ნაწილი მეშვიდე
ტრანსმისია
ტანკის კარგ ამძრავობას უზრუნველყოფს მექანიკური ტრანსმისია, შემავალი რედუქტორით, საბორტე გადაცემათა კოლოფებითა და თანღერძა რედუქტორებით. შემავალი რედუქტორი უზრუნველყოფს ძრავიდან საბორტე გადაცემათა კოლოფებზე ბრუნვითი მომენტის გადაცემას. იგი წარმოადგენს მომმატებელ კბილანიან რედუქტორს კომპრესორული ამძრავებით, სტარტერ-გენერატორითა და გამაგრილებელი სისტემის ვენტილატორით.
საბორტე გადაცემათა კოლოფები წარმოადგენს ჰიდრომართვად პლანეტარულ მექანიზმებს. გააჩნიათ 7 გადაცემა წინ და 1 უკან. ტანკის მობრუნება ხორციელდება ჩამომრჩენი მუხლუხის მხარის გადაცემათა კოლოფში შემანელებელი გადაცემის ჩართვით. გადაცემათა კოლოფების ამძრავის მართვა წარმოადგენს მექანიკურ მკვეთარიან ჰიდრავლიკურ სისტემას, რომელსაც ჰიდრომართვისა და პოხვის სისტემები გააჩნია, სისტემის საერთო ტევადობა 57, ხოლო ავზისა 42 ლიტრია. მუხრუჭების ამძრავი მექანიკურია.
ტრანსმისიის ტექნიკური მონაცემები
გამომავალი რედუქტორის (გიტარის) მოხსნა ეკიპაჟის ძალებით (მალაიზიის ტენდერი, 2000 წ.).
სავალი ნაწილი
პირველი სერიის Т-90-ში გამოიყენებული სავალი ნაწილი სრულიად იდენტური იყო Т-72Б სავალი ნაწილისა, რომელიც წარმოადგენდა რეზინა-ფოლადის მორიგეობითი სახსროვანი გადაბმის მუხლუხოვან, წამყვანი თვლების უკანა განლაგების მქონე მექანიზმს. წამყვან თვალს ორი გვირგვინისებრი მოხსნადი რკალი გააჩნია. საყრდენი თვალი რეზინის გარსსაცმიანი გარე ამორტიზაციითაა. საკიდარი დამოუკიდებელი, მგრიხავი, ამორტიზატორებიანი (ამორტიზატორები 1, 2 და 6 საყრდენ თვლებს გააჩნიათ).
პირველი სერიის Т-90–ის სავალი ნაწილის ტექნიკური მახასიათებლები
Т-90-ის ბოლო მოდიფიკაციებზე გამოიყენება გაუმჯობესებული სავალი ნაწილი, რომელის შემადგენლობაშიც შედის:
• ენერგოჩახშობის 30-40% გაზრდილი ახალი ჰიდროამორტიზატორები, რომლებიც გამართულია ამორტიზატორის სპეციალური სითხით (სითხის მარკა 132-316).
• საყრდენი თვლების დინამიკური სვლის გაზრდის მიზნით გამოყენებულია ზემტკიცე მგრიხავი ღერძები დასაშვებ მნიშვნელთა გაზრდილი მაჩვენებლებით (საყრდენი თვლის დინამიკური სვლა 320მმ უდრის).
• სითბური დატვირთვის დაბალდონიანი, გაზრდილი მექანიკური თვისებების მქონე განიერი საყრდენი თვლები (თვლების ზომებია 750х190 მმ).
• სპეციალური საყრდენი ზედაპირით აღჭურვილი წამყვანი თვლები, რომელიც ყინულმჭრელის როლს ასრულებს და მუხლუხოდან, უარყოფითი ტემპერატურის შემთხვევაში, აშორებს წარმოქმნილ ყინულს.
• ყინულმჭრელების შეცვლილი დიზაინის მქონე მიმმართველი თვლები.
• მუხლუხები გაზრდილი რესურსით, პარალელური რეზინო-ფოლადის სახსრებით, დაშტამპული წევრებით, რომლებიც ასფალტზე სასიარულო რეზინის სატერფულების დაყენების საშუალებას იძლევა. მუხლუხებზე ასევე აყენია ფოლადის ნემსები, რათა ტანკის სიარულის დროს, რეზინის სატერფულების გამოყენებისას, მოიხსნას სტატიკური მუხტი სავალი ნაწილიდან.
• მუხლუხების ქიმის მხარეს გადაცურების თავიდან ასაცილებლად გამოყენებულია სპეციალური ამრიდები.
მარცხნივ ძველი,წევრების მორიგეობითი სახსრული გადაბმიანი მუხლუხო, მარჯვნივ ახალი, წევრების პარალელური სახსრული გადაბმიანი მუხლუხო
ზემოთ ძველი სავალი ნაწილი, წევრების მორიგეობითი სახსრული გადაბმით და ძველი წამყვანი თვლით, ქვემოთ ახალი სავალი ნაწილი პარალელური სახსრული გადაბმით და ახალი წამყვანი თვლით
საკიდარი ინდივიდუალური მგრიხავ-ღერძულია, გაზრდილი ენერგომოცულობის ჰიდრავლიკური ფრთიანი ამორტიზატორებით. რომლებიც დაყენებულია პირველ, მეორე და მეექვსე საყრდენ თვლებზე, ხოლო პირველ, მეორე, მეხუთე და მეექვსე სავალ თვლებზე ხისტი შემზღუდავი საყრდენები აყენია. ასეთი მაღალი ენერგომოცულობითი დაკიდების გამო მისი გარღვევა ძალიან იშვიათად ხდება, ძირითადად დიდგაბარიტულ წინაღობებზე მაღალი სისწრაფით გადავლის შემთხვევაში, ამიტომ ხისტი შემზღუდველების დაყენება სვლის სირბილეზე ფაქტიურად არ მოქმედებს.
Т-90–ის საკიდარი კარგად დაცულია, იმის გარდა რომ მგრიხავი ღერძები, რომლებიც 2310მმ სიგრძის და 47მმ დიამეტრის ფოლადის ღეროებს წარმოადგენენ, ტანკის კორპუსში არიან დამალული, საკიდრის ის ნაწილები, რომელიც კორპუსის გარეთაა დაყენებული, დაფარულია საყრდენი თვლებით და დაცულია ნამსხვრევებისგან და ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებისგან. ამასთანავე სავალი ნაწილი ძრავა-ტრანსმისიასთან ერთად უზრუნველყოფს შესანიშნავ სავალ და დინამიკურ მახასიათებლებს და გამოირჩევა მაღალი საიმედოობით.
მოდერნიზებული სავალი ნაწილის კომპონენტები
დაცვა
Т-90-ზე დაყენებული დაცვის საშუალებების კომპლექსი იცავს მას ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების უმეტესობისგან და უზრუნველყოფს მის მაღალ სიცოცხლისუნარიანობას ბრძოლის ველზე.
დაცვის ამ საშუალებებს მიეკუთვნება:
• კომბინირებული მრავალშრიანი ჯავშანი და ჩაშენებული დინამიკური დაცვა, ასევე დინამიკური დაცვის მოხსნადი გვერდითი ეკრანები, რომლებიც იცავენ ტანკს გვერდითი პროექციიდან კუმულაციური და ქვეკალიბრული ჭურვებისგან.
• ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა.
• ელექტრო-ოპტიკური ჩახშობის კომპლექსი ТШУ «Штора-1».
• ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის ზომები და მოწყობილობები.
• ანტირადიაციული სარჩული და გარე გარსსაკრი, რომელიც იცავს ეკიპაჟს ბირთვული რადიაციისგან.
• ნაპალმისგან დაცვის სისტემა «Сода».
• მადეფორმირებელი შეღებვა და სხვა კონსტრუქციული და ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ აღმოჩენის ალბათობას.
ჯავშანდაცვა
Т-90-ის დაცვა ნახევრად აქტიურ კატეგორიას განეკუთვნება, მას გააჩნია მკვეთრად დიფერენცირებული ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშანი. კორპუსი წარმოადგენს მაღალი სიმტკიცის გაშორიშორებული ჯავშანფილებისგან შედუღებულ კონსტრუქციას, მისი ფორმა არ განსხვავდება მისი წინამორბედის, T-72-ის კორპუსის ფორმისაგან, თუმცაღა მისი დაცვა გაზრდილია 3-4-ჯერ პირველი სერიის Т-72-ებთან შედარებით ახალი, ნახევრადაქტიური კომპოზიციური მასალების და დინამიკური დაცვის გამოყენების ხარჯზე. კორპუსი კოლოფისებრი ფორმისაა, წინა სოლისებრი ნაწილით, რომელზეც დინამიკური დაცვის ელემენტებია ჩაშენებული. კორპუსის ზედა ჯავშანფილის დახრა 68°-ია. ქიმები ვერტიკალურია, მათი ზედა ნაწილი შედგება ჯავშანფილებისაგან, ხოლო ქვედა ნაწილი კორპუსის ფსკერის ნაწიბურებია. კორპუსის უკანა ნაწილს უარყოფითი დახრა აქვს, მისი სახურავი რამდენიმე, ერთმანეთთან შედუღებული ჯავშანფილისგან შედგება, ხოლო ფსკერი მთლიანად დაშტამპული, რთული ფორმისაა. დინამიკური დაცვა განლაგებულია ასევე გვერდებზე, რეზინა-ქსოვილის ეკრანებზე.
Т-90-ზე დაყენებულია ჩაშენებული დინამიკური დაცვა «Контакт-V» (4С22), რომელიც «Контакт-1» (4С20)-საგან განსხვავებით უზრუნველყოფს ტანკის დაცვას როგორც კუმულაციური, ასევე ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული ჭურვებისგან. Т-90А, Т-90АС და Т-90MС-ზე აყენია ახალი თაობის დინამიკური დაცვის ელემენტები 4С23.
კორპუსზე დინამიური დაცვის განლაგება შემდეგნაირია:
• ჩაშენებული დინამიკური დაცვის 8 სექცია წინა ზედა ჯავშანფილაზე.
• 6 დასაკიდი სექცია საბორტე ეკრანებზე (საბორტე ეკრანებზე ასევე დატოვებულია დამატებითი სექციების დასაკიდი ანჯამები).
კოშკურას წინა ნაწილში განლაგებულია ორი სიბრტყე, რომლებიც ლულისადმი 55º-ით არიან განლაგებული, მათში განთავსებულია სპეცჯავშნის ნახევრადაქტიური ტიპის პაკეტები. ამრეკლი ფილებიანი ჯავშნის სტრუქტურა წარმოადგენს 3-ფენიან წინაღობას, რომელიც შედგება: ფილების, საფენების და თხელი ფირფიტებისგან. ამრეკვლი ფირფიტების ეფექტი იმავე მასის მონოლითურ ფოლადის ჯავშანთან შედარებით მიახლოებით 40% მეტია. ჩამოსხმული კოშკურის კონსტრუქცია ანალოგიურია Т-72Б-ს კოშკურისა, შეცვლილია კომბინირებული წინა ნაწილის შემავსებელი, რომელიც ნახევრადაქტიურ კომპოზიტურ მასალას წარმოადგენს. მოდერნიზებულ Т-90-ზე ჩამოხმული კოშკურის ნაცლად აყენია შედუღებით დამზადებული კოშკურა, რომელშიც ჯავშანსშიდა მოცულობა 100 ლიტრითაა გაზრდილი, რაც საშუალებას იძლევა ტანკში მოთავსდეს თანამედროვე, გაზრდილი ჯავშანგამტანობის, დიდი წაგრძელების მქონე ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული ჭურვები.
საბორტე ეკრანებზე დამაგრებული სამი დინამიკური დაცვის ბლოკი, ასევე ჩანს მე-4 ბლოკის დასაკიდი ანჯამები, რომლებითაც ყველა ტანკი კომპლექტდება
Т-90-ის შედუღებული კოშკურის ჯავშნის დონის გაზრდა მიიღწევა სხვადასხვა მეთოდების ერთდროული, კომპლექსური გამოყენებით. მათ შორის ძირითადია: გამოყენებული ჯავშანმასალების დინამიკური სიმტკიცის გაზრდა, ახალი ჯავშანკვანძების და მათში გამოყენებული დამცავი შემავსებლების შექმნა, ძველების გაუმჯობესება, დამატებითი დინამიკური დაცვის მოწყობილობების გამოყენება და მთელი დამცავი ღონისძიებების კომპლექსის ოპტიმიზაცია ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების სიმძლავრის გათვალისწინებით და დანიშნულ მასო-გაბარიტულ შეზღუდვებში მოთავსება. შესაძლებელია კოშკურის დაცვის კიდევ უფრო ამაღლება მასში გამოყენებული შედუღებული ჯავშანფილების სიმტკიცის გაზრდით. ამჟამად კოშკურები მზადდება საშუალო სიმტკიცის ჯავშანფილებისაგან, რომელიც დაცვის დონით 10-15% ჩამორჩება მაღალი სიმტკიცის ჯავშანფილებს.
Т-90-ის ჩამოსხმული (მარცხნივ) და შედუღებული (მარჯვნივ) კოშკურების სქემატური ხედი
ჩამოსხმულ კოშკურასთან შედარებით შედუღებული დეტალებისგან დამზადებული კოშკურის უპირატესობის რეალიზაცია მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მისი ჯავშანფილების შეერთების ადგილების ჭურვსაწინააღმდეგო მდგრადობა პასუხობს მთლიანი კოშკურის სიცოცხლისუნარიანობის საერთო მოთხოვნებს, ამიტომაც შედუღებული კოშკურის დეტალები იმდაგვარადაა დამზადებული, რომ კოშკურის დამზადების დროს მათი შედუღების პროცესში შესაერთებელი ფილები ჭურვის მოხვედრის მხრიდან მთლიანად ან ნაწილობრივ გადაფარავენ შეერთების ადგილებს და შედუღების ნაკერებს, ამას გარდა ყველა ჯავშანკედელს გააჩნია საყრდენი სახურავზე ან ძირა ფილაზე.
კოშკურაზე დინამიკური დაცვის განლაგება შემდეგნაირია:
• სახურავზე 21 ცალი დინამიკური დაცვის კონტეინერი, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი კოშკურის ზედა მხარის დასაცავად.
• კოშკურის შუბლა ნაწილზე დინამიკური დაცვის 7 ცალი V ფორმის ბლოკი და 1 კონტეინერი.
კორპუსის წინა ზედა ფილაზე დაყენებული დინამიკური დაცვის ბლოკები
კორპუსის წინა ზედა ფილაზე დაყენებული დინამიკური დაცვის ბლოკების სქემატური გამოსახულება. 1-დან 8-მდე აღნიშნულია სექციები, 9 ნომრით სექციის სახურავი. წყვეტილი ხაზებით-სექციების შიგნით მოთავსებული დინამიკური დაცვის ელემენტები
ჩაშენებული დინამიკური დაცვა
დინამიკური დაცვის კომპლექსი «Контакт-5», რომლის შემადგენლობაშიც შედის დინამიკური დაცვის ელემენტები 4С22, უზრუნველყოფს ტანკის ჭურვსაწინააღმდეგო მდგრადობის მნიშვნელოვან ზრდას. ჩაშენებული დინამიკური დაცვა ფარავს კორპუსის და კოშკურის წინა ნაწილის და ასევე მათი ქიმების 50%. იგი უზრუნველყოფს კუმულაციური ჭურვების ეფექტურობის 50-60%, ხოლო ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული ჭურვების 20% შემცირებას, მძლავრი გვერდითი იმპულსის შექმნით, რომელიც საშუალებითაც ხდება ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული ჭურვის გულარის დესტაბილიზაცია მანამდე, სანამ იგი დაიწყებს ჯავშანზე ზემოქმედებას.
1999 წელს გამოშვებული საექსპორტო T-90C ტანკოდრომ სალიტაზე საჩვენებელი გამოსვლის დროს (2003წ.). ჩანს როგორც კორპუსის წინა ზედა დეტალზე და მის ქიმებზე განლაგებული დინამიკური დაცვის სექციები, ასევე კოშკურის წინ და სახურავზე განლაგებული დინამიკური დაცვის ბლოკები და კონტეინერები
ჩაშენებულ დინამიკურ დაცვას გააჩნია მაღალი საბრძოლო და საექსპლუატაციო მახასიათებლები, როგორიცაა:
• უსაფრთხოა 12,7მმ-მდე კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების და ასევე 30 მმ-მდე მცირეკალიბრული ქვემეხების ჭურვების მოხვედრისას.
• გამორიცხულია ერთი სექციიდან მეორეზე დეტონაციის გადაცემა.
• გამორიცხულია დეტონაცია მასზე ნაპალმით ან სხვა ცეცხლგამჩენი სითხეებით ზემოქმედებისას.
• ექსპლუატაციის გარანტირებული ვადა - არანაკლებ 10 წელი.
• მისი დაყენება და ექსპლუატაცია ხდება ეკიპაჟის ძალებით (დაყენების დრო 3,5 სთ).
• უსაფრთხოა მანქანის ტექმომსახურების და რემონტისას ელექტროგაზოშედუღების გამოყენების დროს.
დინამიკური დაცვა საკურსო კუთხის 0º-დან ფარავს ტანკის წინა ფართობის 55%-ზე მეტს, საკურსო კუთხის 20 º-დან და 35 º-დან ტანკის ზედაპირის დაფარვა ერთნაირია და უდრის მისი ფართობის 45%-ს.
T-90-ზე დაცვის ამაღლება შესაძლებელია ახალი თაობის დინამიკური დაცვის კომპლექსის «Реликт» -ის გამოყენებით, რომლის შემადგენლობაშიც შედის დინამიკური დაცვის ელემენტები 4С23, დინამიკური დაცვის ეს ელემენტები სხვადასხვა წყაროების თანახმად გამოყენებული იქნა 2004 წლის მერე გამოშვებული T-90A ტანკების დაცვაში, სადაც იგი დამონტაჟებული იყო ძველ კონტეინერებში, რადგანაც ძველი და ახალი თაობის დინამიკური დაცვის ელემენტების გაბარიტული ზომები აბსოლუტურად იდენტურია, მათი განთავსება ერთსა და იმავე კონტეინერებში არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს, თუმცა ელემენტ 4С23-ის «Контакт-5» კონტეინერში მოთავსებით მისი ეფექტურობა შესაძლებელია უფრო დაბალი იყოს, ვიდრე თავის საკუთარ კონტეინერში გამოყენების დროს.
ახალი დინამიკური დაცვის გამოყენების ფაქტი დადასტურებულია მხოლოდ T-90-ის ბოლო მოდიფიკაციაზე, T-90CM-ზე. მწარმოებლის ინფორმაციის თანახმად, დინამიკური დაცვის კომპლექსი «Реликт»-ი უზრუნველყოფს ტანკის კოშკურის და კორპუსის შუბლა პროექციის დაცვას ყველაზე გავრცელებული ქვეკალიბრული ჭურვების წინააღმდეგ, როგორიცაა М-829A1/A2 და DM-53, 1000 მეტრის დისტანციაზე და ასევე ისეთი ტანდემურ-კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისგან, როგორიცაა TOW-2A, ხოლო ბორტებიდან РПГ-7-ს ისეთი ჭურვებისგან როგორებიცაა კუმულაციური ПГ-7Л და ტანდემურ-კუმულაციური ПГ-7ВР.
ამასთან დაკავშირებით ცნობილია ჯერ გერმანული და შემდეგ აშშ არმიის მიერ «Контакт-5»-ით აღჭურვილი Т-72-ს ჯავშანმდგრადობის შესამოწმებლად ჩატარებული საცეცხლე გამოცდები, რომლის შედეგიც მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, 80-იანი წლების ამერიკულმა და გერმანულმა როგორც ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებმა, ასევე სატანკო ქვეკალიბრულმა ჭურვებმა (როგორიც იყო მაგალითად ურანის გულარიანი М-829) ვერ მოახერხეს ტანკის შუბლა ჯავშნის გარღვევა. აქედან გამომდინარე, მწარმოებლის მიერ რეკლამირებული მონაცემები იმის თაობაზე, რომ «Реликт»-ით აღჭურვილი Т-90 წინიდან დაცულია ზემოთ მოყვანილი ჭურვებისგან, სიმართლეს შეეფერება.
«Контакт-5»-ის და «Реликт»-ის ტექნიკური მონაცემები
ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა (ხსმ)
ტანკის ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობას წარმოადგენს ორჯერადი მოქმედების, ავტომატური, ოპტიკურგადამწოდებლებიანი სისტემა 3ЭЦ13 «Иней». ხანძრის ჩასაქრობად სისტემას გააჩნია ალჩამქრობი ნარევის «Xладон»114В2 და «Xладон»13В1–ის ოთხი ბალონი, 10 ოპტიკური და 5 თერმოგადამწოდი (ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებაში). ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხანძრის აღმოჩენას და ხანძარმაქრი ნარევის 90% გამოტყორცნას ხანძრის დაწყებიდან არა უმეტეს 150 მილიწამის გასვლის შემდეგ.
სისტემის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ნახშირწყალბადჰალოგენის ხანძარსაწინააღმდეგო თვისებაზე, ანუ მაინჰიბირებელ (შემაყოვნებელ) ეფექტზე, რაც მდგომარეობს ხანძრის ზონაში ნახშირწყალბადის ჟანგვის რეაქციის უარყოფითი კატალიზატორის შეტანაში. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოქმედებაში მოყვანა ხდება როგორც ავტომატურად, ასევე ხელით მძღოლ-მექანიკოსის ან მეთაურის მიერ სისტემის სამართავ პულტზე განლაგებული გადამრთველების მეშვეობით. ამას გარდა, მანქანაში მოთავსებულია 2 ნახშირორჟანგიანი ხელის ალჩამქრობი.
ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის განლაგების სქემატური გამოსახულება
ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის 3ЭЦ13-ის ტექნიკური მონაცემები
No comments:
Post a Comment