და სხვა 12 მცირე მეფე 919 წელს დუბლინისთვის ბრძოლაში იქნენ მოკლულები.
ვიკინგ მხედართმთავართა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები ახალ, შიდასკანდინავიურ დაპირისპირებებს იწვევდა. ამით ისარგებლეს კელტმა ტომებმა, 968-69 წლებში სამხრეთ ირლანდიაში მდებარე ლიმერიკი (Limerick) დაიკავეს და რაიონიდან ვიკინგები განდევნეს. მიუხედავად ამისა სკანდივაიელთა მმართველობა ზენიტში იყო და ვიკიგებმა ადგილობირვ კელტ მეფეებს მორჩილება მოსთხოვეს და ხარკის გადახდა დაავალეს. იმავე პერიოდში ირლანდიაში ძალაუფლების კონცენტრაცია შეინიშნება, ხდება სხვადასხვა დაქასაქსული სამეფოების გაერთიანება. ირლანდიის ჰეგემონი, მუნსტერის მეფე, ბრაიან ბორუ (Brian Boru) გახდა. 1014 წელს ბორუ დუბლინელ ვიკიგებსა და მათ მოკავშირე კელტებს, კლონტარფთან (Clontraf) დაეჯახა. ბრაიან ბორუ ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ გამარჯვება მაინც ირლანდიელებს დარჩათ, რის შემდეგაც სკანდინავიური გავლენა ირლანდიაში სწრაფად შესუსტდა. ამით დასრულდა ვიკინგების ეპოქა ირლანდიაში.

ბრაიან ბორუს მოჭრილი ვიკინგის თავს უჩვენებენ , ანგუს მაკბრაიდის (Angus McBride) ნახატი
ადიგლობრივმა ვიკინგებმა ირლანიულ მოსახლეობასთან ასიმილაცია განიცადეს. ისინი შერწყმულები იყვნენ ადგილობრივ კლეტურ-ირლანდიულ კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. უმეტესობა ირლანდიაში დიდი ხანი ცხოვრებისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან დანათესავების გავლენით გაქრისტიანებული იყო, ასევე მათი სალაპარაკო დიალექტი უკვე განსხვავდებოდა ვიკინგების ენისგან. ირლანდიელები მათ „აღმოსავლეთის ხალხად“ (Ostmen) მოიხსენებდნენ, რითაც ახდენდნენ მათ მკვიდრი სკანდინავიელებისგან გამორჩევას.

ირლანდიაში აღმოჩენილი ვიკინგების ხმალი და საბრძოლო ნაჯახი

Friday, October 23, 2015

ვიკინგების ლაშქრობები ევროპაში - ინგლისი

ვიკინგების გადმოსხდომა მტრის სანაპიროზე, კრის კოლინგვუდის (Chris Collingwood) ნახატი

ბრიტანეთი

პირველი ლაშქრობები (798-860 წლები)

ვიკინგების ეპოქის დასაწყისში ბრიტანეთი დანაწევრებული იყო მცირე სამეფოებად. სამხრეთში არსებობდა ვესექსის სამეფო, რომელიც ლონდონამდე იყო გადაჭიმული. დასავლეთში უელსის დამოუკიდებელი სამეფო მდებარეობდა, რომელიც მთის ქედებით იყო დაცული. ინგლისის ცენტში და ნაწილობრივ აღმოსავლეთ ნაწილში მერსეას (Mercia) სამეფო იყო განთავსებული და იკავებდა მთელს ტერიტორიას უელსის საზღვრებიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, მის ჩრდილოეთ საზღვარს მდინარე ჰუმბერი (Humner) წარმოადგენდა. მდინარის იქეთ გადაჭიმული იყო ნორთუმბრიის სამეფო, რომლის დედაქალაქსაც ქალაქი იორკი წარმოადგენა. უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა შოტლანდიის სამეფოები: ბრეტონებით დასახლებული სტრათკლაიდი (Strathclyde), კელტური წარმოშობის შოტლანდიელებით დასახლებული დალრიადა (Dalriada) და პიკტების სამეფო, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთში იყო განთავსებული.
ვიკინგების პირველი თავდასხმა დასავლეთ ევროპაში იყო გამორჩეული და სავარაუდოდ დაზვერვით ხასიათ ატარებდა, თუმცა ეს შემთხვევა ვიკინგების ლაშქრობების დასაწისად ვერ ჩაითვლება. ანგლოსაქსონური ქრონიკების (Anglo-Saxon Chronicle - მე-10 საუკუნე) თანახმად ამ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 789 წელს, ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე, ვესექსის პორტლანდში. ვიკინგი მეკობრეების სამი ხომალდი ნაპირს მოადგა, ვესექსის მეფის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ხომალდების ეკიპაჟები სავაჭრო ცენტრში მიიპატიჟა, მაგრამ სკანდინავიელებს სავარაუდოდ სულ სხვა გეგმები ჰქონდათ და ინგლისელი მოხელე მოკლეს. სამხრეთ ინგლისში ეს თავდასხმა შეუმჩნეველი არ დარჩათ და მერსეას მეფემ, ოფფამ (Offa) ქვეყნის აღმოსავლეთ ნაპირებზე თავდაცვითი ნაგებობები მოაწყო.
თვითონ პირველი ლაშქრობები რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო და დასავლეთ ევროპის ქრისტიანობის დიდი შიში გამოიწვია.  793 წლის 8 ივნისს ინგლისის ჩრდილოეთში, ნორთუმბრიის სანაპიროებთან გამოჩნდნენ ვიკინგების ხომალდები, მათ სამიზნეს განძეულოებით განთქმული ლინდსფარნის (Lindisfarne) მონასტერი წარმოადგენდა, რომელიც იმავე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობდა. თავდამსხმელებმა გაანადგურეს მონასტერი, დახოცეს და ტყვედ წაიყვანეს ბერები, გაძარცვეს ტაძარი და ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობის ოქრო, ვეცხლი და სხვა ძვირფასეულობები. თავდასხმა ღმერთის სასჯელად ჩაითვალა, რომელიც ურჯულო და ველური ხალხის ხელით განხორციელდა.

ლინდსფარნის (Lindisfarne) მონასტერი, ჩვენი დღეები. ადგილი საიდანაც ვიკინგები ეპოქა დაიწყო
ვიკინგებმა დაადგინეს რა ბრიტანული სიმდიდრის არსებობა და ასევე მათი მხრიდან ორგანიზირებული წინააღმდეგობის არ არსებობა, გააგრძელეს თავიანთი ლაშქრობები. 794 წელს, ლინსფარნის კატასტროფიდან ერთი ზამთრის მერე, იმავე რაიონში, ცოტა სამხრეთით განახორციელეს თავდასხმა, თუმცა ადგილობრივმა ძალებმა მათი უკუქცევა მოახერხეს. ამის შემდეგ მათი ინტერესი ირლანდიისკენ და უელსის ნაპირებისკენ იქნა მიმართული. თანდათან ანგლოსაქსებმა მოახერხეს ამ პირველი ლაშქრობების მოგერიება და დარბევისგან თავი დაიცვეს.
ანგლოსაქსები ასევე მიხვდნენ რომ ვიკინგები დიდ საფრთხეს შექმნიდნენ თუ მდინარეებს აღმა აჰყვებოდნენ, ამიტომ დაიწყეს მდინარეების თავდაცვაზე ფიქრი, ამ მიზნით აშენდა ხიდები და გამოიყო მოყარაულე რაზმები. ამის პარალელურად მოხდა ზღვის სანაპიროების დამცავი რაზმების ჩამოყალიბებაც. ამ ზომებმა ნაწილობრივი შედეგი გამოიღო. 838 წელს, კორნუელთან ვიკინგების იერიშის მოგერიება მოხერხდა, ამის შემდეგ ინგლისის სანაპირეობზე ისინი მხოლოდ მცირე ზომის თავდასხმებით შემოიფარგლებოდნენ.
ამას მოჰყვა მცირე ლაშქრობების მეორე ტალღა, რომლის ძირითად მიზანს მოლაშქრეთა გაძლიერება და ინგლისელთა დასუსტება წარმოადგენდა. 844 წელს ნორვეგიელთა მეკობრული ხომალდები ნორთუმბრიის სანაპიროს კიდევ ერთხელ მიადგნენ. გამართულ ბრძოლაში მათ დაამარცხეს ანგლოსაქსების ძალები და მოკლეს  მათი მეფე რაედვოლფი (Raedwulf). 850 წელს ვესექსის ანგლებმა (დასავლეთის საქსები) დაამარცხეს სკანდინავიელები საზღვაო ბრძოლაში. ამას მოჰყვა ანგლების კიდევ სამი დიდი გამარჯვება, თუმცა ორი მარცხიც. უნდა ითქვას რომ ანგლოსაქსების ძალებმა მოახერხეს უცხოელ მოლაშქრეთა მოგერიება, თუმცაღა ეს მხოლოდ მძარცველ-მოთარეშეთა თავდასხმები იყო, რომლებშიც სკანდინავიელები მცირე ჯგუფებით მოქმედებდნენ.


დიდი დანიური ლაშქარი და ინგლისური წინააღმდეგობა (865-899 წლები)

მე-9 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა ვიკინგების ოპერაციების მიზნებისა და ხასიათის დახვეწა. პირველადი ცალკეული მძარცველური თავდასხმები, რომელთა მიზანიც უბრალოდ სიმდიდრის ხელში ჩაგდება იყო, შეიცვალა ორგანიზირებული სამხედრო ოპერაციებით. სკანდინავიელ მეომართა ჯგუფები გაერთიანდა, მათმა მეთაურებმა აღიარეს ცალკეული მხედართმთავრების უპირატესობა და მათ დაქვემებარებაში დადგნენ. ეს ბოლოები თავის მხრივ ახდენდნენ ჯარების მართვას და ნაალაფარის გაყოფა-განაწილებას. ხოლო მათ მიზნებს უკვე ტერიტორიების დაკავება და მათი კოლონიზაცია წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში ვინც დაკავებულ ქვეყნებში დარჩენას მოისურვებდა უბრალო სოფლის მეურნე ხდებოდა და შედარებით წყნარ ცხოვრებას აწარმოებდა, ამაზე ისიც მოქმედებდა რომ უცხო ტერიტორიაზე, უცხო ხალხში უწევდათ ყოფნა, სადაც თვითონ უმცირესობას წარმოადგენდნენ.
ამ პერიოდში ფრანკთა სამეფო გაძლიერდა და გაერთიანდა და წარმატებით იგერიებდა ვიკინგების იერიშებს, ამიტომ ჩრდილოელმა მეომრებმა თავისი ინტერესი კვლავ ინგლისისკენ მიმართეს და ამჯერად გაცილებით მეტი ძალებით. 865 წელს აღმოსავლეთ ინგლისის სანაპიროებს, რომელიც იმ პერიოდში მერსეასგან გამოყოფილი იყო, ჩრდილოელთა დიდი ლაშქარი მიადგა. ანგლოსაქსონურ წყაროებში ამ ლაშქარს დიდი წარმართული ჯარი ეწოდა (mycel haeden here). არმია სავარაუდოდ 1000-2000 მეომრისგან, ძირითადად დანიელებისგან შედგებოდა და ემორჩილებოდა ივარის (Ivar), უბბის (Ubbi) და ჰალფდანის (Halfdan) ბრძანებებს. აღმოსავლეთ ინგლისის ხელმძღვანელობამ ვიკინგებს ასობით ცხენოსანი მისცეს და ამით მოახერხეს მათგან დროებით თავის დაღწევა.

დანელაგების სახელმწიფო
შეავსო რა თავისი მარაგები, ამ ახალი ძალებით გაძლიერებულმა დანიელთა არმიამ ნორთუმბრის დასაკავებლად გეზი ჩრდილოეთით აიღო. ამ პერიოდში ნორთუმბრია ტახტის მემკვიდრეთა შორის გამართული სამოქალაქო წინააღმდეგობებით იყო დასუსტებული. ვიკინგებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ - მათი დაზვერვა როგორც ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა. 866 წელს ქალაქი იორკი დანიელებს უბრძოლველად ჩაჰბარდათ. ამის შედეგად ანგლოსაქსმა თავადებმა შუღლი დაივიწყეს და მომხდურთა წინააღმდეგ სამოქმედოდ ძალები გააერთიანეს. მათმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და 867 წლის მარტში იორკის განთავისუფლების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ნორთუმბრიისა და იორკის (Jorvik ვიკინგების ენაზე) დაკავებით თავდამსხმელებმა ინგლისის დაკავების გეგმის პირველი საფეხური წარმატებით განახორციელეს. ჩრდილოეთიდან მათ მიერ დაკავებული ტერიტორიები დაცული იყო, აქ შოტლანდიელები ცხოვრობდნენ, ისინი საქსონებს მტრობდნენ და მათ მიზანს ამ ადგილებიდან საქსონების განდევნა წარმოადგენდა. ანალოგიურად ნეიტრალიტეტი ეკავა უელსის სამეფოსაც.
დიდი არმიის მეორე მიზანს მერსიის სამეფოზე თავდასხმა და სამხრეთით გაფართოება წარმოადგენდა. 867 წლის ზაფხულში მათ დაიკავეს ქალაქი ნოტინჰემი (Nottingham). თუმცა იძულებულები იყვნენ უკან დაეხიათ, როდესაც მერსიისა და ვესექსის გაერთიანებულმა, მძლავრმა არმიამ ქალაქის ალყა დაიწყო. უკვე აშკარა გახდა საფრთხე, რომელსაც ყველა ინგლისური სამეფოებისთვის დანიელები წარმოადგენდნენ.
ამის შემდეგ ვიკიგებმა თავისი სამიზნე დიდი სიფრთხილით ამოარჩიეს. 869 წელს შეიჭრნენ ყველაზე სუსტ, აღმოსავლეთ ინგლისის სამეფოში და დაამარცხეს მათი არმია ჰოქსნეს (Hoxne) ბრძოლაში. ამ ბრძოლაში საშინელი სიკვდილით დაიღუპა ადგილობრივი მეფე ედმუნდი (Edmund), მის სხეულს 10 ისარი გაარტყეს. მოგვიანებით ის წმინდანად შერაცხეს და მოხდა ანგლოდანიელებში მისი კულტის გამეფება. ვიკინგებს თავისი ხმლის ქვეშ უკვე ორი ინგლისური სამეფო ჰყავდათ.
მერსეასთან დროებითი ზავის დადების შემდეგ დანიელები სამხრეთი ინგლისისკენ, ვესექსის დასაკავებლად გაემართნენ. აქ წინააღმდეგობა უფრო მძაფრი და ეფექტური გამოდგა. მთლიანობაში 870 წელს გამართული ხუთი მძიმე ბრძოლიდან ვიკინგებმა გამარჯვება მხოლოდ სამში მოიპოვეს, მაგრამ ვერ მოახერხეს დასავლეთის საქსონების არმიის განადგურება. 871 წელს იძულებულები იყვნენ დაბრუნებულიყვნენ ლონდონში, საიდანაც შემდეგ ნორთუმბრიაში, თავიანთ ცენტრს, ქალაქ იორკს დაუბრუნდნენ. ვესექსმა მოახერხა შეტევების მოგერიება და უახლოეს მომავალში ის გახდება ის ძალა და ბირთვი, რომელიც მე-10 საუკუნეში მოახერხებს ინგლისის განთავისუფლებას. 
ვიკინგების მცდელობები კვლავ მერსეასკენ იქნა მიმართული, რომელიც ინგლისის სახმელეთო საყრდენს წარმოაგენდა. 873 წელს დაიკავეს რეპტონი, რომელიც მერსეას სამეფოს ცენტრს წარმოადგენდა - რის შედეგადაც ქვეყნის ცენტრალური მმართველობა მოიშალა. დანიელებმა თავისი არმია შუაზე გაყვეს, რათა უფრო მალე განეხორციელებინათ ქვეყნის დაკავება. ერთი ნაწილი, ჰალფდანის ხელმძღვანელობით, ჩრდილოეთით, იორკისკენ გაემართა, რათა ნორთუმბრიაში დანიელთა კონტროლის სტაბილიზირება მოეხდინა. ხოლო მეორე ნაწილი, გუთრუმის (Guthrum) ხელმძღვანელობით, 875 წელს ვესექსში შეიჭრა, რათა ბოლო მოეღო ანგლოსაქსთა წინააღმდეგობისთვის. მან მთელი სამეფო უბრძოლველად გადაჭრა, რადგანაც გმირმა მეფემ ალფრედმა (Alfred, 870-899 წლები) თავისი არმიით თავი ადგილობრივ ჭაობებს შეაფარა. საბოლოოდ 878 წელს მეფე ალფრედმა ედინგტონის (Eddington) ბრძოლაში მოახერხა ძალების გაყოფით დასუსტებული დანიელებისთვის მძიმე დარტყმის მიყენება. ორმა მოწინააღმდეგემ ზავს მოაწერა ხელი. დანიელებმა ვესექსიდან გაიყვანეს თავიანთი ჯარები, ხოლო მათი სარდალი, გუთრუმი, ქრისტიანად მოინათლა და ნათლობის სახელი ათელსტანი (Athelstan) ეწოდა. ეს იყო ვესექსის მეფის მნიშვნელოვანი დიპლომატიური და სამხედრო მიღწევა.
დანიელების გასვლამ მეფე ალფრედს საშუალება მისცა სამხედრო ინფრასტუქტურისა, თავდაცვითი ნაგებობებისა და ძალების რეორგანიზაცია-რეფორმირებისთვის. ადგილობრივი სოფლელებისგან შექმნილი ქვედანაყოფები, რომელიც ჟანდარმერიის სახეობას (Fyrd) წარმოადგენდა, გაძლიერდა და ორ ნაწილად გაიყო, რათა ყოფილიყო მზა ქვედანაყოფები, მაშინ როდესაც გლეხთა ერთი ნაწილი მიწას დაუბრუნდებოდა. მოხდა სამეფო არმიის სტრატეგიული მოქნილობის პრინციპეპის მიხედვით განვითარება და რეფორმირება, რათა წარმატებით მოეხდინა უცბად გამოჩენილი დანიელების მოგერიება. პარალელურად ვესექსმა მძლავრი ფლოტი შეკრიფა, რათა ბრძოლა თავისი სანაპიროებიდან შორს გადაეტანა. ამ ყველაფერთან დამატებით ქვეყნის შიგნით აღიმართა მრავალი მძლავრი სიმაგრე (Burhs). ამგვარად შეიქმნა წარმატებული თავდაცვითი ქსელი, რომელიც შემდეგში გახდა ბრიტანული მიწების დაბრუნების საფუძველი. ინგლისური Reconquista-სთვის მზადება უკვე დასრულებული იყო.
886 წელს ვესექსის მეფე ალფრედმა, ლონდონიდან დანიელების გაძევების შემდეგ, ქალაქი დაიკავა და მისი თავდაცვითი ნაგებობები აღადგინა. დანიელები 892 წელს დაბრუნდნენ, მანამდე მათი ინტერესი ფრანკების მიწებისკენ იყო მიმართული. ვესექსის სანაპიროზე მთლიანობაში 330 ხომალდმა გადმოსხა მძლავრი არმია, მაგრამ ამჯერად ანგლოსაქსები მტერს მომზადებულები დახვდნენ. დანიელების მეორე ფლოტი იორკის სამეფოდან გამოვიდა, მაგრამ შედეგის გარეშე. ვესექსის ქალაქებმა ალყას გაუძლეს და ალფრედის არმიამ საბოლოოდ მოახერხა დანიელების სამხედრო ბანაკის განადგურება. მერსეამ ასევე გააგზავნა მძლავრი არმია, რომელმაც დანიელები აღმოსავლეთ ინგლისში განდევნა, სადაც მათ ოჯახები და ქვეშევრდომები გადაიყვანეს. დანიელების კიდევ ერთი შეტევის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც ინგლისურმა ძალებმა ადგილობრივი მომარაგების წყაროები გაანადგურეს. 895 წელს დანიელთა არმიამ საბოლოოდ შეწყვიტა საბრძოლო ოპერაციების განხორციელება.

დიდი წარმართული ლაშქრის მარშუტი ინგლისის სახელმწიფოებში


ინგლისის ანგლოსაქსონური გაერთიანება (900-954 წლები)

წარმატებული მეფე ალფრედი 899 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი პოლიტიკური კურსი მისი მემკვიდრეების მიერ უცვლელად გაგრძელად - ამ კურსის მიზანს დანიელთა ინგლისიდან საბოლოო განდევნა წარმოადგენდა. ახალ მეფეს, ედუარდ ბებერს (Edward the Old), მოუწია შიდა, სატახტო მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ განხეთქილებასთან გამკლავება, ამის პარალელურადაც 903 წელს დანიელთა ახალი იერიშების მოგერიებაც უწევდა, რომლებსაც ირლანდიაში დამკვიდრებული დანიელებიც უჭერდნენ მხარს. 909 წელს ანგლოსაქსების გაერთიანებულმა ლაშქარმა იორკამდე ილაშქრა, რითაც იქ დამკვიდრებული დანიელები საგრძნობლად დაასუსტა. ამასთანავე მათ დანელევის (Danelaw) ტერიტორიების, რომლებიც დანიელებს ჰქონდათ დაკავებული, განთავისუფლებაზე მოახდინეს კონცენტრირება.
917 წელს აღმოსავლეთ ინგლისის დანიური ძალები დამარცხდნენ, მათი მეფე ბრძოლაში დაიღუპა და რეგიონი ვესექსს შეუერთდა. მომდევნო ნაბიჯს ხუთი რაიონი (Five Boroughs) წარმოადგენდა - დანიელების სიმაგრეები აღმოსავლეთ ინგლისსა და იორკს შორის. 918 წლის ბოლოსთვის ეს ტერიტორიაც განთავისუფლდა დანიელებისგან. მომდევნო წელს მერსეა, ვესექსი და განთავისუფლებული ტერიტორიები ერთ სამეფოდ გაერთიანდნენ. ახლად შექმნილ სახელმწიფოში მმართველობას დასავლეთის საქსები (ვესექსელები) ახორციელებდნენ, ამ მდგომარეობამ დანიელების მხარეზე გადასასვლელად ბევრ ინგლისელს უბიძგა.
ჩრდილოეთში პოლიტიკური მდგომარეობა ინგლისელთა სასარგებლოდ ვითარდებოდა. 918 წელს იორკის დანიელებმა მეზობელი მერსეის მეფეს შეჰფიცეს ერთგულება. ირლანდიური დუბლინელი ვიკინგის, ამბიცირუი მეთაურის, რაგნალდის (Ragnald) მცდელობით ეს მდგომარეობა იმავე წელს შეიცვალა. რაგნალდმა დაამარცხა ნორთუმბრიელ ინგლისელთა და შოტლანდიელთა გაერთიანებული ლაშქარი და დაიკავა ქალაქი იორკი. მაგრამ ეს გამარჯვება ხანმოკლე გამოდგა, 927 წელს, ანგლოსაქსთა მეფემ, ათელსტანმა (Athelstan) დაიკავა იორკი და რეგიონი თავის სამეფოს შეუერთა. ამით მან დროებით დაასრულა ინგლისის დამორჩილება. შოტლანდიის სამეფოების მეთაურებმა აღიარეს ათელსტანის აღმატებულება და დაემორჩილნენ.
ირლანდიელმა ვიკინგებმა პირი შეკრეს შოტლანდიასთან და ბრიტანეთთან და 937 წელს ინგლისურ მიწებზე გაილაშქრეს. მდინარე ჰუმბერის ნაპირზე, ბრუნაბურჰთან (Brunanburh) გამართულ მძიმე ბრძოლაში ანგლოსაქსებმა გაერთიანებული მტრის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვეს. მიუხედავად მარცხისა ვიკინგების მცდელობები არ შეწყვეტილა, რადგანაც ცენტრალური და ჩრდილო ინგლისის მდიდარ რეგიონებს მათთვის საციცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. 939 წელს, დუბლინის ნორვეგიელმა ხელმწიფემ, ოლაფ გუდფრისონმა (Olaf Guthfrithsson, 934-941 წლები) დაიკავა ნორთუმბრია, ქალაქი იორკი და ხუთი რაიონის ტერიტორიები, მაგრამ ვერ მოახერხა გამაგრება, რის შედეგადაც 944 წელს ინგლისელებმა ეს მიწები ისევ უკან დაიბრუნეს. ამ პერიოდში სკანდინავიელების უკანასკნელი მცდელობა 948 წელს, ნორვეგიიდან გამოდევნილი მეფის, ერიკ „სისხლიანი ნაჯახის“ (Erik Bloodaxe) მიერ განხორციელდა, მან მოახერხა ქალაქ იორკის დაკავება, მაგრამ მან ასევე მოახერხა გამხდარიყო ამ ქალაქის უკანასკნელი ვიკინი ხელმწიფე. 954 წელს ის ადგილობრივმა ინგლისურმა ძალებმა ჩასაფრების დროს მოკლეს და მეფე იდრედის (Eadred, 946-955 წლები) ლაშქარმა მთლიანი ნორთუმბრია, შოტლანდიელების ტერიტორიებამდე წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა.


დანიელების მიერ ინგლისის დაპყრობა (980-1035 წლები)

954 წელს, იორკის სკანდინავიური სამეფოს დაცემის შემდეგ, ინგლისმა მშვიდობიანად განვითარება დაიწყო. ვიკინგთა შემოსევები შეწყდა, ეს სიმშვიდე მთელი თაობის განმავლობაში გაგრძელდა. მაგრამ აღმოსავლეთთან ვაჭრობის დაცემამ, როდესაც ვერცხლის დინება აზიის ქვეყნებიდან შეწყდა, ასევე სკანდინავიაში დაწყებულმა მემკვიდრეთა შორის შუღლმა ხელი შეუწყო ინგლისში ვიკინგთა ლაშქრობების აღდგენას. ამას ხელს ისიც უწყობდა რომ ფრანკების სამეფომ აღზევება განიცადა, ასევე რეგიონში ნორმანდებიც გამოჩნდნენ, რაც ამ რეგიონში თარეშს ართულებდა, ამიტომ სკანდინავიელებმა თავისი ყურადღება კვლავ ინგლისისკენ მიმართეს.
დანიელეთა საზღვაო ძალა ინგლისის სამხრეთ სანაპიროებთან და უელსთან კვლავ გამოჩნდა 980 წელს. იმ პერიოდში ანგლოსაქსების მეფე ეთელრედი (Aethelred, 978-1016 წლები) იყო, რომელმაც ვერ მოახერხა 991 წელს დაწყებული ახალი ლაშქრობებისთვის ეფექტური წინააღმდეგობის ორგანიზირება. ამ წელს ვიკინგთა მძლავრი ძალები, ნორვეგიელი ოლაფ ტრიგვასსონის (Olaf Trygvasson) ხელმძღვანელობით, მდინარე ტემზის ხეობაში იქნა გადმოსხმული. აქ ვიკინგები შეებნენ ინგლისელ სარდალ ბიორტნოთს (Byrhtnoth), რომელსაც მალდონთან (Maldon) გამართულ ბრძოლაში მძიმე დანაკარგები მიაყენეს. ვიკინგებმა მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით მოწინააღმდეგეს შემოუარეს და გვერდიდან დაარტყეს, ამას წინ უძღოდა ბიორტნოთის კატასტროფული რაინდული საქციელი, მანდ ვიკინგებს საშუალება მისცა ვიწრო ხეობიდან გამოსულიყვნენ.
მდინარე ტემზას ხეობა ვიკინგებისთვის აწი უკვე ღია იყო. მძიმე ბრძოლების მიუხედავად, 994 წელს, ვერ მოახერხეს ლონდონის აღება და თავისი ძალისხმევა უფრო იოლი სამიზნეებისკენ მიმართეს. ოლაფმა და მისმა მოკავშირე სვეინმა (Svein) სამხრეთ ინგლისის სანაპიროზე დაიწყეს თარეში. დარბევა მანამდე არ შეწყდა სანამ ინგლისელებმა მათ 16 000 ფუნტი ვერცხლით არ გადაუხადეს. რის შემდეგაც ოლაფი ქრისტიანად მოინათლა და ნორვეგიაში დაბრუნდა, ხოლო სვეინი ირლანდიის ზღვის გავლით, სადაც გზად ყველაფერი დაარბია, დანიას დაუბრუნდა. ანგლოსაქსებმა ვერცხლის გადახდით მოახერხეს ლაშქრობების შეჩერება, მაგრამ მხოლოდ მოკლე დროით.
ეთელრედმა სცადა გაეუმჯობესებინა თავდაცვითი ქსელი. 1000 წელს ანგლოსაქსების ფლოტმა ირლანდიის ზღვაში მდებარე კუნძულ მანზე ილაშქრა. ლაშქრობა განხორციელდა როგორც სასჯელი ირლანდიელი დანიელების წინააღმდეგ, რომლებიც ინგლის სამხრეთ სანაპიროებზე აწყობდნენ თავდასხმებს. მაგრამ მომავალ წელს ინგლისელები იძულებულნი იყვნენ დანიელებისთვის 24 000 ფუნტი გადაეხადათ ვერცხლით. აშკარა იყო რომ სამეფოს ესაჭიროებოდა თავდაცვითი პოლიტიკის ძირფესვიანი შეცვლა, რომელიც საკმაოდ სამარცხვინოდ და წარუმატებლად განხორციელდა. 1002 წელს მეფისთვის მიწოდებული არასარწმუნო ჭორები, ქვეყანაში მცხოვრები დანიელების მიერ შეთქმულების შესახებ, მათი განადგურების ბრძანების გაცემის საფუძველი გახდა (13 ნოემბერი). გადმოცემის თანახმად ამ სასაკლაოს დანიელი მეფის, სვეინის, დაც შეეწირა. რის შედეგადაც 1003 წელს დანიელები დაბრუნდნენ და შეუტიეს ვესექსსა და აღმოსავლეთ ინგლისს. 1007 წლამდე ერთი მეორის მიყოლებით დაამარცხეს ანგლოსაქსონების ძალები და საბოლოოდ 36 000 ფუნტი ვერცხლის გადახდის შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს.
აღსანიშნავია, რომ, თანხა, რომელსაც თავდასხმების თავიდან ასაცილებლად იხდიდნენ, 15 წლის განმავობაში გაორმაგდა. დანიელთა მოთხოვნები იზრდებოდა და საბოლოოდ მათი შეცვლა მოხდა. მიზანს აწი ალაფის, ტყვეებისა და ვერცხლის ხელში ჩაგდება კი არა, არამედ თვითონ ინგლისის დაპყრობა და კოლონიზაცია წარმოადგენდა. უცნობია ეთელრედმა რამდენად გააცნობიერა ვიკინგების ეს ახალი მიზნები, მაგრამ ფაქტია რომ თავდაცვის მოწყობა უფრო დაკვირვებით დაიწყო. მერსეას დასაცავად დანიშნა მხედართმთავარი და ასევე ააწყო 300 ხომალდიანი მძლავრი ფლოტი, რომელიც უკვე 1009 წლიდან იყო მზად. ინგლისელ თავადაზნაურთა ურთიერთდაპირისპირებამ და ღალატმა საბოლოოდ გამოიწვია ამ თავდაცვითი გეგმების ჩაშლა. 80 ხომალდი განადგურდა, კიდევ ოცმა ხომალდმა თვითნებურად დასტოვა ფლოტი, ხოლო დანარჩენები იმედგაცრუების ფონზე გაიფანტნენ. ყველაფერი დანიელების სასარგებლოდ მუშაობდა. მათ ამით ისარგებლეს და იმავე წლის აგვისტოში სამხრეთ ინგლისში გადასხეს ჯარები.
ვიკინგები, თორკელ მაღალის (Thorkell) ხელმძღვანელობით, სამი წლის განმავლობაში არბევნდნენ მერსეასა და აღმოსავლეთ ინგლისს, რითაც გამოიწვიეს ადგილობრივი თავდაცვითი ქსელი განადგურება და დეზორგანიზაცია. მნიშვნელოვანი იყო ასევე გავლენა ადგილობრივი ინგლისელი მოსახლეობისა და თავადაზნაურობის ფსიგოლოგიაზეც, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მეფე ეთელრედით, რომელსაც არ ძალუძდა ამ დარბევის შეჩერება. მაგრამ მეფემ მეტნაკლებ წარმატებას მიაღწია 1012 წელს, როდესაც 48 000 ფუნტი ვერცხლის გადახდის შემდეგ ვიკინგების მეთაურ თორკელთან მეკავშირეობას მიაღწია და ამით დროებით დაასრულა ქვეყნის დარბევა.
ამის საპასუხოდ დანიელი მეფე სვეინი, რომელიც მიხვდა რომ უნდა ჩარეულიყო, თავისი არმიით 1013 წელს მდინარე ჰუმერთან გადმოსხდა. ეთელრედის მიმართ უკმაყოფილება უკვე აშკარად გამომჟღავნდა და  ხუთი რაიონისა და ნორთუმბრიის რეგიონები დანიელების დაქვემდებარებაში გადავიდა და თავის მეფედ დანიელი სვეინი აღიარა. სვეინმა სვლა სამხრეთისკენ განაგრძო და გზად ბევრმა ქალაქმა მას მორჩილება გამოუცხადა. წინაღმდეგობა მხოლოდ ლონდონმა გაუწია, რომელსაც ეთელერდი და ვიკინგი თორკელი იცავდნენ. მაგრამ 1013 წლის დეკემბერში, როდესაც ეთელრედი ნორმანდიაში გაიქცა, ქალაქი დანიელებს ჩაჰბარდა. მაგრამ როგორც წინა შემთხვევებში, აქაც ეს გამარჯვება ხანმოკლე გამოდგა, ხუთი კვირის შემდეგ სვეინი გარდაიცვალა  და ეთელრედი ინგლისში დაბრუნდა. დანიელთა არმია, სვეინის ძის, კნუტის (Cnut) სარდლობით სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ ინგლისისთვის ბრძოლა ჯერ დასრულებული არ იყო.
1015 წელს კნუტი ინგლისში დაბრუნდა, მას მოკავშირედ თან ახლდა თორკელი, რომელიც ალბათ მიხვდა თუ ვის მხარეს გადაიწონა სასწორი  და ასევე ჰლანდრიელი ერიკის სახით დაინახა ახალი მძლავრი სარდალი. ნორთუმბრიამ კვლავ მორჩილება გამოუცხადა ვიკინგებს და ქვეყნის დანიელი წარმოშობის მოსახლეობა შემოჭრილტა არმიის რიგებში დადგა. ამ წელს მეფე ეთელრედი გარდაიცვალა და ტახტზე მისი, უფრო ეფექტური ძე, რკინისგვერდებიანი ედმუნდი (Edmund Ironside, 1015-16 წლები) ავიდა, რომელმაც წინააღმდეგობის როგანიზირება მოახდინა. დანიელები შეუწყვეტლივ უტევდნენ სტრატეგიული მნიშვნელობის ლონდონს, თუმცაღა უშედეგოდ. 1016 წელს ორი არმია აღმოსავლეთ ინგლისში, ასინგდონთან (Ashingdon) შეიყარა. მერსეას თავადებმა უღალატეს ედმუნდს და ანგლოსაქსება საშინელი მარცხი განიცადეს. საბოლოოდ კნუტი და ედმუნდი შეთანხმდნენ გაეყოთ ინგლისი - ედმუნდი შეინარჩუნებდა ვესექსს, მაგრამ ედმუნდი ნაადრევი სიკვდილის შემდეგ კნუტი გახდა მთლიანი ინგლისის მეფე. ინგლისის დანიური ანექსია დასრულდა.
მეფე კნუტი (1016-1035 წლები) წარმატებულ პოლიტიკას ახორციელებდა, ის არ დევნიდა ქვეყნის ანგლოსაქსონურ მოსახლეობას. მისი კანონები სამართლიანი იყო, ქვეყნის სამმართველო სტრუქტურა შენარჩუნებული იქნა და ქვეყნამ სტაბილურობა და მშვიდობა მოიპოვა. თვითონ მეფეს საკმაოდ ამბიციური მიზნები ჰქონდა, მას სურდა ჩრდილოეთის ზღვაში ერთიანი, მძლავრი სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც შევიდოდა ინგლისი, დანია და ნორვეგია. საბოლოოდ მან თავის მიზანს მიაღწია, როდესაც 1028 წელს ნორვეგია დაიპყრო, მაგრამ 1035 წელს, კნუტის სიკვდილის შემდეგ, მისი იმპერია დაიშალა. ინგლისში საქსონები ეთელრედის ძის, ედმუნდის მეთაურობით 1042 წელს დაბრუნდნენ და ანგლოსაქსონური სამეფო აღადგინეს. 1066 წელს ნორმანდებმა, გაფრანგებულმა ვიკინგებმა, დაიპყრეს ინგლისი და ამით დაასრულეს ამ კუნძულზე როგორც ანგლოსაქსონური ასევე ვიკინგური ეპოქა.