პირველი ლაშქრობები (798-860 წლები)
ვიკინგების ეპოქის დასაწყისში ბრიტანეთი დანაწევრებული იყო მცირე სამეფოებად. სამხრეთში არსებობდა ვესექსის სამეფო, რომელიც ლონდონამდე იყო გადაჭიმული. დასავლეთში უელსის დამოუკიდებელი სამეფო მდებარეობდა, რომელიც მთის ქედებით იყო დაცული. ინგლისის ცენტში და ნაწილობრივ აღმოსავლეთ ნაწილში მერსეას (Mercia) სამეფო იყო განთავსებული და იკავებდა მთელს ტერიტორიას უელსის საზღვრებიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, მის ჩრდილოეთ საზღვარს მდინარე ჰუმბერი (Humner) წარმოადგენდა. მდინარის იქეთ გადაჭიმული იყო ნორთუმბრიის სამეფო, რომლის დედაქალაქსაც ქალაქი იორკი წარმოადგენა. უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა შოტლანდიის სამეფოები: ბრეტონებით დასახლებული სტრათკლაიდი (Strathclyde), კელტური წარმოშობის შოტლანდიელებით დასახლებული დალრიადა (Dalriada) და პიკტების სამეფო, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთში იყო განთავსებული.
ვიკინგების პირველი თავდასხმა დასავლეთ ევროპაში იყო გამორჩეული და სავარაუდოდ დაზვერვით ხასიათ ატარებდა, თუმცა ეს შემთხვევა ვიკინგების ლაშქრობების დასაწისად ვერ ჩაითვლება. ანგლოსაქსონური ქრონიკების (Anglo-Saxon Chronicle - მე-10 საუკუნე) თანახმად ამ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 789 წელს, ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე, ვესექსის პორტლანდში. ვიკინგი მეკობრეების სამი ხომალდი ნაპირს მოადგა, ვესექსის მეფის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ხომალდების ეკიპაჟები სავაჭრო ცენტრში მიიპატიჟა, მაგრამ სკანდინავიელებს სავარაუდოდ სულ სხვა გეგმები ჰქონდათ და ინგლისელი მოხელე მოკლეს. სამხრეთ ინგლისში ეს თავდასხმა შეუმჩნეველი არ დარჩათ და მერსეას მეფემ, ოფფამ (Offa) ქვეყნის აღმოსავლეთ ნაპირებზე თავდაცვითი ნაგებობები მოაწყო.
თვითონ პირველი ლაშქრობები რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო და დასავლეთ ევროპის ქრისტიანობის დიდი შიში გამოიწვია. 793 წლის 8 ივნისს ინგლისის ჩრდილოეთში, ნორთუმბრიის სანაპიროებთან გამოჩნდნენ ვიკინგების ხომალდები, მათ სამიზნეს განძეულოებით განთქმული ლინდსფარნის (Lindisfarne) მონასტერი წარმოადგენდა, რომელიც იმავე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობდა. თავდამსხმელებმა გაანადგურეს მონასტერი, დახოცეს და ტყვედ წაიყვანეს ბერები, გაძარცვეს ტაძარი და ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობის ოქრო, ვეცხლი და სხვა ძვირფასეულობები. თავდასხმა ღმერთის სასჯელად ჩაითვალა, რომელიც ურჯულო და ველური ხალხის ხელით განხორციელდა.
ლინდსფარნის (Lindisfarne) მონასტერი, ჩვენი დღეები. ადგილი საიდანაც ვიკინგები ეპოქა დაიწყო
ვიკინგებმა დაადგინეს რა ბრიტანული სიმდიდრის არსებობა და ასევე მათი მხრიდან ორგანიზირებული წინააღმდეგობის არ არსებობა, გააგრძელეს თავიანთი ლაშქრობები. 794 წელს, ლინსფარნის კატასტროფიდან ერთი ზამთრის მერე, იმავე რაიონში, ცოტა სამხრეთით განახორციელეს თავდასხმა, თუმცა ადგილობრივმა ძალებმა მათი უკუქცევა მოახერხეს. ამის შემდეგ მათი ინტერესი ირლანდიისკენ და უელსის ნაპირებისკენ იქნა მიმართული. თანდათან ანგლოსაქსებმა მოახერხეს ამ პირველი ლაშქრობების მოგერიება და დარბევისგან თავი დაიცვეს.
ანგლოსაქსები ასევე მიხვდნენ რომ ვიკინგები დიდ საფრთხეს შექმნიდნენ თუ მდინარეებს აღმა აჰყვებოდნენ, ამიტომ დაიწყეს მდინარეების თავდაცვაზე ფიქრი, ამ მიზნით აშენდა ხიდები და გამოიყო მოყარაულე რაზმები. ამის პარალელურად მოხდა ზღვის სანაპიროების დამცავი რაზმების ჩამოყალიბებაც. ამ ზომებმა ნაწილობრივი შედეგი გამოიღო. 838 წელს, კორნუელთან ვიკინგების იერიშის მოგერიება მოხერხდა, ამის შემდეგ ინგლისის სანაპირეობზე ისინი მხოლოდ მცირე ზომის თავდასხმებით შემოიფარგლებოდნენ.
ამას მოჰყვა მცირე ლაშქრობების მეორე ტალღა, რომლის ძირითად მიზანს მოლაშქრეთა გაძლიერება და ინგლისელთა დასუსტება წარმოადგენდა. 844 წელს ნორვეგიელთა მეკობრული ხომალდები ნორთუმბრიის სანაპიროს კიდევ ერთხელ მიადგნენ. გამართულ ბრძოლაში მათ დაამარცხეს ანგლოსაქსების ძალები და მოკლეს მათი მეფე რაედვოლფი (Raedwulf). 850 წელს ვესექსის ანგლებმა (დასავლეთის საქსები) დაამარცხეს სკანდინავიელები საზღვაო ბრძოლაში. ამას მოჰყვა ანგლების კიდევ სამი დიდი გამარჯვება, თუმცა ორი მარცხიც. უნდა ითქვას რომ ანგლოსაქსების ძალებმა მოახერხეს უცხოელ მოლაშქრეთა მოგერიება, თუმცაღა ეს მხოლოდ მძარცველ-მოთარეშეთა თავდასხმები იყო, რომლებშიც სკანდინავიელები მცირე ჯგუფებით მოქმედებდნენ.
დიდი დანიური ლაშქარი და ინგლისური წინააღმდეგობა (865-899 წლები)
მე-9 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა ვიკინგების ოპერაციების მიზნებისა და ხასიათის დახვეწა. პირველადი ცალკეული მძარცველური თავდასხმები, რომელთა მიზანიც უბრალოდ სიმდიდრის ხელში ჩაგდება იყო, შეიცვალა ორგანიზირებული სამხედრო ოპერაციებით. სკანდინავიელ მეომართა ჯგუფები გაერთიანდა, მათმა მეთაურებმა აღიარეს ცალკეული მხედართმთავრების უპირატესობა და მათ დაქვემებარებაში დადგნენ. ეს ბოლოები თავის მხრივ ახდენდნენ ჯარების მართვას და ნაალაფარის გაყოფა-განაწილებას. ხოლო მათ მიზნებს უკვე ტერიტორიების დაკავება და მათი კოლონიზაცია წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში ვინც დაკავებულ ქვეყნებში დარჩენას მოისურვებდა უბრალო სოფლის მეურნე ხდებოდა და შედარებით წყნარ ცხოვრებას აწარმოებდა, ამაზე ისიც მოქმედებდა რომ უცხო ტერიტორიაზე, უცხო ხალხში უწევდათ ყოფნა, სადაც თვითონ უმცირესობას წარმოადგენდნენ.
ამ პერიოდში ფრანკთა სამეფო გაძლიერდა და გაერთიანდა და წარმატებით იგერიებდა ვიკინგების იერიშებს, ამიტომ ჩრდილოელმა მეომრებმა თავისი ინტერესი კვლავ ინგლისისკენ მიმართეს და ამჯერად გაცილებით მეტი ძალებით. 865 წელს აღმოსავლეთ ინგლისის სანაპიროებს, რომელიც იმ პერიოდში მერსეასგან გამოყოფილი იყო, ჩრდილოელთა დიდი ლაშქარი მიადგა. ანგლოსაქსონურ წყაროებში ამ ლაშქარს დიდი წარმართული ჯარი ეწოდა (mycel haeden here). არმია სავარაუდოდ 1000-2000 მეომრისგან, ძირითადად დანიელებისგან შედგებოდა და ემორჩილებოდა ივარის (Ivar), უბბის (Ubbi) და ჰალფდანის (Halfdan) ბრძანებებს. აღმოსავლეთ ინგლისის ხელმძღვანელობამ ვიკინგებს ასობით ცხენოსანი მისცეს და ამით მოახერხეს მათგან დროებით თავის დაღწევა.
დანელაგების სახელმწიფო
შეავსო რა თავისი მარაგები, ამ ახალი ძალებით გაძლიერებულმა დანიელთა არმიამ ნორთუმბრის დასაკავებლად გეზი ჩრდილოეთით აიღო. ამ პერიოდში ნორთუმბრია ტახტის მემკვიდრეთა შორის გამართული სამოქალაქო წინააღმდეგობებით იყო დასუსტებული. ვიკინგებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ - მათი დაზვერვა როგორც ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა. 866 წელს ქალაქი იორკი დანიელებს უბრძოლველად ჩაჰბარდათ. ამის შედეგად ანგლოსაქსმა თავადებმა შუღლი დაივიწყეს და მომხდურთა წინააღმდეგ სამოქმედოდ ძალები გააერთიანეს. მათმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და 867 წლის მარტში იორკის განთავისუფლების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ნორთუმბრიისა და იორკის (Jorvik ვიკინგების ენაზე) დაკავებით თავდამსხმელებმა ინგლისის დაკავების გეგმის პირველი საფეხური წარმატებით განახორციელეს. ჩრდილოეთიდან მათ მიერ დაკავებული ტერიტორიები დაცული იყო, აქ შოტლანდიელები ცხოვრობდნენ, ისინი საქსონებს მტრობდნენ და მათ მიზანს ამ ადგილებიდან საქსონების განდევნა წარმოადგენდა. ანალოგიურად ნეიტრალიტეტი ეკავა უელსის სამეფოსაც.
დიდი არმიის მეორე მიზანს მერსიის სამეფოზე თავდასხმა და სამხრეთით გაფართოება წარმოადგენდა. 867 წლის ზაფხულში მათ დაიკავეს ქალაქი ნოტინჰემი (Nottingham). თუმცა იძულებულები იყვნენ უკან დაეხიათ, როდესაც მერსიისა და ვესექსის გაერთიანებულმა, მძლავრმა არმიამ ქალაქის ალყა დაიწყო. უკვე აშკარა გახდა საფრთხე, რომელსაც ყველა ინგლისური სამეფოებისთვის დანიელები წარმოადგენდნენ.
ამის შემდეგ ვიკიგებმა თავისი სამიზნე დიდი სიფრთხილით ამოარჩიეს. 869 წელს შეიჭრნენ ყველაზე სუსტ, აღმოსავლეთ ინგლისის სამეფოში და დაამარცხეს მათი არმია ჰოქსნეს (Hoxne) ბრძოლაში. ამ ბრძოლაში საშინელი სიკვდილით დაიღუპა ადგილობრივი მეფე ედმუნდი (Edmund), მის სხეულს 10 ისარი გაარტყეს. მოგვიანებით ის წმინდანად შერაცხეს და მოხდა ანგლოდანიელებში მისი კულტის გამეფება. ვიკინგებს თავისი ხმლის ქვეშ უკვე ორი ინგლისური სამეფო ჰყავდათ.
მერსეასთან დროებითი ზავის დადების შემდეგ დანიელები სამხრეთი ინგლისისკენ, ვესექსის დასაკავებლად გაემართნენ. აქ წინააღმდეგობა უფრო მძაფრი და ეფექტური გამოდგა. მთლიანობაში 870 წელს გამართული ხუთი მძიმე ბრძოლიდან ვიკინგებმა გამარჯვება მხოლოდ სამში მოიპოვეს, მაგრამ ვერ მოახერხეს დასავლეთის საქსონების არმიის განადგურება. 871 წელს იძულებულები იყვნენ დაბრუნებულიყვნენ ლონდონში, საიდანაც შემდეგ ნორთუმბრიაში, თავიანთ ცენტრს, ქალაქ იორკს დაუბრუნდნენ. ვესექსმა მოახერხა შეტევების მოგერიება და უახლოეს მომავალში ის გახდება ის ძალა და ბირთვი, რომელიც მე-10 საუკუნეში მოახერხებს ინგლისის განთავისუფლებას.
ვიკინგების მცდელობები კვლავ მერსეასკენ იქნა მიმართული, რომელიც ინგლისის სახმელეთო საყრდენს წარმოაგენდა. 873 წელს დაიკავეს რეპტონი, რომელიც მერსეას სამეფოს ცენტრს წარმოადგენდა - რის შედეგადაც ქვეყნის ცენტრალური მმართველობა მოიშალა. დანიელებმა თავისი არმია შუაზე გაყვეს, რათა უფრო მალე განეხორციელებინათ ქვეყნის დაკავება. ერთი ნაწილი, ჰალფდანის ხელმძღვანელობით, ჩრდილოეთით, იორკისკენ გაემართა, რათა ნორთუმბრიაში დანიელთა კონტროლის სტაბილიზირება მოეხდინა. ხოლო მეორე ნაწილი, გუთრუმის (Guthrum) ხელმძღვანელობით, 875 წელს ვესექსში შეიჭრა, რათა ბოლო მოეღო ანგლოსაქსთა წინააღმდეგობისთვის. მან მთელი სამეფო უბრძოლველად გადაჭრა, რადგანაც გმირმა მეფემ ალფრედმა (Alfred, 870-899 წლები) თავისი არმიით თავი ადგილობრივ ჭაობებს შეაფარა. საბოლოოდ 878 წელს მეფე ალფრედმა ედინგტონის (Eddington) ბრძოლაში მოახერხა ძალების გაყოფით დასუსტებული დანიელებისთვის მძიმე დარტყმის მიყენება. ორმა მოწინააღმდეგემ ზავს მოაწერა ხელი. დანიელებმა ვესექსიდან გაიყვანეს თავიანთი ჯარები, ხოლო მათი სარდალი, გუთრუმი, ქრისტიანად მოინათლა და ნათლობის სახელი ათელსტანი (Athelstan) ეწოდა. ეს იყო ვესექსის მეფის მნიშვნელოვანი დიპლომატიური და სამხედრო მიღწევა.
დანიელების გასვლამ მეფე ალფრედს საშუალება მისცა სამხედრო ინფრასტუქტურისა, თავდაცვითი ნაგებობებისა და ძალების რეორგანიზაცია-რეფორმირებისთვის. ადგილობრივი სოფლელებისგან შექმნილი ქვედანაყოფები, რომელიც ჟანდარმერიის სახეობას (Fyrd) წარმოადგენდა, გაძლიერდა და ორ ნაწილად გაიყო, რათა ყოფილიყო მზა ქვედანაყოფები, მაშინ როდესაც გლეხთა ერთი ნაწილი მიწას დაუბრუნდებოდა. მოხდა სამეფო არმიის სტრატეგიული მოქნილობის პრინციპეპის მიხედვით განვითარება და რეფორმირება, რათა წარმატებით მოეხდინა უცბად გამოჩენილი დანიელების მოგერიება. პარალელურად ვესექსმა მძლავრი ფლოტი შეკრიფა, რათა ბრძოლა თავისი სანაპიროებიდან შორს გადაეტანა. ამ ყველაფერთან დამატებით ქვეყნის შიგნით აღიმართა მრავალი მძლავრი სიმაგრე (Burhs). ამგვარად შეიქმნა წარმატებული თავდაცვითი ქსელი, რომელიც შემდეგში გახდა ბრიტანული მიწების დაბრუნების საფუძველი. ინგლისური Reconquista-სთვის მზადება უკვე დასრულებული იყო.
886 წელს ვესექსის მეფე ალფრედმა, ლონდონიდან დანიელების გაძევების შემდეგ, ქალაქი დაიკავა და მისი თავდაცვითი ნაგებობები აღადგინა. დანიელები 892 წელს დაბრუნდნენ, მანამდე მათი ინტერესი ფრანკების მიწებისკენ იყო მიმართული. ვესექსის სანაპიროზე მთლიანობაში 330 ხომალდმა გადმოსხა მძლავრი არმია, მაგრამ ამჯერად ანგლოსაქსები მტერს მომზადებულები დახვდნენ. დანიელების მეორე ფლოტი იორკის სამეფოდან გამოვიდა, მაგრამ შედეგის გარეშე. ვესექსის ქალაქებმა ალყას გაუძლეს და ალფრედის არმიამ საბოლოოდ მოახერხა დანიელების სამხედრო ბანაკის განადგურება. მერსეამ ასევე გააგზავნა მძლავრი არმია, რომელმაც დანიელები აღმოსავლეთ ინგლისში განდევნა, სადაც მათ ოჯახები და ქვეშევრდომები გადაიყვანეს. დანიელების კიდევ ერთი შეტევის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც ინგლისურმა ძალებმა ადგილობრივი მომარაგების წყაროები გაანადგურეს. 895 წელს დანიელთა არმიამ საბოლოოდ შეწყვიტა საბრძოლო ოპერაციების განხორციელება.
დიდი წარმართული ლაშქრის მარშუტი ინგლისის სახელმწიფოებში
ინგლისის ანგლოსაქსონური გაერთიანება (900-954 წლები)
წარმატებული მეფე ალფრედი 899 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი პოლიტიკური კურსი მისი მემკვიდრეების მიერ უცვლელად გაგრძელად - ამ კურსის მიზანს დანიელთა ინგლისიდან საბოლოო განდევნა წარმოადგენდა. ახალ მეფეს, ედუარდ ბებერს (Edward the Old), მოუწია შიდა, სატახტო მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ განხეთქილებასთან გამკლავება, ამის პარალელურადაც 903 წელს დანიელთა ახალი იერიშების მოგერიებაც უწევდა, რომლებსაც ირლანდიაში დამკვიდრებული დანიელებიც უჭერდნენ მხარს. 909 წელს ანგლოსაქსების გაერთიანებულმა ლაშქარმა იორკამდე ილაშქრა, რითაც იქ დამკვიდრებული დანიელები საგრძნობლად დაასუსტა. ამასთანავე მათ დანელევის (Danelaw) ტერიტორიების, რომლებიც დანიელებს ჰქონდათ დაკავებული, განთავისუფლებაზე მოახდინეს კონცენტრირება.
917 წელს აღმოსავლეთ ინგლისის დანიური ძალები დამარცხდნენ, მათი მეფე ბრძოლაში დაიღუპა და რეგიონი ვესექსს შეუერთდა. მომდევნო ნაბიჯს ხუთი რაიონი (Five Boroughs) წარმოადგენდა - დანიელების სიმაგრეები აღმოსავლეთ ინგლისსა და იორკს შორის. 918 წლის ბოლოსთვის ეს ტერიტორიაც განთავისუფლდა დანიელებისგან. მომდევნო წელს მერსეა, ვესექსი და განთავისუფლებული ტერიტორიები ერთ სამეფოდ გაერთიანდნენ. ახლად შექმნილ სახელმწიფოში მმართველობას დასავლეთის საქსები (ვესექსელები) ახორციელებდნენ, ამ მდგომარეობამ დანიელების მხარეზე გადასასვლელად ბევრ ინგლისელს უბიძგა.
ჩრდილოეთში პოლიტიკური მდგომარეობა ინგლისელთა სასარგებლოდ ვითარდებოდა. 918 წელს იორკის დანიელებმა მეზობელი მერსეის მეფეს შეჰფიცეს ერთგულება. ირლანდიური დუბლინელი ვიკინგის, ამბიცირუი მეთაურის, რაგნალდის (Ragnald) მცდელობით ეს მდგომარეობა იმავე წელს შეიცვალა. რაგნალდმა დაამარცხა ნორთუმბრიელ ინგლისელთა და შოტლანდიელთა გაერთიანებული ლაშქარი და დაიკავა ქალაქი იორკი. მაგრამ ეს გამარჯვება ხანმოკლე გამოდგა, 927 წელს, ანგლოსაქსთა მეფემ, ათელსტანმა (Athelstan) დაიკავა იორკი და რეგიონი თავის სამეფოს შეუერთა. ამით მან დროებით დაასრულა ინგლისის დამორჩილება. შოტლანდიის სამეფოების მეთაურებმა აღიარეს ათელსტანის აღმატებულება და დაემორჩილნენ.
ირლანდიელმა ვიკინგებმა პირი შეკრეს შოტლანდიასთან და ბრიტანეთთან და 937 წელს ინგლისურ მიწებზე გაილაშქრეს. მდინარე ჰუმბერის ნაპირზე, ბრუნაბურჰთან (Brunanburh) გამართულ მძიმე ბრძოლაში ანგლოსაქსებმა გაერთიანებული მტრის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვეს. მიუხედავად მარცხისა ვიკინგების მცდელობები არ შეწყვეტილა, რადგანაც ცენტრალური და ჩრდილო ინგლისის მდიდარ რეგიონებს მათთვის საციცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. 939 წელს, დუბლინის ნორვეგიელმა ხელმწიფემ, ოლაფ გუდფრისონმა (Olaf Guthfrithsson, 934-941 წლები) დაიკავა ნორთუმბრია, ქალაქი იორკი და ხუთი რაიონის ტერიტორიები, მაგრამ ვერ მოახერხა გამაგრება, რის შედეგადაც 944 წელს ინგლისელებმა ეს მიწები ისევ უკან დაიბრუნეს. ამ პერიოდში სკანდინავიელების უკანასკნელი მცდელობა 948 წელს, ნორვეგიიდან გამოდევნილი მეფის, ერიკ „სისხლიანი ნაჯახის“ (Erik Bloodaxe) მიერ განხორციელდა, მან მოახერხა ქალაქ იორკის დაკავება, მაგრამ მან ასევე მოახერხა გამხდარიყო ამ ქალაქის უკანასკნელი ვიკინი ხელმწიფე. 954 წელს ის ადგილობრივმა ინგლისურმა ძალებმა ჩასაფრების დროს მოკლეს და მეფე იდრედის (Eadred, 946-955 წლები) ლაშქარმა მთლიანი ნორთუმბრია, შოტლანდიელების ტერიტორიებამდე წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა.
დანიელების მიერ ინგლისის დაპყრობა (980-1035 წლები)
954 წელს, იორკის სკანდინავიური სამეფოს დაცემის შემდეგ, ინგლისმა მშვიდობიანად განვითარება დაიწყო. ვიკინგთა შემოსევები შეწყდა, ეს სიმშვიდე მთელი თაობის განმავლობაში გაგრძელდა. მაგრამ აღმოსავლეთთან ვაჭრობის დაცემამ, როდესაც ვერცხლის დინება აზიის ქვეყნებიდან შეწყდა, ასევე სკანდინავიაში დაწყებულმა მემკვიდრეთა შორის შუღლმა ხელი შეუწყო ინგლისში ვიკინგთა ლაშქრობების აღდგენას. ამას ხელს ისიც უწყობდა რომ ფრანკების სამეფომ აღზევება განიცადა, ასევე რეგიონში ნორმანდებიც გამოჩნდნენ, რაც ამ რეგიონში თარეშს ართულებდა, ამიტომ სკანდინავიელებმა თავისი ყურადღება კვლავ ინგლისისკენ მიმართეს.
დანიელეთა საზღვაო ძალა ინგლისის სამხრეთ სანაპიროებთან და უელსთან კვლავ გამოჩნდა 980 წელს. იმ პერიოდში ანგლოსაქსების მეფე ეთელრედი (Aethelred, 978-1016 წლები) იყო, რომელმაც ვერ მოახერხა 991 წელს დაწყებული ახალი ლაშქრობებისთვის ეფექტური წინააღმდეგობის ორგანიზირება. ამ წელს ვიკინგთა მძლავრი ძალები, ნორვეგიელი ოლაფ ტრიგვასსონის (Olaf Trygvasson) ხელმძღვანელობით, მდინარე ტემზის ხეობაში იქნა გადმოსხმული. აქ ვიკინგები შეებნენ ინგლისელ სარდალ ბიორტნოთს (Byrhtnoth), რომელსაც მალდონთან (Maldon) გამართულ ბრძოლაში მძიმე დანაკარგები მიაყენეს. ვიკინგებმა მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით მოწინააღმდეგეს შემოუარეს და გვერდიდან დაარტყეს, ამას წინ უძღოდა ბიორტნოთის კატასტროფული რაინდული საქციელი, მანდ ვიკინგებს საშუალება მისცა ვიწრო ხეობიდან გამოსულიყვნენ.
მდინარე ტემზას ხეობა ვიკინგებისთვის აწი უკვე ღია იყო. მძიმე ბრძოლების მიუხედავად, 994 წელს, ვერ მოახერხეს ლონდონის აღება და თავისი ძალისხმევა უფრო იოლი სამიზნეებისკენ მიმართეს. ოლაფმა და მისმა მოკავშირე სვეინმა (Svein) სამხრეთ ინგლისის სანაპიროზე დაიწყეს თარეში. დარბევა მანამდე არ შეწყდა სანამ ინგლისელებმა მათ 16 000 ფუნტი ვერცხლით არ გადაუხადეს. რის შემდეგაც ოლაფი ქრისტიანად მოინათლა და ნორვეგიაში დაბრუნდა, ხოლო სვეინი ირლანდიის ზღვის გავლით, სადაც გზად ყველაფერი დაარბია, დანიას დაუბრუნდა. ანგლოსაქსებმა ვერცხლის გადახდით მოახერხეს ლაშქრობების შეჩერება, მაგრამ მხოლოდ მოკლე დროით.
ეთელრედმა სცადა გაეუმჯობესებინა თავდაცვითი ქსელი. 1000 წელს ანგლოსაქსების ფლოტმა ირლანდიის ზღვაში მდებარე კუნძულ მანზე ილაშქრა. ლაშქრობა განხორციელდა როგორც სასჯელი ირლანდიელი დანიელების წინააღმდეგ, რომლებიც ინგლის სამხრეთ სანაპიროებზე აწყობდნენ თავდასხმებს. მაგრამ მომავალ წელს ინგლისელები იძულებულნი იყვნენ დანიელებისთვის 24 000 ფუნტი გადაეხადათ ვერცხლით. აშკარა იყო რომ სამეფოს ესაჭიროებოდა თავდაცვითი პოლიტიკის ძირფესვიანი შეცვლა, რომელიც საკმაოდ სამარცხვინოდ და წარუმატებლად განხორციელდა. 1002 წელს მეფისთვის მიწოდებული არასარწმუნო ჭორები, ქვეყანაში მცხოვრები დანიელების მიერ შეთქმულების შესახებ, მათი განადგურების ბრძანების გაცემის საფუძველი გახდა (13 ნოემბერი). გადმოცემის თანახმად ამ სასაკლაოს დანიელი მეფის, სვეინის, დაც შეეწირა. რის შედეგადაც 1003 წელს დანიელები დაბრუნდნენ და შეუტიეს ვესექსსა და აღმოსავლეთ ინგლისს. 1007 წლამდე ერთი მეორის მიყოლებით დაამარცხეს ანგლოსაქსონების ძალები და საბოლოოდ 36 000 ფუნტი ვერცხლის გადახდის შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს.
აღსანიშნავია, რომ, თანხა, რომელსაც თავდასხმების თავიდან ასაცილებლად იხდიდნენ, 15 წლის განმავობაში გაორმაგდა. დანიელთა მოთხოვნები იზრდებოდა და საბოლოოდ მათი შეცვლა მოხდა. მიზანს აწი ალაფის, ტყვეებისა და ვერცხლის ხელში ჩაგდება კი არა, არამედ თვითონ ინგლისის დაპყრობა და კოლონიზაცია წარმოადგენდა. უცნობია ეთელრედმა რამდენად გააცნობიერა ვიკინგების ეს ახალი მიზნები, მაგრამ ფაქტია რომ თავდაცვის მოწყობა უფრო დაკვირვებით დაიწყო. მერსეას დასაცავად დანიშნა მხედართმთავარი და ასევე ააწყო 300 ხომალდიანი მძლავრი ფლოტი, რომელიც უკვე 1009 წლიდან იყო მზად. ინგლისელ თავადაზნაურთა ურთიერთდაპირისპირებამ და ღალატმა საბოლოოდ გამოიწვია ამ თავდაცვითი გეგმების ჩაშლა. 80 ხომალდი განადგურდა, კიდევ ოცმა ხომალდმა თვითნებურად დასტოვა ფლოტი, ხოლო დანარჩენები იმედგაცრუების ფონზე გაიფანტნენ. ყველაფერი დანიელების სასარგებლოდ მუშაობდა. მათ ამით ისარგებლეს და იმავე წლის აგვისტოში სამხრეთ ინგლისში გადასხეს ჯარები.
ვიკინგები, თორკელ მაღალის (Thorkell) ხელმძღვანელობით, სამი წლის განმავლობაში არბევნდნენ მერსეასა და აღმოსავლეთ ინგლისს, რითაც გამოიწვიეს ადგილობრივი თავდაცვითი ქსელი განადგურება და დეზორგანიზაცია. მნიშვნელოვანი იყო ასევე გავლენა ადგილობრივი ინგლისელი მოსახლეობისა და თავადაზნაურობის ფსიგოლოგიაზეც, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მეფე ეთელრედით, რომელსაც არ ძალუძდა ამ დარბევის შეჩერება. მაგრამ მეფემ მეტნაკლებ წარმატებას მიაღწია 1012 წელს, როდესაც 48 000 ფუნტი ვერცხლის გადახდის შემდეგ ვიკინგების მეთაურ თორკელთან მეკავშირეობას მიაღწია და ამით დროებით დაასრულა ქვეყნის დარბევა.
ამის საპასუხოდ დანიელი მეფე სვეინი, რომელიც მიხვდა რომ უნდა ჩარეულიყო, თავისი არმიით 1013 წელს მდინარე ჰუმერთან გადმოსხდა. ეთელრედის მიმართ უკმაყოფილება უკვე აშკარად გამომჟღავნდა და ხუთი რაიონისა და ნორთუმბრიის რეგიონები დანიელების დაქვემდებარებაში გადავიდა და თავის მეფედ დანიელი სვეინი აღიარა. სვეინმა სვლა სამხრეთისკენ განაგრძო და გზად ბევრმა ქალაქმა მას მორჩილება გამოუცხადა. წინაღმდეგობა მხოლოდ ლონდონმა გაუწია, რომელსაც ეთელერდი და ვიკინგი თორკელი იცავდნენ. მაგრამ 1013 წლის დეკემბერში, როდესაც ეთელრედი ნორმანდიაში გაიქცა, ქალაქი დანიელებს ჩაჰბარდა. მაგრამ როგორც წინა შემთხვევებში, აქაც ეს გამარჯვება ხანმოკლე გამოდგა, ხუთი კვირის შემდეგ სვეინი გარდაიცვალა და ეთელრედი ინგლისში დაბრუნდა. დანიელთა არმია, სვეინის ძის, კნუტის (Cnut) სარდლობით სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ ინგლისისთვის ბრძოლა ჯერ დასრულებული არ იყო.
1015 წელს კნუტი ინგლისში დაბრუნდა, მას მოკავშირედ თან ახლდა თორკელი, რომელიც ალბათ მიხვდა თუ ვის მხარეს გადაიწონა სასწორი და ასევე ჰლანდრიელი ერიკის სახით დაინახა ახალი მძლავრი სარდალი. ნორთუმბრიამ კვლავ მორჩილება გამოუცხადა ვიკინგებს და ქვეყნის დანიელი წარმოშობის მოსახლეობა შემოჭრილტა არმიის რიგებში დადგა. ამ წელს მეფე ეთელრედი გარდაიცვალა და ტახტზე მისი, უფრო ეფექტური ძე, რკინისგვერდებიანი ედმუნდი (Edmund Ironside, 1015-16 წლები) ავიდა, რომელმაც წინააღმდეგობის როგანიზირება მოახდინა. დანიელები შეუწყვეტლივ უტევდნენ სტრატეგიული მნიშვნელობის ლონდონს, თუმცაღა უშედეგოდ. 1016 წელს ორი არმია აღმოსავლეთ ინგლისში, ასინგდონთან (Ashingdon) შეიყარა. მერსეას თავადებმა უღალატეს ედმუნდს და ანგლოსაქსება საშინელი მარცხი განიცადეს. საბოლოოდ კნუტი და ედმუნდი შეთანხმდნენ გაეყოთ ინგლისი - ედმუნდი შეინარჩუნებდა ვესექსს, მაგრამ ედმუნდი ნაადრევი სიკვდილის შემდეგ კნუტი გახდა მთლიანი ინგლისის მეფე. ინგლისის დანიური ანექსია დასრულდა.
მეფე კნუტი (1016-1035 წლები) წარმატებულ პოლიტიკას ახორციელებდა, ის არ დევნიდა ქვეყნის ანგლოსაქსონურ მოსახლეობას. მისი კანონები სამართლიანი იყო, ქვეყნის სამმართველო სტრუქტურა შენარჩუნებული იქნა და ქვეყნამ სტაბილურობა და მშვიდობა მოიპოვა. თვითონ მეფეს საკმაოდ ამბიციური მიზნები ჰქონდა, მას სურდა ჩრდილოეთის ზღვაში ერთიანი, მძლავრი სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც შევიდოდა ინგლისი, დანია და ნორვეგია. საბოლოოდ მან თავის მიზანს მიაღწია, როდესაც 1028 წელს ნორვეგია დაიპყრო, მაგრამ 1035 წელს, კნუტის სიკვდილის შემდეგ, მისი იმპერია დაიშალა. ინგლისში საქსონები ეთელრედის ძის, ედმუნდის მეთაურობით 1042 წელს დაბრუნდნენ და ანგლოსაქსონური სამეფო აღადგინეს. 1066 წელს ნორმანდებმა, გაფრანგებულმა ვიკინგებმა, დაიპყრეს ინგლისი და ამით დაასრულეს ამ კუნძულზე როგორც ანგლოსაქსონური ასევე ვიკინგური ეპოქა.
No comments:
Post a Comment