თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" ფინანსური დოკუმენტაციის შესამოწმებლად შევიდა...
ალბათ, ბევრს ახსოვს, როგორ მართავდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობა "დიდგორის", "ლაზიკის", "გრად-კრაზისა" თუ უპილოტო თვითმფრინავის პრეზენტაციებს, რომლებიც სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იყო აწყობილი.
რა თქმა უნდა, მისასალმებელი იყო, რომ ქართველმა კონსტრუქტორებმა შეძლეს, სხვადასხვა ქვეყანაში შესყიდული დეტალებით აეწყოთ საბრძოლო მანქანების საცდელი ნიმუშები, თუმცა მაშინდელი მთავრობა ჯიუტად ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ ყველა დეტალი საქართველოში იყო წარმოებული და მათი სერიული გამოშვებაც - დაწყებული.
სინამდვილეში მხოლოდ "დიდგორი" იყო ორი-სამი ათეული, "ლაზიკის", "გრად-კრაზისა" თუ უპილოტოების რაოდენობა კი თითზე ჩამოითვლებოდა.
ეს არც უნდა ყოფილიყო გასაკვირი, რადგან საჭირო იყო თითოეული ამ მანქანის სრულყოფილი გამოცდა, რაც დიდ დროს მოითხოვდა. ამასთან, თუკი რომელიმე მათგანი გამოცდას ჩააბარებდა, "ეფექტურობა-ღირებულების" პრინციპით უნდა განსაზღვრულიყო, რა დაუჯდებოდა მისი სერიული წარმოება სახელმწიფოს და უფრო უპრიანი ხომ არ იქნებოდა მისი ანალოგის საზღვარგარეთ შესყიდვა.
მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, "დელტას" ყოფილმა ხელმძღვანელებმა ამა თუ იმ მოდელის დაპროექტებასა და დამზადებაზე მნიშვნელოვანი თანხა დახარჯეს.
სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია "დელტაში" სწორედ იმის დასადგენად შევიდა, მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა ეს თანხა. საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, გენინსპექცია ფინანსურ დოკუმენტაციას მთავარ პროკურატურას გადასცემს.
ავტორი:
ირაკლი ალადაშვილი
წყარო:
P.S.
თავისთავად ძალიან სასიხარულო ამბავი იყო ქართული სამხედრო წარმოების გამოცოცხლება და ქვეყნის და არმიის ბევრ გულშემატკივარისთვის ეს ამბავი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, მათ შორის ჩემთვისაც. მაგრამ მეტ–ნაკლებად საქმეში ჩახედული ადამიანისთვის ეს ყველაფერი ბევრ უპასუხო კითხვებს ბადებდა, რაც თავისთავად ეჭვების საკმარისი საფუძველია.
კონკრეტულად:
- რამდენად გააჩნდა საქართველოს სამეცნიერო ბაზა და გამოცდილება რომ ტექნიკის ახალი ნიმუშები სათანადოდ გამოეცადა და დაეხვეწა?
- საერთოდ რა გამოცდები გაიარა?
- გამოცდების დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრები რა დაჯდა, რამდენად მოუმატა ფასი საბრძოლო ტექნიკას და რამდენად სასარგებლო იყო ამ ფასად ტექნიკის შესყიდვა და სერიაში ჩაშვება (ფასი/ეფექტურობა)?
- რამდენად გააჩნია ჩვენს სამხედრო წარმოებას ამ ტექნიკის მასიურად წარმოების შესაძლებლობა? საუბარი არაა შესყიდული ნაწილებით აწყობილ უპილოტოებზე და ჯავშანმანქანა დიდგორზე – მე კონკრეტულად ამ შემთხვევაში ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკაზე" ვსაუბრობ, რომელიც ნამდვილად ყველაზე რთული მანქანაა რაც ჩვენებმა ააწყვეს.
- როგორც წესი სამხედრო ტექნიკაზე დახარჯული თანხები ყველა ნორმალურ ქვეყანაში გამჭვირვალეა – ჩვენთან ეს თანხა არ გახმაურებულა და ესეც კიდევ დამატებითი ეჭვების წყაროა.
- რა ხარისხით მზადდება ეს ყველაფერი და ხარისხის კონტროლი რა ბერკეტები არსებობს? ეს იმის ფონზე რომ დელტას ფაქტიურად მონოპოლიზაცია აქვს სამხედრო წარმოებაზე.
- შემოტანილ თუ აქ შექმნილ შეიარარებისა და საბრძოლო ტექნიკის შექმნა–აწყობისას რამდენია შემოტანილი და რამდენია ადგილობრივი წარმოების წილი და რა მოგება რჩება სახელმწიფო ბიუჯეტს ამ ყველაფრიდან.
იმედა ბევრ ამ კითხვას შემოწმების მერე გაეცემა პასუხი და ეროვნული სამხედრო წარმოება ნელ–ნელა სწორ გზაზე დადგება და ქვეყანას არა მარტო რკინით, არამედ ფინანსურადაც დაეხმარება.
No comments:
Post a Comment