Friday, June 23, 2017

GDLS-მა LAV-700 წარმოება დაიწყო

General Dynamics Land Systems – Canada-მ თავისი საბურავებიანი საბრძოლო მანქანა  LAV 700-ის შესახებ სიახლეები გაავრცელა. სავარაუდოდ საუდის არაბეთისთვის (იმ მეგა ხელშეკრულების ფარგლებში, რომლსი შესახებ ბლოგზე არაერთხელ ვწერდი - 110 მილიარდიანი კონტრაქტი აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის) მანქანების აწყობა უკვე დაიწყო. წინამორებედებისგან განსხვავებით, მარგი ტვირთის გაზრდის მიზნით, მანქანა კიდევ უფრო გაზრდილი კორპუსითაა აღჭურვილი. მისი მაქსიმალური წონა, 11 ტონა მარგი ტვირთის ჩათვლით, 32 000კგს- უდრის. დაცვა დამატებითი პასიური ჯავშნით აღჭურვილი ფოლადის ნაგლინი კორპუსისგან შესდგება, დაცვის გაზრდა ასევე დასაკიდი, მოდულური დაჯავშნითა შესაძლებელი. ნაღმებისგან დაცვის გაზრდის მიზნით კორპუსის ფსკერი ამერიკული Stryker DHV მსგავსია და ორმაგი V-ს ფორმისაა. მანქანა 711 ცხენისძალიანი, Caterpillar C13 ტიპის, დიზელის ძრავითაა აღჭურვილი. სხვა სიახლეებიდან აღსანიშნავია ღია არქიტექტურის ელექტრონული კომპლექსი, სიტუაციური გათვითცნობიერების კამერები და თვითდიაგნოსტიკის სისტემა.

წყარო:



Thursday, June 22, 2017

დაცვა როგორც ტანკის საბრძოლო მახასიათებელი


ტანკების ისტორიისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ სხვადასხვა რუს და დასავლელ ავტორთა ნაშრომებში, ხაზგასმულია, რომ ძირითადი საბრძოლო ტანკები იყვნენ და რჩებიან „ყველაზე უნივერსალურ საბრძოლო საშუალებად, რომელსაც ძალუძს საბრძოლო ამოცანების ფართო სპექტრის გადაწყვეტა. თანამედროვე ომებში სწორედ ეს განაპირობებს მათ როლს, რომელიც მათ სახმელეთო ჯარების ძირითად დამრტყმელ ძალად წარმოგვიდგენს“. ტანკს, როგორც სამხედრო ტექნიკას, საყოველთაოდ აღიარებული მახასიათებლების, საცეცხლე ძალისა, დაცვისა და მობილურობის წყალობით, შეუძლია ყველა მიზნობრივი დანიშნულების შესრულება.
ძირითად ამოცანებად, რომლებიც ტანკმა თანამედროვე პირობებში უნდა გადაჭრას, შეგვიძლია ჩავთვალოთ მოწინააღმდეგის შეჯავშნული და შეუჯავშნავი მანქანებისა და ცოცხალი ძალის განადგურების მიზნით (ადგილზე და სვლაში) ხანგრძლივი საბძოლო მოქმედებების წარმოება, ბრძოლის ველზე სწრაფი საცეცხლე და მობილური მანევრირება, გზებზე და უგზოობაზე ხანგრძლივი მარშების განხორციელება და წინაღობების გადალახვა. ამ ამოცანების ანალიზი გვიჩვენებს რომ, ტანკის სამივე მახასიათებლის ჰარმონიული განვითარება არის მისი გაუმჯობესების საფუძველი და ამასთან ამ სამიდან პრიორიტეტი საცეცხლე ძალას ენიჭება. ზოგიერთ მანქანას ტანკზე ძლიერი საცეცხლე შესაძლებლობები გააჩნია. ასეთ მანქანებს საარტილერიო სისტემები და სარაკეტო გამშვები კომპლექსები განეკუთვნებიან. თანამედროვე ჯარებს, დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვის წყალობით, საკმაოდ მაღალი მობილურობა ახასიათებთ. სამხედრო ტექნიკის ისეთი ნიმუშები, როგორებიცაა ჯტრ-ები, ქსმ-ები და მსმ-ები, თვითმავალი ქვემეხები და სარაკეტო დანადგარები, ტანკებზე არანაკლები მობიულორბით გამოირჩევიან. მაგრამ, მრავალფეროვანი დამაზიანებელი საშუალებების წინააღმდეგ სახმელეთო ჯარების არცერთი მანქანაა არაა ტანკივით დაცული და არცერთს არ გააჩნია ბრძოლის ველზე გადარჩენადობის ისეთი მაღალი დონე, როგორც ძირითად საბრძოლო ტანკს. გადარჩენადობაში მოიაზრება „ტანკის მიერ ბრძოლის ველზე ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება და დამაზიანებელი საშუალებების ზემოქმედების შემდეგ მისი აღდგენის შესაძლებლობა“.
ამგვარად, ძირითადი ტანკის მთავარ განმასხვავებელ თავისებურებად, სხვადასხვა დამაზიანებელი საშუალებების წინააღმდეგ არსებული, მძლავრი დაცვა წარმოადგენს, რაც მას მოწინააღმდეგის პირდაპირი საცეცხლე ზემოქმედების ქვეშე საბრძოლო მოქმედებების საწარმოებელ ერთადერთ საბრძოლო მანქანად აქცევს.
ამგვარ დასკვნას ტანკების წარმოშობისა და განვითარების მთელი ისტორია ადასტურებს. მე-20 საუკუნის დასაწყისში, არტილერიისა და ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების პარალელურად, იმ დროისთვის ისეთი მძლავრი საცეცხლე საშუალების წარმოშობამ, როგორიცა ტყვიამფრქვევი, ჯარების დაცვის აუცილებლობა წარმოშვა. ამგვარი დაცვის შექმნა სამი მიმართულები ხდებოდა. პირველ და ძირითად მიმართულებას საბრძოლო მოემქდებების წარმოების ტაქტიკის შეცვლა წარმოადგენა, რომლის შედეგადაც მოხდა საველე გამაგრებული ქსელის გამოყენებით თავდაცვაზე გადასვლა. ამან ომს ხანგრძლივი, პოზიციური ხასიათი მიანიჭა. მეორე მიმართულება, იმ დროისთვის ყველაზე მოძრავი ჯარის სახეობის - კავალერიის - ტაქტიკის გაუმჯობესებაში მდგომარეობდა, რომლის შედეგადაც მანევრის გამოყენებით დანაკარგების მინიმალიზაციის მიღწევას ცდილობდნენ. და მოხლოდ მესამე მიმართულებამ - რომელიც იმ დროს არსებული დამაზიანებელი საშუალებებისგან დაცული ისეთი ტექნიკის შექმნას მოიცავდა, როგორებიცაა ჯავშანმანქანები, ჯავშანმატარებლები და ტანკები - შესძლო მსხვილ ოპერაციებში ომის ხასიათის შეცვლა.
დეტალებში ჩაუღრმავებლად უნდა აღინიშნოს რომ, შეჯავშნული სახმელეთო მანქანების შემდგომი განვითარება ჯავშანდაცვისა და მისი დამაზიანებელი საშუალებების შეჯიბრის ფეხდაფეხ ხდებოდა და ამან დაცვის ახალი საშუალებებისა და ხერხების შექმნის პარალელურად, ამ მანქანების ჯავშნის წონის მატებაც გამოიწვია. დროთა განმავლობაში ჯავშანმანქანებისა და ჯავშანმატარებლების დაცვა დამაზიანებელი საშუალებების შესაძლებლობებს ჩამორჩა. და მხოლოდ  ტანკმა მოახერხა, თავისი ტექნიკური თავისებურების - მაღალი გამავლობის, ტვირთამწეობის, ავტონომიურობისა და მცირე ზომების - წყალობით, გამკლავებოდა გამუდმებით განვითარებად დამაზიანებელი საშუალებებს.
მეორე მსოფლიო ომში გამოყენებული ყველა საბრძოლო მანქანიდან, მხოლოდ ტანკმა შესძლო მოწინააღმდეგის ღრმად ეშელონირებული თავდაცვის გარღვევა და ეს საცეცხლე დაპირისპირების უშუალო რაიონში მის მიერ მძლავრი შეიარაღების შესაძლებლობების გამოყენების დამსახურებით მოახერხა. ტანკის ამ შესაძლებლობას მასზე მძლავრი დაცვის არსებობა განსაზღრვარვს.
ომის შემდგომ პერიოდში, ჯარების ტანკებით გაჯერებისა, მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების ამაღლებისა და სატანკო ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესების შედეგად, ტანკებთან ბრძოლას ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა. საგრძნობლად გაიზარდა ტრადიციული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების (ტსს) მახასიათებლები, შეიქმნა პრინციპულად ახალი ტსს-ები, გაჩნდა მასიური განადგურების, და მათ შორის ბირთვული იარაღი.
თავის მხრივ ამან ძირითადი ტანკების დაცვის შემდგომი განვითარების სამუშაოების დონისა და სიჩქარის გაზრდა გამოიწვია, მოხდა თვითო მცნება „დაცვის“ გაფართოება, მასში ტანკებისა და მათი ეკიპაჟების განადგურების შესაძლებლობის შემცირების ისეთი ახალი მეთოდებიც შევიდა, როგორებიცაა სხვადასხვა სპექტრსა და ტალღების სიგრძის სხვადასხვა დიაპაზონებში შენიღბვის საშუალებები, ანტირადიაციული დაცვა, ფილტროსავენტილაციო მოწყობილობები და სხვ.
ყოველ მომდევნო სატანკო თაობაზე გადასვლას თან ახლდა მათი დაცვის გაზრდა. ეს განსაკუთრებით ლოკალური კონფლიქტების გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილ მანქანების ბოლო თაობებზე შეიმჩნევა. მაგალითად გფრ-მა მანამდე არსებულ სატანკო კონცეფციას გადახედა, რის შედეგადაც ტანკ Leopard-2-ის წონა მის წინამორბედთან შედარებით 12 ტონით გაიზარდა.
ბოლო თაობის M-1 (აშშ), Leopard-2 (გერმანია) და Challenger (დიდიბრიტანეთი) ტიპის ტანკების დაცვის დონე და წონა უფრო მაღალია, ვიდრე ომისშემდგომი, მეორე თაობის ისეთი ტანკებისა, როგორებიცაა M-60A1, Leopard-1 და Chiftain.  საფრანგეთში, იაპონიაში, იტალიაში, შვეიცარიაში, ინდოეთში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სამხრეთ კორეაში და ეგვიპტეში ასევე მიმდინარეობს მუშაობა შეიარაღებაზე არსებულ ტანკებზე უკეთესად დაცული და გაზრდილი წონის ქონე მანქანების შესაქმნელად.
რა თქმა უნდა, თანამედროვე ტსს-ების განვითარების დონის გათვალისწინებით, სრულიად შეუვალი ტანკის შექმნა შეუძლებელია. როგორც ნაშრომშია აღნიშნული, „ბრძოლის ველზე ყოველთვის არსებობდა ტანკის ცეცხლით დასაზიანებელი საშუალება. მაგრამ რაც მაღალია ტანკის ჯავშანდაცვის დონე, მით უფრო მცირეა ასეთი საშუალებების რაოდენობა. მძლავრი დაჯავშნა საგრძნობლად ამცირებს სხვადასხვა ტანსკაწინააღმდეგო საშუალებების ცეცხლით ტანკების დაზიანების/განადგურების ალბათობას... ტანკებზე მძლავრი ჯავშნის არსებობა, მათ, მოწინააღმდეგის სუსტად შეჯავშნული ტანკების წინააღმდეგ, მომგებიან მდგომარეობაში აყენებს, რადგანაც ასეთ ბრძოლაში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ისეთი კომპლექსი, როგორციაა „საცეცხლე ძალა - ჯავშანდაცვა“.

აშშ-სა და გერმანიის ტანკების დაცვის კუთრი წონის m3/mт ცვლილება
m3 — დაცვის წონა; mт — ტანკის წონა


დაცული ზედაპირის ცალკეული მონაკვეთების ზუსტი დაზიანების შესაძლებლობის მქონდე და დიდი მრავალფეროვნებით გამორჩეული თანამედროვე ტსს-ებისგან დამაკმაყოფილებელი და მაღალეფექტური დაცვის შექმნის ძირითად წინაღობას, ჯავშნისა და მთლიანობაში ტანკის წონის ზრდა წარმოადგენს. მაგალითისთვის აშშ-სა და გერმანიის ტანკებში მთლიანი წონიდან тТ დაცვის წილი წონა т3 განვიხილოთ (იხ. სქემა). ომისშემდგომი აშშ-სა და გერმანიის ტანკების საერთო წონის 13 % (М1) და 27 % (Leo-2) ზრდის ფონზე მათი ჯავშნის წილი შესაბამისად 54,7-დან до 58 %-მდე და 49,5-დან 52 %-მდე გაიზარდა. რუსულ ტანკებშიც მსგავსი ტენდენცია შეინიშნება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე ტანკებს არ გააჩნიათ საავიაციო საბრძოლო მასალებისგან და ავტომატური ქვემეხებისგან და ასევე მრავალფეროვანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან ეფექტური დაცვის საშუალება. ჯავშანკორპუსში ასევე არსებობს მთელი რიგი სუსტი მონაკვეთები. და მიუხედავად იმისა რომ, დაცვის უზრუნველსაყოფად, მუდმივად მიმდინარეობს ახალი მეთოდებისა და საშუალებების ძიება და ჯავშან მოცულობისა და გათანწყობის კვანძების უფო რაციონალური გამოყენება, დაცვის ტრადიციული მეთოდებით შემდგომი გაუმჯობესება ჯავშნის წონის კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს.
ტანკის საცეცხლე ძალისა და ამძრაობის გაუმჯობესების მიზნით, მისი წონის შემცირება არასწორია. რა თქმა უნდა, ტანკის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის პრობლემის სხვა ძირითადი საბრძოლო მახასიათებლებისგან დამოუკიდებლად განხილვა არ შეიძლება. როგორც ცნცობილია, მაღალი ამძრაობა, მანევრირებად ტანკში მოხვედრის ალბათობის შემცირების ხარჯზე, ზრდის ტანკის გადარჩენადობის ხარისხს. ანალოგიურად, ტანკი, რომელსაც გააჩნია გაზრდილი საცეცხლე შესაძლებლობები, უფრო შედეგიანად გამოიყენებს მას ტანკსაშიში მიზნების წინააღმდეგ და ამით გაზრდის თავის გადარჩენადობას. ამგვარად, საცეცხლე ძალა და ამძრაობა ტანკის სიცოცხლისუნარიანობასთან არაპირდაპირ კავშირშია. გადარჩენადობის როლის გაზრდის გათვალისწინებით აუცილებელია ძირითადი საბრძოლო ტანკის განახლებული მცნების ჩამოყალიბება: „ეს არის მრავალფუნქციური შეჯავშნილი საბრძოლო მანქანაა, რომელსაც საცეცხლე ძალისა, გადარჩენადობისა და ამძრაობის ჰარმონიულათ შერწყმის ხარჯზე შეუძლია, მტერთან უშუალო საცეცხლე კონტაქტის პირობებში, აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები. ბრძოლის ველზე, ძირითად საბრძოლო ტანკს, ძალუძს გადაწყვიტოს მრავალფეროვანი ამოცანების დიდი რაოდენობა, მაგრამ მისი ეფექტურობა გაცილებით იზრდება, როდესაც ის, არსებული სატანკო შეიარაღების  შეზღუდვების აღმოფხვრის მიზნით, ჯარების სხვა სახეობებთან შეთანხმებულად მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით ტანკის საბრძოლო მოღვაწეობის უზრუნველსაყოფ ამოცანათა ნაწილს, და მათ შორის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის კუთხითაც, თავის თავზე არტილერია, მოტოქვეითები, საინჟინრო ტექნიკა და ჰსთ საშუალებები იღებენ.
თუმცაღა, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მოწინააღმდეგესთან უშუალო კონტაქტის დროს, და განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში, ტანკი მარტო რჩება. ამიტომაც დგება, ძირითადი ტანკის ბაზაზე, მასთან მაქსიმალურად უნიფიცირებული და ტანკის დაცვის დონესთან მიახლოებული დაცვის მქონე საბრძოლო ჯავშანმანქანების მთელი ოჯახობის შექმნის აუცილებლობა. ამგვარ მანქანებს პირველ რიგში უნდა მივაკუთნოთ წინა ხაზის ქსმ, ჰსთ დანადგარები და საინჟინრო გამნაღმველი მანქანები, რომლებსაც შეეძლებათ ტანკებთან ერთ საბრძოლო მწყობრში მოქმედება და ისეთი ტანკსაშიში მიზნების განადგურება, რომლებთანაც გამკლავება ძირითადი სატანკო შეიარაღებით არაფექტური ან შეუძლებელი იქნება.
დასკვნა - სამხედრო მანქანების სხვა ნიმუშებსგნა ტანკს დაზიანების მრავალფეროვანი საშუალებებისგან დამცავი მძლავრი ჯავშანი გამოარჩევს. თუმცაღა ავიაციისგან და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან არასაკმარისი დაცვა და ტანკის კორპუსზე არსებული სუსტი მონაკვეთები სიცოცხლისუნარიანობის შემდგომ გაუმჯობესებას მოითხოვს, რაც თავის მხრივ მანქანის წონის გაზრდას გამოიწვევს. ბრძოლაში უფრო ეფექტურად სამოქმედოდ, აუცილებელია ტანკის ბაზაზე შექმნილ, წინა ხაზის, სპეციალიზირებულ მანქანებზე სამუშაოების ფორსირება.

წყარო:

Wednesday, June 21, 2017

ესეც თქვენ - ახალი და განახლებული რუსული პისტოლეტები


საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურებიან, თუმცაღა სანამ რეალური გამოხმაურება არ დაიდება არ დავიჯერებ არაფერს ;). მოკლედ მახეთ ვიდეო და თვითონ განსაჯეთ

პროექტი Lockheed Twister: აშშ-ს „მოქნილი“ ჯავშანმანქანები

ტექნიკის უგზოობაზე გადაადგილების გასაუმჯობესებლად უამრავი ხერხი არსებობს. ამ მახასიათებლის გაზრდა შეიძლება უფრო მძლავრი ძრავის გამოყენებით, სავალი ნაწილის საყრდენი ზედაპირის გაზრდით, საკიდრის გაუმჯობესებით და კიდევ სხვა ხერხებით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამგვარი მეთოდები გამავლობის მახასიათებლის უსასრულოდ გაზრდის საშუალებას მაინც არ იძლევა, რის შედეგადაც კონსტრუქტორებს ახალი, ორიგინალური და არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებების ძებნა უწევთ. სამოციანი წლების დასასრულისთვის ამერიკული კომპანია, Lockheed, ახორციელებდა პროექტს, სახელწოდებით Twister. პროგრამის მიზანს უნიკალური გამავლობის საბრძოლო მანქანის შექმნა წარმოადგენდა.
სახელწოდება Twister სიტყვასიტყვით “გრიგალს“ ნიშნავს, მაგრამ მისი „მბრუნავად“ თარგმნაც შეიძლება, რაც ამ ქმნილების იდეას უფრო შეესაბამება. ახალ პროექტში თვლიანი სავალი ნაწილის საკიდრის გარდა, მანქანის სხვა აგრეგატების გაუმჯობესებაც იყო განხორციელებული. საქმე იმაშია რომ, დაძლეული წინაღობის ზომა პირდაპირ კავშირშია საბურავების ზომებსა და საკიდრის დინამიკურ სვლაზე. გრუნტის ზედაპირზე თვლის აწევის სიმაღლის გაზრდის მიზნით მანქანაში გამოყენებული იქნა კორპუსის მოძრავი აგრეგატები. Twister-ის კორპუსი ერთმანეთთან სახსრის საშუალებით დაკავშირებული, ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან შესდგებოდა. ერთმანეთთან მოძრავად შეერთებულ და საკუთარი თვლებით აღჭურვილ ორ აგრეგატს საგრძნობლად უნდა გაეზარდა უგზოობაზე მანქანის გამავლობა.

Lockheed Twister-ის პირველი მანქანები

Twister 8х8 – XM 808

1965 წელს კომპანია Lockheed-ის სპეციალისტებმა დაასრულეს Twister-ის პირველ ვარიანტზე მუშაობა. იმავე წლის ოქტომბერში, შემოთავაზებული იდეის შესამოწმებლად და გამოცდების განსახორციელებლად, ასაწყობი საამქროდან მანქანის პირველი პროტოტიპი გამოაგორეს. ტესტებმა აჩვენა რომ, ორკურპუსიან, შეწყვილებულ სქემას, მართლა შეუძლია თვლიანი მანქანის მაჩვენებლების გაუმჯობესება. სამოციანი წლების ბოლოსთვის პროექტით სამხედროები დაინტერესდნენ, რის წყალობითაც Lockheed-მა ხელსაყრელი ხელშეკრულება მიიღო. პენტაგონმა, რომელიც პროექტს შეუერთდა, შეწყვილებული სქემის ჯავშანმანქანა შეუკვეთა და მას სახელწოდება XM 808 მიანიჭა.
კომპანია Lockheed-მა, მომდევნო წლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ერთმანეთისგან დეტალებით განსხვავებული მანქანის ოთხი პროტოტიპი შექმნა. მათ მსგავსი ან ერთგვარი გათანწყობა და სავალი ნაწილი ჰქონდათ, მაგრამ ზოგიერთი აგრეგატით განსხვავდებოდნენ. მაგალითად, პირველ პროტოტიპს, საქარე შუშით აღჭურვილი, ღია, ორადგილიანი კაბინა ჰქონდა. მეორემ, ორკაციანი ეკიპაჟისთვის განკუთვნილი, სახურავითა და შუშებით დახურული, სრულფასოვანი სამუშაო ადგილი მიიღო. მესამე მანქანა ჯავშან ფოლადით იყო აწყობილი და შეიარაღება გააჩნდა.  მეოთხე პროტოტიპზე Twister-ის მცურავი მოდიფიკაციის დამუშავება ხდებოდა.
მანქანის სხვადასხვა ვერსიებს შორის განსხვავება უმნიშვნელო იყო და ძირითადად ეს ზომებს, წონას და გამოყენებულ მასალებს ეხებოდა, ამიტომ მხოლოდ საბრძოლო ვარიანტს განვიხილავთ, რომელსაც შანსი ჰქონდა სახელწოდება XM 808 ან M 808-ით შეიარაღებაზე დამდგარიყო. ეს პროტოტიპი სახმელეთო ჯარებს სხვადასხვა ქვედანაყოფებს პერსპექტიული საბრძოლო-სადაზვერვო მანქანის სახით შესთავაზეს. შეწყვილებული სქემის წყალობით, მას შეეძლო დაეძლია ისეთი წინაღობები, რომლებთანაც ტრადიციული კონსტრუქციის, თვლიან მანქანებს, გამკლავება არ ძალუძდა.
შეწყვილებული სქემა კორპუსის ორ ნაწილად გაყოფას ნიშნავს. პერსპექტიულ საბრძოლო მანქანა ორი, ერთმანეთისგან განცალკევებული, ჯავშანკორპუსით იყო აღჭურვილი. პირველს მართკუთხედის ფორმა ჰქონდა და მასზე ერთ-ერთი ძრავა და შესაბამისი ტრანსმისია იყო განთავსებული, ამას გარდა ის ოთხი თვალით იყო აღჭურვილი. უკანა კორპუსს უფრო რთული ფორმა ჰქონდა. ის წინა ნაწილში ვიწროვდებოდა, რაც კორპუსებს, ერთმანეთთან მიმართებაში, გადაადგილების კუთხების გაზრდის საშუალებას აძლევდა. უკანა კორპუსის კიჩოში ძრავა და ოთხი თვლით აღჭურვილი სავალი ნაწილი იყო განთავსებული. უკანა კორპუსის წინა და შუა ნაწილი ეკიპაჟის საცხოვრისი ნაკვეთურისთვის იყო განკუთვნილი. მის სახურავზე შეიარაღების კოშკურის დაყენება იყო შესაძლებელი.
ორი კორპუსი სპეციალური, ჰიდრავლიკურ ამძრავებიანი, სახსრული მოწყობილობით იყო შეუღლებული. მძღოლს ამ ამძრავების წყალობით, დასაძლევი წინაღობიდან გამომდინარე, შეეძლო ორი კორპუსის ურთიერთმდგომარეობის შეცვლა. მაგალითად, ტრასაზე კორპუსების ღერძებს შორის ნულოვანი კუთხით გადაადგილდებოდნენ, ხოლო წინაღობაზე ასასვლელად, სახსრულ მექანიზმში შესაბამისი კუთხის დაყენება იყო აუცილებელი. ამძრავებისა და სახსრის კონსტრუქცია, კორპუსები ერთმანეთის მიმართ 30° დაგვერდებით გადახრის შესაძლებლობას იძლეოდა, ამას გარდა შესაძლებელი იყო როგორც მანქანის მარცხნივ და მარჯვნივ 31,5° „მოღუნვა“, ასევე ვერტიკალურ სიბრტყეში შეუღლების კუთხის -27°-დან +35°-მდე შეცვლა. ამის წყალობით, საკიდრის გაცილებით ნაკლები სვლით, 36 დიუმის (მიახლოებით 92 სმ) სიმაღლის ვერტიკალური წინაღობის დაძლევა იყო შესაძლებელი. საჭით მართვა წინა ორი მობრუნებადი თვლებისა და სახსრის ჰიდრავლიკური ამძრავებით ხორციელდებოდა.
Twister-ის ძალური დანადგარი მოდიფიკაციებისდა მიხედვით განსხვავდებოდა, მაგრამ ყველა ვერსიაში რთული არქიტეკტურა გააჩნდა. ის ორი ძრავისგან შესდგებოდა, რომლებიც Allison-ის სიჩქარეთა (6 სიჩქარე წინდა 1 უკან) და გამანაწილებელ კოლოფებთან იყო შეერთებული. ძრავისა, სიჩქარეთა კოლოფისგან და გამანაწილებელი აგრეგატისგან შემდგარი ერთი ძალური ბლოკი წინა კორპუსში იყო განთავსებული, ხოლო მეორე - უკანა კორპუსის კიჩოში. ამგვარად ორივე კორპუსი საკუთარი ძრავით იყო აღჭურვილი, რის გამოც მანქანას 8х8 ფორმულის სავალი ნაწილი გააჩნდა. ორი ძალური დანადგარიდან გამომდინარე, მანქანას, წინა და უკანა კორპუსებში დამონტაჟებული, ორი საწვავის ავზი ეყენა.
პირველი, ღია კაბინიანი პროტოტიპი, კომპანია Convair-ის 140 ცხენისძალიანი, ორი ცალი ძრავით აღიჭურვა. შემდეგმა, სრულფასოვანკაბინიანმა პროტოტიპმა, Chrysler 440 Cu V8 ტიპის, ორი ცალი 191 ცხენისძალიანი ძრავა მიიღო. შეიარაღებით აღჭურვილი საბრძოლო მანქანაც, ფირმა Chrysler-ის ძრავებით იყო აღჭურვილი. მანქანებში საწვავის სისტემებიც განსხვავდებოდა. მაგალითად, პირველ პროტოტიპს ორი ცალი 65 ლიტრიანი ავზი ჰქონდა, ხოლო საბრძოლო XM 808-ში საწვავის ავზების საერთო ტევადობა 315 ლიტრამდე გაზარდეს.
მანქანა XM 808-ს რვავე თვალმა დამოუკიდებელი, ბერკეტული ტიპის, ზამბარული ამორტიზატორებით აღჭურვილი საკიდარი მიიღო. გამავლობის გაზრდის კონტექსტში, აუცილებლად უნდა ვახსენოთ საკიდრის დინამიკური სვლა, რაც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ მანქანის მონაცემები სახსრული შეუღლების გარეშე. მაგალითად, წინა კოპრუსის თვლებს, ვერტიკალურ სიბრტყეში, 300 მილიმეტრით გადაადგილება შეეძლო. ეს მაჩვენებელი უკანა კორპუსის თვლებისთვის 670 მილიმეტრს უდრიდა. შეგახსენებთ რომ, სახსრული გადამბვის გამოყენების წყალობით, წინა თვლებს 920 მილიმეტრი სიმაღლის ვერტიკალურ კედელზე ასვლა შეეძლოთ, რაც თვითონ თვალის სვლასთან შედარებით სამჯერ მეტია.
Twister-ის პირველი პროტოტიპი, თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, შედარებით კომპაქტური და მსუბუქი გამოვიდა. მისი სიგრძე 4,85მ-ს, სიგანე 2,57მ-ს, სიმაღლე 2მ-ს, ხოლო აღჭურვილი წონა 5,2 ტონას უდრიდა. გამოცდებზე პროტოტიპმა 90კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
დახურულკაბინიანი პროტოტიპი უფრო მსხვილი და მძიმე გამოვიდა. მისი სიგრძე 5,56მ-ს, სიგანე 2,63მ-ს, სიმაღლე 2,05მ-ს ხოლო აღჭურვილი წონა 7,5 ტონამდე გაიზარდა. უფრო მძლავრი ძალური დანადგარი მას 105კმ/სთ სიჩქარის განვითარების შესაძლებლობას აძლევდა.
შეჯავშნული ვარიანტი, სახელწოდებით XM 808, წინა პროტოტიპზე 310 მილიმეტრით მაღალი იყო, ხოლო მისი წონა 9,75 ტონამდე გაიზარდა. მაქსიმალური სიჩქარე 95კმ/სთ-მდე შემცირდა, ხოლო სვლის მარაგი საწვავის მიხედვით 360 კილომეტრით განისაზღვრა.
მანქანის მცურავი ვარიანტს, გადაკეთებულ XM 808 წარმოადგენდა. მის კიჩოში დაგეგმილი იყო წყალმტყორცნი მაძრავის დაყენება, რომლის დახმარებითაც მანქანის ცურვის სიჩქარე 10კმ/სთ გაუტოლდებოდა. ცურვადობის გაზრდის მიზნით, ორივე კორპუსი სპეციალური, დასაკიდი ტივტივებით უნდა აღჭურვილიყო. შეუღლეუბლი მანქანის მაღალი გამავლობა უზრუნველყოფდა 40% რბილ და 60% მყარზედაპირიან ნაპირზე უპრობლემოდ ამოსვლას.
საბრძლო XM 808-ზე, ეკიპაჟის სახურავზე, სარქველის გვერდით, დამონტაჟებული იყო დისტანციურად მართვადი ტურელი. მანქანის ძირითად შეიარაღებას 20 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი M139 წარმოადგენდა. თუმცაღა შემკვეთის სურვლის მიხედვით შესაძლებელი იყო სხვადასხვა ტიპის შეიარაღების დაყენებაც. 
Twister-ის ოჯახობის სხვადასხვა მანქანების გამოცდები სამოციანი წლების ბოლოსთვის დაიწყო და სამოცდაათიანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა. ტრადიციულ მანქანებთან შედარებით, ახალი ტექნიკის ყველა პროტოტიპი აშკარად უჩვენებდა უპირატესობას გამავლობაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ, ამ ტიპის ტექნიკისთვის დამახასიათებელი ხარვეზების მთელი სპექტრიც წარმოაჩინეს. „კლასიკურ“, ერთიან კორპუსთან შედარებით, შეუღლებული სისტემა და განსაკუთრებით ამძრავებიანი სახსარი, როგორც დამზადებაში ასევე ექსპულატაციაში, საგრძნობლად რთული იყო. დადებითი და უარყოფითი მხარეების ერთიანობამ გამოიწვია ის რომ, პენტაგონმა არ ისურვა სამუშაოების გაგრძელების და რვასაბურავიანი Twister-ების წარმოების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.
Twister 6х6 – XM 806

რვათვლიანი, შეუღლებული, პერსპექტიული საბრძოლო მანქანის შექმნის პროექტი წარუმატებელი გამოდგა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისგან მიღებული გამოცდილება არ დაკარგულა და ის უკვე 1972 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ახალი ტექნიკისს შესაქმნელად იქნა გამოყენებული. XM 806 სახელწოდების მქონე მანქანა კონკურს ASRV-ეზე (Armored Reconnaissance Scout Vehicle) იქნა წარდგენილი.
პროგრამა ASRV-ეს მიზანს, არმიისთვის და საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის, პერსპექტიული სადაზვერვო ჯავშანმანქანის შექმნა წარმოადგენდა. პროგრამის მთავარ თავისებურებას მაძრავის ტიპში შეზღუდვის არ არსებობა წარმოადგენდა. განსახილველად მიიღებოდა როგორც მუხლუხებიანი, ასევე საბურავებიანი ტექნიკის პროექტები. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადი აშშ-ს რამდენიმე წამყვანმა კომპანიამ გააკეთა. 1972 წლის მაისისთვის უკვე გაირკვა ფინალისტთა ვინაობა. კონკურსის საუკეთესო მუხლუხოიანი მანქანა კომპანია FMC ქმნილება იყო, ხოლო საუკეთესო საბურავებიან მანქანად Lockheed-ის Twister აღიარეს. კონკურსში გამარჯვებულებმა ოთხ-ოთხი საცდელი პროტოტიპის აწყობის ხელშეკრულება მიიღეს.
მანქანა XM 806, შემკვეთის მოთხოვნების თანახმად, XM 808-ს სერიოზულად გადაკეთებულ ვარიანტს წარმოადგენდა. საბაზისო მანქანისგან ძირითადი განსხვავება - ეს დამოკლებული წინა კორპუსი იყო. მოთხოვნის შესრულების მიზნით, წინა კორპუსი შეამცირეს, რის შედეგადაც მასზე დამოუკიდებელ საკიდრიანი თვლების მხოლოდ ერთი წყვილი დარჩა. ამას გარდა წინა კორპუსიდან ძრავაც ამოიღეს და მხოლოდ ტრანსმისიის აგრეგატები დატოვეს. უკანა კორპუსის ძირითადი გათანწყობა უცვლელი დარჩა. სახსარი, მანქანის კიჩოში მდებარე ძრავისა და წინა თვლების დამაკავშირებელი, კარდანის ლილვის გამოსაყენებლად გადააკეთდა.
უკანა კორპუსის კიჩოში, 280 ცხენისძალიანი, Detroit Diesel GM6V53AT-ს ტიპის, დიზელის ძრავა იყო განთავსებული. თვლებზე ბრუნვითი მომენტის გადასაცემად, Allison МТ650-ის ტიპის (ოთხი გადაცემა წინ და ორი უკან), გადაცემათა ავტომატური კოლოფი გამოიყენებოდა. მანქანა XM 806-ის ძირითადი მახასიათებლები, საბაზისო XM 808-ს პარამეტრების დონეზე უნდა დარჩენილიყო. წყალზე გადაადგილებისთვის, კორპუსის კიჩოზე, ორი წყალმტყორცნი მაძრავის დაყენება იყო გათვალისწინებული.
უკანა კორპუსში ეკიპაჟის სამი წევრის სამუშაო ადგილები იყო განთავსებული. წინა ნაწილში, კორპუსის გრძივი ღერძის მარცხნივ, მძღოლ-მექანიკოსის სამუშაო ადგილი განათავსეს. ექვსთვლიან Twister-ზე, გარმოზე დასაკვირვებლად, წინამორბედისგან განსხვავებით,  უარი ითქვა ფართო შუშებიანი კაბინის გამოყენებაზე. ამგვარად მძღოლის თავსზემოთ, 180°-იანი ხედვის არის მქონე სადამკვირვებლო ხელსაწყოებით აღჭურვილი მცირე კოშკურა დააყენეს. დაგეგმილი იყო ღამე ხედვის ხელსაწყოების გამოყენებაც. მძღოლო თავის ადგილზე ბორტებზე მდებარე ორი კარებიდან, ერთ-ერთის გავლით ხვდებოდა.
უკანა კორპუსის სახურავის ცენტრში, შეიარაღების მქონე, ორადგილიანი კოშკურა დამონტაჟდა. ძირითად შეიარაღებად, 500 ჭურვიანი საბრძოლო მარაგით უზრუნველყოფილი, ავტომატური ქვემეხი M139 რჩებოდა. ამას გარდა კოშკურაზე, 2000 ტყვიით უზრუნველყოფილი, M60-ის ტიპის ტყვიამფრქვევით აღჭურვილი ტურელი ეყენა. შედარებით მცირე ზომების მიუხედავად, კოშკურა არა მარტო შეიარაღებას, არამედ მეთაურსა და მემიზნესაც იტევდა. მეთაური ქვემეხის სახაზინო ნაწილის მარცხნივ, ხოლო მემიზნე - მარჯვნივ იყო განთავსებული. კოშკურის სამუშაო ადგილები სათვალთვალო და სამიზნე ხელსაწყოებით იყო აღჭურვილი. კერძოდ, მემიზნეს შეეძლო ლაზერული მანძილმზომით აღჭურვილი, კომბინირებული (დღისა და ღამის)სამიზნის გამოყენება.
საბრძოლო სადაზვერვო მანქანა XM 806-მა, ჯარებში მისი მოსალოდნელი სპეციფიკური სამუშაოდან გამომდინარე, სპეციალური აღჭურვილობის ნაკრები მიიღო. გათვალისწინებული იყოქიმიური და რადიაციული დაცვის სისტემები, სანავიგაციო კომპლექსი, რადიოსადგური, და ასევე სახმელეთო სამიზნეების მოსაძებნად განკუთვნილი, AN/PPS-15 ტიპის, რადიოლოკაციური სადგური.
XM 806 Twister-მა გამოცდებზე გამოსვლა და თავისი მახასიათებლების დემონსტირების მოხდენა მოასწრო. მიუხედავად ამისა, ამ ტექნიკის გამოცდები მალევე შეწყდა. შემკვეთმა, სამხედრო უწყების სახით, მთელი რიგი მიზეზების გამო პროგრამა ASRV-ს მიმართ ინტერესი დაკარგა, რასაც პროეტქის დახურვა მოჰყვა. კომპანია Lockheed-ის XM 806 და ფირმა FMC-ის მუხლუხებიანი მანქანა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.


*** 

ტექნიკური გადაწყვეტილებების გამოყენების მხრივ საკმაოდ დიდ ინტერეს იწვევს კომპანია Lockheed-ის პროექტი Twister. ამერიკელმა სპეციალისტებმა კორპუსის ორიგინალური კონტრუქციისა და არასტანდარტული სავალი ნაწილის გამოყენებით, გააუმჯობესეს მანქანაის მახასიათებლები. რის შედეგადაც მოხერხდა უნიკალურად მაღალი გამავლობის შედეგების მიღწევა: წინა თვლების 300 მილიმეტრიანი სვლის ფარგლებში მანქანას 900 მილიმეტრიან ვერტიკალურ წინაღობაზე გადავლა ძალუძდა. ამგვარად Twister-ის ოჯახობის მანქანები, თვლიანი ჯავშანტექნიკისთვის დამახასიათებელი, მთელი რიგ  უარყოფითი მხარეების არქონით გამოირჩეოდა.
მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჯავშანმანქანების, XM 808-ისა და XM 806-ის უარყოფითი მხარეებიც. ამ პროექტების მთავარი პრობლემა კონსტრუქციის სირთულეში იმალებოდა, რომლის ძირითადი ელემენტსაც სახსრული კვანძი და მისი მართვის სისტემა წარმოადგენდა. ამ აგრეგატზე დიდი დათვირთვები მოდიოდა, რაც გამოყენებული დეტალებისადმი სიმყარის განსაკუთრებულ მოთხოვნებს აყენებდა. Twister-ის ორივე ვარიანტის ძალური დანადგარი და ტრანსმისია წარმოებაში და ექსპულატაციაში ასევე არ ითვლეობდა მარტივად. რვათვლიანი მანქანა ერთდროულად ორი ძრავით, თვითოეული საკუთარი ტრანსმისიით, იყო აღჭურვილი. ექვსთვლიან მანქანას თავის მხრივ ერთი ძრავა და საკმაოდ რთული ტრანსმისია გააჩნდა, რომელიც ძრავის სიმძლავრეს უკანა კორპუსიდან წინა კორპუსის აგრეგატებზე გადასცემდა. კარდნის ლილვი სახსრის კვანძის გავლით გადიოდა წინა კორპუსში და ამით მხოლოდ ართულებდა კონსტრუქციას.
ორივე შეუღლებული მანქანის სუსტ ადგილად კორპუსებში თავისუფალი ადგილის სიმცირეც სახელდებოდა, რაც ეკიპაჟისა და შეიარაღების განთავსებას საკმაოდ დიდ შეზღუდვებს უწესებდა. როგორც ჩანს XM 806-ის ორადგილიანი კოშკურა, შიდა სივრცის გათვალისწინებით, კორპუსის შესაძლებლობების ზღვარზე იქნა აწყობილი. ამგვარად Twister-ის შასიზე მხოლოდ მცირეეკიპაჟიანი და სუსტი შეიარაღების მქონე მანქანების შექმნა იყო შესაძლებელი. ჯავშანტრანსპორტიორისა ან სხვა მსხვილი ტექნიკის შექმნაზე საუბარიც კი ზედმეტია.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, Twister-ის პროგრამაზე, და პირველ რიგში მანქანაის ექვსთვლიანი ვარიანტზე, მუშაობის შეწყვეტა ტექნიკური პრობლემების გამო არ მომხდარა. სამხედროებმა პროგრამა ASRV-ს შეჩერბა სხვა პროექტების სასარგებლოდ გადაწყვიტეს. პროექტ Twister-ის წარუმატებლობა კომპანია Lockheed-ის მომავლის გეგმებზეც აისახა. მანქანა XM 806-ზე მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, ამ ფირმას სახმელეთო ტექნიკის შექმნაზე აღარ უმუშავია და თავისი ყურადღების კონცენტრაცია საავიაციო, სარაკეტო, კოსმოსურ და სხვა ამდაგვარ პროექტებზე გაამახვილა. ხოლო Twister-ის პროტოტიპის რამდენიმე მანქანა ამერიკულ მუზეუმებს გადაეცა, სადაც მათი ნახვა დღესაც შეიძლება.



წყარო:

რუსეთის არმია БМПТ "Терминатор"-ებს მიიღებს


ნიჟნეტაგილში მდებარე „ურალვაგონზავოდი“ (Уралвагонзавод) ტანკების მხარდაჭერის საბრძოლო მანქანა БМПТ-ეს, რომელიც ასევე ცნობილია სახელით „ტერმინატორი“ (საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო „Рамка-99“-ის ფარგლებში შექმნილი მანქანა, ქარხნული ინდექსი Объект-199), სერიული წარმოებისთვის ემზადება. ამ მომენტისთვის საწარმოში, ახალი მანქანების ექსპულატაციის შესწავლის მიზნით უკვე მივიდა ათამდე სამხედრო მოსამსახურე. ორი კვირის მანძილზე, БМПТ-ეს მოწყობილობების შესახებ, სერჟანტები თეორიულ კურსს გადიოდნენ და ახლა უშუალოდ საკონსტრუქციო ბიუროში მანქანის მატერიალური ნაწილის გაცნობით არიან დაკავებულები.

შესყიდვების დაწყება 2018 წლიდანაა მოსალოდნელოი. ამჟამად შეკვეთილი მანქანების რაოდენობა უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს 10 ცალზე ნაკლები არ იქნება.

БМПТ-ეს კომპლექტაცია ყაზახეთისთვის მიყიდული მანქანების ანალოგიური იქნება. მანქანის ეკიპაჟი 5 კაცისგან შესდგება და მისი შეიარაღება შემდეგნაირად გამოიყურება: 4 რაკეტა „Атака-Т“ (Штурм-СМ), 2 ცალი 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი 2А42,  7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი ПКТ და მუხლუხებსზედა თაროებზე განლაგებული 2 ცალი 30 მილიმეტრიანი ავტომატური ყუმბარმტყორცნი АГ-17Д.

БМПТ-ეს ამგვარი ვარიანტის არჩევანი მანქანის მიერ სახელმწიფო გამოცდების გავლამ და მასზე სათანადო პირობით შესაბამისი ლიტერის საკონსტრუქციო დოკუმენტაციის გაფორმებითაა განპირობებული. მისგან განსხვავებით, უფრო თანამედროვე და იაფ БМПТ-72 "Терминатор-2"-ს, ჯერ სახელმწიფო გამოცდები არ გაუვლია და შესაბამისად ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის არც კი არსებობს. ამასთან არაა გამორიცხული, რომ БМПТ-ეს ცსმ-ი თბოხედვის ხელსაწყოთი აღჭურვილი სამეთაურო პანორამის დაყენებით იქნას მოდერნიზირებული.

БМПТ-ს შექმნა, ჩეჩნეთის საბრძოლო გამოცდილებაზე დაყრდნობით 1998-99 წლებში დაიწყო. 2006 წელს მანქანამ სახელმწიფო გამოცდები დაასრულა და ის სერიული წარმოებისთვის იქნა რეკომენდირებული, რომელიც 2010 წლისათვის უნდა დაწყებულიყო. გამოცდებისთვის БМПТ-ეს ორი ეგზემპლიარი აიწყო, აქედან ერთ-ერთმა რეალური საცეცხლე გამოცდების, ნაღმზე და ფუგასებზე აფეთქების შედეგად მაღალი სიცოცხლისუნარიანობა უჩვენა. სახელმწიფო შეკვეთის მოლოდინში, „ურალვაგონზავოდზე“ პირველი სამი სერიული მანქანის კორპუსების აწყობა დაიწყეს, თუმცაღა მინისტრ ა. სერდიუკოვის გადაწყვეტილებით, პროგრამა დაიხურა. ამგვარი მოქმედების ერთ-ერთი მოტივატორი, БМПТ-ეს ბაზად გამოყენებული Т-90А-ს თითქოსდა მოძველება დასახელდა, რის შესახებაც განცხადება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვ. პოპოვკინმა გაკეთა. დაწყებული სამი მანქანა 2010-2012 წლებში ყაზახეთის რესპუბლიკის არმიისთვის იქნა დასრულებული.



ამჟამად, БМПТ-ეს ერთადერთი არსებული საცდელი ეგზემპლიარი, კაპიტალური რემონტისთვის დაშლილ მდგომარეობაში იმყოფება. რემონტის დასრულების შემდეგ ის სერიული მანქანის იერსახეს მიიღებს. როგორც ცნობილია, მის აწყობის მომენტს, კონსტრუქციის უკეთ შესწავლის მიზნით, УВЗ-ზე ჩამოსული სამხედროებიც დაესწრებიან. საკუთარ სამხედრო ნაწილში დაბრუნების შემდეგ, აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები, ცოდნის გამრავლებით დაკავდებიან.

БМПТ-ეს რუსეთის არმიის შეიარაღებაზე მიღების გადაწყვეტილება „სირიის“ გამოცდილების ანალიზს ეყრდნობა. სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა აშკარად უჩვენეს, კონტრ-ტერორისტულ ოპერაციებზე „ალესილი“, სპეციალიზირებული მანქანის არსებობის აუცილებლობა.

ტამანის დივიზიისთვის გადაცემული БМПТ-ეს პირველი ეგზემპლიარები, მომდევნო 2018 ან 2019 წლებში, გამარჯვების აღლუმზე ჩამოივლიან, ხოლო შემდეგ სავარაუდოდ სირიაში, ჰმეიმის ბაზაზეც გამოჩნდებიან.

წყარო:

Tuesday, June 20, 2017

ხო გეუბნებოდი გაფრინდებიანთქო - აბა თქვი Т-90А

ამბობენ სირიაში ეკიპაჟის მიერ მიტოვებული და შემდეგ დამწვარი Т-90А-ს კოშკურააო, ჩამოტაილი და სადღაც რუსეთში რომელიღაცა პოლიგონზე განთავსებულიო (ვითომდა ანექსირებულ ყირიმში მდებარე პოლიგონი ოპუკიაო). თუმცა ის ფაქტი რო კოშკურა გაფრინდა აშკარაა (დეტალები უცნობია), ასევე ჩანს რომ მთელი აპარატურა, სამიზნეები, ოპტიკური გადამწოდები და დინამიკური დაცვა დემონტირებულია. თუმცა ასევე არაა გამორიცხული რომ სადმე რაიმე გამოცდების შედეგი იყოს, ან სულაც რუსეთში ეკიპაჟმა უსაფრთხოების ნორმები დაარღვია.

Saturday, June 17, 2017

საბერძნეთის სატანკო ტენდერის მცირე მიმოხილვა


საბერძნეთის არმიის ახალი ტანკის პროგრამის ქრონოლოგია შემდეგნაირად გამოიყურება:
  • 1996 წელი: დაიწყო და დასრულდა საბერძნეთის არმიაში „თანამედროვე ტექნოლოგიის ახალი ტანკის არსებობის აუცილებლობის კვლევა“
  • 1996 წლის დეკემბერი: უმაღლესი სამხედრო საბჭოს მიერ ახალი ტანკის აუცილებლობის კვლევის დამტკიცება.
  • 1998 წლის იანვარი: საბერძნეთის არმიის თანამედროვე ტანკის ტექნიკურ-ტაქტიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება.
  • 1998 წლის 26 თებერვალი: უმაღლესი სამხედრო საბჭოს მიერ ახალი ტანკის ტექნიკურ-ტაქტიკური მოთხოვნების დამტკიცება.
  • 1998 წლის 3 აგვისტო: გამოცდებზე მსოფლიო მაშტაბით ტანკების 8 მწარმოებელი იქნა მოწვეული (იტალიური Ariete, ბრიტანული Challenger-2E, ფრანგული Leclerc, გერმანული Leopard-2A5S, ებრაული Merkava Mk-III, ამერიკული M1A2 Abrams, რუსული Т-80У და უკრაინული Т-84) რვიდან ორმა, იტალიელებმა და ებრაელებმა, მიზეზთა გამო კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
  • 1998 წლის 14 ოქტომბრიდან 18 დეკემბრამდე: საბერძნეთში, ლიტოხოროს პოლიგონზე ექვსი ტანკის ოპერატიული გამოცდები მიმდინარეობდა.
  • 1999 წლის 15 თებერვალი: საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს კომისიის დასკვნა წარუდგინეს.
  • 1999 წლის 5 ოქტომბერი: 24 ცალი საევაკუაციო მანქანის, 12 ხიდგამდები მანქანის, 12 სასწავლო კორპუსის, 12 სასწავლო კოშკურის, 246 ცალი თანამედროვე ტექნოლოგიის ახალი ტანკის და სხვა სასწავლო საშუალებების შესაძენად „დაინტერესების მოთხოვნის“ (RFI: Request for Information) ოფიციალური წარდგენა.
  • 1999 წლის 15 ნოემბერი: ექვსმა მონაწილე კომპანიამ საბერძნეთის RFI-ს საპასუხოდ ტექნოლოგიური შემოთავაზებისა და ეკონომიკური ფასდაკლების წარდგენა მოახდინა.
  • 2001 წლის 4 იანვარი: საბერძნეთის არმიის „შეიარაღების გენერალურმა სამმართველომ“ მონაწილე კომპანიებს BAOF (Best and Final Offer) მოსთხოვა.
  • 2001 წლის 19 იანვარი: ექვსმა კომპანიამ BAOF წარადგინა.
  • 2001 წლის იანვრის ბოლო: ბერძნულმა მხარემ მწარმოებლებს მოსთხოვა წარმოდგენილი ტანკების ყველაზე თანამედროვე გასაყიდი მოდიფიკაციები, მათი ფასები და საბოლოო ეკონომიკური მაჩვენებლები. ფასდაკლების მესამე ჯერზე პროგრამის მთლიანი ღირებულება საგრძნობლად შემცირდა.
  • 2002 წლის 1 მარტი: ბერძნულმა მხარემ 170 ცალი Leo-2-ის შეძენა გადაწყვიტა.
  • 2003 წლის 1 მარტი: საბერძნეთსა და KMW-ს შორის ხელი მოეწერა ტანკების ყიდვის ხელშეკრულებას.
  • 2008 წლის 30 მარტი: საბერძნეთში, ქსანთის პეტროხოროში, XXV სატანკო ბრიგადის ბაზაზე Leo-2HEL ოფიციალურად იქნა მიღებული ქვეყნის არმიის შეიარაღებაში.

პროგრამის დაწყებისთვის (1996 წელს) საბერძნეთის არმიაში 1735 მოქმედი ტანკი ირიცხებოდა. ეს CEF-ის მიერ ნებადართული მაქსიმუმი იყო. მთლიანად სატანკო პარკის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
  • M-60A3 – 312
  • M-60A1 – 357
  • M-48A5MOLF – 395
  • M-48A3MOLF – 400
  • M-48A5 - 304
  • M-48A3 – 11
  • Leo-1GR – 105
  • Leo-1V – 170
  • Leo-1A5 – 77

თურქეთის არმიას იმ დროისთვის შემდეგი სატანკო პარკი გააჩნდა:
  • M-60A3 – 658
  • M-60A1 – 164
  • M-48A5T2 – 760
  • M-48A5T1 (მსუბუქად გაუმჯობესებული M-48A5) – 1560
  • M-48A5T5 – 183
  • Leo-1T1 (ანუ გაუმჯობესებული Leo-1A3, რომელიც ბერძნული Leo-1GR საპირწონე იყო) - 227
  • Leo-1T2 (ანუ Leo-1A1A4) – 170

P.S. მთლიანობაში თურქეთს CEF-ის შეთანხმების ზონაში (ATTU ზონა) ნებადართული ჰქონდა 2795 ტანკის ყოლა. ამ ზონის გარეთ, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ნებისმიერი რაოდენობის ტანკების ყოლა შეეძლო. 

ბერძნების მიერ განხორციელებული სატანკო შესყიდვა 1 959 824 581 (თითქმის ორი მილიარდი) ევრო დაჯდა. აქედან მწარმოებელს ტექნიკის და საწარმოო ხაზის მოწყობის საფასურად 1 659 000 000 ევრო გადაეცა, დანარჩენის სხვადასხვა გადასახადებში და ფინანსურ ოპერაციებში წავიდა. აღნიშნულ თანხაში ბერძნულმა მხარემ 170 Leo-2A6-ის გარდა შეიძინა 183 ცალი Leo-2A4 (თითო 50 000 ევროდ) და საჩუქრად მიიღო 150 ცალი Leo-1Α5.

რა მოხდა 1998 წლის შემოდგომაზე ლიტოხოროს პოლიგონზე

 - მსოფლიოს ექვსი საუკეთესო ტანკი პირველად შეეჯიბრა ერთმანეთს. ამას გარდა ტანკმშენებლობის აღმოსავლური და დასავლური სკოლებიც ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ.

გამოცდების მიზანს ტექნიკის მონაცემების რეალურ-ოპერატიულ პირობებში შემოწმება წარმოადგენდა. რაც როგორც წესი მწარმოებლის რეკლამას ხშირად არ ემთხვევა. უნდა გაზომილიყო ისეთი მონაცემები, როგორებიცაა - აჩქარება, მაქსიმალური სიჩქარე, სვლის მარაგი, სტაბილიზაციის ხარისხი და სხვა.

სვლის მარაგი - შემოწმდა დიდ დისტანციაზე, ლიტოხოროდან პოლიკასტრომდე არსებულ გზაზე და მოიცავდა შერეულ სავალ ნაწილს  (ასვალტი და გრუნტი). ყველა ტანკი ბერძნული საწვავით ერთდროულად გამართეს, კოლონაში ჩააყენეს და გზას გაუყენეს. მიზანს ტანკების საწვავის გამომუშავებამდე სვლა წარმოადგენდა. შედეგად იმ რიგით, რომელითაც ტანკები დადგნენ, მათი შეფასებაც მოხდა. საწვავის გამომუშავების შემდეგ პირველი გზაზე M1A2 დადგა, ეს გასაგებიცაა, მისი აირტურბინა კლასიკურ დიზელებთან შედარებით დიდი რაოდენობით საწვავს წვავს. ტანკის მიერ გავლილი მანძილი ან კი იყო დანარჩენებთან შედარებით მცირე, მაგრამ მწარმოებლის მიერ გაცხადებულზე მეტი მაინც გამოდგა. საუკეთესო მაჩვენებელი ფრანგულ Leclerc-ს ჰქონდა, რომელიც... „გაჩერებას არ აპირებდა“. ეს მისი მცირე წონის (სხვა დასავლურ ტანკებთან შედარებით 10 ტონით მსუბუქი) და იმ დროისათვის ზეთანამედროვე 1500 ცხენისძალიანი დიზელის ძრავა MTU MB-883-ის დამსახურებაა, აღნიშნულ ძრავას, Leo-2-ზე დაყენებულ MTU MB-873-თან შედარებით, დაბალი წვა ახასიეთებს. ფრანგული ტანკის ანალოგიური ძრავა ეყენა ბრიტანულ Challenger-2E-ზეც, მაგრამ მისი მძიმე წონა სვლის მარაგს ამცირებდა.

GIAT-ის გუნდი ტანკ Leclerc-ს გამოცდებზე გასასვლელად ამზადებს

60% აღმართი ყველა მონაწილისთვის საშინელ გამოცდას წარმოადგენდა. ტანკები აღმართზე უსაფრთხოდ უნდა ასულიყვნენ და ჩამოსულიყვნენ და ამას გარდა შუა გზაში უნდა გაჩერებულიყვნენ, ძრავა ჩაექროთ, შემდეგ დაექოქათ და წინ ან უკან დაგორების გარეშე დაძრულიყვნენ. წინაღობა იდეალურად გაიარა Leclerc-მა, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს  M1A2-მა და Leo-2A5S-მა, დანარჩენ სამ მონაწილეს წინაღობის დაძლევაში პრობლემები ჰქონდათ.

ტანკ Leclerc-ის და Т-80У-ს მიერ 60% ზედაპირის გავლის მომენტი. დააკვირდით რუსული ტანკის მუხლუხებიზ ზაყრდენი ზედაპირის უმეტესი ნაწილი ბეტონს არ ეხება

Challenger-2E და Т-80У სანგრის გადალახვის მომენტში

Challenger-2E-მ  ვერტიკალური წინაღობის გავლის მომენტში თითქმის მთელი რეზინის სატერფულები დაკარგა

აბსოლიტური გამოცდა მაინც დღისა და ღამის სროლები გამოდგა. ლიტოხოროს პოლიგონის უსწორმასწორო გრუნტი სტაბილიზატორისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ტანკებს არასწორ რელიეფზე მოძრაობისას დაშვებულ სიჩქარეზე მეტი სიჩქარით უნდა ემოძრავათ. აღნიშნულ ტესტში აღმოსავლეთის ტანკებმა საგრძნობი ჩამორჩენა უჩვენეს. დასავლეთის ტანკებიდან საუკეთესი გერმანული Leo-2A5S იყო, რომელმაც სროლებში იდეალური შედეგი უჩვენა, რაც სტაბილიზატორისა და ცეცხლის მართვის სისტემის იდეალურად მუშაობის დამსახურებაა. Leopard-თან ძალიან ახლოს იყო M1A2, მესამე და მეოთხე ადგილები შესაბამისად Leclerc-მა და Challenger-2E-მ გაინაწილეს.

M1A2-ისთვის განკუთვნილი M-865 ტიპის პრაქტიკული გასროლების პალეტი და მათი ტაკში ჩატვირთვის მომენტი

Leclerc-ის ქვეკალიბრული ჭურვების პალეტი და ჭურვების ჩატვირთვის მომენტი ავტომატურ დამტენში

სავალი ნაწილის შემოწმება შემდეგნაირად მოხდა - წარმომადგენლები გააფრთხილეს რომ ტანკები იდეალურ მდგომარეობაში მოეყვანათ და ტესტისთვის მოემზადებინათ. ჰორიზონტალურ ასვალტიან გზაზე ტანკები მაქსიმალური სიჩქარის განვითარების შემდეგ მხოლოდ მუხრუჭის დახმარებით უნდა გაჩერებულიყვნენ და ისევ დაძრულიყვნენ. ეს ექსტრემალური დამუხრუჭება მანქანებს ათჯერ უნდა გაემეორებინათ. უკრაინულმა და რუსულმა ტანკებმა აღნიშნული ტესტი ბოლომდე ვერ შეასრულეს, დასავლური ტანკებიდან პირველი, მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად Leclerc-მა, Leo-2A5S-მა და M1A2-მა გაინაწილეს.


ტანკების საბოლოო შეფასება

კონკურსში მონაწილე ტანკები მთლიანობაში შემდეგნაირად შეფასდა:
   სხვებთან შედარებით Leopard-2A5S წინიდან ყველაზე კარგად დაცული იყო და იყო ერთადერთი, რომელის კოშკურის ზედა მხარის დაცვაზეც მწარმოებელს სერიოზულად ჰქონდა ნაფიქრი. საცეცხლე გამოცდებზე იდეალური შედეგი უჩვენა, იყო საკმაოდ საიმედო და ეკიპაჟისთვის კომფორტული და ერგონომიული.
   M1A2 Abrams ჯავშნის მხრივ მეორე საუკეთესო იყო. ამერიკელები ბერძნებს ტანკს „გაღარიბებული ურანის“ (Depleted Uranium) ჯავშნის გარეშე სთავაზობდნენ (DU ჯავშნის ექსპორტი დღესაც აკრძალულია). ტანკი საკამაოდ ზუსტი გამოდგა და ეკიპაჟისთვის განსაკუთრებული ერგონომიით გამოირჩეოდა. მანქანა იყო საიმედო და ტესტებზე მხოლოდ ერთი ძირითადი მინუსი აღმოაჩნდა - ეს მისი აირტურბინული ძრავა იყო, რომელიც საწვავს დიდი ყლუპებით ყლაპავდა. 
 Leclerc-მა, რომელიც ფრანგების მიერ რამდენიმე წლით ადრე, გაერთიანებული არაბული ემირატებისთვის შეთავაზებული ვარიანტისგან მცირედით განსხვავდებოდა, ორმაგი შთაბეჭდილება დატოვა: იდეალური კორპუსი და ძალური დანადგარი (ანუ გერმანული ფირმების, RENK-ისა და MTU-ს, ბოლო თაობის დიზელის ძრავა და სიჩქარეთა კოლოფი, ეგრეთ წოდებული Europack), შესანიშნავი ჰიდროპნევმატური საკიდარი და მონაწილეთა შორის წონა-სიმძლავრის საუკეთესო შეფარდება. ეს ყველაფერი მას განსაკუთრებით სწრაფსა და მოქნილს ხდიდა და ამ ყველაფერთან ერთად საწვავის დაბალი წვით გამოირჩეოდა. ჯავშნის მხრივ, წინა ორ დასავლურ ტანკთან შედარებით, უფრო სუსტად გამოიყურებოდა (Leo-2A5S და M1A2 ამ კუთხით ყოველთვის გამოირჩეოდნენ), თუმცაღა მისი წონის გათვალისწინებით მისი დაცვა ალბათ ძალიან მაღალ დონეზე იყო. კოშკურა, სრულიად ავტომატიზირებული დამტენით, ძაან მეწინავე ინოვაციას სთავაზობდა მომხმარებელს, თუმცა პრაქტიკაში სრულიად ავტომატური მუშაობის რეჟიმში მოლოდინი ვერ გაამართლა და გამუდმებით იჭედებოდა და ფუჭდებოდა. მეორეს მხრივ ტანკი ეკიპაჟის ერგონომიულობითაც არ გამოირჩეოდა (ძირითადად არსებული სივრცის სიმცირის გამო), ამავე მიზეზით პრობლემატური იყო შეიარაღების, მაგალითად შეწყვილებული ტყვიამფრქვევის, მომსახურება. სიზუსტის მხრივ თავი კარგად, მაგრამ არა საუკეთესოდ, წარმოაჩინა. 
   Challenger-2E მთლიანად უარყოფითი სიურპრიზი გამოდგა. მიუხედავად იმისა რომ, კონკურსზე წარმოდგენილი ვარიანტი ფრანგული ტანკის ანალოგიური Europack-ის ტიპის ძალური დანადგარით იყო აღჭურვილი, მაღალ სიჩქარეებზე გადართვისას ხშირად ფუჭდებოდა, რაც ძალური დანადგარიდან სავალ ნაწილზე ამძრაობის გადაცემის პრობლემების ბრალი იყო. სავარაუდოდ Challenger-2-ზე არსებული 1200 ცხენისძალიანი ძრავის 1500 ცხენისძალიანის ძრავით შეცვლისას არ მოხდა კინეტიკური სქემის სათანადო შესწავლა და ძრავაზე მორგება, რაც მანქანის სავალი ნაწილის მწყობრიდან ხშირ გამოსვლას იწვევდა. ასევე უარყოფითი სიურპრიზი იყო მისი გარეკლამებული ჯავშანაიც. მანქანა დიდი წონით და Leo-2A5S და M1A2-თან შედარებით სუსტი ჯავშნით გამოირჩეოდა, თვით 10 ტონით მსუბუქი Leclerc-იც კი თითქმის არ ჩამორჩებოდა ბრიტანულ ტანკს დაცვაში. 
მანქანა არც დიდი სიზუსტით არ გამოირჩეოდა, იყო ერთადერთი, რომელიც 120 მილიმეტრიანი კუთხვილი ლულით იყო აღჭურვილი და სამი ნაწილისგან შემდგარ გასროლებს მოიხმარდა (ჭურვი, მუხტი და ასაალებელი კაფსულა. ეს მაშინ როდესაც უკრაინელებიც და რუსებიც ორი ნაწილისგან, ჭურვისა და მუხტისაგან, შემდგარ გასროლებს მოიხმარენ და ბრიტანელებისგან განსხვავებით ამას ავტომატური დამტენით აკეთებენ). თუმცა მანქანას დადებითი მხარეც ჰქონდა: ის ხანგრძლივი სამხედრო გამოცდილების მქონე არმიის რიგებში მსახურობდა და იყო ერთადერთი, რომელსაც კოშკურაში ჰქონდა ტუალეტი და ტრადიციული ბრიტანული ჩაის მოსადუღებელი წყლის მადუღარა. 
   რუსული Т-80У საბჭოთა ტანკმშენებლობის სკოლის კლასიკური წარმომადგენელი იყო. მის ძირითად პრობლემას, იმ მომენტისთვის პროტოტიპის დონეზე არსებული, ნახევრადავტომატური სიჩქარეთა კოლოფი წარმოადგენდა, რომელიც ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. მანქანამ სიზუსტეში დაბალი შედეგები უჩვენა, ასევე დაბალი იყო ეკიპაჟის ერგონომიულობა. ამას გარდა, ორი სისტემა, რომელიც მწარმოებლის განცხადებით, მას დასავლურ ოპონენტებთან შედარებით წინ აყენებდა, ანუ ელექტრო-ოპტიკური ხარვეზების სისტემა და 6 კილომეტრზე მოქმედი ლაზერით მართვადი სატანკო რაკეტა, პრაქტიკაში არასაიმედო გამოდგა და მოსალოდნელი შედეგები ვერ უჩვენა. 
   უკრაინული Т-84-იც მთლიანობაში რუსული ტანკივით დახასიათდა, მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მინუსით, ის ორტაქტიანი დიზელის ძრავით, რომელიც გეგმიურად წვავდა ზეთს, და მექანიკური სიჩქარეთა კოლოფით იყო აღჭურვილი და რუსული მანქანისგან განსხვავებით საჭის ნაცვლად მართვის ბერკეტებით იმართებოდა. სწორედ ამიტომ ბერძნები ამ ტანკზე ხუმრობით ამბობდნენ „მის სამართავად სამი ხელია საჭიროო“ (მოსახვევში მძღოლ-მექანიკოსს სიჩქარის შეცვლა რო მოენდომებინა, ამას მხოლოდ მესამე ხელის არსებობის შემთხვევაში მოახერხებდა). ასევე აღსანიშნავია რომ მანქანა ეკიპაჟის გადაღლილობას იწვევდა - სვლის მარაგის შემოწმებისას დაღლილობის მიზეზით ბერძნული ეკიპაჟი უკრაინული ეკიპაჟით შეცვალეს.
1999 წლის იანვარში საბერძნეთის არმიის გენერალურ შტაბს კონკურსის შედეგები წარუდგინეს, ქულების მიხედვით ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
  1. Leopard-2A5S – 78,3
  2. M1A2 Abrams – 72,95
  3. Leclerc – 71,92
  4. Challenger-2E – 69,89
  5. Т-80У – 59,2
  6. Т-84 – 56,3
Challenger-2E ტენდერის უარყოფითი სიურპრიზი გამოდგა

გერმანული Leopard-2A5S და უკრაინული Т-84 (478ДУ2) ლიტოხოროს სატანკო პოლიგონზე

ლიტოხოროს პოლიგონი, საცეცხლე გამოცდების შედეგები - სამიზნე M-48

ქვეკალიბრული ფრთასხმული ჯავშანგამტანი ჭურვის კვალი M-48-ის კოშკურაზე

M-48-ს კორპუსზე მხებით გავლილი გერმანული ქვეკალიბრული DM-33

ქვედა ორ ფოტოზე Challenger-2E-ს კუთხვულულიანი ქვემეხის ნამუშევარი M-48-ს კოშკურაზე

ისევ M-48-ს კოშკურა და ამჯერად გამჭოლი ნახვრეტით  - ამერიკული 120მმ-ნი ქვეკალიბრული KE-W ნამუშევარი

M-48-ს კოშკურა. M1A12 ტიპის  ტანკის  M830A1 HEAT-MP-T კუმულაციური ჭურვის მიერ გაკეთებული ნახვრეტი

Challenger-2E-დან გაშვებული, HESH-ის ტიპის ჭურვის შედეგი M-48-ის კოშკურაზე. ან კი გახვრეტა არ მომხდარა, მაგრამ შიგნიდან იმხელა ფოლადის "დისკები" ააგლიჯა ტანკს რომ, ეკიპაჟს გადარჩენის შანსები ძალიან მცირე ჰქონდა (თუმცა ეს ხომ HESH-ის მუშაობის პრინციპია)

დამატებითი ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულზე - საბერძნეთის სატანკო ტენდერი ფოტოებში

დღის ფოტო - PT-91 და M1A1

პოლონური PT-91 და აშშ-ს საზღვაო ქვეითების M1A1 მრავალეროვნულ სწავლება SABER STRIKE-17-ზე

Friday, June 16, 2017

საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსი "Роман"

რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალებისთვის (ВДВ) განკუთვნილი საზენტიტო-სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსი  "Роман" . როგორც ცნობილია, ეს ამ მანქანის პირველი მეტ-ნაკლებად ხარისხიანი ფოტოსურათია. ცნობისთვის მანქანა 2А72 ტიპის, 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხითაა აღჭურვილი.