Saturday, January 21, 2017

ოფიციალური დოკუმენტი M1 Abrams-ის კომპოზიტური ჯავშნის შესახებ


ინტერნეტში გავრცელდა ადრე გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირველი სერიული M1 Abrams-ის კოშკურისა და კორპუსის სხვადასხვა ადგილებში განთავსებული კომპოზიტური ჯავშნის, ეგრეთ წოდებული ბერლიგნტონის (Burlington), სქემატური ნახაზები.

Burlington-ის სპეციალური ჯავშანი, ასევე ცნობილია როგორც Chobham-ის ჯავშანი, წარმოადგენს 60-იანი წლების ბოლოს დიდ ბრიტანეთში შემუშავებული კომპოზიტური ჯავშნის სახეობას. ის სამშრიანი ფილებისგან შესდგება - რომლებსაც სხვანაირად სენდვიჩებსაც უწოდებენ, ეს ფილები გაშორიშორებული კონფიგურაციითა განლაგებული. გასაგებია რომ, ეს სენდვიჩ-ფილები,  ორ ფოლადის ან ალუმინის ფირფიტას შორის მოთავსებული ელასტიკური/რბილი შრე, არაფეთქებადი რეაქტიული ჯავშნის (ეგრეთ წოდებული NERA) პრინციპით მუშაობენ. დარტყმის შედეგად ელასტიკური შრე (მაგალითად რეზინა) შეკუმშვის მაქსიმალურ ზღვარს მიაღწევს და მერე ნახტომისებურად გაფართოვდება. ეს გახვრეტის გზაზე მეტ მასალის მიტანას გამოიწვევს და დააზიანებს თხელ და მსხვრევად პენტრატორებს, ისეთებს როგორებიცაა ფუგასური ტანკსაწინააღმდეგო (HEAT) ჭურვების, ტსმრ-ების რაკეტებისა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების კუმულაციური ჭავლი. NERA ფაქტიურად ფეთქებადი რეაქტიული (იგივე დინამიკური დაცვა) ჯავშნის პრინციპით მოქმედებს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად მოძრავი ფილებით, რადგანაც ის ფილების გადასაადგილებელ ენერგიის წყაროდ თვითონ გამხვრეტი ჭურვის ენერგიას იყენებს და არა ფეთქებად მასალებს, როგორც დინამიკურ დაცვაში.

სპეციალური ჯავშანი ტანკის ფრონტალური რაიონის გარდა (კოშკუირის წინა და კორპუსის წინა ქვედა დეტალი) ასევე განთავსებულია კოშკურის ბორტებზე და კორპუსის საბორტე ეკრანების ნაწილზე (მარჯვენა მხარის ოთხ და მარცხენა მხარის ორ სექციაზე).

ტანკის კორპუსის წინა ქვედა ნაწილი სამშრინი NERA-ს ფილების მასივისგან შესდგება, რომლებიც მთლიანი მასივის მხოლოდ ნახევარს იკავებენ. მეორე ნახევარი NERA-ს სამონტაჟე სამაგრებსა და მის უკან ჩვეულებრივი ფოლადის სქელ ფილას უკავია. კორპუსში პირდაპირი მოხვედრის შემთხვევაში, ჭურვმა უნდა გაიაროს გარე ფოლადის შრე, შემდეგ NERA-ს ოთხი სენდვიჩ ფილა და ამის შემდეგ უკანა ფოლადის სქელი ფილა.
Abrams-ის ქვემეხის ფარის ჯავშანიც კორპუსის წინა ჯავშნის ანალოგიურია, იმ სხვაობით რომ აქ სამონტაჟო სამაგრი არ აყენია. ფარს, როგორც ასეთი, ფოლადის თხელი უკანა ფილა აქვს, მაგრამ ფარის უკან არსებობს ფოლადის სქელი ჯავშანფილა, რომელიც სავარაუდოდ ქვემეხის პოჭოჭიკთანაა დაკავშირებული. აქაც, ისევე როგორც კორპუსში, ჭურვმა პირდაპირი, ყოველგვარი გადახრის გარეშე, მოხვედრის შემთხვევაში NERA-ს ოთხი შრე უნდა გაიაროს.

კოშკურის ბორტების უკანა ნაწილი ტანკის ჯავშნის ყველაზე საინტერესო ადგილია, რადგანაც მას NERA-ს სენდვიჩფილების გარდა ასევე გააჩნია სამონტაჟო სამაგრები და როგორც ნახაზიდან ჩანს, ამ სამაგრების უკან განთავსებულია დამატებითი სქელი ჯავშანი, რომელიც ორ ფოლადის ფირფიტას შორის მესამე, კომპოზიტური მატერიალითაა აღჭურვილი. ამ მატერიალის ზუსტი ბუნება უცნობია, მაგრამ არაა გამორიცხული რომ ეს ჯავშანკერამიკა იყოს. კერამიკის უკანა მხარეს გამოყენება, NERA-ს სენდვიჩების გახვრეტის შემდეგ, ჭურვის ნარჩენი ენერგიის შთანთქვის მიზნით, პირველად სენტ-ლუისში მდებარე ფრანგულ-გერმანულმა ინსტიტუტმა დააპატენტა. ითვლება რომ ჯავშნის ანალოგიური კონცეფცია Leopard-2-ზე და Leclerc-ზეა გამოყენებული.

მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს მატერიალი კერამიკაა. სხვა ვარიანტებად შუშა და silicia განიხილება, რომლებიც 50-იან 60-იან წლებში გამოცდილი იქნა როგორც საშუალო ტანკ  T95-ისა და ძირითადი საბრძოლო ტანკის, XM60-ის, ჯავშანპაკეტის კაჟიანი მატერიალი. გამოცდები აშშ-ს არმიის ბალისტიკურ კვლევით ლაბორატორიაში განხორციელდა. თეორიულად არაა გამორიცხული რომ მატერიალი, საბჭოთა ტანკებზე, Т-64-ზე და Т-72-ზე, გამოყენებული არმირებული მინაბოჭკოვანი პლასმასის ან ალუმინის სახეობასაც წარმოადგენდეს.

M1 Abrams-ის კორპუსის საბორტე ეკრანები ოთხ ან ხუთ შრიანი სენდვიჩს წარმოადგენენ, რომლებიც კორპუსის ჰომოგენური ფოლადის ჯავშნისგან საკმაოდ მანძილზე არიან დაშორებულები. გარეთა შრე ფოლადის ფირფიტაა, მას სავარაუდოდ ელასტიური ფენებისა და ფოლადის ფირფიტების  მორიგეობით შრეები მოსდევს. კორპუსის მარცხენა მხარეს მხოლოდ წინა ორი სექციაა აღჭურვილი კომბინირებული სპეციალური ჯავშნით, ეს სექციები ეკიპაჟსა და საწვავის ავზებს უსაფრთხო მანევრირების კუთხეებში (30 გრადუსი მარჯვნივ და მარცხნივ) იცავს. კორპუსის მარჯვენა მხარეს ანალოგიური ჯავშნით უკვე ოთხი სექციაა აღჭურვილი, ეს დამატებითი სექციები კორპუსში, კოშკურის ყელის უკან განთავსებულ, ჭურვების დასაფარავად გამოიყენება.


Abrams-ის დაზიანებული საბორტე ეკრანი

სამწუხაროდ არ არსებობს კოშკურის შუბლა ჯავშნის მაჩვენებელი გამოსახულება, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ როგორ გამოიყურება კორპუსის წინა, ქვემეხის ფარის და კოშკურის ბორტების ჯავშანპაკეტები, დიდად საეჭვო არ იქნება თუ ვიტყვით რომ კოშკურის შუბლშიც ანალოგიური სქემის პაკეტია განთავსებული.

საერთო ჯამში M1 Abrams-ზე გამოყენებული Burlington-ის ჯავშანი წარმოადგენს 60-70-იანი წლების ბრიტანული კონსტრუქციის ევოლუციას. ამ დოკუმენტზე გრიფის მოხსნით დადასტურდა რომ, ბრიტანეთმა ცივი ომის დროს ეს ტექნოლოგია გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას და ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუზიარა. ამგვარად შეგვიძლია ვივარაუდოდთ რომ Leopard-2-ისა და Challenger-1-ის ჯავშნის ადრეული ვარიანტები ანალოგიურად გამოიყურებოდა.

დოკუმენტის გადმოსაწერი ბმული:
SPECIFIC LOCATIONS OS SPECIAL ARMOR ON THE ABRAMS TANK


კორპუსის ფოლადის ჯავშანფილების სისქე

М1 ნაგლინი ჯავშანფილებითაა დამზადებული. კორპუსის წინა ცენტრალურ დეტალში, კოშკურის წინა და გვერდით სექციებში არსებობს სიცარიელეები, რომლებშიც სპეცჯავშანის პაკეტებია განთავსებული - რომელეიც Chobham-ის ვარიანტს წარმოადგენს და NERA-ს პრინციპით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ NERA-ს პაკეტები კარგად მუშაობს კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ და მოიკოჭლებს კინტეიკურის წინაშე. М1-ის დაცვას კინეტიკური ჭურვებისგან უზრუნველყოფს სპეცპაკეტის წინა და უკანა გაშორიშორებული ჯავშანფილები, რომელთა შორისაც საკმაოდ მოზრდილი მანძილია და ტექნიკური დავალების თანახმად ამ ჯავშანს 800 მეტრის მანძილზე 115 მილიმეტრიანი 3БМ4-ისგან უნდა დაეცვა ტანკი.

M1 Abrams-ის კორპუსის ფოლადის ჯავშანფილების სისქე, მოცემულია დიუმებში (1 დიუმი უდრის 2.54 სანტიმეტრს). საინტერესოა რომ კორპუსის წინა ზედა ჯავშანფილის სისქე 1.5 დიუმია, რაც 3,81 სანტიმეტრს უდრის. 

NERA-ას ტიპის ჯავშნის მცირე მიმოხილვა 


სპარსეთის ყურეში და ერაყის ომის დროს დაზიანებული ამერიკული M1 Abrams-ების ფოტოსურათები უჩვენებს რომ, მთლიანობაში ჯავშანპაკეტის სტრუქტურა რადიკალურად არ შეცვლილა. სავარაუდოდ გაუმჯობესება სენდვიჩებში გამოყენებული მატერიალებს შეეხო, მაგალითად ცნობილია რომ 80-იანი წლების ბოლოდან M1 Abrams-ების წინა ჯავშანპაკეტები გაღარიბებული ურანით იქნა აღჭურვილი. დღეს ტანკ Abrams-ის შუბლში უკვე მე-3 თაობის გაღარიბებული ურანის სენდვიჩებს იყენებენ (თაობა ათვლა პირობითია, სავარაუდოდ ასე აღნიშნავენ ყოველ ახალ გაუმჯობესებულ ურანის სენდვიჩის დაყენებას). ასევე არაა გამორიცხული რომ უკანა სქელი ფოლადის ფილები კომპოზიტური ან კერამიკული ფენებით შეიცვალა.

ფოტოზე კარგად ჩანს ერაყში დაზიანებული Abrams-ის კოშკურის საბორტე ჯავშნის სპეცპაკეტის ფილები. ქვედა ფოტოზე აფეთქების შედეგად გადახსნილი M1A2 Abrams-ის კოშკურაა, სპეცპაკეტი ადგილზე არაა, სამაგიეროდ პაკეტის სამონტაჟო სამაგრი არის ადგილზე.

საბჭოთა Т-72Б-ს კოშკურის შუბლა ჯავშნის სპეცპაკეტები, რომელიც ამერიკელებმა შესწავლის მიზნით გახსნეს, კარგად ჩანს ჯავშანპაკეტის სტრუქტურა, ფილებიც აქაც სამშრიანია და Abrams-ის ჯავშნის ანალოგიური პრინციპით მოქმედებს, ანუ ესეც კლასიკური NERA-ა.


ამგვარი პაკეტები Т-72Б-დან ფაქტიურად უცვლელად გადავიდა Т-90-ზე.

ასევე NERA-ას ტიპის ჯავშნითაა აღჭურვილი ებრაული ტანკი Merkava Mk-4, თუმცაღა ზემოთ მოყვანილი ტანკებისგან განსხვავებით, მასზე ეს ჯავშანი ფოლადის სტრუქტურის შიგნით კი არაა ჩამონტაჟებული, არამედ გარედანაა დამაგრებული. ქვედა ფოტოებზე კარგად ჩანს დაზიანებული Merkava Mk-4-ის ჯავშანპაკეტი.

No comments:

Post a Comment