Sunday, April 29, 2012

ჩინური თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Type-83"

ჩინური თვითმავალი საარტილერიო დანადგარი  "Type-83" შეიქმნა 80-ნი წლების დასაწყისში, ქალაქ ხარბინში, №674 ქარხნის სპეციალისტების მიერ (ამჟამად მანქანათმშენებლობის პირველი კომპანია). სავალ ბაზად გამოყენებული იქნა უნივერსალური მუხლუხოვანი შასი "Type-321", ხოლო ძირითად შეიარაღებად - ბუქსირებადი, 152მმ-ნი ჰაუბიცა "Type-66"-ს არტნაწილი.
თავისი გათანწყობით და ტექნიკური დონით ის მიახლოებით შეესაბამება რუსულ 2С3 "Акация"-ს და ამერიკული М-109-ის პირველ მოდიფიკაციებს.




ჩინური მხარის განცხადებით თვითმავალ საარტილერიო დანადგარ  "Type-83"-ს ჩვეულებრივი ჭურვების გარდა შეუძლია აწარმოოს ცეცხლი კორექტირებადი საარტილერიო ჭურვებით, რომელიც ჩინელებმა შექმნეს რუსული კორექტირებადი ჭურვის, "Краснополь"-ის საფუძველზე.
 "Type-83"-ის ისტორია იწყება 1979 წელს, როცა ჩინეთმა თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩინეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი არმიის შეიარაღებაში ფაქტიურად არ არსებობდა თვითმავალი საარტილერიო დანადგარები. არმიას მხოლოდ საბჭოთა წარმოების ბუქსირებადი სისტემები გააჩნდა, ხოლო ორას ცალამდე, ჯავშანტრანსპორტიორ "Type-63"-ს ბაზაზე შექმნილი, იმპროვიზირებული თვითმავალი სისტემები სიტუაციას ვერ შველოდა. არმიას ესაჭიროებოდა სსრკ-ს და დასავლეთის ქვეყნების არმიებში მყოფი სისტემების ანალოგიური სრულფასოვანი თვითმავალი, 152მმ-ნი დანადგარი. ასეთი სისტემის ძირითად შემქმნელად არჩეული იქნა  პროვინცია ხეილუცსიანის ქალაქ ხარბინეში მდებარე №674 ქარხნის საკონსტრუქციო ბიურო. მას ევალებოდა ძირითადი დანადგარის და მისი მუხლუხოვანი სავალი ნაწილის შემუშავება. 


იმავე პროვინციის ქალაქ ციცკარში განლაგებულ  №127 ქარხანას დაევალა არტნაწილისა და ნახევრადავტომატური დამტენი მექანიზმის, ხოლო  №5318 ქარხანას (ამჟამად ხაუდუნის ოპტიკო-ელექტრონული სისტემების კომპანია) - საარტილერიო პანორამის შემუშავება. პროგრამაში მონაწილე სხვა კომპანიები იყო: №298 ქარხანა (ტელესკოპური სამიზნის შემქნელი), №754 ქარხანა (შიდა კომუნიკაციების სისტემები) და №843  ქარხანა(საბრძოლო კომპლექტის განლაგება).
№674 ქარხნის სპეციალისტები დავალების მიღების შემდეგ გულდაგულ შეუდგნენ მსოფლიოში არსებული ანალოგიური სისტემების შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლას. ამ მუშაობის შედეგი გახდა ახალი ჩინური, მზა მუხლუხოვან შასიზე განთავსებული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის ტექნიკური პროექტი, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდა 1979 წლის ივნისში. 1980 წლის თებერვალში აწყობილი იქნა მანქანის პირველი საცდელი ნიმუში, რომელმაც ყოველმხრივი გამოცდები გაიარა. ამ გამოცდებიდან მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით №674 ქარხნის სპეციალისტებმა შექმნეს მეორე საცდელი პროტოტიპი, რომელიც თავის მხრივ იქცა სერიული დანადგარის პროტოტიპად. 1981-82 წლებში მკაცრ პირობებში დამატებითი სარბენი და საცეცხლე გამოცდების და აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემდეგ არტდანადგარი მიღებული იქნა ჩინეთის არმიის შეიარაღებაში სახელწოდებით "Type-83".


მანქანის სერიული წარმოება 1983 წლის მაისში დაიწყო, ხოლო 84 წლის 1 ოქტომბერს მოხდა მათი საზოგადო ჩვენება პეკინში გამართულ აღლუმზე. სულ 1983-1990 წლებში აწყობილი იქნა 780 ცალი "Type-83".
"Type-83"-ის დანიშნულებაა განახორციელოს სატანკო და მოტოქვეითი ქვედანაყოფების ხანგრძლივი საცეცხლე მხარდაჭერა, გაანადგუროს ღია და დახურულ პოზიციებზე მყოფი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, საფორტიფიკაციო ნაგებობანი და ჯავშანტექნიკა, ასევე ჩაახშოს მოწინააღმდეგის საარტილერიო ბატარეების ცეცხლი. საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია აწარმოოს ცეცხლი პირდაპირი დამიზნებით. ორგანულად თვითმავალი "Type-83"-ი გაერთიანებულია ჩინეთის არმიის დივიზიებში მყოფ საარტილერიო პოლკებში. ყოველ ასეთ პოლკში არსებობს "Type-83"-ს 18 დანადგარიანი ბატალიონი.
მანქანის გათანწყობა ანალოგიურია მსოფლიოში გავრცელებული უმეტესი თვითმავალი სისტემების გათანწყობისა: ძრავა-ტრანსმისიის ნაკვეთური მდებარეობს წინ მარჯვნივ, მისგან მარცხნივ განთავსებულია მძღოლ-მექანიკოსის ადგილი თავისი მართვის ხელსაწყოებით, სარქვლით სახურავში და დაკვირვების ოპტიკური ხელსაწყოებით, დიდი საბრძოლო განყოფილება, 360 გრადუსზე მბრუნავი კოშკურით მდებარეობს უკანა ნაწილში. კოშკურაში არსებობს ეკიპაჟის 4 წევრის ადგილი: მეთაურის, მსროლელის (ქვემეხიდან მარცხნივ) და ორი დამტენისა (მარჯვნივ). მათ ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის გააჩნიათ მანქანის ბორტებზე განლაგებული ორი კარი და სარქველი კოშკურის სახურავში. ამას გარდა, კორპუსის უკანა ნაწილში არსებობს ჭურვების მიწოდების სარქველი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მანქანის ავარიული დატოვებისთვისაც გამოიყენება. დამტენის სარქველის გარშემო განთავსებულია დაკვირვების პერიოსკოპული ხელსაწყოები, ხოლო გვერდით კარებებს გააჩნიათ შუშის ბლოკები და დასახური ამბრაზურები,მანქანის შიგნიდან ცეცხლის საწარმოებლად. 



სახურავში ასევე განთავსებულია გამწოვი ვენტილიატორი. სატანკო, შიდა საკომუნიკაციო მოწყობილობა "Type-803" უზრუნველყოფს კავშირს ეკიპაჟის ყველა წევრს შორის. ამას გარდა მეთაურის განკარგულებაშია გარე კავშირის რადიოსადგური. საბრძოლო კომპლექტი განთავსებულია საბრძოლო ნაკვეთურში, ბორტებზე და კოშკურის უკანა ნაწილში. მთელი საბრძოლო მარაგი შესდგება 30 ცალი 152მმ-ნი ცალკე მასრული დატენვის ჭურვისგან.
მანქანის კორპუსის და კოშკურა წარმოადგენს ფოლადის ჯავშანფილებისგან შედუღებულ კონსტრუქციას. ჯავშანი ეკიპაჟს იცავს ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან და მსუბუქი ნამსხვრევებისგან. მანქანის საბრძოლო წონა 30 ტონას აღწევს.
თვითმავალი არტდანადგარის ძირითადი შეიარაღება 152მმ-ნი ქვემეხ-ჰაუბიცაა, რომელიც შექმნილია ბუქსირებადი "Type-66"-ის არტ ნაწილის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს1950 წლის საბჭოთა Д-20-ს კოპიოს. ქვემეხის ლულას გააჩნია ისეთივე ორკამერიანი მუხრუჭი, როგორც "Type-66"-ს, ამას გარდა ის აღჭურვილია დენთის აირების გამწოვი ეჟექტორით. უკუგორვის მექანიზმი განთავსებულია ლულის ქვეშ, ვერტიკალური დამიზნების კუთხე 0-დან +62 გრადუსამდეა, ჩვეულებრივი ჭურვების სროლის მანძილი 17,2კმ-ს უდრის, ხოლო ფსკერის აირგენერატორიანი ჭურვისა 21,5კმ-ს.

ნახევრადავტომატური დამტენი მექანიზმის წყალობით ქვემეხს შეუძლია აწარმოოს წუთში 5 გასროლა, თუმცა ხანგრძლივი ცეცხლის წარმოებისას რეკომენდირებულია 1 გასროლა წუთში. სტანდარტულ საბრძოლო კომპლექტში შედის - 152მმ-ი მსხვრევად ფუგასური ჭურვები (HE-FRAG), აირგენერატორიანი მსხვრევად ფუგასური ჭურვები (HE-FRAG-BB), მსხვრევად-ფუგასური სუბჭურვებით აღჭურვილი აირგენერატორიანი კასეტური ჭურვები, ასევე შესაძლებელია 152მმ-ნი, ლაზერის სხივით კორექტირებადი მსხვრევად-ფუგასური ჭურვების გამოყენება. ეს ბოლო ჩინელებმა შექმნეს 90-ან წლებში რუსეთიდან მიღებული ტექნოლოგიების საფუძველზე. ჭურვის შექმნისას ჩინელებმა მსუბუქად შეცვალეს მისი კონსტრუქცია, რომლის წარმოებაც შესაძლებელია ორ კალიბრად - 152მმ-ნი ჩინეთის არმიისთვის და 155მმ-ნი საექსპორტოდ. ჭურვისა ძირითადი დანიშნულებაა წერტილოვანი და მოძრავი სამიზნეების განადგურება (ტანკები, ბუნკერები და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობანი). ჭურვს ტრაექტორიის შუალედურ ნაწილში გააჩნია ინერციული დამიზნების სისტემა, ხოლო ტრაექტორიის ბოლო ნაწილში ლაზერული ნახევრად აქტიური, რაც მას საშუალებას აძლევს გაანადგუროს მცირე ზომის სამიზნეები ფაქტიურად პირველივე გასროლით. სროლის მანძილი 3-20კმ უდრის. 


თანამედროვე ჭურვების გარდა "Type-83" შეუძლია გამოიყენოს ჩინეთში ყველა, მანამდე გამოშვებული ბუქსირებადი არტილერიისთვის განკუთვნილი 152მმ-ი ჭურვი. "Type-83"-ზე ცეცხლის მართვის სისტემა როგორც ასეთი არ აყენია, დამიზნებისთვის გამოიყენება საარტილერიო პანორამით და ტელესკოპური სამიზნეთი. მეთაურისა და მძღოლ-მექანიკოსის პერისკოპული ორგანოები ასევე ღამე ხედვის ხელსაწყოებსაც შეიცავს.
დამხმარე შეიარაღების ახით მანქანა აღჭურვილია2000მ-ზე ცეცხლის წარმოების შესაძლებლობის მქონე  12,7მმ-ი ტყვიამფრქვევი "Type-54"-თ. ეკიპაჟის პირადი იარაღის გარდა (ავტომატები, პისტოლეტები) საბრძოლო ნაკვეთურში გათვალისწინებულია ტანკსაწინააღმდეგო "Type-69"-ის (საბჭოთა РПГ-7-ის კოპიო) განთავსება.
"Type-83"-ზე 4 ტაქტიანი, წყლით გაგრილებადი დიზელის 520ც/ძ-ი WR4B-12V150LB ძრავა აყენია.
მოგვიანებით ჩინელებმა "Type-83"-ს ბაზაზე შექმნეს 130მმ-ი გრძელულიანი ქვემეხით აღჭურვილი საცდელი სისტემა, ქვემეხი აღებული იყო ბუქსირებადი "Type-59-1"-დან (საბჭოთა М-46-ს კოპიო). თუმცა ეს სისტემა სერიაში არ წასულა.


ძირითადი მახასიათებლები

საბრძოლო მასა - 30 000 კგ
ეკიპაჟი/საბრძოლო გათვლა - 5 კაცი
ქვემეხის კალიბრი - 15 მმ
ლულის სიგრძე - 4400მმ/29 კალიბრი
სროლის მანძილი:
  • მაქსიმალური - 17,2/21,5 კმ
  • პირდაპირი დამიზნებით - უცნობია
ცეცხლის მართვის სისტემა - ოპტიკური ხელსაწყოები
ძირითადი ზომები:
  • კორპუსის სიგრძე (ქვემეხით წინ) - 6882 მმ (7330 მმ)
  • სიგანე - 3236 მმ
  • სიმაღლე - 3502 მმ

ჭურვის წონა:
  • მსხვრევად-ფუგასური - 43,51 კგ
  • მსხვრევად-ფუგასური აირგენერატორით - უცნობია.
ჭურვის საწყისი სიჩქარე - 655 მ.წმ
საბრძოლო კომპლექტი - 30 ჭურვი
ქვემეხის დამიზნების კუთხეები:
  •  ვერტიკალურად 0-დან +62 გრადუსამდე.
  • ჰორიზონტალურად 360 გრადუსი.
საბრძოლო სწრაფსროლა - 1/5 გასროლა წუთში.
დამხმარე შეიარაღება - 12,7მმ-ი ტყვიამფრქვევი "Type-54"
ძრავა - 12 ცილინდრიანი WR4B-12V150LB
მაქსიმალური სიმძლავრე - 520 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე - 55 კმ/სთ
სვლის მარაგი - 450 კმ


No comments:

Post a Comment