Saturday, May 14, 2016

ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება


ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართა. სწავლების ფარგლებში ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან - AT-4 და SPG-9 საბრძოლო სროლები განახორციელეს.


საბრძოლო სროლების შემდეგ სწავლების მონაწილეებისთვის თეორიული მეცადინეობა გაიმართა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლებლობებს გაეცნენ, ამერიკელმა სამხედროებმა კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ქართველი ჯარისკაცები ასევე გაეცნენ სწავლებაში მონაწილე ამერიკული ჯავშანტექნიკის საბრძოლო შესაძლებლობებს. ქართველმა სამხედროებმა ვაზიანის აეროდრომზე მთავარი საბრძოლო ტანკის M1A2 „აბრამსის“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „M2 ბრედლის“ ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები შეისწავლეს.
ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკული სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი.





No comments:

Post a Comment