M48 + Leopard-2
Leopard-1 + AMX-30
Leopard-2 + Leclerc
M41 Walker Bulldog + Stingray
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
"ტანკის ღირებულების 65% ელექტრონიკაზე მოდის. ამასთან უნდა აღინიშნოს რომ მეთაურის პანორამული სამიზნე უფრო ძვირია, ვიდრე ტანკის ძრავა (14,3% და 11,2% შესაბამისად), მემიზნეს სამიზნე უფრო ძვირია ვიდრე ძირითადი შეიარაღება (5,6% და 4,1% შესაბამისად), ცეცხლის მართვის სისტემის გამომთვლელი მოწყობილობა უფრო ძვირია ვიდრე მთლიანი კოშურა შეიარაღების გარეშე (1,9% და 1,2% შესაბამისად)".
აღნიშნული პროგრამის შესახებ ბლოგზე ორი წლის წინ უკვე ვწერდი, იხილეთ სტატია ბმულზე - საფრანგეთი მოდერნიზირებული Leclerc-ების რაოდენობას ზრდის
- 1996 წელი: დაიწყო და დასრულდა საბერძნეთის არმიაში „თანამედროვე ტექნოლოგიის ახალი ტანკის არსებობის აუცილებლობის კვლევა“
- 1996 წლის დეკემბერი: უმაღლესი სამხედრო საბჭოს მიერ ახალი ტანკის აუცილებლობის კვლევის დამტკიცება.
- 1998 წლის იანვარი: საბერძნეთის არმიის თანამედროვე ტანკის ტექნიკურ-ტაქტიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება.
- 1998 წლის 26 თებერვალი: უმაღლესი სამხედრო საბჭოს მიერ ახალი ტანკის ტექნიკურ-ტაქტიკური მოთხოვნების დამტკიცება.
- 1998 წლის 3 აგვისტო: გამოცდებზე მსოფლიო მაშტაბით ტანკების 8 მწარმოებელი იქნა მოწვეული (იტალიური Ariete, ბრიტანული Challenger-2E, ფრანგული Leclerc, გერმანული Leopard-2A5S, ებრაული Merkava Mk-III, ამერიკული M1A2 Abrams, რუსული Т-80У და უკრაინული Т-84) რვიდან ორმა, იტალიელებმა და ებრაელებმა, მიზეზთა გამო კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
- 1998 წლის 14 ოქტომბრიდან 18 დეკემბრამდე: საბერძნეთში, ლიტოხოროს პოლიგონზე ექვსი ტანკის ოპერატიული გამოცდები მიმდინარეობდა.
- 1999 წლის 15 თებერვალი: საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს კომისიის დასკვნა წარუდგინეს.
- 1999 წლის 5 ოქტომბერი: 24 ცალი საევაკუაციო მანქანის, 12 ხიდგამდები მანქანის, 12 სასწავლო კორპუსის, 12 სასწავლო კოშკურის, 246 ცალი თანამედროვე ტექნოლოგიის ახალი ტანკის და სხვა სასწავლო საშუალებების შესაძენად „დაინტერესების მოთხოვნის“ (RFI: Request for Information) ოფიციალური წარდგენა.
- 1999 წლის 15 ნოემბერი: ექვსმა მონაწილე კომპანიამ საბერძნეთის RFI-ს საპასუხოდ ტექნოლოგიური შემოთავაზებისა და ეკონომიკური ფასდაკლების წარდგენა მოახდინა.
- 2001 წლის 4 იანვარი: საბერძნეთის არმიის „შეიარაღების გენერალურმა სამმართველომ“ მონაწილე კომპანიებს BAOF (Best and Final Offer) მოსთხოვა.
- 2001 წლის 19 იანვარი: ექვსმა კომპანიამ BAOF წარადგინა.
- 2001 წლის იანვრის ბოლო: ბერძნულმა მხარემ მწარმოებლებს მოსთხოვა წარმოდგენილი ტანკების ყველაზე თანამედროვე გასაყიდი მოდიფიკაციები, მათი ფასები და საბოლოო ეკონომიკური მაჩვენებლები. ფასდაკლების მესამე ჯერზე პროგრამის მთლიანი ღირებულება საგრძნობლად შემცირდა.
- 2002 წლის 1 მარტი: ბერძნულმა მხარემ 170 ცალი Leo-2-ის შეძენა გადაწყვიტა.
- 2003 წლის 1 მარტი: საბერძნეთსა და KMW-ს შორის ხელი მოეწერა ტანკების ყიდვის ხელშეკრულებას.
- 2008 წლის 30 მარტი: საბერძნეთში, ქსანთის პეტროხოროში, XXV სატანკო ბრიგადის ბაზაზე Leo-2HEL ოფიციალურად იქნა მიღებული ქვეყნის არმიის შეიარაღებაში.
P.S. მთლიანობაში თურქეთს CEF-ის შეთანხმების ზონაში (ATTU ზონა) ნებადართული ჰქონდა 2795 ტანკის ყოლა. ამ ზონის გარეთ, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ნებისმიერი რაოდენობის ტანკების ყოლა შეეძლო.

სხვებთან შედარებით Leopard-2A5S წინიდან ყველაზე კარგად დაცული იყო და იყო ერთადერთი, რომელის კოშკურის ზედა მხარის დაცვაზეც მწარმოებელს სერიოზულად ჰქონდა ნაფიქრი. საცეცხლე გამოცდებზე იდეალური შედეგი უჩვენა, იყო საკმაოდ საიმედო და ეკიპაჟისთვის კომფორტული და ერგონომიული.
M1A2 Abrams ჯავშნის მხრივ მეორე საუკეთესო იყო. ამერიკელები ბერძნებს ტანკს „გაღარიბებული ურანის“ (Depleted Uranium) ჯავშნის გარეშე სთავაზობდნენ (DU ჯავშნის ექსპორტი დღესაც აკრძალულია). ტანკი საკამაოდ ზუსტი გამოდგა და ეკიპაჟისთვის განსაკუთრებული ერგონომიით გამოირჩეოდა. მანქანა იყო საიმედო და ტესტებზე მხოლოდ ერთი ძირითადი მინუსი აღმოაჩნდა - ეს მისი აირტურბინული ძრავა იყო, რომელიც საწვავს დიდი ყლუპებით ყლაპავდა.
Leclerc-მა, რომელიც ფრანგების მიერ რამდენიმე წლით ადრე, გაერთიანებული არაბული ემირატებისთვის შეთავაზებული ვარიანტისგან მცირედით განსხვავდებოდა, ორმაგი შთაბეჭდილება დატოვა: იდეალური კორპუსი და ძალური დანადგარი (ანუ გერმანული ფირმების, RENK-ისა და MTU-ს, ბოლო თაობის დიზელის ძრავა და სიჩქარეთა კოლოფი, ეგრეთ წოდებული Europack), შესანიშნავი ჰიდროპნევმატური საკიდარი და მონაწილეთა შორის წონა-სიმძლავრის საუკეთესო შეფარდება. ეს ყველაფერი მას განსაკუთრებით სწრაფსა და მოქნილს ხდიდა და ამ ყველაფერთან ერთად საწვავის დაბალი წვით გამოირჩეოდა. ჯავშნის მხრივ, წინა ორ დასავლურ ტანკთან შედარებით, უფრო სუსტად გამოიყურებოდა (Leo-2A5S და M1A2 ამ კუთხით ყოველთვის გამოირჩეოდნენ), თუმცაღა მისი წონის გათვალისწინებით მისი დაცვა ალბათ ძალიან მაღალ დონეზე იყო. კოშკურა, სრულიად ავტომატიზირებული დამტენით, ძაან მეწინავე ინოვაციას სთავაზობდა მომხმარებელს, თუმცა პრაქტიკაში სრულიად ავტომატური მუშაობის რეჟიმში მოლოდინი ვერ გაამართლა და გამუდმებით იჭედებოდა და ფუჭდებოდა. მეორეს მხრივ ტანკი ეკიპაჟის ერგონომიულობითაც არ გამოირჩეოდა (ძირითადად არსებული სივრცის სიმცირის გამო), ამავე მიზეზით პრობლემატური იყო შეიარაღების, მაგალითად შეწყვილებული ტყვიამფრქვევის, მომსახურება. სიზუსტის მხრივ თავი კარგად, მაგრამ არა საუკეთესოდ, წარმოაჩინა.
Challenger-2E მთლიანად უარყოფითი სიურპრიზი გამოდგა. მიუხედავად იმისა რომ, კონკურსზე წარმოდგენილი ვარიანტი ფრანგული ტანკის ანალოგიური Europack-ის ტიპის ძალური დანადგარით იყო აღჭურვილი, მაღალ სიჩქარეებზე გადართვისას ხშირად ფუჭდებოდა, რაც ძალური დანადგარიდან სავალ ნაწილზე ამძრაობის გადაცემის პრობლემების ბრალი იყო. სავარაუდოდ Challenger-2-ზე არსებული 1200 ცხენისძალიანი ძრავის 1500 ცხენისძალიანის ძრავით შეცვლისას არ მოხდა კინეტიკური სქემის სათანადო შესწავლა და ძრავაზე მორგება, რაც მანქანის სავალი ნაწილის მწყობრიდან ხშირ გამოსვლას იწვევდა. ასევე უარყოფითი სიურპრიზი იყო მისი გარეკლამებული ჯავშანაიც. მანქანა დიდი წონით და Leo-2A5S და M1A2-თან შედარებით სუსტი ჯავშნით გამოირჩეოდა, თვით 10 ტონით მსუბუქი Leclerc-იც კი თითქმის არ ჩამორჩებოდა ბრიტანულ ტანკს დაცვაში.
მანქანა არც დიდი სიზუსტით არ გამოირჩეოდა, იყო ერთადერთი, რომელიც 120 მილიმეტრიანი კუთხვილი ლულით იყო აღჭურვილი და სამი ნაწილისგან შემდგარ გასროლებს მოიხმარდა (ჭურვი, მუხტი და ასაალებელი კაფსულა. ეს მაშინ როდესაც უკრაინელებიც და რუსებიც ორი ნაწილისგან, ჭურვისა და მუხტისაგან, შემდგარ გასროლებს მოიხმარენ და ბრიტანელებისგან განსხვავებით ამას ავტომატური დამტენით აკეთებენ). თუმცა მანქანას დადებითი მხარეც ჰქონდა: ის ხანგრძლივი სამხედრო გამოცდილების მქონე არმიის რიგებში მსახურობდა და იყო ერთადერთი, რომელსაც კოშკურაში ჰქონდა ტუალეტი და ტრადიციული ბრიტანული ჩაის მოსადუღებელი წყლის მადუღარა.
რუსული Т-80У საბჭოთა ტანკმშენებლობის სკოლის კლასიკური წარმომადგენელი იყო. მის ძირითად პრობლემას, იმ მომენტისთვის პროტოტიპის დონეზე არსებული, ნახევრადავტომატური სიჩქარეთა კოლოფი წარმოადგენდა, რომელიც ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. მანქანამ სიზუსტეში დაბალი შედეგები უჩვენა, ასევე დაბალი იყო ეკიპაჟის ერგონომიულობა. ამას გარდა, ორი სისტემა, რომელიც მწარმოებლის განცხადებით, მას დასავლურ ოპონენტებთან შედარებით წინ აყენებდა, ანუ ელექტრო-ოპტიკური ხარვეზების სისტემა და 6 კილომეტრზე მოქმედი ლაზერით მართვადი სატანკო რაკეტა, პრაქტიკაში არასაიმედო გამოდგა და მოსალოდნელი შედეგები ვერ უჩვენა.
უკრაინული Т-84-იც მთლიანობაში რუსული ტანკივით დახასიათდა, მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მინუსით, ის ორტაქტიანი დიზელის ძრავით, რომელიც გეგმიურად წვავდა ზეთს, და მექანიკური სიჩქარეთა კოლოფით იყო აღჭურვილი და რუსული მანქანისგან განსხვავებით საჭის ნაცვლად მართვის ბერკეტებით იმართებოდა. სწორედ ამიტომ ბერძნები ამ ტანკზე ხუმრობით ამბობდნენ „მის სამართავად სამი ხელია საჭიროო“ (მოსახვევში მძღოლ-მექანიკოსს სიჩქარის შეცვლა რო მოენდომებინა, ამას მხოლოდ მესამე ხელის არსებობის შემთხვევაში მოახერხებდა). ასევე აღსანიშნავია რომ მანქანა ეკიპაჟის გადაღლილობას იწვევდა - სვლის მარაგის შემოწმებისას დაღლილობის მიზეზით ბერძნული ეკიპაჟი უკრაინული ეკიპაჟით შეცვალეს.
1999 წლის იანვარში საბერძნეთის არმიის გენერალურ შტაბს კონკურსის შედეგები წარუდგინეს, ქულების მიხედვით ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
- Leopard-2A5S – 78,3
- M1A2 Abrams – 72,95
- Leclerc – 71,92
- Challenger-2E – 69,89
- Т-80У – 59,2
- Т-84 – 56,3