2017 წლის 22 ივლისს, ნორფლოკში (ვირჯინიის შტატი), აშშ-ს საზღვაო ძალების ატლანტიკის ფლოტის მთავარ ბაზაზე, კომპანია Huntington Ingalls Industries-ის მიერ ნიუპორტ-ნიუსში ხომალდმშენი საწარმოო Newport News Shipbuilding-ზე აწყობილი, CVN 78 Gerald R. Ford-ის ტიპის სათაო ავიამზიდის აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესწრებოდა. ფლოტისთვის ავიამზიდის გადაცემა ქარხნული გამოცდების დასასრულს ნიშნავს, რომელიც თავის მხრივ 8 აპრილს ავიამზიდის ზღვაში გასვლით დაიწყო. გადაცემის შემდეგ ხომალდი სახელმწიფო გამოცდების სტადიაში გადავიდა.
ახალი ტიპის სათაო ავიამზიდის მშენებლობა Newport News Shipbuilding-ზე 2005 წლის 11 აგვისტოს დაიწყო, ხომალდის აწყობის დაწყების ოფიციალური ცერემონიალი 2009 წლის 13 ნოემბერს გაიმართა, ხოლო აშშ-ს 38-ე პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის (მეორე მსოფლიო ომში მსუბუქ ავიამზიდ CVL 26 Montеrey-ზე მსახურობდა) სახელწოდების მინიჭების ცერემონიალი 2013 წლის 9 ნოემბერს შესდგა. იმავე დღეს ხომადლი სამშენებლო დოკიდან გამოიყვანეს.
Gerald R. Ford თავისი კლასის სათაო ხომალდს წარმოადგენს და ის მშენებლობის გეგმას მიახლოებით ორი წლით ჩამორჩება. როგორც ვარაუდობენ ავიამზიდი ოპერატიულ მზადყოფნას 2020 წელს მიაღწევს.
აშშ-ს ფლოტის შემადგენლობაში Gerald R. Ford-მა ატომური ავიამზიდი CVN 65 Enterprise უნდა ჩაანაცვლოს. თავის მხრივ, ეს ბოლო, ფლოტის საბრძოლო რიგებიდან 2012 წლის 1 დეკემბერს გამოიყვანეს, ხოლო შემადგენლობიდან 2017 წლის 3 თებერვალს ამორიცხეს.
Gerald R. Ford-ის მშენებლობა 12,9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, კიდევ 4,7 მილიარდი დოლარი ხომალდის პროექტირებასა და თანმდევ სამეცნიერო-საკონსტრუქციო კვლევით სამუშაოებზე დაიხარჯა.
2010 წელს Newport News Shipbuilding-ზე აშშ-ს ფლოტისთვის ამ კლასის მეორე ხომალდის, CVN 79 John F. Kennedy-ს მშენებლობა დაიწყო (აწყობის დაწყების ცერემონიალი 2015 წლის 22 აგვისტოს გაიმართა). ფლოტისთვის მისი გადაცემა 2022 წლისთვისაა დაგეგმილი, როგორც ვარაუდობენ ახალი ავიამზიდი მოძველებულ CVN 68 Nimitz ჩაანაცვლებს. CVN 79-ის მთლიანი ღირებულება 11,35 მილიარდ დოლარს უტოლდება.
აღნიშნული ტიპის მესამე ხომადლი CVN 80 Enterprise უნდა გახდეს, რომლის მშენებლობის დაწყებასაც Newport News Shipbuilding-ის დოკებში 2018 წლისთვის გეგმავენ, ხოლო ფლოტისთვის მისი გადაცემა სავარაუდოდ 2025 წელს განხორციელდება.
წყარო:
No comments:
Post a Comment