კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მოსწავლეებს სწავლის დაწყება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პირადად მიულოცა. საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ახალაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე. თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები სასწავლო პროცესის დაწყებას უშუალოდ გაეცნენ და ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში წელს სწავლის მსურველთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. სასწავლებელში მიმდინარე წელს ტესტირების შედეგების საფუძველზე 120 მოსწავლეა ჩარიცხული. აღსანიშნავია, რომ ლიცეუმში სწავლის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს.
სწავლება კადეტთა სამხედრო ლიცეუმში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად, გაძლიერებული დატვირთვით ფიზიკურ მომზადებას, ისტორიის, სამხედრო საქმის და ინფორმატიკის შესწავლას გულისხმობს.
სამხედრო პროგრამა მოიცავს: საცეცხლე, ტაქტიკურ, საინჟინრო, ფიზიკურ და სამწყობრო მომზადებას, ტოპოგრაფია-ნავიგაციას, პირველად სამედიცინო დახმარებას, შეიარაღებული კონფლიქტების ჰუმანიტარულ სამართალს და სამხედრო ისტორიას.
კადეტები უზრუნველყოფილნი არიან კვებით, საცხოვრებელი ადგილით (ყაზარმა), სამედიცინო მომსახურებით, სამხედრო ფორმით და აღჭურვილობით. სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერთიფიკატს მიიღებენ.
წყარო:
No comments:
Post a Comment