მიმდინარე წლის 17-19 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის (MENA) უმსხვილესი გამოფენა IDEX-2019, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა თავდაცვითი მრეწველობის მსოფლიოს 1000-ზე მეტი კომპანია. ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოც.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ გამოფენაზე ექსკლუზიურად წარმოადგინა დიდგორი მეომარის ახალი მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული და ქართული წარმოების შეიარაღების სხვა ნიმუშები. ქვემოთ მოყვანილია მობილური ნაღმტყორცნის ფოტოები და მისი მოკლე აღწერა.
2018 წელს სსსტც „დელტამ“თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, დაიწყო ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარის“ ბაზაზე 120 მმ კალიბრიანი მობილური ნაღმმტყორცნის პროტოტიპური მოდულის შექმნა-ინტეგრაცია. რომლის ფართო მასებისთვის წარდგენაც პირველად საერთაშორისო სამხედრო გამოფენა IDEX 2019 ზე გაიმართება.
თანამედროვე მიდგომებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, დაპროექტებული და დამზადებული უახლესი ქართული მოდულური ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“ ჯარების სხვადასხვაგვარობისთვის განკუთვნილი განსხვავებული ტიპის, დანიშნულებისა და კონფიგურაციის მანქანების, უნივერსალურ მოდულურ ჯავშანპლატფორმას წარმოადგენს. მათ შორისაა საარტილერიო ცეცხლით მხარდაჭერის მანქანები 81, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნების მოდულებით. ორმაგად დაჯავშნული ჯავშანკაფსულა მანქანის 5 კაციან ეკიპაჟს ბრძოლის ველზე არსებული ნამსხვრევებისგან და 7,62 მმ კალიბრიანი ჯავშანგამტანი ტყვიებისგან საიმედოდ იცავს. მაღალი გამავლობის მქონე სავალი ნაწილი საბრძოლო პოზიციის დაკავების საშუალებას სხვადასხვა სახის რთულ რელიეფზეც იძლევა.
120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნით აღჭურვილი „მეომარის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა.
120 მმ კალიბრიანი საარტილერიო მოდული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ უკანა საბრძოლო ნაკვეთურშია დამონტაჟებული, სისტემა აღჭურვილია სტანდარტული ნაღმმტყორცნისგან განსხვავებული, დიდი ზომის მართკუთხა საყრდენი ფილით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემას ბევრად უფრო ეფექტურად ანაწილებს გრუნტზე. სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანისას საყრდენი ფილა და მასზე დამონტაჟებული 120 მმ-იანი ლულა სპეციალური ჰიდრავლუკური მექანიზმით დაბლა ჩამოიწევა, მანქანის უკანა ბორბლები კი სროლისას ხისტად დაფიქსირებისთვის ჰაერში იწევა.
პოტენციური დამკვეთის სურვილის შესაბამისად საბრძოლო მანქანის დაკომპლექტება შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის შიდა და გარე კავშირის რადიოსადგურებით, გლობალური ნავიგაციის სისტემით, ინერციული ნავიგაცია-პოზიციონირების სისტემით (GPS/INS), კონსტრუქციაში ჩაშენებული ან სწრაფმოხსნადი ცეცხლის მართვის სისტემებით (MFCS), ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის მართვის, კავშირის და ინფორმაციის გაცვლის C2/C3/C4/C4i სისტემებით.
120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნი IDEX-2019-ზე
გამოფენის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დერიკ მადურო ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას გაეცნო და გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი. განს წარმომადგენლობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოფენაზე ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილ ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულმა დაიმსახურა.
No comments:
Post a Comment