სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
..................................................................................................................................................
აფხაზეთი, პლანეტის ერთერთი ულამაზესი კუთხეა და ნებისმიერი, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ამ მხარეში და იქაური სანახები დაუთვალიერებია მთელი სიცოცხლის მანძილზე ემახსოვრება _ რიწის ტბა, ეშერა, ულამაზესი მთები, უზარმაზარი ევკალიპტები სანაპიროს გასწვრივ და, საშინელი ჭაობი... თუმც, ეს უკანასკნელი, არც სანახავია და, რა თქმა უნდა, არც დასამახსოვრებელი, მაგრამ ჭაობიდან გამოსულებს ახსოვთ...
კინდღი, ასე ჰქვია პატარა სოფელს, სადაც აფხაზები ცხოვრობდნენ. ოდნავ მოშორებით, ქართველების სოფელი წყულგილია _ გრილი წყარო. ასწლოვანი ევკალიპტები ზღვის ზოლს მიყვება, ფერდობებზე ადის და ტყის მასივს ქმნის. მთაგორიან სანაპიროზე სოფლებია შეფენილი და მათ შორის, ორი ზღვისპირა _ კინდღი და წყულგილი სამოთხესავით ლამაზია.
ერთ დროს, კინდღსა და წყულგილს ძალიან ლამაზი პატარა ტბა _ კეფალი ყოფდა, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო და მხოლოდ გადმოცემითღა იციან იქაურებმა.
ახლა, კეფალის ტბის ადგილას, უკვე საკმაოდ დიდი ზომის ჭაობია, რომელმაც დროთა განმავლობაში ევკალიპტის ხეებიც ჩაითრია, ორ ფერდობს შორის მანძილი მთლიანად დაიკავა და ხვიარა მცენარეებით აყვავდა. ჭაობად ქცეულ ტბაზე ფერდობის ევკალიპტები ნელნელა გადაიზნიქენ და ტევრებით შებურეს. ეს ადგილი ულამაზესია უცხოსათვის და ფიქრადაც არ მოუვა, რომ იქ, შეიძლება ჭაობი იყოს, მაგრამ იქაურებმა კარგად იცოდნენ ამ ჭაობის არსებობა და ამ სილამაზეს ახლოსაც არ ეკარებოდნენ.
1993 წლის ივლისია, სოფელი კინდღი, წყულგილი და დანარჩენებიც ცარიელია. იქაურმა მაცხოვრებლებმა ჯერ კიდევ ომის დაწყების დროს დატოვეს თავიანთი სახლები. ამ მხარეს ქართველები აკონტროლებენ. სეპარატისტთა შეიარაღებული ნაწილები მთაშია გახიზნული.
სოხუმის შტაბში ინფორმაცია მოდის, რომ რუსებმა კინდღის რაიონის დასაზვერად დესანტი გადმოისროლა და დიდი შეტევისათვის ემზადებიან. შტაბში გადაწყდა ორი ქართული ბატალიონი _ სოხუმის `თეთრი გიორგი~ და თავდაცვის სამინისტროს არმიის შემადგენლობაში არსებული `ავაზა~ გაეგზავნათ მტრის გასანადგურებლად.
"ავაზას ბატალიონი" თბილისელი ბიჭებით იყო დაკომპლექტებული. ოცეულის მეთაურს, გერა (გიორგი) თაქთაქიშვილს, დაევალა თავისი მეომრებითურთ ცრუ მანევრი განეხორციელებინა და მტრის ყურადღება მიექცია, რათა დანარჩენები შეუმჩნევლად შესულიყვნენ სეპარატისტთა ზურგში. შტაბში შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით ოცეულს კინდღისა და დანარჩენი სოფლების მაკავშირებელი ლაბრის გზა უნდა გაევლო, მაგრამ სულ სხვა ვითარებაში აღმოჩნდნენ.
ცრუ მანევრი
ნუკრი თეგეთაშვილი (გერას ბავშვობის მეგობარი და თანამებრძოლი): `ბატალიონში 60 მეომარი ვიყავით. ჩვენი ოცეული, გერას მეთაურობით გამოეყო და წავედით დაზვერვაზე, უფრო სწორად, მტრის ყურადღება უნდა მიგვექცია, _ მათ უნდა ჰგონებოდათ, რომ მზვერავები ვართ, ამით ისარგელებდნენ დანარაჩენი მეომრები და ზურგიდან მოვლა გაუადვილდებოდათ.
გეგმით, ლაბრის გზა უნდა გაგვევლო, მაგრამ იქ, უკვე რუსების დესანტი იდგა და ვერ გავივლიდით. მანევრი შეცვალეთ, იძულებული გავხდით შეგვეცვალა, ზემოდან უნდა მოგვევლო, რომ ჩვენ ბატალიონთან შევერთებულიყავით, სხვა შესაძლებლობა არ არსებობდა. გერა წინ მიგვიძღოდა და გვამხნევებდა. ბილიკებით ტყიან ფერდობზე ავედით და გზადაგზა რანდენჯერმე ვისროლეთ კიდეც _ თუ მტერი ახლომახლო იქნებოდა ბრძოლა მოგვიწევდა და ჩვენი ბატალიონი მოგვეშველებოდა. საპასუხო ცეცხლი არავის გაუხსნია. დიდი მანძილი არ გვქონდა დარჩენილი ლაბრის გზამდე, არც ტყიანი მასივი იყო რთული გასავლელი. ავიარეთ აღმართი, მეორე ფერდობს გადაღმა უკვე გზაა და გასავლელიც ცოტაღაა დარჩენილი. დავეშვით და უცებ ჭაობში ჩავცვივდით, მხრებამდე ჩავიფალით. ოც მეტრში, ფერდობიდან, ცეცხლი გაგვიხსნეს, წამებში დაგვიჭრეს შვიდი კაცი. ჩვენ დავიბენით, არ ვიცოდით რა გაგვეკეტებინა, როგორ მოვქცეულიყავით. ამ დროს, გერამ დაიღრიალა: ბიჭებო, არ შეშინდეთ! რაღაც სასწაული ძალა მიეცა, ისეთი შემართებით მიიწევდა ჭაობში, რომ ჩვენც გამოვფხიზლდით.
. ფაქტორივად, განწირულები ვიყავით, მაგრამ გერას შეძახილები გვამხნევებდა და ძალას გვაძლევდა. ასეთ დროს ვერ აანალიზებ, _ რა ხდება, სრულად ვერ აღიქვამ სიტუაციას, პანიკა გიპყრობს და ბედისწერას ემორჩილები, დუნდები ყველაფერი ეს იყო, იყო პირველ წუთებში, მაგრამ გერას შეძახილებმა, სული გაგვიმხნევა და ჭაობს არ დავნებდით. მეთაურის ძალა და ენერგია ჩვენც გადმოგვედო და მივყევით.~
ჭაობში...
ჭაობში შეტყუებული ოცეული სეპარატისტებისათვის კარგი სამიზნეები არმოჩნდნენ, რადგან მკერდამდე ჩაფლულები იარაღის ხმარებას ვერ ახერხებდნენ. აფხაზები განუწყვეტლივ ისროდნენ _ ავტომატის ჯერი, სნაიპერის ტყვია, `ლიმონკები,~ ყუმბართმტყორცნები... სასიკვდილოდ დაჭრილების გმინვას ჭაობი ნთქავდა და არც სისხლის წითელი კვალი აჩნდებოდა ჭაობს.
----------
ფერდობის თავზე, იქით, საითაც გერას ოცეული აპირებდა ასვლას, ქართული ბატალიონის მცირე ნაწილი გამოჩნდა და ცეცხლი გაუხსნა აფხაზებს. სეპარატისტებმა ყუმბართმტყორცნებით უპასუხეს. ჭაობში მყოფთ იმედი მიეცათ. გერამ, ახლა უფრო ომახიანად შესძახა, ბიჭები შეაგულიანა.
ამ დროს, სეპარატიტებიმა უახლესი იარაღის მთელი არსენალი გამოიყენეს და ჭაობში ჯოჯოხეთური ომი დაიწყო. აფხაზები ჭაობში ჩარჩენილი ბიჭების დახმარების საშუალებას არ აძლევდა ფერდობის თავზე შეფენილ მცირე რიცხოვან ქართველთა რაზმს.
------------
რამდენიმემ მაინც დააღწია თავი ჯოჯოხეთს, ჭაობიდან ამოვიდნენ, მაგრამ აფხაზებმა ფერდობზე ასვლის საშუალება აღარ მისცეს. მიზანში ამოიღეს. გერა და მისი ოცეულის წევრები მიწაზე იყვნენ გართხმული და მომენტს ელოდნენ, რომ თავისიანებთან მისვლის საშუალება მისცემოდათ. სეპარატისტებმა გაასმაგებული ძალით დაიწყეს შეტევა. ყველაფერს ცხრილავდნენ და ანადურებდნენ.
გერა, ნუკრი თეგეთაშვილი და ზაზა ჩქარეული, ამ უკანასკნელს ერთი თვალი დაკარგული ჰქონდა (ერთერთი ბრძოლის დროს დაუზიანდა და თბილისში ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მაინც დაბრუნდა) ფერდობზე იწვნენ ერმანეთის შორიახლო.
აფხაზებმა ისევ ისროლეს ყუმბარმტყორცნები და ამდროს, ზაზამ დაიყვირა: - მიშველეთ, მეორე თვალში დამჭრეს! ზაზას ყვირილზე გერა წამოდგა მის დასახმარებლად. აფხაზები მის მოკვლას ჭაობშიც ცდილობდნენ, არ გამოსდიოდათ, ახლა კი მიზანში ამოიღეს და ყუმბარმტყორცნი ესროლეს... გერა აფეთქდა. მაინც ესროლა სნაიპერმა, ჭაობიდან უთვალთვალებდა და დამწვარს ესროლა უკანასკნელი ტყვია.
1993 წლის 9 ივლისს, გერა (გიორგი) თაქთაქიშვილი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.
როგორც ყოველთვის, ომის დროს სიკვდილი წამებში ხდება. გერასაგან მოშორებით ნუკრი თეგეთაშვილი იწვა. გერას აფეთქებისთანავე წამოხტა, ბიჭებისაკენ გაიქცა და ყუმბარმტყორცნმა ზუსტად ის ადგილი ააფეთქა, სადაც ჩაწოლილი იყო. ვერ დაუმიზნეს, სასწაულად გადარჩა. სასწაულმა გადარჩინა ზაზაც.
ფერდობის თავზე ქართველები იყვნენ და ქვემოთ ჩასვლას, მაინც ვერ ახერხებდნენ.
ჭაობიდან გამოსული ბიჭები ერთი დღე-ღამე ფერდობზე იწვნენ და თავის აწევას ვერ ბედავდნენ. მათი გამოყვანა, მხოლოდ დამატებითი დამხმარე ძალის მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მაგრამ ცხედრების გამოტანა ვერ მოხერხდა.
მადლობა
ნუკრი თეგეთაშვილი: "გია ყარყარაშვილი მოვიდა პირადად ჩვენთან და მადლობა გადაგვიხადა. მსხვერპლი დიდი იყო, მაგრამ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დამატებითი ძალების მოსვლის შემდეგ, სეპარატისტებმა დაწოლას ვერ გაუძლეს და უკან დაიხიეს. ჭაობში ბრძოლის დროს მტერმა ტყვია-წამლის რესურსი მთლიანად ამოწურა, ამით ქართველებმა ისარგებლეს და შეტევა დაიწყეს, სეპარატისტებმა უკან დაიხიეს. აფხაზეთის ომის დროს, ეს ოპერაცია ერთერთი რთული, მძიმე და წარმატებული იყო.
გზის დიდი ნაწილი უკვე განთავისუფლებული იყო სეპარატიტებისაგან. მხოლოდ მცირე მონაკვეთი იყო დარჩენილი, რომელსაც აფხაზები აკონტროლებდნენ. ჩვენები ამ მონაკვეთის აღებასაც გეგმავდნენ დღედღეზე და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებდნენ მიცვალებულთა გამოყვანას.
ჩემ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა. მიცვალებულები ამოვიყვანეთ. დიდი სატვითო მანქანა, ურალი გამოვართვით ჩვენებს და ცხედრები ძარაზე დავდეთ. მძღოლს ვუთხარით ბოლო სიჩქარით გაევლო გზის ის მონაკვეთი, რომელსაც აფხაზები აკონტროლებდნენ.
გერას ცხედარის გვერდით დაწვა ნუკრი, მისი უახლოესი მეგობარი. ზაზაც იქ იყო. მძღოლმა ადგილიდან მოწყვიტა ურალი და დიდი სისწრაფით გაიჭრა. აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს. ღია ძარაზე, გერას დამწვარ და დაგლეჯილ ცხედარს გადაეფარა ნუკრი, ეს გაუცნობიერებლად ხდებოდა. იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ჭაობში ნახეს, შიში დათრგუნული ჰქონდათ.
გერას ცხედარი სოხუმიდან თვითმფრინავით თბილისში ჩამოასვენეს. მხედრული მამაცობისათვის გიორგი თაქთაქიშვილი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ.
No comments:
Post a Comment