Friday, June 15, 2012

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი

ნაწილი მეექვსე

გამავლობა

ტანკის გამავლობას უზრუნველყოფს მთელი რიგი მოწყობილობებისა და აგრეგატების კომპლექსი, რომელიც პირობითად სამ ძირითად კომპონენტად შეგვიძლია დავყოთ:
ძრავა.
ტრანსმისია.
სავალი ნაწილი.

თავის მხრივ სამივე კომპონენტი ქვეკომპონენტებად და შემადგენელ ნაწილებად იყოფა. ეს ყველაფერი მთლიანობაში უზრუნველყოფს ტანკის მანევრულობას, გამავლობას, ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ მობილურობას. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველა ამ კომპონენტების რესურსსა და საიმედოობას. 

ძრავა 

თავდაპირველად Т-90-ზე გამოიყენებდა მრავალსაწვავიან, 4-ტაქტიან, 12-ცილინდრიან, V-მაგვარ, საწვავის უშუალო შეპკურებით და სითხით გაგრილებად დიზელის ძრავას В-84МС. ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე (მუხლა ღერძის ბრუნვის 2000ბრ/წთ სიხშირეზე) დიზელის საწვავზე მუშაობისას შეადგენს 840ც/ძ (618 კილოვატი). ძრავა შექმნილია დიზელის ძრავა В-46 ბაზაზე ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გამოყენებით.
პირველი სერიის Т-90 საწვავის სისტემა ანალოგიური იყო Т-72 საწვავის სისტემისა. ხოლო შემდეგ Т-90А, Т-90С, Т-90СА, Т-90МС მოდელებზე გატარებულია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომები: საწვავის ავზები პროტექტირებულია და გაკეთებულია უჯრედოვანი სტრუქტურით. მრავალსექციანი საწვავის ტუმბოთ აღჭურვილი საწვავით კვების სისტემა დაკავშირებულია ფრქვევანებთან მაღალი წნევის მილგაყვანილობის საშუალებით. საწვავის შიდა ავზების მოცულობა 705 ლიტრია.
ჰაერით კვების სისტემა აღჭურვილია ჰაერის ორსაფეხურიანი გამწმენდით. პირველი საფეხური შემომავალი ჰაერის გაწმენდას ახორციელებს ინერციული საშუალებით, ციკლონის დახმარებით. ჰაერის წმენდის მეორე საფეხური ხორციელდება ზეთოვანკონტაქტურ მავთულის კასეტებში (მავთულით დატენილი სამი კასეტა, აქედან ორი გაჟღენთილია ზეთით). გასუფთავების დროს შეგროვებული მტვერი ეჟექციური ხერხით შორდება მტვერშემგროვებლიდან. ჰაერის გაწმენდის ხარისხი 0,98 უდრის.

ძრავა В-84МС

ძრავის პოხვას უზრუნველყოფს «მშრალი კარტერით» აღჭურვილი, იძულებითი, კომბინირებული სისტემა. სისტემის ტევადობა 76 ლიტრს შეადგენს, ზეთის ავზების ტევადობაა: ძირითადი 27 ლიტრი, დამატებითი 38 ლიტრი და გარე სათადარიგო 35 ლიტრი. საპოხ სისტემაში გამოიყენება მრავალსეზონური ზეთი М-16ИХП3.
ძრავის ნებისმიერ კლიმატურ პირობებში ნორმალურ მუშაობას უზრუნველყოფს გამა-გრილებელი სითხის იძულებითი ცირკულაციის, დახურული ტიპის, სითხით გაგრილების სისტემა. ჰაერის გაბერვას რადიატორებში უზრუნველყოფს ტრიდანული ვენტილატორი. გაგრილების სისტემის ტევადობა 90 ლიტრია.

ტანკ T-90 საწვავის სისტემის სქემატური გამოსახულება: 1-წინა ავზ-სტელაჟი. 2-შუა ავზ-სტელაჟი. 3-მუხლუხოსზედა ავზი. 4-დამატებითი საწვავი კასრები. 5-ძრავა. 6-მარჯვენა ცხვირა ავზი. 7-მარცხენა ცხვირა ავზი

ზამთრის პირობებში ძრავის დაქოქვის გასაადვილებლად ტანკზე აყენია გათბობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამაგრილებელი სითხისა და ზეთის გათბობას გაგრილებისა და პოხვის სისტემებში, რის დროსაც გამთბარი გამაგრილებელი სითხე ცირკულირებს გამაგრილებელ სისტემაში და უზრუნველყოფს ძრავის გათბობას, რაც ქმნის მისი დაქოქვისთვის ნორმალურ პირობებს. გათბობის სისტემას გააჩნია ფრქვევანისებური გამათბობელი და გამაგრილებელი სითხის იძულებითი ცირკულაციის ტუმბო. გამათბობლის საწვავის მაქსიმალური ხარჯი 7,5 ლიტრია საათში.
ძრავის დაქოქვა ხორციელდება გაშვების სისტემით. ძირითადად დაქოქვა ხორციელდება 5 ლიტრი მოცულობის ორ ბალონში შეკუმშული ჰაერის დახმარებით. ამას გარდა, ძრავის დაქოქვა შეიძლება განხორციელდეს სტარტერ-გენერატორი СГ-18-1С დახმარებით  ან კომბინირებული საშუალებით, სტარტერ-გენერატორისა და შეკუმშული ჰაერის ერთობლივი გამოყენებით.

ტანკ T-90 დამატებითი საწვავის კას- რები, რომლებიც მიერთებულია ძრავის საწვავით კვების სისტემაზე


 ჰაერის ბალონების დატენვას და ზოგიერთი სხვა სისტემის (მაგალითად სათვალთვალო და სამიზნე ხელსაწყოების ჰიდროწნევით გაწმენდის სისტემის) მუშაობის უზრუნველყოფა ხდება ჰაერის წნევის სისტემის მიერ. მისი ძირითადი ნაწილებია:
დგუშიანი, 3-საფეხურიანი, 2-ცილინდრიანი, ამძრავიანი, ჰაერით გაგრილებადი კომპრესორი АК-150СВ.
სითხე-ზეთის განმაცალკევებელი.
ფილტრი.
მაღალი წნევის მილგაყვანილობები და ჰაერის გამომშვები ონკანი.
სისტემის სამუშაო წნევა 120-160კგ/სმ².
  
ავარიული სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით გათვალისწინებულია ავარიული სიგნალიზაციის სისტემა, ძრავის დაქოქვის ბლოკირება ზეთის დაბალი ტემპერატურის და/ან წნევის შემთხვევაში, გამათბობლის დაქოქვის ბლოკირება ძრავის გამაგრილებელი სითხის არქონის შემთხვევაში და მუშაობის შეწყვეტა მაღალი ტემპერატურის ან გამაგრილებელი სითხის დაქცევის დროს.
სისტემის შემადგენლობაში შედის:
ავარიული სიგნალიზაციის ბლოკი БАС-6А.
სასიგნალო დაფა ТС-6А.
ძრავის პოხვის სისტემაში წნევის გასაზომი მიმმღები ПД-1Т-15.
ძრავის ზეთის ძირითად ავზში ზეთის კრიტიკული ტემპერატურის გასაზომი თერმომეტრის მიმღები П-1.
ძრავის გამაგრილებელი სითხის კრიტიკული ტემპერატურის გასაზომი თერმომეტრის მიმღები П-1.
ეს სისტემა უადვილებს მძღოლ-მექანიკოსს მანქანასთან მუშაობას. ძალურ დანადგარზე და სხვა სისტემებზე კონტროლი ხორციელდება არა მარტო საკონტროლო ხელსაწყოების დაფის მეშვეობით, არამედ ავარიული სიგნალიზაციის სასიგნალო დაფის მეშვეობითაც.
Т-90-ის შემდეგ მოდიფიკაციებზე (Т-90C/A/CA) დაყენებულია უფრო მძლავრი, ტურბოკომპრესორის მეშვეობით აირტურბინული ჩაბერვის მქონე დიზელის ძრავა В-92С2. ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე (მუხლა ღერძის ბრუნვის 2000ბრ/წთ სიხშირეზე) დიზელის საწვავზე მუშაობისას შეადგენს 1000ც/ძ (736 კილოვატი).

ძრავა В-92С2


ასევე მიმდინარეობს ახალ, უფრო მძლავრ დიზელის ძრავებზე მუშაობა, მაგრამ Т-72 სერიის ტანკების მოდერნიზაციისთვის ძრავა В-92С2 აშკარად კონკურენციის გარეშეა. მის დასაყენებლად საჭიროა ძრავა-ტრანსმისიის განყოფილების მინიმალური გადაკეთება და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,  მოითხოვს მინიმალურ ფინანსურ დანახარჯებს.
აირტურბინული ჩაბერვით, გაუმჯობესებული საწვავის აპარატურით და ცილინდრ-დგუშის კომლექტით აღჭურვილი დიზელის ძრავა В-92С2 მსოფლიო წამყვანი დიზელის ძრავების დონეზეა, ხოლო ისეთი მაჩვენებლით, როგორიცაა ეკონომიურობა და კუთრი მასო-გაბარიტული მაჩვენებლები, ჯობია ბევრ როგორც რუსულ, ასევე უცხოურ ანალოგებს.
ძრავა В-92С2, ადრე გამოყენებული В-84СM ძრავასთან შედარებით, უზრუნველყოფს ტანკის კუთრი სიმძლავრის (22,5ც.ძ/ტ-მდე), მშრალ გრუნტის გზებზე საშუალო სიჩქარის 6% (35-დან 40კმ/სთ-მდე) გაზრდას და ასევე აჩქარების მახასიათებლების 12% (400 მეტრი დისტანციაზე) გაზრდას. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი მახასიათებელი, როგორცაა ძრავის ბრუნვითი მომენტის მარაგი.

ტანკ T-90С ფონზე გამოფენილი ძრავა В-92С2.T-90С იყო პირველი ტანკი რომელზეც სერიულად იქნა გამოყენებული ახალი დიზელის ძრავა В-92С2


დიზელის ძრავების უმეტესობის, მათ შორის В-84МС, ბრუნვითი მომენტის მარაგი 6-18% უდრის, ხოლო ძრავა В-92C2–ისთვის ეს მაჩვენებელი 25-30%-ია. ასეთი მარაგი საგრძნობლად აადვილებს ტანკის მართვას, ამაღლებს მის მანევრულობას და საშუალო სიჩქარეს.
ძრავა В-92С2 ზომიერი ფორსირება მძიმე საექსპლუატაციო პირობებში გამოყენებისას მას აძლევს მაღალ საიმედოობას, В-84МС-სთან შედარებით აქვს შეწყობადობის უკეთესი კოეფიციენტი და ამასთანავე გამოირჩევა საწვავის ნაკლები ხარჯვით. 
აღსანიშნავია ისიც, რომ T-90 ძრავა-ტრანსმისიის განყოფილება არ წარმოადგენს მონობლოკს, როგორც ეს დასავლეთის თანამედროვე ტანკებშია განხორციელებული. ამას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მონობლოკური ძრავა-ტრანსმისიის შემთხვევაში მისი შეცვლის დრო-ძალის დანახარჯი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ საველე პირობებში, ბრძოლის ველზე, სპეციალური ტექნიკის არქონის შემთხვევაში ეს პლუსი ავტომატურად იქცევა უარყოფით მომენტად. ამისგან გასხვავებით, T-90 ეკიპაჟს დამოუკიდებლად, სპეცტექნიკის გარეშე, შეუძლია განახორციელოს ძრავის გაუმართაობის დიაგნოსტირება და მოახდინოს მისი შეკეთება საველე პირობებში, რაც არაერთხელ იქნა დემონსტრირებული სხვადასხვა ტენდერებზე. 
ძალური დანადგარის მონტაჟ-დემონტაჟის დროის შემცირების მიზნით УКБТМ-ის კონსტრუქტორების მიერ გატარებული იქნა მთელი რიგი საორგანიზაციო-ტექნიკური ღონისძიებები, როგორიცაა, მაგალითად, მილგაყვანილობის ჩქარგამხსნელი შეერთებები, რამაც საშუალება მისცა შეემცირებინა ამ ციკლის დრო ახალ В-92С2 ძრავაზე. მაგალითად,  საუდის არაბეთში ტენდერის დროს განხორციელდა ძრავა В-92С2 საჩვენებელი შეცვლა 8,5 საათში, აქედან დემონტაჟს 3,5 საათი დასჭირდა (T-72 და პირველი სერიის T-90 ამ ციკლის დრო 24 საათს უდრიდა). ახალი ძრავა-ტრანსმისიასთან ერთად შემოღებული იქნა მოდერნიზებული შემავალი რედუქტორი (გიტარა), გაძლიერებული საბორტე სიჩქარეთა კოლოფი და გაგრილების გაუმჯობესებული სისტემა
გაგრილების გაუმჯობესებულ სისტემაში გამოყენებულია გაზრდილი სითბოგაცემის ალუმინის წყლისა და ზეთის რადიატორები. მილ-ლენტის ტიპის გულარიანი, სპილენძ-თითბერის ძველ რადიატორებთან შედარებით, რომლებიც გამოიყენებოდა Т-90 გაგრილებისა და პოხვის სისტემაში, ახალი ფირფიტოვან-ლენტური ტიპის რადიატორები საშტატო რადიატორის გაბარიტებში უზრუნველყოფს გაცილებით დიდ სითბოგაცემას. ამას გარდა, მოდერნიზაცია ჩაუტარდა გაგრილების სისტემის ვენტილატორის ფრიქციონს.

В-84MC და B-92C2 ძრავების გამონაბოლქვის გამომშვები სისტემის შედარებითი სქემატური გამოსახულება

В-84MC (მარცხნივ) და B-92C2 (მარჯვნივ) ძრავების გამონაბოლქვის გამომშვების შედარებითი სურათი

საუდის არაბეთი, ძრავა B-92C2 საჩვენებელი შეცვლა


В-92С2 ძრავის კონსტრუქციულმა თავისებურებებმა კონსტრუქტორებს გამონაბოლქვის გამომშვები სისტემის გადაკეთების საშუალება მისცა, რამაც საგრძნობლად შეამცირებინა გამომავალი გამონაბოლქვისადმი წინაღობა (0,22 კგ/სმ²-დან 0,15 კგ/სმ²-მდე) და ასევე მიაღწევინა ჰაერის გავლის უკეთესი აეროდინამიკური პირობებისთვის ჰაერგამწმენდსა და ტურბოკომპრესორს შორის მდებარე მონაკვეთზე.

შედუღებულკოშკურიანი Т-90C ნახტომში და მიწაზე დაშვების შემდეგ დინამიკაში (2000წ. საჩვენებელი გამოსვლა, ნიჟნი ტაგილი)


მოდერნიზებულ Т-90CМ აყენია 1130ც/ძ-მდე ფორსირებული, V-მაგვარი, სითხით გაგრილებადი, აირტურბინული ჩაბერვის, მრავალსაწვავიანი  დიზელის ძრავა В-92С2Ф, რომელიც მის გამავლობასა და მანევრულობას კიდევ უფრო ამაღლებს.

В-84МС, В-92С2 და В-92С2Ф ძრავების ტექნიკური მონაცემები
*ობიექტური სიმძლავრე წარმოადგენს სიმძლავრეს, რომელიც უშუალოდ სავალ ნაწილს გადაეცემა წამყვანი თვალს საშუალებით, ძრავის დანარჩენი სიმძლავრე იხარჯება გამაგრილებელი ვენტილატორისა და გენერატორის აძვრაზე და ასევე გამომავალ რედუქტორზე (გიტარაზე) გავლისას (მაგალითისთვის, Leopard-2 გამაგრილებელი ვენტილატორის სისტემაზე იხარჯება ძრავის სიმძლავრის 16,5%, რაც 247ც/ძ შეადგენს).

No comments:

Post a Comment