четверг, 24 мая 2012 г.

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი

ნაწილი მეორე

გამოცდები

  გამოცდებზე წარდგენილი იქნა 2 სხვადასხვა კომპლექტაციის «Объект-188», საბჭოთა კავშირის სტანდარტების მიხედვით თითო კომპლექტაციაში 2 ეგზემპლარი უნდა ყოფილიყო, ანუ სულ 4 ტანკი გავიდა გამოცდებზე. კომპლექტაციებს შორის სხვაობა დაცვაში და ამძრავ აგრეგატში იყო. ამ გამოცდის დროს ტანკებმა გაიარეს 14 000 კილომეტრი, ანუ მთელი ციკლი კაპიტალურ რემონტამდე. გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით შემკვეთმა ამოარჩია კონკრეტული მოდელი შემდეგი დახვეწისთვის და შეიარაღებაში მიღებისთვის. 1990 წლის ივნის-სექტემბერში უკვე დახვეწილი ტანკის ორმა ეგზემპლარმა გაიარა გამოცდები, ამჯერად საბოლოო.
 გამოცდები მიმდინარეობდა ყველაზე ექსტრემალურ პირობებში, პროგრამა შედგენილი იყო იმგვარად, რომ საცდელ პოლოგონზე მოსულ ტანკს ეგრევე მოუწია ერთ-ერთი რთული გამოცდის ჩაბარება - მას უნდა ევლო მყარ ასფალტ-ბეტონის გზაზე საწვავის სრულ გამომუშავებამდე, ამ ცდით უნდა დადგენილიყო ტანკის სრული სვლა საწვავის ერთი გამართვით (ეგრეთ წოდებული “ხოჭოების რბოლა”). ცდებისთვის ტანკის ავზები ბოლომდე გაავსეს, გაავსეს ასევე ორი დამატებითი უკანა საწვავის კასრიც თითო 275ლ მოცულობით, საერთო ჯამში 1700 ლიტრი დიზელი. ტრასის გარბენის დროს ტანკი ყოველ 4 საათში ერთხელ ჩერდებოდა 1,5-2 წუთით და ძრავის ჩაუქრობლად ხდებოდა ეკიპაჟის შეცვლა. ამ ტესტით დადგინდა, რომ ტანკის სრული სვლა ერთი გამართვით 728 კმ-ს აღწევდა განცხადებული 600კმ-ს ნაცვლად. რა თქმა უნდა, ეს ნაწილობრივ გამოცდილი მძღოლ-მექანიკოსების დამსახურებაცაა. ასევე ცნობილია, რომ ტანკის რესურსი 14 000კმ ცდების შედეგად დადასტურდა, ამ 14 000კმ-დან ტანკს 3500კმ მოუწია ტრასაზე სიარული 48-50კმ/სთ სიჩქარით, რაც ყველაზე დამანგრეველია მისთვის და მისი აგრეგატებისთვის, განსაკუთრებით სავალი ნაწილისთვის.
  ასევე ხდებოდა ტანკის სხვადასხვა ნაწილებისა და აგრეგატების დაზიანების იმიტაციაც - მაგალითად, ერთ-ერთი 250 კმ-იანი მარშის დროს იმიტირებული იქნა ძრავის ნაწილობრივი დაზიანება, კერძოდ, გამაგრილებელი სითხის გაჟონვა, რაც საკმაოდ რეალურია როგორც ყოველდღიური ექსპლუატაციის, ასევე საბრძოლო მოქმედების დროსაც, სადაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ტანკის საიმედოობის რესურსს. ეს ტესტი ჩაატარა გამოცდილმა მძღოლ-მექანიკოსმა ა.შოპოვმა. მანქანის გამაგრილებელ სისტემაში გათვალისწინებული 90 ლიტრის ნაცვლად ჩასხმული იქნა მხოლოდ 35 ლიტრი ანტიფრიზი. ძრავამ ტესტი წარმატებით ჩააბარა - მოცემული მონაკვეთი ძრავის ტემპერატურის ზღვრული მაჩვენებელზე მიღწევით გაიარა.
  საბჭოთა სტანდარტების მიხედვით ტანკი (და საერთოდ ყველა ტექნიკა) ყველანაირ კლიმატურ პირობებში უნდა გამოცდილიყო, როგორც თოვლიან, ცივ კლიმატში, ასევე უდაბნოში. თოვლში გამოცდებისას ტანკი ადვილად გადიოდა 1,1-1,3 მ თოვლის საფარით დაფარულ გრძელ მონაკვეთებს, ასევე შემოწმდა ტანკის დაქოქვისა და გადაადგილების დაწყების დრო -20°С და -40°С ყინვაში. ამ დრომ 11,5 და 23,7 წუთი შეადგინა.

«Объект-188» გამოცდებზე სმოლენსკის ოლქში, ქალაქ დოროგობუჟის მახლობლად

    «Объект-188» ერთერთი ეგზემპლარი, ბორტზე დინამიური დაცვის 4 ეკრანით


  გამოცდების დიდი ნაწილი ჩატარდა უდაბნოში, სადაც ჰაერის მაღალ ტემპერატურას (40-50°С ჩრდილში) თან ერთვოდა უდაბნოს მტვერი (10-20 სანტიმეტრიანი ფენა), რაც ყველა ძრავისთვის დამატებით სიძნელეს წარმოადგენს და ხშირად მის მწყობრიდან გამოსვლასაც კი იწვევს. ამ ცდებისას ტანკ T-90-ის უკან მტვერის სვეტის სიმაღლე აღემატებოდა ას მეტრს და მისი დანახვა 40 კილომეტრზეც კი შეიძლებოდა. ყოველი 4-5 მარშის გავლის შემდეგ ტანკი მტვერსასრუტით იწმინდებოდა და შიგნიდან 5-6 ვედრო მტვერი ამოჰქონდათ. 
  უდაბნოში ყოველდღიურად ტანკი 350-480 კმ-ს გადიოდა, მასში ხშირად ცვლიდნენ საწვავის სახეობას (ბენზინი, დიზელი, ავიანავთი). იყო შემთხვევა, როცა სამხედრო ოლქში არ აღმოჩნდა გათვალისწინებული ავიანავთი და საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით ტანკის გამოცდა გადაწყდა РТ (Реактивное Топливо) – სარაკეტო რეაქტიული საწვავით, რომლის გამოყენებაც ტექნიკური სახელმძღვანელოს თანახმად Т-90-ის ძრავში აკრძალულია (კონკრეტული საწვავის პოხვადობის დაბალი თვისებების გამო). ტანკის ძრავამ ამ საწვავზე დანიშნული 1500 კილომეტრიანი მონაკვეთი რაიმე შენიშვნების გარეშე გაიარა. უნდა აღინიშნოს, რომ უდაბნოში გამოცდებისას ტანკის საშუალო სიჩქარემ შეადგინა 35კმ/სთ ბენზინის საწვავზე და 48კმ/სთ-ს РТ და დიზელის საწვავზე. მთლიანად ამ სახელმწიფო გამოცდების დროს ტანკის საშუალო სიჩქარე 28კმ/სთ იყო. 
  წარმატებული იყო ასევე ტანკის საცეცხლე შესაძლებლობების გამოცდაც. ამ ცდების დროს გასროლილი იქნა 24 მართვადი რაკეტა 4-5კმ დისტანციაზე, ყველა მათგანი მიზანს მოხვდა, სროლა ხდებოდა მოძრავ და უძრავ სამიზნეზე გაჩერებული ან 30კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ტანკიდან, აღსანიშნავია, რომ ეს სროლები გამოუცდელი ეკიპაჟის მიერ განხორციელდა. ასევე დემონსტრირებული იყო საკმაოდ მაღალი სწრაფსროლა - ერთერთი სადემონსტრაციო  ცდის დროს მემიზნე-ოპერატორმა ტესტის დასაწყისში ჯერ 4კმ-ზე ადგილიდან მართვადი რაკეტით დააზიანა უძრავი სამიზნე და შემდეგ 54 წამის განმავლობაში, 25კმ/სთ-ით მოძრავი ტანკიდან გაანადგურა 7 ჯავშან-მიზანი 1500-2500 მეტრ დისტანციებზე, რის შემდეგაც ცეცხლის მართვა გადასცა ტანკის მეთაურს, რომელმაც ტანკის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას, უკან მოტრიალებული კოშკურით, “დუბლ” რეჟიმში კიდევ 4 სამიზნე გაანადგურა. თუმცა ამჯერად ტანკს საწარმოო ფირმის გამომცდელი ეკიპაჟი მართავდა, თავისი უზარმაზარი სტაჟით. მთლიანად გამოცდების დროს ტანკმა გააკეთა 2000 გასროლა, რომლის დროსაც ორჯერ იქნა შეცვლილი ქვემეხის ლულა.
  საცეცხლე გამოცდებისას გამოიცადა ასევე იარაღის სტაბილიზატორი. გამოცდის მიზნით სპეციალურად შეირჩა უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ტერიტორია, რომელზეც ტანკმა ჩართული ცეცხლის მართვის კომპლექსით განახორციელა 8-საათიანი მარში, რომლის დროსაც მემიზნე-ოპერატორი ყოველ 2-3 წუთში ერთხელ ახორციელებდა კოშკურის სრულ, 360º ბრუნს მოტრიალების მაქსიმალური სიჩქარით.
  ასევე საინტერესო იყო ტანკის წყალქვეშა გამოცდები. ტანკი ჩადიოდა 5 მეტრი სიღრმის წყალსაცავის ფსკერზე, შემდეგ ეკიპაჟი აქრობდა ძრავს და 1 საათის განმავლობაში ელოდა ამ მდგომარეობაში. ამ ცდით მოწმდებოდა ტანკის სხვადასხვა ელემენტების წყალგაუმტარობა და მათ შორის ისეთი მგრძნობიარე მოწყობილობისა, როგორიც ეოხკ ТШУ “Штора-1”. 1 საათის მერე ეკიპაჟი ქოქავდა ძრავს და ტანკი ხმელეთზე ამოჰყავდა, ამგვარად მოწმდებოდა ძრავის წყალქვეშ დაქოქვის შესაძლებლობაც.
  რა თქმა უნდა, გამოცდებზე აღმოჩენილი იყო ტანკის ნაკლოვანებები და სუსტი მხარეები - მაგალითად, ტანკის სველ გრუნტზე გამავლობის შემოწმების დროს ალაყა მიწაში აზელილმა ხრეშმა გამოიწვია საყრდენი თვლების რეზინის გარსაცმების დაშლა. ამ შემთხვევამ საკონსტრუქტორო ბიუროს წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია, მათი თქმით, ასეთი სახის  გრუნტი სხვაგან არსად არ იყო, მაგრამ გამომცდელი კომისიის წარმომადგენლების მოთხოვნით ეს ნაკლი მაინც აღმოიფხვრა - შეიცვალა მგრეხავი ღერძების გრეხვის კუთხე, რის შემდეგაც ტანკმა იგივე ტესტი გაიარა შენიშვნების გარეშე, ოღონდ უკვე სხვა პოლიგონზე. ასევე ერთერთი ცდისას მუხლუხოს კლანჭებში ჩაიჭედა ლითონის ნაჭერი, რომელმაც შემდეგში მუხლუხის ზემოთ მოთავსებული საწვავის ავზის გახვრეტა და საწვავის გაჟონვა გამოიწვია - თუმცა ეს ტანკის კონსტრუქციულ ხარვეზად არ ჩათვლილა. ყველაზე აღსანიშნავი კი მაინც ძრავის განყოფილებაში გაჩენილი ხანძარია - უგზოობაზე ხანგრძლივმა მარშებმა ძრავის ზეთის სარეზერვო ავზის სამაგრები მოადუნა, რის შემდეგადაც მან მიიღო დაზიანება და ზეთი ძრავიდან გამონაბოლქვის კოლექტორზე დაიქცა, რამაც მისი მყისეული აალება გამოიწვია. ამ შემთხვევაშიც კომისიის მოთხოვნით გაძლიერებული იქნა ავზის სამაგრები. 
  საგამოცდო პროგრამის დასრულებისას ერთ-ერთი ეგზემპლარი ყველა მიმართულებიდან სხვადასხვა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით დაცხრილეს მისი ჯავშნის გამოცდის მიზნით. ასევე გამოიცადა მისი ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობა, რომლის შემდეგაც ეკიპაჟმა საკუთარი ძალებით მოახდინა დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენა ნორმატივით დადგენილ დროში.
  სულ სხვა ბედი ელოდა მეორე საცდელ ეგზემპლარს გამოცდების დასრულების შემდეგ, ის ურალის საკონსტრუქციო ბიუროში დააბრუნეს დეფექტაციისთვის და აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. გატარებული სამუშაოების შედეგად 1991 წლის 27 მარტს გამოვიდა თავდაცვის სამინისტროს და სამხედრო წარმოების სამინისტროს რეკომენდაცია ტანკ «Объект-188»-ის შეიარაღებაში მიღების შესახებ. თუმცაღა ჯერ 1991 წლის პოლიტიკურმა კრიზისმა და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლამ ამ ტანკის სერიაში ჩაშვება და შეიარაღებაში მიღება შეაყოვნა და მხოლოდ 1992 წლის 30 სექტემბერს პირველი სერიული ტანკი გამოვიდა მისაღებ გარბენებზე მიმღები კომისიის წინაშე.

«Объект-188» გამოცდები კუბინკის პოლიგონზე



  საკმაოდ საინტერესოა თვით ტანკის სახელის ისტორიაც - საწარმოოს დოკუმენტაციაში ამ მოდერნიზებულ ტანკს T-72БM ეწოდა, მოგვიანებით კი სახელი შეიცვალა და ეწოდა T-72БУ (Усовершенствованный). სავარაუდოდ რამდენიმე მიზეზმა განაპირობა მისი “90” წოდება, პირველი ალბათ თვითდამკვიდრებასთანაა კავშირში - როგორც მწარმოებელი, ასევე შემკვეთი შეეცადნენ საბჭოთა კავშირისგან დისტანცირებას, ანუ უნდოდათ აღენიშნათ, რომ ტანკი რუსულია და არა საბჭოთა კავშირის (თუმცაღა იგი საბჭოთა კავშირში შეიქმნა), მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კომერციული ტრიუკია, პოტენციურ მყიდველს ისე წარუდგენდნენ, როგორც ახალ ტანკს. 
  თავდაპირველად «Объект-188» იწოდებოდა T-88-ად (1992 წლის 8 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა ურალვაგონმშენებელ საწარმოში ვიზიტისას მის ხელმძღვანელებს პირობა მისცა ხელი მოეწერა ტანკ T-88 შეიარაღებაში მიღების აქტისთვის). ხოლო დასახელება T-90 მოგვიანებით გაჩნდა და შეტანილი იქნა ტექნიკურ დოკუმენტაციაში. საბოლოოდ რუსეთის ფედერაციის მთავრობის 1992 წლის 5 ოქტომბრის დადგენილების N759-58-ის თანახმად ტანკი «Объект-188» მიღებული იქნა რუსეთის არმიის ჯავშანსატანკო ძალების შეიარაღებაში სახელით T-90. იმავე დადგენილების თანახმად ნებადართული იყო ტანკის საექსპორტო ვარიანტის T-90C-ს («Объект-188C») საზღვარგარეთ გაყიდვა. ძირითადი სხვაობა საექსპორტო და საარმიო ვარიანტებს შორის დაცვაში იყო, საექსპორტო ვერსიაზე თავდაპირველად 4C22 დინამიური დაცვის ელემენტის ნაცვლად 4C20 ელემენტები ეყენა. 
  1998 წლის ბოლოსთვის რუსეთის არმიის შეიარაღებაში 120 (სხვა წყაროებით 150) ერთეული T-90 იყო. პირველი ახალი ტანკებით დაკომპლექტდა ტაგანროგის წითელი დროშის ორდენოსანი, სუვოროვის სახელობის მოტომსროლელთა ХХI დივიზიის ერთი პოლკი (94 ტანკი), ასევე ახალი ტანკები მიიღო დონის მე-5 გვარდიული სატანკო დივიზიის ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა (დისლოკაცის ადგილი ბურიატინი).

«Объект-188»-ს პირველი პროტოტიპის აწყობის პასპორტი

T-90

T-90C გამოფენა IDEX-97 (აბუ-დაბი, 1997 წელი)


აღწერა

T-90 წარმოადგენს მუხლუხოვან სარაკეტო ტანკს. საბჭოთა კლასიკური გაწყობის რეალიზებამ საშუალება მისცა მიეღოთ ტანკის მინიმალური ზომები მისი საცეცხლე შესაძლებლობების და დაცვის მაქსიმალურად გაზრდის ფონზე. მისი ჯავშნის შიდა მოცულობა 11,4 კუბური მეტრია, რაც ყველაზე მცირეა არსებულ თანამედროვე ტანკებს შორის (მაგალითად, ამერიკულ M1A2 შიდა მოცულობა 19,7, ხოლო გერმანული Leopard-2A6  მოცულობა 19,8 კუბური მეტრია). ასეთი მცირე მოცულობა მიიღწევა მასში გამოყენებული ავტომატური დამტენის გამოყენებით, რომელიც ეკიპაჟის ერთი კაცით შემცირების საშუალებას იძლევა, და ასევე კომპაქტური ძრავა ტრანსმისიის განყოფილებით, სადაც ძრავა განივადაა განთავსებული.
მისი გაწყობა იმეორებს კლასიკური რუსული ტანკების გაწყობას - მართვის განყოფილება წინ, საბრძოლო შუაში (კოშკურაში), ძრავა ტრანსმისიის უკან. კორპუსის შუბლა ჯავშნის უკან, შუა ნაწილში მოთავსებულია მძღოლ-მექანიკოსი, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულია საწვავის ავზები, მის უკან, კოშკურაში ქვემეხის მარჯვნივ ტანკის მეთაური, მარცხნივ მემიზნე ოპერატორი, კორპუსის უკანა ნაწილში ძალური აგრეგატი.

T-90 კორპუსის გვერდითი ხედი

T-90-ის კორპუსის ფორმა არ განსხვავდება მისი წინამორბედის, T-72-ის კორპუსის ფორმისაგან, თუმცაღა მისი დაცვა გაცილებით გაზრდილია ახალი კომპოზიციური მასალების გამოყენების ხარჯზე. კორპუსი კოლოფისებრი ფორმისაა, წინა სოლისებრი ნაწილით, რომლის ზედა შუა ნაწილში მძღოლ-მექანიკოსის სარქველია განთავსებული. კორპუსის ზედა ჯავშანფილის დახრა  68°-ია. ქიმები ვერტიკალურია, მათი ზედა ნაწილი შედგება ჯავშანფილებისაგან, ხოლო ქვედა ნაწილი კორპუსის ფსკერის ნაწიბურებია. კორპუსის უკანა ნაწილს უარყოფითი დახრა აქვს, მისი სახურავი რამდენიმე,ერთმანეთთან შედუღებული ჯავშანფილისგან შედგება, ხოლო ფსკერი მთლიანი დაშტამპული, რთული ფორმისაა. მძღოლ-მექანიკოსის ადგილას ფსკერზე საავარიო სარქველია. ასევე მისი სავალი ნაწილიც T-72-ის სავალი ნაწილის ანალოგიურია, ცვლილებების გარეშე, 6 საყრდენი და 3 დამჭერი თვლით, წამყვანი უკანა გვირგვინიანი თვალია. სავალი ნაწილი დაფარულია რეზინა-ქსოვილური ეკრანებით, რომლებზეც დამაგრებულია დინამიკური დაცვის ბლოკები.
პირველი მოდელების T-90 კოშკურა ჩამოსხმულია, შემდეგ მოდელებზე (T-90A, T-90C, T-90CA და      T-90MC) შედუღებული, ნაჭედი ჯავშანფილებისგან. კოშკურის წინა ნაწილი +/-35° კურსის მიმართულებით კომბინირებული მრავალშრიანი ჯავშნისგან შედგება, ასევე კომბინირებულია ნაწილობრივ კორპუსის და კოშკურის ქიმები და კოშკურის სახურავი. კოშკურის სახურავზე ორი სარქველია - მარჯვნივ ტანკის მეთაურის, მარცხნივ მემიზნე ოპერატორისა. მეთაურის სარქველის წინ მოთავსებულია მეთაურის სამიზნე მოწყობილობა, სარქველის გარშემო, მის ფუძეში ტრიპლექსები, რომლებიც წრიულ დაკვირვებას უზრუნველყოფს. მემიზნე ოპერატორის სარქველის წინ ორი სამიზნე მოწყობილობაა - ერთი დღის, მეორე ღამის. კოშკურის სახურავის უკანა ნაწილში მოთავსებულია გასროლილი ჭურვების ჰილზების გადმოსაგდები სარქველი.
ტანკის ძირითად შეიარაღებას წარმოადგენს ორ სიბრტყეში სტაბილიზებული 125მმ გლუვლულიანი ქვემეხ-გამშვები, დამხმარე იარაღია 7,62მმ კალაშნიკოვის სატანკო ტყვიამფრქვევი, რომელიც ქვემეხის მარჯვნივაა დამონტაჟებული (ПКТ ან ПКТМ), კოშკურაზე, მეთაურის სარქველთან 12,7მმ დისტანციურად მართვადი საზენიტო ტყვიამფრქვევი აყენია (НСВТ ”Утес” ან “Корд”), რომელიც საბრძოლო განყოფილებიდან ამოუსვლელად იძლევა ცეცხლის წარმოების საშუალებას სახმელეთო და საჰაერო მიზნებზე. ასევე ტანკზე აყენია 12 ცალი (ექვსი თითო ბორტზე) 80მმ საკვამლე მორტირი. ტანკზე აყენია თანამედროვე ავტომატური  ცეცხლის მართვის კომპლექსი (ცმკ) ციფრული ბალისტიკური გამომთვლელით და თბოხედვის ღამის და დღის სამიზნე ხელსაწყოები, მაღალ საბრძოლო სწრაფსროლას უზრუნველყოფს კოშკურის საფუძველში დაყენებული ავტომატური დამტენი.

T-90-ის წინა სქემატური ხედი (ზემოთ) და განივი ჭრილი უკნიდან (ქვემოთ)


T-90-ის სქემატური ხედი მარცხენა ქიმიდან (ზემოთ) და სიგრძივი ჭრილი (ქვემოთ) 


ტანკი ასევე აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:  ელექტრო-ოპტიკური ჩახშობის კომპლექსი (ეოჩკ) ТШУ “Штора-1” (რომელიც ამცირებს სხვადასხვა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების მოხვედრის ალბათობას), მასობრივი დაზიანებისიარაღისაგან დაცვის კოლექტიური სისტემა (დკს), ხანძრის აღმომჩენი, ოპტიკურსენსორიანი, სწრაფად მოქმედი ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა (ხსმ), სანგარმთხრელი მოწყობილობა, წყალქვეშ ტანკის სატარებელი მოწყობილობა (წტსმ), სატანკო თოვლმწმენდი-ბულდოზერი  ТБC-86, ტანკზე შესაძლებელია დაყენდეს დანისებრი ნაღმების მტრალავი KMT-6M2 ან თვლებიან-დანიანი მტრალავი KMT-7 ან დანისებრი მტრალავი ელექტრო-მაგნიტური მოწყობილობით KMT-8. ტანკში ასევე რეალიზებულია სითბური გამოსხივების შემცირების და ნაპალმისაგან დაცვის ზომები. რადიაციისაგან ეკიპაჟის დასაცავად მათ სამუშაო ადგილებზე შიგნიდან გამოკრულია წყალბადისშემცველი ანტირადიაციული სარჩული, რომლის შემადგენლობაშიც დამატებულია ლითიუმი, ბორი და ტყვია. ანალოგიური მასალითაა დაფარული კოშკურის უმეტესი ზედაპირი გარედან. 

T-90-ის სქემატური ხედი ჭრილში ზემოდან

ТБС-86-ით აღჭურვილი T-90

Комментариев нет:

Отправить комментарий