დღეს საქართველოში არტილერიის დღეს აღნიშნავენ და იხსენებენ სამშობლოსათვის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს. 26 წლის წინ, როდესაც მოწინააღმდეგემ 15 მარტს ღამით ინტენსიური საარტილერიო სროლებით დაარღვია მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე, მაშინ როდესაც რუსულ-აფხაზური (მედესანტეები, კაზაკები და ჩრდილოკავკასიელები) შეიარაღებული ფორმირებები მოჭარბებული ძალებით ახორციელებდნენ ხმელეთიდან შეტევას, ცდილობდნენ დესანტის გადმოსხმას და სოხუმს რუსეთის ავიაცია ბომბავდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ქალაქის დაცვაში.
ცხარე ბრძოლები სამ დღეს გრძელდებოდა. საქმე ხელჩართულ ბრძოლებამდეც კი მიდიოდა. თავდაცვის პირველი ხაზი რამოდენიმე ადგილზე გარღვეული იქნა. მაშინ, როდესაც, სოხუმში წინა ხაზზე ალყაში მოქცეული ცალკეული ჯგუფები ბრძოლას განაგრძობდნენ, მოწინააღმდეგის ზოგიერთი მოიერიშე ჯგუფი აჩადარიდან შემოვიდა და შუქურის დასახლებამდე შეაღწია. "მარტის შემოტევის" მოგერიებაში განსაკუთრებული როლი არტილერიამ შეასრულა. გუმისთის მარჯვენა ნაპირზე მოქმედებით, 16 მარტს მან გარდატეხა შეიტანა მიმდინარე ბრძოლის მსვლელობაში. არტილერისტები გადამღობავ ცეცხლს აწარმოებდნენ მოიერიშე ჯგუფების ზურგს უკან, თავდამსხმელების მეორე ეშელონი მოსწყვიტეს ავანგარდს, რითაც ჩვენს მებრძოლებს თავდაცვის ხაზის აღდგენაში დაეხმარნენ.
ცნობილია ეპიზოდი, როდესაც გუმისთაზე ერთ-ერთი ქართული დანაყოფის მეთაურმა, დარწმუნებული იმაში, რომ საკუთარი რესურსებით ვერ გაუმკლავდებოდა მტრის მოჭარბებულ ძალებს, არტილერიის ცეცხლი თავის პოზიციაზე გამოიწვია. მიუხედავად საშიშროებისა, რომ საარტილერიო ცეცხლს ქართველი ჯარისკაცები შეეძლო ემსხვერპლა, "ბრონირებული მატარებლის" არტილერისტებმა (გვარდიის საარტილერიო ნაწილი, რომლის შეიარაღება სოხუმში იქნა დამონტაჟებული მოძრავ პლატფორმაზე), სწორად გათვლილ კოორდინატებზე დაყრდნობით შესძლეს თავდაცვის ხაზიდან 50 მეტრში გადამღობავი ცეცხლის წარმოება, რის შედეგადაც განმუხტეს შექმნილი კრიტიკული ვითარება.
შემოტევა იქნა შეჩერებული, მაგრამ 18 მარტს გუმისთაზე მთელი დღის განმავლობაში არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით აქტიური პოზიციური ბრძოლები მაინც გრძელდებოდა. 19 მარტს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და თვით ქალაქ სოხუმის თავზე გამოჩნდნენ რუსული Су-27С კლასის თვითმფრინავები. ერთი მათგანი, რომელსაც მართავდა პილოტი ვლაცლავ შიპკო ჩამოგდებულ იქნა ქართველთა მიერ სოხუმის გარეუბანში სოფელ შრომასთან - მფრინავი დაიღუპა. 20 მარტს გამთენიისას სოხუმს მიუახლოვდა გემი აფხაზური დესანტით, მაგრამ იგი სანაპირო დაცვის ტექნიკით იქნა ჩაძირული. საღამო საათებში მოწინააღმდეგე კვლავ შეეცადა შეტევის განხორციელებას სოფელ ეშერის გარეუბანში, ხოლო ღამით დაბა აგუძერის მახლობლად. ქართული პოზიციების მიმართულებით ამჯერად ცეცხლი იქნა გახსნილი ზღვიდან - მოწინააღმდეგის გემი კვლავ არტილერიის ცეცხლით განიდევნა. 21 მარტს მდინარე გუმისთაზე სიმშვიდემ დაისადგურა.
ქართული მხრიდან დანაკარგებმა 137 დაღუპულისა და 350 დაჭრილის სახით შეადგინა. აფხაზური მხარის მონაცემებით, მთლიანად "მარტის თავდასხმაში" მათი დანაკარგები დაახლოებით 400 დაღუპულს, 1 ათას დაჭრილსა და 70 უგზო-უკვლოდ დაკარგულს ითვლიდა.
წყარო:
No comments:
Post a Comment