Tuesday, December 20, 2016

იუტლენდის ბრძოლა - ისტორიაში ყველაზე მსხვილმაშტაბიანი საზღვაო შეტაკება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

1916 წლის 31 მაისს, ჩრდილოეთის ზღვაში, იუტლენდის ნახევარკუნძულის დასავლეთით, გერმანიისა და ბრიტანეთის მთავარ საზღვაო ძალებს შორის, საზღვაო ისტორიაში ყველაზე მსხვილი ბრძოლა გათამაშდა.

სახაზო ხომალდი "ბენბოუ" ადმირალ სტრედის ლინკორების მე-4 დივიზიონის ტავში. უკან მოსდევენ სახაზო ხომალდები "ბელეროფონი" და "ტემერერი"

30 მაისს, დღისით, გერმანელების ფლოტისთვის გაგზავნილი „ზღვაში გასვლის“ სიგნალი იქნა გადაჭერილი. გერმანელთა ესკადრონში 5 ხომალდი შედიოდა, რომელსაც მსუბუქი ძალები უჭერდნენ მხარს. უკან 50 მილის (90 კილომეტრი) მოშორებით ძირითადი ძალები მოყვებოდნენ. გერმანელთა გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: მათი სახაზო კრეისერები, ადმირალ ფ. ჰიპპერის სარდლობით, ინგლისელთა ფლოტის სატყუარად უნდა გამოსულიყვნენ. მათი ამოცანა იყო ინგლისელთა ბრძოლით შებოჭვა და მათი თავის მთავარ ძალებზე გაყვანა და ღია ზღვის ფლოტში გაერთიანებული გერმანელთა სახაზო ხომალდები, ბრიტანელთა გრანდ-ფლეტის მოსვლამდე, სწრაფად უსწორდებიან მტერს.

გერმანელებმა ზღვაში სულ 16 სახაზო ხომალდი, 5 სახაზო კრეისერი, 6 ჯავშნოსანი, 11 მსუბუქი კრეისერი და 60 საესკადრო ნაღმოსანი გაიყვანეს (მთლიანობაში 98 ხომალდი). მოწინააღმდეგის ფლოტზე და მის გადაადგილებაზე დასაკვირვებლად და წინმსწრები დარტყმის მისაყენებლად ინგლისის საზღვაო ბაზებთან 11 წყალქვეშა ნავი იქნა გაგზავნილი.

ინგლისელებმა გერმანელთა ჩანაფიქრის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, მაგრამ მათმა რადიოდაზვერვამ გერმანული ფლოტის გასვლის დღისა და მიმართულების გარკვევა შესძლო. გრანდ-ფლეტის მეთაურმა, ადმირალმა ჯ. ჯელლიკომ, მთელი თავისი ფლოტის გაშლა და გერმანელთა ხომალდების ნაწილის გადაჭერა და განადგურება გადაწყვიტა. როზაიტიდან, ადმირალ დ. ბიტტის მეთაურობით, პირველად 6 სახაზო კრეისერისგან და 4 სწრაფმავალი, „ქუინ ელიზაბეთის“ ტიპის, სახაზო ხომალდისგან შემდგარი შენაერთ გამოვიდა. გერმანელთა წყალქვეშა ნავებმა ისინი ვერ შეამჩნიეს. ადმირალმა რ. შეერმა, რომელიც ღია ზღვის ფლოტს სარდლობდა, მთელი გრანდ-ფლეტის გამოსვლის შესახებ არაფერი არ იცოდა. მთლიანობაში ინგლისელებმა გერმანელთა წინააღმდეგ 28 სახაზო ხომალდი, 9 სახაზო კრეისერი, 8 ჯავშნოსანი კრეისერი, 26 მსუბუქი კრეისერი და 61 საესკადრო ნაღმოსანი გამოიყვანეს (მთლიანობაში 132 ხომალდი). ინგლისელებმა, თოთქოს გერმანელთა გეგმა მოიპარესო, გადაწყვიტეს მათი ხაფანგში შეტყუება. მათ ადმირალი ბიტტი გერმანელებთან ბრძოლის გასაჩაღებლად და თავის ძირითად ძალებთან შესატყუებლად გაგზავენს.

 სახაზო ხომალდი HMS Iron Duke გრანდ-ფლეტის სათავეში

ბიტტის ესკადრამ, რომელიც 25 კვანძიანი სიჩქარით მოძრაობდა, 14 საათსა და 30 წუთზე, იუტლენდის სანაპიროდან 90 მილის მოშორებით ჰიპპერის შენაერთი შეამჩნია (5 სახაზო კრეისერი). მოწინააღმდეგეთა სახაზო კრეისერები საათზე მეტ ხანს ახორციელებდნენ მიახლოებას, ამ დროს მსუბუქი ძალები ცეცხლს აწარმოებდნენ. და თითქმის ერთდროულად, სრულ სვლით მიმავალმა, 6-მა ინგლისურმა და 5-მა გერმანულმა სახაზო კრეისერებმა 15 საათსა და 48 წუთზე გახსნა ცეცხლი. ამ დროს 4 ინგლისური  სახაზო ხომალდი იმდენად ჩამორჩა, რომ დახმარებას ვერაფრით ახერხებდნენ. ცუდმა კავშირგაბმულობამა და რაზმებს შორის ცუდმა შეთანწყობამ გამოიწვია ის, რომ ინგლისელთა ავანგარდის ძალები გადამწყვეტ მომენტში დაქსაქსულები აღმოჩნდნენ. მაგრამ ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ადმირალი ბიტტი თავს საკმაოდ ძლიერად თვლიდა.

გრანდ-ფლეტის სახაზო ხომალდების მეორე ესკადრა. მარცხნიდან მარჯვნივ King George V, Thunderer, Monarch და Conqueror.

ბრძოლა მოწინააღმდეგეების ხომალდებს შორის ცალკეულ შერკინებად დანაწევრდა. სრულიად მოულოდნელად, ინგლისელებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს. ინგლისელთა სახაზო კრეისერები მძიმე არტილერიის დარტყმებს ცუდად აკავებდნენ. გერმანელთა ჭურვები 9-16 კილომეტრის მანძილიდან ადვილად ხვრეტდნენ მათ ჯავშანს და ხომალდის შიგნით ფეთქდებოდნენ. ამის შედეგად ჭურვები და დენთის საწყობები აალდა. ბრძოლის დაწყებიდან 17 წუთის შემდეგ ჰაერში აიწია ინგლისელთა სახაზო კრეისერი „ინდეფატიგეიბლი“. კიდევ 20 წუთის შემდეგ აფეთქდა მეორე კრეისერი - „ქუინ მერი“. ინგლისელები კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ამ დროს 17,5 კილომეტრის მანძილიდან 4-მა მოახლოებულმა სახაზო ხომალდმა გახსნა ცეცხლი და გერმანელებს 381 მილიმეტრიანი „ჩემოდნები“ დააყარა თავზე.

აფეთქება სახაზო ხომალდ HMS Queen Mary-ზე

ჰიპპერმა სამხრეთით მოუხვია, და გეგმის თანახმად, ინგლისელთა თავის ძირითად ძალებზე გასაყვანად, უკანდახევა დაიწყო. ორი ხომალდის დაღუპვამ ინგლისელებს ბრძოლის დისტანციის გაზრდა აიძულა. 16 საათსა და 30 წუთზე ორივე მხარემ ბრძოლაში საესკადრო ნაღმოსნები ჩართო. ერთი ტორპედო გერმანელთა სახაზო კრეისერ „ზეიდლიცს“ მოხვდა, მაგრამ მას ბრძოლისუნარიანობა არ დაუკარგავს. 16 საათსა და 33 წუთზე წინ მიმავალმა ინგლისელთა მსუბუქმა კრეისერმა სამხრეთ-აღმოსავლეთით ღია ზღვის ფლოტის ძირითადი ძალები აღმოაჩინა.

ბრძოლის სურათი მკვეთრად შეიცვალა - ახლა უპირატესობა ძალაში გერმანელთა მხარეს იყო. ინგლისელთა სახაზო კრეისერებმა მორიგეობით, ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს უკან მობრუნება. გერმანელთა სახაზო ხომალდების გრძელმა რიგმა, მტრისთვის უკადასახევი გზის გადასაჭრელად, გეზი სრული სვლით დასავლეთისკენ აიღო. ინგლისელებმა ხომალდები მაქსიმალური სვლით ჩრდილოეთისკენ მიმართეს და სასიკვდილო ყულფიდან თავის დაძვრენას ცდილობდნენ, ხოლო საესკადრო ნაღმოსნები ისევ ენერგიულად ჩაერთნენ ბრძოლაში. ათობით ტორპედომ ზღვის ზედაპირზე ქაფიანი ზოლი გაავლო და გერმანელთა ხომალდებისკენ გაექანა, რითაც მათ გეზის შეცვლა აიძულა და ქვემეხების სამიზნის არევა გამოიწვია. ამ შეტევამ დიდ ინგლისურ ხომალდებს, საშუალება მისცა განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე მობრუნებულიყვნენ და სიჩქარის უპირატესობის გამოყენებით გერმანელთა ხომალდები უკან მოეტოვებინათ.

ამ დროს გრანდ-ფლეტის მთავარი ძალები ჩრდილოეთით 60 მილის მოშორებით იმყოფებოდა და ექვსი პარალელური საკილვატერო კოლონით გადაადგილდებოდა. სახაზო ხომალდების მოძრაობის კურსის მიმართულებით, წინ, 6 მილის მოშორებით, კრეისერთა ხაზი იყო გაშლილი. გერმანელებს საფრთხის შესახებ ეჭვებიც კი არ ჰქონდათ და ამიტომ ინგლისელთა დევნას განაგრძობდნენ. 17 საათსა და 45 წუთზე ძირითადი ძალების მეწინავე რამზები ერთმანეთს შეხვდნენ. ჯავშნოსანი კრეისერები, „დეფენსი“ და „უორიორი“ გერმანულ სახაზო ხომალდებს პირდაპირ შეეჩეხნენ და მყისიერად იქნენ ჩაძირულები. თავის მხრივ ინგლისელთა სახაზო ხომალდების ცეცხლით გერმანელთა მსუბუქი კრეისერი „ვისბადენი“ დაიღუპა. სახაზო კრეისერი „ინვისიბილი“, რომელიც გრანდ-ფლეტის წინ აღმოჩნდა, გერმანული ფლოტის თავმოყრილი ცეცხლის ქვეშ მოყვა და 18 საათსა და 35 წუთზე აფეთქდა და ჩაიძირა. მალევე მწყობრიდან იქნა გამოყვანილი სახაზო ხომალდი „უორსპაიტი“, რომელიც ბაზაზე გაჭირვებით დაბრუნდა. ინგლისელებს ძალებში თითქმის ორმაგი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ არეულობამ ცალკეული ნაწილების გადაადგილებაში და საკილვატერო კოლონაში სახაზო ხომალდების ნელმა გაშლამ გერმანელებს სიტუაციასთან ადაპტაციისა და არტილერიის გამიზვნის საშუალება მისცა.

ბრძოლა ჩაღდებოდა. გასროლების ალმა ჰორიზონტი დიდ მანძილზე დაფარა. ამ ბრძოლას შემდეგში "გიგანტების ბრძოლა" ტყუილად არ უწოდეს. მაგრამ გერმანელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მთლიან „დიდ ფლოტს“ შეეჯახნენ. 18 საათსა და 25 წუთზე გერმანულმა საესკადრო ნაღმოსანმა ჩაძირული ინგლისური ხომალდის მეზღვაურები ამოიყვანა წყლიდან. ტყვეები დაკითხეს და მხოლოდ მაშინ მიხვდნენ გერმანელები, თუ რამდენად დიდ ძალებთან მოუწევთ ბრძოლა.

18 საათსა და 30 წუთზე გრანდ-ფლეტის ესკადრამ, დაასრულა რა საკილვატერო კოლონაში გადაწყობა და გერმანელთა ხომალდების ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შებოჭვა, გახსნა კონცენტრირებული ცეცხლი მოწინააღმდეგის მიმართულებით. ძალებში ინგლისელთა აშკარა უპირატესობისა და მათ მიერ დაკავებული შესანიშნავი პოზიციის (გერმანული ფლოტის თავი ნახევარწერეში მოექცა) გათვალისწინებით შეერმა ბრძოლიდან გასვლა და თავის ბაზისკენ გზის გარღვევა გადაწყვიტა.

მყისიერად გერმანულ ხომალდებს გადაეცათ სიგნალი - 180 გრადუსზე „ყველას ერთად“ მოტრიალება. ეს ძალიან რთული მანევრია: ყოველმა საბრძოლო ხომალდმა უნდა განახორციელოს ერთდროული, სინქრონული მოტრიალება და ამავე დროს დარჩეს თავის ადგილას საბრძოლო მწყობრში, მაგრამ ამ დროს მეწინავე ხდება ჩამკეტი, ხოლო ჩამკეტი მწყობრის წინ ექცევა. როგორც შემდეგში ადმირალმა ტირპიცმა დაწერა: „არა მგონია მსოფლიოში გერმანულის გარდა არსებობდეს სხვა ფლოტი, რომელიც შესძლებდა მტრის ცეცხლის ქვეშ ამ ურთულესი მანევრის ასე ზუსტად შესრულებას“. ამ დროისათვის ინგლისელებმა არტილერიის გამიზვნა მოასწრეს, ამიტომ მწყობრის ბოლოში აღმოჩენილმა გერმანელთა სახაზო კრეისერებმა, „ზეიდლიცმა“, „დერფლინგერმა“ და „ლიუტცევემ“ უმძიმესი დაზიანებები მიიღეს. ამჯერად გერმანელთა საესკადრო ნაღმოსნების სატორპედო იერიშმა ინგლისელთა სამიზნეების არევა გამოიწვია. გერმანელთა ხომალდები საღამოს ბინდს შეეფარნენ. დაღამებამდე კიდევ ორი საათი რჩებოდა. ინგლისელები ამ დროის განმავლობაში მოწინაარმდეგის პოვნასა და მისთვის ბრძოლის თავზე მოხვევას ცდილობდნენ. გერმანელთა ტაქტიკა კიდევ ბრძოლისათვის თავის არიდებაში და სიბნელის დადგომასთან ერთად მტრისგან გასხლტომასა და საკუთარ ბაზებზე მისვლაში მდგომარეობდა.

გერმანული ნაღმოსანი შეტევაში

ინგლისელთა მეთაურობის გადაჭარბებული სიფრთხილიე გერმანელებს საგრძნობლად დაეხმარა. „ყველას ერთად“ მოულოდნელი მოტრიალებით და საკვამლე ფარდის დაყენებით მტერს გამიზვნის საშუალებას არ აძლევდნენ, გერმანელთა საესკადრო ნაღმოსნების მიერ განხორციელებული მუდმივი სატორპედო იერიშები ინგლისელებს კურსის შეცვლას აიძულებდნენ და დამიზნების საშუალებას არ აძლევდნენ და ამით შესვენებისთვის დროს იგებდნენ. ამგვარად მოკლე შეტაკებებში გაიარა დღის ბოლო ორმა საათმა.

დადგა საღამო, შემდეგ ღამე და გერმანელებმა მოახერხეს თავისი ძლიერად დაზიანებული ხომალდების ბრძოლის ველიდან გაყვანა. მიახლოებით 23 საათზე შეერი გრანდ-ფლეტის კიჩოსთან გასხლტა და ინგლისელთა საესკადრო ნაღმოსნებთან ბრძოლაში შევიდა. მასიური შეტევა გერმანელთა მსუბუქმა კრეისერებმა მოიგერიეს. თუმცაღა სამი მათგანი - „ფრაუენბოლი“, „როსტოკი“ და „ელბინგი“ ამ ბრძოლას შეეწირა. ინგლისელებმა 5 ნაღმოსანი დაკარგეს. მოგვიანებით, 2 საათსა და 20 წუთზე, ტორპედოს საშუალებით, მაინც მოხერხდა გერმანული ჯავშნოსანის, „პომერანიის“, ჩაძირვა. ინგლისურმა ჯავშნოსანმა კრეისერმა, „ბლეკ პრინსმა“, ორიენტაცია დაკარგა და ღია ზღვის ფლოტის სახაზო ხომალდების მწყობრის ცენტრში აღმოჩნდა, სადაც ის მძიმე ჭურვებით ფაქტიურად ნაფლეთებად აქციეს.

ადგილზე დარჩენილი და სვლადაკარგული გერმანული სახაზო კრეისერები „ლიუტცევი“ და „ზეიდლიცი“  ღამე თავიანთ ბაზაზე მიღწევას შეეცადნენ. ეს მხოლოდ „ზეიდლიცმა“ მოახერხა. როდესაც დილით, „ლიუტცევმა“, ცხვირის განყოფილებაში მოხვედრილი ჭარბი წყლის გამო კიჩო ჰაერში ასწია და მზიდი ხრახნები ჰაერში აღმოჩნდა, ეკიპაჟმა გადარჩენისთვის ბრძოლა შეწყვიტა და სხვა გერმანულ საესკადრო ნაღმოსნებზე გადასხდა, ხოლო თვითონ დაზიანებული ხომალდი გერმანელებმა ტორპედოებით ჩაძირეს. 1 ივნისს, დილით, გერმანულმა ფლოტმა ინგლისელები უკან მოიტოვა და ბაზაზე დაბრუნდა, ინგლისელებმაც თავის ბაზას მიაშურეს.

დაზიანებული "ზეიდლიცი" ვილჰელმსჰაფენის დოკებში

ორივე მხრიდან იუტლანდის ბრძოლაში 249 საბრძოლო ხომალდი ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის 44 სახაზო ხომალდი და 14 სახაზო კრეისერი. ბრძოლა დიდ მანძილზე ხორციელდებოდა - 18 კილომეტრამდე. მხარეებმა მთლიანობაში  8 ათასი 280-დან 381მმ-დე კალიბრის მძიმე ჭურვი გაისროლეს. ინგლისელებმა 3 სახაზო კრეისერი, 3 ჯავშნოსანი კრეისერი და 8 საესკადრო ნაღმოსანი დაკარგეს. გერმანელებმა ჯავშნოსანი, სახაზო კრეისერი, 4 მსუბუქი კრეისერი და 5 საესკადრო ნაღმოსანი. აქედან 17 ხომალდი არტილერიით, ხოლო 8 ტორპედოებით იქნა განადგურებული. ინგლისელებმა 4598 ჭურვი და 74 ტორპედო გაისროლეს, აქედან მიზანს 100 ჭურვი (2,2%) და 5 ტორპედო მოხვდა. გერმანელებმა 3597 ჭურვი და 109 ტორპედო გაისროლეს, მიზანს 120 (3,3%) ჭურვი და 3 ტორპედო მოხვდა. ინგლისელთა პირად შემადგენლობაში დაღუპილთა რაოდენობამ 6 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო გერმანელთა დანაკარგები 2,5 ათასი კაცი იყო. 800 ინგლისელი და 600 გერმანელი დაჭრილი იყო. გერმანულმა ფლოტმა, რომელიც ინგლისელების ფლოტს საბორტე ზალპში ორჯერ ჩამორჩებოდა (75 ტონა 176 ტონის წინააღმდეგ), მტერს ორჯერ მეტი დანაკარგები მიაყენა.

სამხედრო ისტორიკოსები იუტლენდის ბრძოლას მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს საზღვაო ბრძოლას უწოდებენ. ამგვარი წოდება გამართლებულია ბრძოლაში მონაწილე საბრძოლო ხომალდების რაოდენობითა და იმ სტრატეგიული მნიშვნელობით, რომელსაც რომელიმე მხარე გამარჯვების შედეგად მიიღებდა. მაგრამ, სტრატეგიული თვალსაზრისით ბრძოლა უშედეგო გამოდგა, რადგანაც ვერცერთმა მხარემ დასმული ამოცანა ვერ შეასრულა. ინგლისურმა ფლოტმა, რომელსაც უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა, მტრის განადგურება ვერ შესძლო, ხოლო გერმანულმა ფლოტმა, რომელსაც ბრძოლის დაწყების მომენტში ჰქონდა უპირატესობა, ვერ გაანადგურა ხაფანგში შეტყუებული ინგლისური ფლოტის ნაწილი.

მოწინააღმდეგეები მოძველებულ, სახაზო ტაქტიკას იყენებდნენ. უშველებელი საკილვატერო კოლონები ბრძოლის საწარმოებლად მოუხერხებელი გამოდგა, ართულებდნენ არტილერიის მასრიებულ გამოყენებას და ესკადრონების მეთაურების ინიციატივას ბოჭავდნენ.

შერკინებამ აჩვენა მსუბუქი ძალების გაზრდილი როლი, მაგრამ მათ სათანადო ორგანიზაცია აკლდათ. პირველად დღის შუქზე ფართო გამოყენება ჰპოვა სატორპედო იერიშებმა, მაგრამ ისენი ცალკეული ტორპედებით, დიდ მანძილებზე ხორციელდებოა.


P.S. სტატიაში გამოყენებულია ინფორმაცია წიგნიდან "Все о кораблях. От гребного флота древнего мира до наших дней"

Sunday, December 18, 2016

აშშ-ს არმიის უკოშკურო Bradley

აშშ-ს არმიის ჯავშანსატანკო ქვედანაყოფები გადაიარაღების ახალ ეტაპს იწყებენ. როგორც პორტალი defensenews.com 15 დეკემბერის სტატიაში იუწყება, კომპანია BAE Systems-მა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ქსმ Bradley-ს ბაზაზე შექმნილი ახალი ჯავშანტრანსპორტიორის, AMPV-ს (Armored Multi-Purpose Vehicle), პირველი ნიმუში გადასცა.

პროტოტიპის ოფიციალური გამოგორება ქალაქ იორკში (პენსილვანიის შტატი) მდებარე კომპანია BAE Systems-ის ქარხანაში განხორციელდა. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეკვეთილი 29 მანქანიდან პირველი გადაეცათ.
ტენდერის პირობების თანამხად, რომელიც BAE Systems-მა მოიგო, მწარმოებელმა ამერიკულ არმიას უახლოეს დროში, წინასერიული, ხუთი სხვადასხვა მოდიფიკაციის (ჯტრ, სამეთაურო-საშტაბო მანქანა, სამედიცინო-სანიტარული მანქანა, სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა და 120მმ-ნი თვითმავალი ნაღმტყორცნი) 29 ცალი მანქანა უნდა გადასცეს.
ნახევარი წლის განმავლობაში, საარმიო სპეციალური ქვედანაყოფები, ახალი ჯტრ-ების გამოცდებს განახორციელებენ, რის შემდეგაც ახალ ტექნიკასთან დაკავშირებული სურვილები და შენიშვნები მწარმოებელს გადაეცემა, და თავდაცვის სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას მცირესერიული საწარმოო საცდელი პარტიის (289 მანქანის ოდენობით) შეკვეთაზე.
მომდევნო ათი წლის განმავლობაში აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო 2907 ცალი ახალი მანქანის შესყიდვას გეგმავს (993 ცალი სამეთაურო-საშტაბო მანქანა, 790 ცალი სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა, 386 ცალი 120მმ-ნი თვითმავალი ნაღმტყორცნი, 216 ცალი სამედიცინო-სანიტარული და ამდენივე საერთო დანიშნულების მანქანა). დაგეგმილი ხელშეკრულების საერთო ღირებულება 13 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 
ახალი ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებიც საბრძოლო მანქანა M2 Bradley-ს უკოშკურო ვარიანტს წარმოადგენს, ჯავშანსატანკო ბრიგადების შეიარაღებაზე მყოფ 2897 ცალ მუხლუხებიან ჯავშანტრანსპორტიორ M-113 შეცვლის, რომლებიც, აშშს თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ტანკ M1 Abrams-თან და ქსმ M2 Bradley-სთან სრულფასოვნად ვეღარ თანამოქმედებენ. ამას გარდა, სამხედრო უწყება, გეგმავს უახლოეს წლებში სხვა სამხედრო ქვედანაყოფების შეიარაღებაზე მდგარი 2000 ცალი ჯტრ M-113-იც შეცვალოს.
ჯავშანტრანსპორტიორი M-113 ამერიკის არმიამ 1960 წელს მიიღო შეიარაღებაზე. წარმოება დღემდე გრძელდება: 2016 წლის მონაცემების თანახმად, ამ პლატფორმაზე მსოფლიოში 80 000 ცალი მანქანაა გამოშვებული.

P.S. როგორც ჩანს ეს მანქანა იქნა ამორჩეული იმ ცნობილი და უცნაური კონკურსის შედეგად, რომელსაც ამერიკის არმია ახორციელებდა და რომელშიც ისეთი მანქანები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა CV-90-35, Namer, M2A3 Bradley, Puma, Stryker SDVH და Bradley GCV. (ამ კონკურის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი ორჯერ - საბრძოლო მანქანის ტენდერი ამერიკული არმიისთვის და საბრძოლო მანქანის ტენდერი ამერიკული არმიისთვის (გაგრძელება))

წყარო:
BAE Systems rolls out first Armored Multi-Purpose Vehicle

Sunday, December 4, 2016

აზერბაიჯანის თვითმავალი ქვემეხი 2С31 «Вена»

შეკვეთა რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, 2013 წელს დაიწყო აწყობა. ეხლა როგორც ვიცი პირველად გამოჩნდა ამ დანადგარების ფოტო-ვიდეომასალა ოფიციალურ დონეზე:



WORLD AIR FORCES 2017 - მსოფლიოს ავიაციის 2017 წლის ცნობარი


მსოფლიოს საჰაერო ძალების ყოველწლიური მიმოხილვა Flight International-ისგან. ცნობარი RUAG-თან თანამშრომლობით შეიქმნა.
კატალოგში შესულია მონაცემები მსოფლიოს ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) საჰაერო ძალების რაოდენობაზე, შემადგენლობაზე და აქტიური თვითმფრინავების შესახებ. ქვემოთ მოვიყვან რამოდენიმე საინტერესო ცხრილი კატალოგიდან:

ათი ყველაზე მსხვილი სამხედრო საჰაერო ქვეყანა (აღსანიშნავია რომ, აშშ, რაოდენობით, უტოლდება ერთად აღებულ მისი მომდევნო ექვს ქვეყანას)

მსოფლიოში ათი ყველაზე აქტიური გამანადგურებელი და მოიერიშე ვერტმფრენი

საქართველოს სამხედრო-საჰარო ძალების შემადგენლობა (აღსანიშნავია რომ კატალოგში აფხაზეთი საქართველოს ნაწილადაა დაფიქსირებული)

კატალოგის გადმოსაწერი ბმული:

Friday, December 2, 2016

კრის კაილი - ამერიკელი სნაიპერი (წიგნის მოკლე მიმოხილვა)

წიგნი საკმაოდ საინტერესოა, მარტივად იკითხება. ბევრ რამეში შეიძლება არ დაეთანხმო ადამიანი ავტორს, მაგალითად ერაყელი მეამბოხეების მისებურ ხედვაში, რომლებსაც ის ველურებს და საშინელ ადამიანებს უწოდებს და მათ მკვლელობას თავის მოვალეობად თვლის. თუმცაღა აქ მთლიანობაში ალბათ აშშ-ს შეიარაღებული ძალების მენტალობასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ადამიანთან, რომელიც ჩემის აზრით არასწორად აღიქვამს არსებულ სამყაროს.
მაგრამ მოდით მსოფლმხედველობა განზე გადავდოთ და ვისიამოვნოთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერის, კრის კაილის, ავტობიოგრაფიული მონათხრობით, რომელშიც ყველაზე მეტად ჯარისკაცული რუტინა, მეთაურებთან ურთიერთობა და ბრძოლის საკმაოდ მარტივი, მაგრამ რეალური აღწერა ითრევს ადამიანს და წიგნს ერთი ამოსუნთქვით აკითხებს.



რამოდენიმე ამონარიდი წიგნიდან:

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, (საზოგადოების დამოკიდებულება თავისი ჯარისკაცებისადმი, ჩვენს საზოგადოებასაც გამოადგება):
 ტაიას გასაღები ავიღე, ავზი სავსე ჰქონდა, ჩემს ჯიპში კი ბენზინი აღარ იყო და ბაზაზე გავვარდი. აღარც კი მახსოვს რა სიჩქარით მივდიოდი, სამი ციფრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს მართლა ყველაზე მაღალი სიჩქარე იყო რაც კი ფიზიკურად შესაძლებელია.
სან-ხუან კაპისტრანოს გზატკეცილზე სარკეებში გავიხედე და დავინახე, რომ პოლიცილი მომსდევს.
პოლიციელი აშკარად ცუდ გუნებაზე გახლდათ.
- თქვენ ძალიან სწრაფად მოძრაობთ, გაქვთ ამის მიზეზი?
- დიახ სერ - ვუპასუხე - სამხედრო ვარ და გამომიძახეს, მესმის, რომ უნდა დამაჯარიმოთ, მაგრამ იქნებ ეს სწრაფად გააკეთოთ და გამიშვათ?
- სად მსახუდობთ?
- „ამის დედაც“ - გავიფიქრე, ხომ ვუთხარი, რომ ბაზაზე მეჩქარება, ხომ შეიძლება გამომიწეროს ჯარიმა და გამიშვას! მაგრამ გარეგნულად სიმშვიდეს ვინარჩუნებდი.
- სამხედრო საზღვაო ძალებში, - ვუპასუხე.
- რას აკეთებთ სამხედრო ძალებში?
- SEAL-ის წევრი ვარ, - ახლა კი დამეტყო გაღიზიანება.
საჯარიმო ქვითრების წიგნაკი დახურა და მითხრა:
- მე წინ წავალ, თქვენ გამომყევით, ქალაქის ბოლომდე მიგაცილებთ, ეს პატარა კომპენსაცია იქნება იმისა, რომ შეგაყოვნეთ.
აი საქორწინო შვებულებას რო იღებ და მეგობრები მოსალოც საღამოს რო გიწყობენ ქვედანაყოფში:
ნევადის მთებში ვიყავით, ციოდა, თოვლიც წამოვიდა, პატარა შვებულება მომცეს, რადგანაც ცოლს ვირთავდი , დილით უნდა გავფრენილიყავი. ჩემს ამხანაგებს კი წინ ბევრი ვარჯიში ელოდათ. ოპერაციის დაგეგმვის ოთახში შევედი. შეფმა გვითხრა, რომ უნდა დავისვენოთ და დავლიოთ ლუდი სანამ ხვალინდელ დღეს დავგეგმავთ.
- ჰეი, შენ ახალბედავ - მითხრა - ლუდი მოარბენინე და მიკროავტობუსიდან მისაყოლებელიც წამოიღე.
როდესაც დავბრუნდი, მხოლოდ ერთი სკამი იყო თავისუფალი, რომელიც ოთახის შუაში, წრეში იდგა.
- მაშ, ასე, აი, ხვალ რა უნდა გავაკეთოთ, - თქვა მეთაურმა, დაფასთან იდგა, - სამიზნე იქნება ცენტრში, ჩვენ მას ყოველი მხრიდან წრეს დავარტყამთ.
„ეს მთლად გონივრული არ ჩანს, - გავიფიქრე, - თუკი ყოველი მხრიდან წრეს დავარტყამთ, გამოვა რომ ერთმანეთს ვესვრით“. ეს რომ არ მოხდეს, ლათინური L ფორმის განლაგებას ვირჩევთ ხოლმე.
მეთაურს გადავხედე, მანაც გადმომხედა. უეცრად სერიოზული გამომეტყველება ეშმაკური ღიმილით შეეცვალა. უმალ მთელი ათეული დამაცხრა, წამიც და იატაკზე აღმოვჩნდი. სკამს მაგრად მიმაბეს და დაიწყო „კენგურუს სასამართლო“.
ბევრი რამე დამაბრალეს, პირველი ის იყო, რომ თავის დროზე ვთქვი, სნაიპერი მინდა გავხდე-მეთქი“.
- ეს ახალბედა უმადურია! - ჭექდა ბრალდებები, - მას არ სურს საქმე აკეთოს, მას ჰგონია, რომ ჩვენზე უკეთესია!
შევეცადე გამეპროტესტებინა, საწინააღმდეგოდ სიტყვა მეთქვა, მაგრამ მოსამართლემ, - მის როლს კი ჩემი მეთაური ასრულებდა, - სწრაფად მომიწოდა წესრიგისკენ. „ადვოკატს“ მივმართე.
- და რას ელი? - მითხრა, - მან ეს-ესაა დაასრულა დაწყებითი გა-ნუთ-ლე-ბა.
- დამნაშავეა! - გამოაცხადა მოსამართლემ, - შემდეგი ბრალდება!
- თქვენო ღირსებავ, ბრალდებული უპატივცემულობას იჩენს, მან ეს-ესაა, თავისი მეთაური ჯანდაბაში გაგზავნა.
- ვაპროტესტებ! - განაცხადა ადვოკატმა, - მან იქ მორიგე ოფიცერი გააგზავნა!
მეთაურსა და მორიგე ოფიცერს შორის დიდი განსხვავებაა, ოღონდ არა ასეთ სიტუაციაში.
- დამნაშავეა! შემდეგი ბრალდება!
ყველა ბრალდებაში დამნაშავე მცნეს, - რაც კი შეძლეს გაეხსენებინათ, ყველაფერი დამაბრალეს, სასჯელად კი, ყოველ ცალკეულ ბრალდებაზე, უნდა დამელია ვისკის ულუფა, კოლასთან ერთად.
ამის შემდეგად, დავთვერი მანამ, სანამ „ფელონიამდე“ მივიდნენ. რაღაც მომენტში გამხადეს და ტრუსებში ყინული ჩამიდეს. ბოლოს და ბოლოს გავითიშე.
შემდეგ აეროზოლით და მარკერით მკერდსა და ზურგზე ფლეიბოის ბაჭია დამახატეს. ზუსტად ისეთი „ბოდი-არტი“ იყო, თაფლობის თვეს რომ უხდება. რაღაც მომენტში, ჩემი ამხანაგები ჩემი ჯანმრთელობის მდგომარობამ შეაშფოთა, სრულიად შიშველი დამაბეს ფიცარზე, გარეთ გამიტანეს და თოვლში ჩამსვეს, გონზე რომ მოვსულიყავი. როდესაც გონზე მოვედი, კბილებს ისე ვაკაწკაწებდი, ტყვიამფრქვევის ჯერი გეგონებოდათ. შემდეგ მომცეს მარილხსნარი, ალკოჰოლის მოქმედება რომ შეემცირებინათ და ბოლოს დამაბრუნეს ოთახში, მაგრამ ფიცრიდან არ ჩამომხსნეს.
მახსოვს, როცა მიმათრევდნენ კიბეზე, ეტყობა სეირის მაყურებლები შეგროვდნენ, რადგან ჩემი ამხანაგები ყვიროდნენ, „აქ არაფერია სანახავი, არაფერი!“ და თან მიმათრევდნენ.
მეორე დღეს ტაიამ ჩამომრეცხა ბაჭიები და ფერადი საღებავი, თუმცა პერანგში მისი კვალი მაინც ჩანდა, ასე რომ იძულებული გავხდი, საქორწინო ცერემონიის დროს პიჯაკი ყველა ღილზე შემეკრა.
პოლონური სპეცდანიშნულების რაზმი GROM, რომელიც სამართლიანად ითვლება მსოფლიოში საუკეთესო სპეცრაზმად. ჩემს აზრი კრის კაილის აზრს ემთხვევა ამ რაზმის შესახებ:
რეგიონში ჩვენი ჩასვლის შემდეგ, პირველ თვეებში, გავიცანი პოლონური სპეცდანიშნულების რაზმი, GROM-ის წევრები. ეს არის სპეციალური ქვედანაყოფი - პოლონეთის არმიის უხილავი და უხმაურო პარაშუტისტების რაზმი. ამ სპეცდანიშნულების ნაწილს მაღალი რეპუტაცია აქვს, ისინი ჩვენთან ერთად მონაწილეობდნენ გემების შემოწმებაში.
********************************************************
ჩვენი მომზადების ბოლო პერიოდში გავიგეთ, რომ ბაღდადში გამოჩნდა შენაერთი, რომელიც პირდაპირი მოქმედების აქციებს (პირდაპირი მოქმედების ოპერაცია ითვლება სპეცრაზმის მიერ მტრის ცალკეული მნიშვნელოვანი პირების სალიკვიდაციოდ განხორციელებული ოპერაციები) ატარებს ამოხებულთა ლიდერების წინააღმდეგ და მათ მიმართ, ვინც ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. ეს იყო GROM, სპეცდანიშნულების პოლონური რაზმი. პოლონელებმა საქმის ძირითადი სიმძიმე იკისრეს, მაგრამ დახმარება სჭირდებოდათ - სახელდობრ, სნაიპერები და ნავიგატორები. სწორედ ამის გამო 2004 წლის სექტემბერში გამგზავნეს ერაყში და GROM-ს მიმამაგრეს, როგორც სპეციალისტი.
********************************************************
GROM-ი შენობას ზუსტად ისევე იღებს, როგორც SEAL-ი, თუმცა არსებობს მცირედი განსხვავება დეტალებში. მაგალითად, როგორ გამოდის მებრძოლი კუთხიდან, ანდა, როგორ იფარავენ ერთმანეთს ოპერაციის დროს. თუმცა, ყველაფერი, კაცმა რომ თქვას, მოქმედების აგრესიულობაზეა დამოკიდებული. მტერი უნდა დათრგუნო შენი უეცარი შეტევით, სწრაფად და ზუსტად ესროლო და სიტუაციაზე კონტროლი დაამყარო.
ერთი განსხვავება იყო, რომელიც ძალიან მომეწონა. ეს იყო პოლონელების მანათობელ-აკუსტიკური ყუმბარები. ამ ტიპის ამრიკული ხელყუმბარები იძლევიან შუქის ერთ ამოფრქვევას და გამაყრუებელ ბათქს. პოლონური ხელყუმბარები კი - მთელ სერიას. ჩვენ მათ „შვიდბათქუნებს“ ვეძახდით. ისეთი ხმა აქვთ, თოთქოს ძალიან ახლოს, მსხილკალიბრიანი იარაღიდან გესვრიან. როდესაც პოლონელებთან მისია დასრულდა, ვეცადე, რაც შეიძლება მეტი ასეთი ხელყუმბარა წამომეღო.
********************************************************
GROM-ი მეტად ჰგავს SEAL-ს - ოპერაციის დროს მაგარი პროფესიონალები, მას შემდეგ კი, მაგარი მომლხენები. მათ ყოველთვის ჰქონდათ პოლონური არაყი, განსაკუთრებით უყვარდათ „ზუბროვკა“.
...................არაყი სასიამოვნო დასალევი აღმოჩნდა, თანაც გრადუსიანი. ეს ნამდვილად სერიოზული არგუმენტია იმის სასარგებლოდ რომ რუსებს არაყის არაფერი გაეგებათ და პოლონელები უკეთესს აკეთებენ.
ერაყში მასიური დაზიანების იარაღის არსებობა-არ არსებობის შესახებ საინტერესო რამ და დასავლური დემოკრატიის კვალი:
სხვა ადგილას, ჩვენ ქიმიური ნივთიერებებით სავსე კასრები ვიპოვეთ. ეს ნივთიერებები ქიმიური იარაღის დასამზადებლად გამოიყენებოდა. ყველა ლაპარაკობს, რომ სადამს ერაყში მასობრივი გამოყენების იარაღი არ ჰქონდა და, ალბათ, გამზადებულ ატომურ ბომბს გულისხმობენ და არა მომწამლავ ნივთიერებებს და მის ნახევარფაბრიკატებს, რომელის საწყობებში უზომო რაოდენობით აღმოჩნდა.
შესაძლოა, ამის შესახებ ხმას არ იღებენ, რადგანაც ამ ქიმიური მასალების უმეტესობა საფრანგეთიდან ან გერმანიიდან იყო ჩამოტანილი, იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენ მოკავშირეებად ითვლებიან.
შენი საქმე რო წინ დაგხვდება:
ჩვენ იშვიათად ვსაუბრობდით სიკვდილსა და ომზე. მაგრამ უცებ ამოხეთქავდა ხოლმე.
ეს ყოველთვის ცუდი არ არის, ერთხელ, კრისის მანქანას ზეთს უცვლიდნენ ავტოსერვისში. იქვე კიდევ რამდენიმე კლიენტი იყო. დახლთან მდგომმა ახალგაზრდამ კრისის გვარი ხმამაღლა წარმოთქვა, კრისი წამოდგა, ანგარიში გადაიხადა და ისევ დაჯდა.
იქ მყოფმა ახალგაზრდა კაცმა შეხედა და ჰკითხა: „თქვენ კრის კაილი ხართ?“
კრისმა მიუგო: „დიახ“.
„ფალუჯაში იყავით?“
„დიახ“.
„ჯანდაბა! თქვენ ის კაცი ხართ, ვინც ჩვენ გადაგვარჩინა!“
იმ ახალგაზრდა კაცის მამაც იქვე იყო. კრისთან მივიდა და დიდხანს ართმევდა ხელს. მამა-შვილი ერთმანეთს არ აცლიდა სიტყვის თქმას: „თქვენ ძალიან მაგარი ხართ, თქვენს ანგარიშზე უფრო მეტი ლიკვიდაციაა, ვიდრე სხვა ნებისმიერის“.
კრისმა დაიმორცხვა და ძალზე თავმდაბლურად უპასუხა: „თქვენ ყველამ კი, მე გადამარჩინეთ“.
ჩეჩნები ამერიკელების წინააღმდეგ:
შევცვივდით სახლში, სადაც შესასვლელშივე დიდი ოთახი იყო. სახლის ბინადრებისთვის ეს სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. თუმცა მეც არანაკლებ გაოცებული დავრჩი. შევვარდი თუ არა ოთახში, დავინახე ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი, რომლებსაც ამერიკული კამუფლირებული ფორმა ეცვათ, სპარსეთის ყურეში რომ გამოიყენებოდა, პირველი ომის დროს, ოპერაციისას „ქარიშხლის უდაბნო“. სრულიად იყვნენ აღჭურვილები, ევროპელებივით გამოიყურებოდნენ, ორ მათგანს კი საერთოდაც, ქერა თმა ჰქონდა, რაც ერაყელებს და არაბებს არ ახასიათებთ.
რა ჯანდაბაა?
რაღაცამ გამიელვა გონებაში და შაშხანას სასხლეტს მოვკარი, ყველანი დავაწვინე.
ეს რომ არ გამეკეთებინა კიდევ ნახევარი წამის განმავლობაში, მე თვითონ აღმოვჩნდებოდი იატაკზე დამხობილი.
როგორც გაირკვა, ჩეჩნები იყვნენ, მუსლიმები, რომლებიც ერაყში ჩავიდნენ დასავლეთის წინააღმდეგ „წმინდა ომში“ მონაწილეობის მისაღებად (ჩვენ მათი პასპორტები სახლის ჩხრეკისას ვიპოვეთ).
როგორ კვდებიან SEAL-სები:
მაიკ მონსური
......... ცხადია მე იქ არ ვიყოფილვარ, ასე რომ, გიყვებით იმას, რაც ოფიციალურად პატაკში წერია. ხელყუმბარა მოხვდა მაიკ მონსურს მკერდში და მის გვერდით დაეცა გემბანზე (ფლოტში ასე ეძახიან იატაკს). იგი უმალ წამოხტა, იყვირა: „ყუმბარა!“ ამხანაგები გააფრთხილა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მხოლოდ მონსურს შეეძლო აფეთქებისას გარიდებოდა, სახურავზე მონსურის გარდა სამი ამერიკელი სნაიპერი და სამი ერაყელი ჯარისკაცი იყო. ყოველგვარი დაფიქრების და ყოყმანის გარეშე, რადგანაც აშკარა და ცხადი საფრთხე არსებობდა, მაიკ მონსურმა ხელყუმბარა სხეულით დაფარა, გაისმა აფეთქება, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრა.
ოფიცერმა მონსურმა სამაგალითო თავგანწირვა გამოიჩინა. აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის სამხედროთაგან, ვინც ყუმბარის სიახლოვეს იმყოფებოდნენ, მხოლოდ მას ჰქონდა შესაძლებლობა, გაქცეულიყო და თავი გადაერჩინა. ამის ნაცვლად მან თავი გასწირა. ამ გმირულმა საქციელმა SEAL-ს მისცა საშუალება, მისი ორი წევრის სიცოცხლე გადაერჩინა.
შშ პირების სამოტივაციოდ, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა ფიზიკურად, ეს საზოგადოების თავშია, თუმცა ჩვენთან, საქართველოში ინვალიდებს კი არა, ჯანმრთელებს უჭირთ საზოგადოებაში სრულფასოვნად ინტეგრაცია, უბრალო მიზეზის გამო - საზოგადოება არ არსებობს:
თუ გჭირდებათ გმირი პოსტერისთვის, სადაც ნაჩვენებია ფიზიკური ნაკლის ძლევა, სწორედ რაიანი გამოგადგებათ. მას მერე, რაც მხედველობა დაკარგა, მან კოლეჯში ჩააბარა, წარჩინებით დაასრულა და მშვენიერი სამსახური მიიღო. იგი ავიდა მაუნტ-ჰუდზე, მაუნტ-რეინირზე და კიდევ რამდენიმე მწვერვალზე. სანადიროდ იყო და ირემი მოკლა, მარეკებისა და ეშმაკური დასამიზნებელი საშუალების დახმარებით. დასძლია ტრიატლონის დისტანცია. ერთხელაც, რაიანმა მითხრა, რომ უხარია, თვითონ რომ დაიჭრა, რომელიმე ჩვენგანი კი არა. მართალია, თავიდან განიცდიდა, მაგრამ მერე შეძლო და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა, გრძნობდა, რომ შეუძლია მართოს საკუთარი ცხოვრება და იყოს ბედნიერი, მიუხედავად ყველაფრისა, და მართალიცაა.

საკმაოდ დიდ კრიტიკას იმსახურებს რედაქტორის და მთარგმნელის ნამუშევარი, რამოდენიმე გრამატიკული და მეაქნიკური შეცდომის გარდა (ნუ რასაც მე მივაქციე ყურადღება) წიგნი ტექნიკური ტერმინოლოგიის კუთხით საკმაოდ საშინლადაა გადმოქართულებული.
  • პროლოგის პირველივე გვერდზე (გვერდი 9) გვხვდება ასეთი რაღაცა - საზღვაო ფეხოსნები. ასეთი ტერმინი არ არსებობს, სწორია საზღვაო ქვეითები. ეს სიტყვა წიგნში საკმაოდ ხშირად გამოიყენება და ყურს ძაან ცუდად ხვდება.

ქვემოთ უბრალოდ მოვიყვან ტერმინებსა და გვერდებს (მარჯვენა სვეტში სწორ ტერმინებს მივუწერ):
  • გვ.82 ნაღმსატყორცნი Mk-19 - ყუმბარმტყორცნი Mk-19, ან ავტომატური ყუმბარმტყორცნი Mk-19.
  • გვ.82 ანტისატანკო რაკეტების გასაშვები დანადგარი - ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები (დანადგარი უკვე საჭირო აღარაა, თუმცა ვისაც როგორ მოსწონს ისე დაწეროს).
  • გვ.82 ერთჯერადი ანტისატანკო ყუმბარმტყორცნი LAW - ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი LAW
  • გვ.88 რაკეტის დამაბნეველი ინფრაწითელი მოწყობილობები - რაკეტისთვის ინფრაწითელი ხარვეზების დამდგმელი ცრუ სამიზნეები
  • გვ.89 ნაღმტყორცნი „კარლ გუსტავი“ - ყუმბარმტყორცნი „კარლ გუსტავი“
  • გვ.90 A-18 – F-18 (თუმცაღა ეს ბოლო უფრო მექანიკური შეცდომაა)
  • გვ.90 30მმ-იანი,სწრაფმსროლი, 6 ლულიანი ზარბაზანი - 30მმ-იანი, სწრაფმსროლი, 6 ლულიანი ქვემეხი, ან 30მმ-იანი, 6 ლულიანი ავტომატური ქვემეხი.
  • გვ.116 MacMillan and Accuracy International - ეს ორი სხვადასხვა ფირმაა და შესაბამისად ინგლისური „and“ ქართულმა „და“ უნდა ჩაანაცვლოს.
  • გვ.117 Leica-ს ფირმის შორსმზომი - Leica-ს ფირმის მანძილმზომი.
  • გვ.140 ჯავშანძილეტი და სატვირთო ჟილეტი - ჯავშანჟილეტი და განტვირთვის ჟილეტი.
  • გვ.250 რაკეტა „კარლ გუსტავი“ ესროლა - „კარლ გუსტავის“ ჭურვი ესროლა
  • გვ.252 გვქონდა რაკეტები LAW - გვქონდა ყუმბარმტყორცნი LAW
  • გვ.282 37 გასროლა დაუგროვდა ტანკის ზარბაზნიდან - 37 გასროლა დაუგროვდა ტანკის ქვემეხიდან
  • გვ.290 ორი 105 მილიმეტრიანი ყუმბარა - ორი 105 მილიმეტრიანი ჭურვი
  • გვ.316 ამიტომ „უმვე“ დატვირთეს - „უმვე“ როგოც თვითონ მთარგმნელს აქვს მინიშნებული სქოლიოში, არის High Mobility Multipurpose Wheeled Vehicle, ანუ იგივე HMMWV, რაც საყოველთაოდ ცნობილი ყველგანმავალი „ჰამერია“, ამიტომ აბრევიატურა არ ითარგმნება.


Tuesday, November 22, 2016

რუსული Т-90А უკრაინაში


ინტერნეტქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელზეც ასახულია რუსული არმიის შეიარაღებაზე მდგარი ტანკი Т-90А. БМД-2 და ტერორისტთა სხვა ტექნიკა. გადაღების ადგილად ლუგანსკის ოლქის, კრასნოდონსკი რაიონში მდებარე სოფელ ლისოეს სამხრეთი ნაწილი დადგინდა. კოორდინატები - 48.469628, 39.596421. მომხმარებლის თანახმად ვიდეო 25.08.2014-შია გადაღებული



წყარო:

მოდის კვირეული სირიაში

ომი, ომი, ომი და უცბად მოდების ჩვენება - მოდის კვირეული ქალაქ ლატაკია

Monday, November 21, 2016

EF-2000 გუთნის როლში

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო (ვიდეოს წყარო), სადაც ჩანს თუ როგორ გაუხახუნა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიღმა მინდორს ძრავა EF-2000-მა

2017 წელს ფრანგული Leclerc ესტონეთში იქნება გადასროლილი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟან ივ ლე დრიანის, განცხადების თანახმად, რომელიც მან ამა წლის 15 ნოემბერს გააკეთა, საფრანგეთი ესტონეთში 2017 წელს ფრანგული ჯარების მცირერიცხოვანი ქვედანაყოფის მივლინებას გეგმავს. განცხადების თანახმად, ბალტიისპირეთის ქვეყანაში მივლინებული იქნება  300 კაცისგან შემდგარი და 5 ცალი ტანი Leclerc და 13 ცალი ქსმ VBCI-ით აღჭურვილი მოტორიზირებული გაძლიერებული ასეული.


საუბარია ესტონეთში, (ტაპაში) 2017 წელს, NATO-ს გაძლიერებული მრავალეროვნული ბატალიონის შესახებ, რომელის ფარგლებში ფრანგული ასეულიც იქნება გაშლილი. ბატალიონი 800 კაციანი ბრიტანული კონტინგენტის საფუძველზე იქნება ჩამოყალიბებული. ფრანგების შეცვლა შემდეგში დანიური ასეულითაა დაგეგმილი.


წყარო: