ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამმხრივი საველე სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ მიმდინარეობს.
სწავლების მიზანს სამი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.
სცენარის მიხედვით ქვედანაყოფებმა პირდაპირი მოქმედებების განხორციელებით მაღალი ღირებულების სამიზნეები გააუნებელყვეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალური ამოცანები შეასრულეს. მათ სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწიათ.
სწავლება 10 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო კომპონენტები იღებენ.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება რიგით მესამეა. აღნიშნულ სწავლებას მანამდე ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.
No comments:
Post a Comment