Monday, October 14, 2013

ტანკ Т–72–ის ეკიპაჟის გადარჩენადობის გაზრდის ხერხები

საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილების «საბჭოთა არმიის,საშუალო ტანკ Т-64-ით აღჭურვისა და მისი წარმოებისთვის სიმძლავრეების განვითარების შესახებ» თანახმად 1967 წლის 15 აგვისტოს შეიარაღებაზე მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი მეორე თაობის ტანკი Т-64, რომელმაც სათავე დაუდო საბჭოთა და შემდგომ რუსეთის ტანკების მთელ პლეადას – Т-72, Т-80, Т-90 და Т-84.
ყველა ეს ტანკი, რადგანაც მეტ–ნაკლებად ერთი წინაპრის შთამომავალია, ერთი და იგივე სისუსტით იტანჯება – ტანკები მაქსიმალურად მცირე გათანწყობისაა და აქედან გამომდინარე საწვავი, ჭურვები და ეკიპაჟი ერთმანეთის გვერდიგვერდაა განთავსებული, რაც ტანკის დაზიანების შემთხვევაში ზრდის ეკიპაჟის მწყობრიდან გამოყვანის და თვით სიკვდილის შესაძლებლობას. ანუ როგორც იტყვიან "ეკიპაჟი დენთის კასრზე ზისო".
ჩვენს ქვემოთ მოყვანილ სტატიაში სწორედ ამ სისუსტის ნაწილობრივ აღმოფხვრის შესახებ ვისაუბრებთ.
რისი გაკეთება შეგვიძლია ტანკის კორპუსის და კოშკურის სტრუქტურის სერიოზული გადაკეთების გარეშე?
  • არამექანიზირებული საბრძოლო კომპლექტის გატანა საბრძოლო ნაკვეთურიდან.
  • ავტომატურ დამტენში განთავსებული საბრძოლო მარაგის ჯავშანდაცვით უზრუნველყოფა.
  • საწვავის ავზების პროტექტირება.
განვიხილოთ თანმიმდევრობით თითოეული ღონისძიება ჩვენს შეიარაღებაში არსებულ Т–72–თან მიმართებაში.

არამექანიზირებული საბრძოლო კომპლექტის გატანა საბრძოლო განყოფილებიდან

Т–72–ში ჭურვების განლაგება მოდელის და მიხედვით იცვლება – განვიხილოთ ჩვენს შეიარაღებაში არსებული "А" და "Б" ვერსიები:

Т-72А - მანქანის საბრძოლო კომპლექტში 44 ჭურვი შედის. აქედან 22 ავტომატურ დამტენშია განთავსებული. დანარჩენი ჭურვები ტანკში შემდეგნაირადაა განთავსებული:
  • 6 ჭურვი კოშკურაში, აქედან – 2 მეთაურის სავარძლის უკან, მბრუნავ იატაკზე, 2 ქვეკალიბრული–ჯავშანგამტანი მემიზნის უკან ნიშაში, 1 МПК–ას მარცხენა მიმმართველთან და 1 ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტანი მემიზნის წინ, მბრუნავ იატაკზე.
  • 16 ჭურვი კორპუსში, აქედან –  3 მსხვრევად ფუგასური ან კუმულაციური წინა ავზ–სტელაჟში, 4 მარჯვენა ბორტის ტიხრის საცავში, 4 მარცხენა ბორტის ტიხრის საცავში, 3 მარცხენა ბორტზე, მემიზნის სავარძლის უკან, 2 ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტანი აკუმულატორების ტიხრის უკან.
  • 5 მუხტი კოშკურაში, აქედან – 2 მეთაურის სავარძლის უკან, 1 მეთაურის სავარძლის წინ, 1 მემიზნის სავარძლის უკან და 1 მემიზნის სავარძლის წინ.
  • 17 მუხტი კორპუსში, აქედან –  1 წინა ავზ–სტელაჟტან მარჯვენა ბორტზე, 3 წინა ავზ–სტელაჟში, 12 შუა ავზ–სტელაჟში, 1 აკუმლატორების ტიხრის უკან.
როგორც ვხედავთ ავტომატური დამტენის გარდა დამატებით 22 ჭურვი მთელს საბრძოლო და მართვის განყოფილებაშია განაწილებული და ჯავშნის გახვრეტის შემთხვევაში დამაზიანებელი ფაქტორებისგან მათი აალება და/ან დეტონაცია ხშირ შემთხვევაში გარანტირებულია.

1–წინა ავზ–სტელაჟი. 2–მარჯვენა მტიხრავი ფირფიტა. 3–ნამსხვრევსაწინააღმდეგო ეკრანები კოშკურისა და კორპუსის შიდა ზედაპირზე. 4–შუა ავზ–სტელაჟი. 5–მბრუნავი ტრანსპორტირი. 6–მბრუნავი ტრანსპორტირის ნაფენი. 7–მარცხენა მტიხრავი ფირფიტა. 8–ფირფიტის საყრდენი. 9–წინა მტიხრავი ფირფიტა.

ჭურვების განლაგება კორპუსსა და კოშკურაში
რისი გაკეთება შეიძლება ამ ჭურვებისა და მუხტების აალება/აფეთქების თავიდან ასაცილებლად?
Т-90МС–ის კოშკურის სქემატური გამოსახულება, რომელზე ჩანს კოშკურის უკან დაყენებულ ყუთში მოთავსებული 10 ცალი მუხტი (შუაში) და 10 ცალი ჭურვი (მარჯვნივ და მარცხნივ)
Т-90МС–ის კოშკურის უკანა ნაწილში დაყენებული ყუთი
არამექანიზირებული საბრძოლო კომპლექტის განსათავსებლად ანალოგიური ყუთის გაკეთება ჩვენს 72–ებზეც შეიძლება. მაგრამ აქ შეიძლება ერთი პრობლემა წარმოიშვას – ჩვენს მანქანებში 44 ჭურვია, აქედან 22 ავტომატურ დამტენში და 22 არამექნიზირებულ საცავებში, ყუთი კიდევ 10 ცალ ჭურვს იტევს. სად წავიღოთ დანარჩენი 12 გასროლა და მუხტი?
არსებობს სამი ვარიანტი:
  • ან უნდა ითქვას უარი ამ ჭურვებზე და სამხედროები 32 ჭურვით დაკმაყოფილდნენ (ეს მათი გადასაწყვეტია).
  • ან უნდა მოხდეს 12 ცალი ჭურვის ისევ საბრძოლო განყოფილებაში დატოვება (ესეც მათი გადასაწყვეტია).
  • ან მოხდეს ყუთის გაბარიტების გაზრდა.
პირველ ვარიანტში ხდება ტანკის საცეცხლე შესაძლებლობის დაქვეითება (მცირდება საბრძოლო მარაგი) – მაგრამ ამ შემთხვევაში მინიმალური გადაკეთების ხარჯზე ვაღწევთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. რაც შეეხება საცეცხლე შესაძლებლობების დაქვეითებას – ეს თვითონ სამხედროების გადასაწყვეტია, უნდა დაიანგარიშო რამდენად საჭიროა 44 ცალი ჭურვი. მაგალითად იგივე Abrams M1A2–ში 36 ჭურვია განთავსებული. 
მეორე ვარიანტში 10 ცალი ჭურვი ისევე რჩება საბრძოლო განყოფილებაში – თუ რამდენად გაზრდის ეს საშიშროებას ძნელი სათქმელია და ამას სტატისტიკური დაანგარიშება ესაჭიროება, მაგრამ ადვილი შესაძლებელია ამ ჭურვებისთვის ჯავშანსაცავის დამზადება თვითონ ტანკის შიგნით, ამგვარი საცავებითაა აღჭურვილი შემდეგი ტანკები – Leopard-2–ში 27 ჭურვის საცავი მძღოლ მექანიკოსის მარცხნივ, Leclerc-ში 22 ჭურვი ავტომატურ დამტენში და 18 მძღოლ მექანიკოსის მარჯვნივ, Merkava Mk-4–ში ავტომატურ დოლურაში 10 ჭურვია, დანარჩენები საბრძოლო ნაკვეთურშია განკლაგებული სპეციალურ საცავებში, Chelenger-2–ში ყველა ჭრვი საბრძოლო ნაკვეთურშია.

Leopard-2–ისა და Т-72–ის ჭურვების განლაგების აგილები
Leclerc–ის ჭურვების განლაგების ადგილები
Leopard-2–ის ჭურვების საცავი მძღოლ–მექანიკოსის გვერდით
 Merkava Mk3–ის ჭურვების საცავი საბრძოლო ნაკვეთურში
მესამე ვარიანტში საჭიროა მოხდეს ჭურვის გაბარიტების დათვლა და დაანგარიშება თუ რამდენად შესაძლოა კოშკურის უკან მდებარე ყუთის გაბარიტების გაზრდა, რათა მასში მაქსიმალური რაოდენობის ჭურვები ჩაეტიოს.
  • საშუალოდ ქვეკალიბრული ჭურვების სიგრძე 500 მილიმეტრია, თუმცა პერსპექტივის გათვალისწინებით შეგვიძლია 700 მილიმეტრი ავიღოთ.
  • მსხვრევად–ფუგასური ჭურვის სიგრძე საშუალოდ 670–680 მილიმეტრია. 
  • კუმულაციური ჭურვის სიგრძეც ფუგასური ჭურვის ანალოგიურია.
  • სამივე კატეგორიისთვის დიამეტრი 125 მილიმეტრია.
  • ჭურვებისგან განსხვავებით მუხტის დიამეტრი გაცილებით გაზრდილია – ნაწიბურთან 172 მილიმეტრი, უშუალოდ მუხტის დიამეტრი 140 მილიმეტრია მიახლოებით. სიგრძე 408 მილიმეტრი.
  • კოშკურის სიგანე საშუალოდ 2700 მილიმეტრია.
Т-90–ის ზომები (მსგავსია 72–ის ზომებისა)

ამ ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან გამომდინარე შეგვიძლია მიახლოებითი გამოთვლა გავაკეთოთ და დავადგინოთ თუ რამდენი ჭურვის განთავსება შეიძლება კოშკურის უკან დაყენებულ ჯავშან ყუთში.
16 ჭურვის და 16 მუხტის შემთხვევაში, თუ მათ ორ რიგად განვათავსებთ მივიღებთ შემდეგ გაბარიტებს:
  • 1000 მილიმეტრი რვა ჭურვის ჰორიზონტალურად განსალაგებლად
  • 250 მილიმეტრი ვერტიკალურად ორი რიგირსთვის (მთლიანობაში 16 ჭურვი, 8 ცალი თითო ჰორიზონტალურ რიგში).
  • ჭურვებს შორის ადგილის დატოვების შემთხვევაში (მიახლოებით 5 მილიმეტრი) ჰორიზონტალურად დაემატება 30 მილიმეტრი და ვერტიკალურად 5 მილიმეტრი.
ანუ მთლიანობაში 16 ჭურვისთვის საჭიროა შემდეგი მოცულობა 1030x255x700. 

ამ ჭურვების 16 მუხტის განსათავსებლად დაგვჭირდება შემდეგი მოცულობა:
  • ორრიგად, დაწოლილ მდგომარეობაში განთავსების შემთხვევაში მუხტები ვერტიკალურად 344 მილიმეტს დაიკავებენ, შუაში ადგილის დატოვების შემდეგ ეს ციფრი სავარაუდო 350 მილიმეტრი იქნება. 
  • გვერდიგვერდ, ჰორიზონტალურად რვა მუხტი 1392 მილიმეტრია ამას დამატებული შუაში ადგილებისთვის 30 მილიმეტრი მივიღებთ 1422 მილიმეტრს.

მუხტებისთვის საჭიროა 1422x350x408. 

წონასწორობის შესანარჩუნებლად სასურველია ჭურვების შუაში ხოლო გვერდებზე მუხტები განვალაგოთ, ან პირიქით. მთლიანობაში 16 ჭურვი და მუხტი შემდეგი ზომების ყუთს საჭიროებს – 350 მილიმეტრი სიმაღლეში (მუხტების სიმაღლე), 2452 მილიმეტრი სიგანეში და 700 მილიმეტრი სიგრძეში (ქვეკალიბრული ჭურვის სიგრძე). 
კოშკურის მიახლოებითი ზომებიდან გამომდინარე ამხელა ყუთის დაყენება სრულებით შესაძლებელია (კოშკურის სიგანე 2700 მილიმეტრია მიახლოებით, სომაღლე 500 მილიმეტრი, ციფრები მიახლოებითია).

ამგვარად კოშკურის უკანა ნაწილის გეომეტრიის გადაკეთებისა და მასზე ჯავშანყუთის დაყენების შემთხვევაში ჩვენ საბრძოლო ნაკვეთურის გარეთ 16 გასროლა გვექნება, ავტომატურ დამტენში 22, ანუ მთლიანობაში 38 გასროლა, რაც საკმარისია თანამედროვე ტანკისთვის.

ჭურვების გარეთ გატანის შემდეგ ტანკში სავარაუდოდ 0,7 კუბური მეტრი ფართობი უნდა გამონთავისუფლდეს, თუმცა ეს ფართობი მთლიანად გამოყენებადი ვერ იქნება, მისი დიდი ნაწილი ავზებში განთავსებული ბუდეებია.

შუა ავზ–სტელაჟის ჭურვის ბუდეები
 წინა ავზ სტელაჟის ჭურვებისა და მუხტის ბუდეები
წინა ავზ–სტელაჟი მოხსნილ მდგომარეობაში
თუმცა ამ ფართობის გამოყენების საშუალებაც არსებობს – შესაძლებელია ახალი ავზების გაკეთება და ამ ძველების ნაცვლად მათი დამონტაჟება ტანკში. ანუ ახალი ავზი შემცირდება ზუსტად იმდენად რამდენსაც მასში მანამდე ჭურვები და გასროლები იკავებდა. შესაბამისად მისი ზომები კი შემცირდება, მაგრამ მისი მოცულობა ისევ იგივე დარჩება. მიღებული თავისუფალი სივრცე კიდევ ეკიპაჯისთვის უფრო მეტი კომფორტისა და დაცვის უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს (დარტყმა გამძლე სავარძლების დაყენება, ნამსხვრევებსაწინააღმდეგო სარჩულის დაყენება და ასე შემდეგ).

მომდევნო თავში საწვავის ავზების პროტექტირებისა და ავტომატური დამტენის დაცვაზე ვისაუბრებთ.


No comments:

Post a Comment